"თბილისის მერიის მიერ მიღებული დებულება, რომლის თანახმადაც ის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურს აყალიბებს, იურისტების განმარტებით უკანონოა და მსგავსი უფლებამოსილებების შესახებ კანონში არანაირი ჩანაწერი არ არსებობს. ცნობისთვის, 9 ოქტომბერს თბილისის მერი გიგი უგულავას მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, დედაქალაქის მერიამ საკუთარი უსაფრთხოების სამსახური შექმნა. იგი თბილისის მერიის ობიექტების, თბილისში არსებული ბაღების, პარკების, სკვერების, ასევე მერიისა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციული შენობების უსაფრთხოებას და ამ ობიექტებში არსებული ქონების დაცვას უზრუნველყოფს; საჭიროების შემთხვევაში კი თბილისის მერიისა და საკრებულოს თავმჯდომარის, ასევე სხვა თანამდებობის პირების პირადი უსაფრთხოების დაცვაც დაევალება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით უგულავა მერიის ობიექტებში არეულობების აღსაკვეთად საკუთარ პოლიციას ქმნის / იურისტთა განმარტებით, დედაქალაქის მერიას უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის შექმნის უფლება არ ჰქონდა.
"აღნიშნული სამსახური ვალდებულია მერიის ობიექტებში და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობებში არეულობის ან სხვა სახის სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით, სწრაფი რეაგირება მოახდინოს. ასევე, აწარმოოს სამსახურში შემავალი განყოფილებების საქმეების მონიტორინგი. სამსახურის უფროსი დაინიშნება ქალაქის მერის მიერ და იგი მხოლოდ მერთან იქნება ანგარიშვალდებული. მერიის პრესსამსახურის განმარტებით, ახალი სამსახურის ჩამოყალიბებით თბილისის მერია შეძლებს თავისი სტრუქტურული ერთეულით უკეთ მოახდინოს დაცვის ორგანიზება და დაზოგოს საბიუჯეტო თანხები - "ის მოვალეობები, რომლებიც მერიის დაცვის სამსახურს დაევალება, ადრე კერძო ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულების საფუძველზე ხდებოდა. ახლა კი თბილისის მერია თვითონ ქმნის უსაფრთხოების სამსახურს და ეს საბიუჯეტო თანხებს მნიშვნელოვნად დაზოგავს", - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში. საია-ს იურისტი სულხან სალაძე ამბობს, რომ მერიას ამგვარი სამსახურის შექმნის იურიდიული უფლება არ ჰქონდა. მისი თქმით, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში, ასევე მერიის უფლებამოსილებების ჩამონათვალში, მსგავსი ტიპის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით, არანარი ჩანაწერი არ არსებობს", - აღნიშნავს გამოცემა.
"ჩვენ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონი, სადაც საუბარია თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებების შესახებ. მათ შორის როგორც საკუთარ, ასევე დელეგირებულ უფლებებზე. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ უფლებამოსილების დელეგირება თვითმმართველ ერთეულზე არ მომხდარა. რჩება მეორე ვარიანტი, საკუთარი უფლებამოსილებების ჩამონათვალი, მაგრამ თვითმმართველობის ორგანულ კანონში მსგავსი ჩანაწერი, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოების სამსახურის შექმნასთან, არ არის და ეს თავისთავად ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. თვითონ ის სამართლებრივი ნორმები, რომლებიც მერიამ ამ ბრძანების გამოცემის დროს გამოიყენა, არც ერთი მათგანი არ ეხება იმ ტიპის უფლებამოსილებას, რომელიც ამ შემთხვევაში მერიისგან იქნა მიღებული", - აცხადებს გამოცემის კოპრესპონდენტთან საუბრისას საუბრისას საია-ს იურისტი სულხან სალაძე.
"მნიშვნელოვანია ის, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს გადაწყვეტილება. აღნიშნული ინსტიტუტის უფლებამოსილებაში და პასუხისმგებლობაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაა, მათ შორის მონიტორინგი და მსგავსი ტიპის საქმეები. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი ფუნქციები შედიოდა შსს-ს დაქვემდებარებაში და შესაბამისად, ახალი ხელისუფლების ხელში გადადიოდა. ამიტომ გიგი უგულავას, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელს, აქვს სურვილი და ამბიცია, რომ ცალკე გამოყოფილი უსაფრთხოების სამსახურები შექმნას. ეს არის მცდელობა ბიძინა ივანიშვილს და მის ადმინისტრაციას აჩვენოს, რომ ძალაუფლებას ჯერ კიდევ ინარჩუნებს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ძალაუფლების დემონსტრირება", - მიიჩნევს თბილისის საკრებულოს წევრი ზაზა გაბუნია.
"თუმცა მიმაჩია, რომ ამან შეიძლება ერთგვარი დისონანსი გამოიწვიოს იმ უფლებამოსილ ინსტიტუციას შორის, რომელიც არის მსგავს საკითხებზე პასუხისმგებელი, ანუ შსს-სა და თბილისის მერიის მიერ შექმნილ ამ უსაფრთხოების სამსახურს შორის. ორმეფობა, ორშინაგანსაქმეთამინისტრობა და ა.შ. ბუნებრივია, ერთ-ერთი მხარის დელეგიტიმაციის აუცილებლობას გამოიწვევს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ განვახორციელებდით პრაქტიკას, რომელსაც ბევრი ევროპული ქვეყანა იყენებს, ანუ ადგილობრივ თვითმმართველობებს დავუქვემდებარებთ პოლიციას და პატრულს, მაშინ კიდევ გასაგებია, მაგრამ ფაქტია, ეს რეფორმა არ ტარდება და ყოველივე იმისთვის კეთდება, რომ უპირატესობა და ძალაუფლება შეინარჩუნონ. ვფიქრობ, რომ აქ ნაღმია დამალული", - დასძენს ზაზა გაბუნია.
"მსგავსი შემთხვევები ძალიან ბევრია ევროპის ქვეყნებში. ხშირია, როცა ადგილობრივ თვითმმართველობებს ექვემდებარება პოლიცია, მაგრამ ეს რომ მაინცდამაინც ახლა ხდება, ამიტომაა ცოტათი დამაბნეველი, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ხელისუფლების პარალელური სტრუქტურები, მერია ცდილობს უფრო მეტი ავტონომიურობა შეიძინოს და ამიტომ ქმნის მსგავსი ტიპის სამსახურს. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს შსს-ს უმცირებს უფლებამოსილებას. ამ ყოველივეში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. უნდა შევეგუოთ, რომ ქვეყანაში ყველა მინისტრი, პრეზიდენტი და მერი არ შეიძლება იყოს ერთი პარტიის წარმომადგენელი. მთავარია საზოგადოებას რა რეაქცია ექნება ამაზე, როგორ შეხვდება პოლიტიკური სპექტრი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.