კახა კახიშვილი:

კახა კახიშვილი: "ოპოზიცია ხელისუფლების დისკრედიტაციის რეჟიმში გადადის"

შეეცდება თუ არა პრეზიდენტი პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებას და რა პრევენციული ზომები უნდა გაატაროს ახალმა ხელისუფლებამ - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი:

- ნაციონალებმა ახლა შექმნეს ილუზია, თითქოს დათანხმდნენ არჩევნების შედეგებს, ერთ დღეში დემოკრატიის გვირგვინი დაიდგეს და თითქოს დემოკრატიული არჩევნებიც ჩაატარეს. ვფიქრობ, ის დრო, როდესაც ხალხი ქუჩაში გამარჯვებას ზეიმობდა, მათ მოპოვებული ხმების პროცენტების სხვაობის მნიშვნელოვნად შესამცირებლად გამოიყენეს. ისინი ახლაც მუშაობენ სხვაობის შემცირებაზე. ეს არჩევნები, კენჭისყრის და შეჯამების პროცესი, სისტემური დარღვევებითა და "კარუსელების" ტრიალით ჩატარდა. მათ მაქსიმალურად შეამცირეს - სხვაობა, რომელიც იქნება, ალბათ, 10-12 დეპუტატი, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასეთი მდიდარი ოპოზიცია, როგორიც დღეს მოგვევლინა ნაცმოს სახით, არასდროს ყოფილა: დღეს ოპოზიციას აქვს ორი ტელევიზია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, დაიწყებს მოვლენების ტენდენციურად გაშუქებას. მათ აქვთ დიდძალი ფული, ოფისები, კონტროლი ყველა სტრატეგიულ ობიექტზე, რადგან წლების განმავლობაში ისინი ყიდულობდნენ აბსოლუტურად ყველა წილს, ანძა რომ ანძაა, ისიც კი იყიდეს. ახლა გადავლენ ოპონირებაზე და ეს იქნება ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციის რეჟიმი.

- რა საფრთხეები ელის ახალ ხელისუფლებას და რა პრევენციული ზომები უნდა გატარდეს პოლიტიკური პროცესების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად?
- დღეს უკვე საგრძნობია ტენდენცია - ნაცმოს მედიასაშუალებებმა დაიწყეს ლაპარაკი, რომ ქურდები ჩამოვიდნენ, გახშირდა ბანკებისა და მაღაზიების ძარცვა... რაც კარგად ორგანიზებული სპექტაკლებია. ამდენი წლის განმავლობაში გვიმტკიცებდნენ, საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანააო და რა შეიცვალა ერთ დღეში ისეთი, რომ უსაფრთხო ქვეყნიდან გადავდივართ დესტაბილიზებულ ვითარებაში? მათ უნდათ იმის დემონსტრირება, რომ აი, ხომ გაფრთხილებდით, ჩვენს მერე პრობლემები იქნებაო. აკი დავით ბაქრაძემ განაცხადა, დღეიდან ველოდებით პრობლემებს ყველა მიმართულებითო. თუმცა უცნაურია, რატომ ელოდებიან იმ დღიდან, როცა ჯერ კიდევ თვითონ არიან ხელისუფლებაში. არ მინახავს ქვეყანა, სადაც მოქმედი პრეზიდენტი და მინისტრები იყვნენ ოპოზიცია ისეთი მთავრობის, რომელიც ჯერ ფორმირებული არ არის. გამოდის, ისინი ხალხის ოპოზიციაში გადავიდნენ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გარდამავალ ეტაპზე, ყველა დაწესებულებაზე კონტროლი აიღოს კოალიციამ და ასევე აუცილებელია, ეროვნულ ბანკში დაუყოვნებლივ მიავლინონ ადამიანი, რომელიც გააკონტროლებს ყველა გადარიცხვას. მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს საზღვრებზე ნაღდი ფულის გატანის ფაქტებზეც. ამ პერიოდში უნდა მოხერხდეს კანონიერი მფლობელებისათვის იმ ქონების დაბრუნება, რომლითაც ახლა უკვე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები სარგებლობენ. უკვირთ, როგორ შეიძლება ვინმემ გაბედოს და თქვას, პრეზიდენტი უნდა გადადგეს, ეს დემოკრატიაზე ზემოქმედებააო. ამას ამბობს ის ხალხი, ვინც წლების განმავლობაში უამრავი უკანონობა ჩაიდინა. ძალიან გამიკვირდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება, რომ მასზე ზემოქმედებენ და 8 წელია, ასეთი რამ არ მომხდარა. ცოტა უცნაურია ასეთი განცხადება ისეთი სასამართლოს თავმჯდომარისაგან, რომელიც პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე გადაწყვეტილებას ვერ იღებდა. კუბლაშვილი გენპროკურორის თანაშემწე უფრო იყო მართლმსაჯულების საკითხებში.

- ნათლად გამოჩნდა, რომ კოალიციას დეპუტატების ორი მესამედი არ ეყოლება პარლამენტში.
- ჯერჯერობით არა, მაგრამ ველოდები, რომ დეპუტატები ნაცმოს ფრაქციიდან გამოვლენ, შექმიან დამოუკიდებელი მაჟორიტარების ფრაქციას, რომელიც აქტიურად ითანამშრომლებს კოალიციასთან. პრეზიდენტი და ნაცმო ეცდებიან, შექმნან პრობლემები, მათ კარგად იციან ტექნოლოგიები, აქვთ კვალიფიკაცია და, ამასთანავე, ინარჩუნებენ პრეზიდენტის გავლენას, აკონტროლებენ თვითმმართველობას. არ უნდა დაგვავიწყდეს თბილისის მერიც, რომელიც შექმნის პრობლემებს. ყველაფერზე კონტროლის დაწესებაა საჭირო. სასამართლოს კუთხით იქნება ძალიან დიდი პრობლემა, ვინაიდან, ერთი მხრივ, სასამართლო არის კონსტიტუციით დამოუკიდებელი შტო, რომელიც არ ემორჩილება არც აღმასრულებელ და არც საკანონმდებლო ხელისუფლებას, მეორე მხრივ, ვიცით, რომ 9 წლის განმავლობაში სასამართლო ქვეყანაში საერთოდ არ არსებობდა. მოსამართლე 10 წლის ვადით ინიშნება პრეზიდენტის მიერ და ცოტა რთული იქნება, რომ ის გახდეს ობიექტური და მიუკერძოებელი. რაც მალე მოიპოვებს კოალიცია ორ მესამედს პარლამენტში, მით მოკლე დროში შეცვლის ამ სისტემას, ვინაიდან მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე შეუძლებელია წარმატებულ რეფორმებზე ლაპარაკი. ოპოზიცია 6 თვის შემდეგ შეეცდება შექმნას ხელოვნური კრიზისი, რაც მთავრობის დათხოვნის საფუძველი გახდება. მანამდე პრეზიდენტს არ აქვს პარლამენტის დათხოვნის უფლება და ამ პერიოდს ისინი გამოიყენებენ არსებული ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის, ასევე, იმისთვისაც, რომ სახელმწიფო დატოვონ ისეთმა მაღალჩინოსნებმა, რომელთა სახელიც უკავშირდება სისხლის სამართლის დანაშაულს. მეორეც, არავინ იცის, რა ქონებაა გატანილი საქართველოდან. ვფიქობ, მათ ჩაფიქრებული ექნებათ ერთი რამ - საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთ დღეს ჩაატარონ - 2013 წლის ოქტომბერში. როგორ გამოუვათ, ეს უკვე კოალიციაზეა დამოკიდებული. ჩემი აზრით, პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა დატოვოს პოსტი, ვინაიდან ის და მისი მთავრობა ხელისუფლებაში დემოკრატიულად არ მოსულან. ამასთანავე, მიმაჩნია, რომ ძალოვანი მინისტრები არ უნდა იყვნენ პარტიული ლიდერები, რადგან ის, რაც არ მოგვწონდა ძველი ხელისუფლების, არ შეიძლება მოგვწონდეს ახლის. უნდა შეიქმნას ყველანაირი პოლიტიკური მოტივებისგან დამოუკიდებელი სისტემა.