მერვე მოწვევის პარლამენტი შეკრებისთანავე ამნისტიის შესახებ კანონის მიღებას აპირებს. ამის შესახებ ღიად აცხადებენ არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომელთა თქმითაც, კანონპროექტის ძირითადი ნაწილი უკვე შეთანხმებულია კოალიციაში შემავალ სუბიექტებთან. გარდა ამისა, ახალი ხელისუფლება ასევე აპირებს ეგრეთ წოდებული „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებასაც.
საქართველოს სახელმწიფო ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის მოხდისაგან ათავისუფლებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებში ეჭვმიტანილ, ბრალდებულ, განსასჯელ და მსჯავრდებულ პირებს - ასეთია ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის სტანდარტული შესავალი, ორიგინალურია მხოლოდ მუხლების ჩამონათვალი. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის, თქმით, ამნისტია არ შეეხება ორგანიზებულ და სხვა მძიმე დანაშაულს.
„ამნისტია აუცილებელია, ამაზე ვიმსჯელეთ უკვე გუნდში. კანონპროექტი უკვე შემუშავებულია. შესაბამისად, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, ამნისტიაც მალე გამოცხადდება. ზოგადად ეს შეეხება ეკონომიკური ტიპის დანაშაულს და ისეთ დამნაშავეებს, რომელთა გამოშვება საზოგადოებრივ წესრიგს არ შეუქმნის საფრთხეს“, - უთხრა სოზარ სუბარმა რადიო თავისუფლებას.
ამნისტიის შესახებ კანონზე იმუშავებს მერვე მოწვევის პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელიც პროცესში, კოლეგა-დეპუტატების გარდა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართვასაც აპირებს:
„ძალიან მოკლე დროში ვაპირებ უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ექსპერტთა საბჭო შევქმნა. მათთან ერთად ვაპირებ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მომზადებას. მათთან ერთად ვაპირებ ისეთი მექანიზმების შექმნას, რომელიც შესაძლებელს გახდის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას.
პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ ადგილობრივი უფლებადამცავი ორგანიზაციებიც, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი, რომლის ხელმძღვანელის უჩა ნანუაშვილის თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული ზოგადი კრიტერიუმების მიხედვით, საქართველოში 150-ამდე პოლიტპატიმარია:
„საუბარია თუნდაც ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, თუნდაც მელორ ვაჩნაძეზე, ლევან გოგიჩაიშვილზე, შოთა იამანიძეზე და ა.შ., ანუ იმ ახალგაზრდულ ლიდერებზე, რომლებიც სხვადასხვა აქციებზე ახალგაზრდობას უკეთებდნენ მობილიზებას და, ფაქტობრივად, ამის გამო იქნენ დასჯილები. არის ასევე გარკვეული ჯგუფი ე.წ. მძევლებისა, რომლებიც, ფაქტობრივად, დაკავებული არიან მათი ოჯახის წევრების აქტიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობის გამო. მაგალითად, ქალბატონი ნორა კვიციანი, რომელიც მისი ძმის ნაცვლად იქნა დაკავებული. აქვე შეიძლება აღვნიშნოთ თორნიკე მოლაშვილი, რომელიც რეალურად მისი ძმის, სულხან მოლაშვილის გამოა დაკავებული.“
საქართველოში პოლიტპატიმართა არსებობას უარყოფენ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამ აზრს გარკვეულწილად იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მელაძე, რომელსაც საქართველოში 150 პოლიტპატიმრის არსებობა წარმოუდგენლად მიაჩნია.
„ძალიან დიდი რიცხვია! როგორც წესი, პოლიტპატიმრებზე როცა ლაპარაკობენ, ყველაზე ცუდ დიქტატურაშიც კი გულისხმობენ 5-10 პოლიტპატიმარს. აქ 100-150 წარმოუდგენელი რიცხვია... ძალიან საინტერესოა. უნდა გამოქვეყნდეს ამ ადამიანების საქმეები. საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, რა დანაშაულებია, როგორი ბიოგრაფიები აქვთ... ძალიან ბევრზე ყოფილა განცხადება რომ პოლიტპატიმარია, მაგრამ მერე აღმოჩენილა, რომ ჩადენილი აქვს რაღაც კონკრეტული დანაშაული, ხულიგნობიდან დაწყებული, სხვისი ქონების ანდა ჯანმრთელობის დაზიანებით დამთავრებული“, - უთხრა გიორგი მელაძემ რადიო თავისუფლებას.
საქართველოსთან მიმართებით ტერმინ პოლიტპატიმარს არ იყენებს საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაცია „ჰიუმენ რაიტს უოჩი“, რომლის მკვლევრის, გიორგი გოგიას თქმით, ორგანიზაცია განიხილავდა პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული პირების არსებობის შესაძლებლობას, როცა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზებზე მსჯელობდა:
„მსჯელობისას ვხელმძღვანელობდით იმით, რომ ეს კანონი არღვევდა საერთაშორისო სტანდარტებს და ხშირად გამოიყენებოდა ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მოტივებით, ანუ ხდებოდა აქტივისტების თუ პროტესტის გამომხატველი პირების დაკავება, მაგრამ როგორც ასეთი, ტერმინი „პოლიტპატიმარი“ ჩვენ არ გამოგვიყენებია.“
თუმცა არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის წარმოამადგენლებს, მათ შორის, იუსტიციის მომავალ მინისტრს თეა წულუკიანს ეჭვი არ ეპარება, რომ ბევრი პატიმარი ახალი ხელისუფლებისგან სამართლიანობის აღდგენას ელოდება. ვინ არიან ისინი? თეა წულუკიანის პასუხი:
„ზის, მაგრამ არ ჩაუდენია. ზის, მაგრამ ბრალი არ დაუმტკიცდა ან ზის, მაგრამ არაადეკვატურად მაღალი სასჯელი აქვს მისჯილი. ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ხვედრი უნდა შევუმსუბუქოთ, აღვადგინოთ მათი დარღვეული უფლებები. ვინც უკანონო პატიმარია, მათი საქმეები ძალიან მოკლე ვადაში უნდა გადაიხედოს, რათა მათ დატოვონ საპატიმროები.“
საპატიმროებს ასევე დატოვებენ ამნისტიით გათავისუფლებული პირებიც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რომელ მუხლებს მოიცავს კანონი, არადა, „თავისუფლების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი მელაძის თქმით, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ამნისტია, როგორც პოლიტიკურ-სამართლებრივი ინსტრუმენტი, დიდწილად განსაზღვრავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკას.
„ანუ ამნისტია აჩვენებს, თუ როგორია სახელმწიფოს დამოკიდებულება საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, რომელმაც კანონი დაარღვია, იწყნარებს მათ თუ არა. ანუ ეს არის პოლიტიკური თემა და, შესაბამისად, პოლიტიკური მიზანშენწონილობიდან გამომდინარე, უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული. ამის გამო, ძალიან საინტერესო იქნება ამნისტიის მონიტორინგი, ანუ ის, თუ რას ჩათვლის სახელმწიფო შესაწყნარებელ დანაშაულად. შეიძლება ასეთად ჩათვალოს ფინანსური მაქინაციები, წვრილმანი ხულიგნობები, ქურდობები, ხულიგნობა, ძარცვა, ყაჩაღობა და ასე შემდეგ. ყოველივე ამას უნდა დავაკვირდეთ. ვნახოთ, რა მოხდება“, - უთხრა გიორგი მელაძემ რადიო თავისუფლებას.