პარლამენტი ქუთაისში შესაძლოა თეატრში შეიკრიბოს...

პარლამენტი ქუთაისში შესაძლოა თეატრში შეიკრიბოს...

"ქუთაისის პარლამენტის შენობის მდგომარეობაზე გუშინ "ქართულ ოცნებაში" ჩიოდნენ. ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატ ნოდარ ხადურის თქმით, პარლამენტის შენობაში მუშაობა წარმოუდგენელი და სახიფათოა - ჩამოდის წყალი, შეტანილია უხარისხო ავეჯი და ტექნიკა. ასევე, შენობაში არც ერთი ფანჯარა არ იღება და უნდა დადგეს იმის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეს შენობა ააშენა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ნოდარ ხადური: "ქუთაისის პარლამენტში მუშაობა სახიფათოა"! / "ქართული ოცნება" როლანდ ახალაიას უფლებამოსილების ცნობას არ აპირებს.

"კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი ქუთაისში უნდა შეიკრიბოს. ჩვენ არ ვაპირებთ კონსტიტუციის დარღვევას. ადგილზე გაგზავნილია ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც მდგომარეობას შეისწავლიან", - განაცხადა ხადურმა. აქამდე მეოცნებეები ამბობდნენ, რომ უმრავლესობაში მოვიდოდნენ და პარლამენტს თბილისში დააბრუნებდნენ. ერთი შეხედვით ამას მარტო კონსტიტუციაში სჭირდება ცვლილების შეტანა, თუმცა თბილისში პარლამენტის შენობა ფაქტობრივად გამოუსადეგარია. შენობა წესრიგშია მოსაყვანი. თუ ის მართლა არ გაყიდეს უკვე. ამის მისაღწევად მეოცნებებს დიდი ბრძოლა დასჭირდებათ, მათ შესაცვლელი და გასაკეთებელი მართლაც ბევრი აქვს. ქუთაისის პარლამენტში რომ ცუდი მდგომარეობაა, გუშინ ლევან ბერძენიშვილმაც ისაუბრა, რომლის თქმით, არ არის გამორიცხული, პარლამენტი ქუთაისის თეატრში შეიკრიბოს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ახალ შენობაში არანაირი სამუშაო პირობა არ არსებობს. ხელისუფლებამ ქუთაისში დაგვახვედრა მხოლოდ ერთი, ბოლომდე მიუყვანელი დარბაზი და სხვა საერთოდ არაფერი - არც კომიტეტის სამუშაო ოთახია, არც პარლამენტარის ოთახი. რა ჰგონიათ, ჩვენ ქუჩაში გავათენებთ ღამეს და მერე შევალთ ოთახში, რომელიც დამთავრებული არ არის? რადგან კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტის სხდომები გაიმართება ქუთაისში, ის ქუთაისში გაიმართება. მაგრამ კონსტიტუციაში არ წერია, რომ სხდომები იმ კონკრეტულ შენობაში უნდა გაიმართოს, რომელიც სააკაშვილმა ამოიჩემა. ამიტომ შეიძლება შევიკრიბოთ თეატრში", - განაცხადა ბერძენიშვილმა. რაც შეეხება პარლამენტის თბილისში დაბრუნების პერსპექტივას, ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ დედაქალაქში უნდა დაბრუნდეს როგორც პარლამენტი, ისე საკონსტიტუციო სასამართლო", - დასძენს გამოცემა.

"ვერ დავიჯერებ, რომ პარლამენტი თანხმობას მისცემს როლანდ ახალაიას ცნობის საკითხს. პირადად მე ახალაიას სადეპუტატო უფლებამოსილებას არ ვცნობ და ვფიქრობ, ასე მოიქცევიან სხვებიც. როლანდ ახალაიას, ასევე დათა და ბაჩო ახალაიების მთავრობასა და პარლამენტში ყოფნის საკითხი თავისუფალი სასამართლოს განხილვის საგანი უნდა გახდეს. თუ დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში დადგინდება, რომ ესენი წესიერი ადამიანები არიან და არანაირი დანაშაული არ მიუძღვით, პირადად მე არ მექნება პრობლემა, ასეთ შემთხვევაში იყვნენ პარლამენტსა და მთავრობაში", - განაცხადა ბერძენიშვილმა, რომლის თქმით, ახალი საპარლამენტო უმრავლესობა, სულ მცირე, ოთხი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი", - წერს სტატიის ავტორი.

"ფრაქციის ფორმირების პრობლემა არ აქვთ "რესპუბლიკურ პარტიას", "თავისუფალ დემოკრატებსა" და "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს". რას შეეხება "ეროვნულ ფორუმსა" და "მრეწველებს", ამ ეტაპზე მათ დამოუკიდებელი ფრაქციების შესაქმნელად დეპუტატთა საჭირო რაოდენობა არ ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, პარლამენტში გადაადგილებები დაიწყება და ეს ორი პოლიტიკური სუბიექტიც იპოვის მაჟორიტარებს, რომლებთან ერთადაც უმრავლესობის ფარგლებში ფრაქციების ფორმირებას შეძლებენ", - აღნიშნა ბერძენიშვილმა. ახალ პარლამენტში რამდენიმე ფრაქციის შექმნას აპირებენ ნაციონალებიც. ჯერჯერობით უცნობია, რა ნიშნით დაჯგუფდებიან ისინი. ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ მათი რიგები ნაციონალებიდან წამოსული მაჟორიტარებით შეივსება", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

"მაჟორიტარებს ძალიან უჭირთ და არ უყვართ ოპოზიციაში ყოფნა. ამიტომაც გადაადგილებები მოსალოდნელია. დაფიქსირებული მაქვს საქართველოს პარლამენტის ისტორიის აბსოლუტურად ყველა მოწვევის პარლამენტში, როცა მაჟორიტარები გადადიან უმრავლესობაში, რაც ხდება როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების პარლამენტებშიც", - განაცხადა ბერძენიშვილმა, რომლის მტკიცებით ის იცნობს ისეთ მაჟორიტარებსაც, რომლებიც ყველა იმ პარტიაშიც არიან ნამყოფნი, რომელიც კი ხელისუფლებაში მოვიდა", - დასძენს სტატიის ავტორი.