"უახლოეს მომავალში შესაძლოა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ამნისტია განხორციელდეს. ამასთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია - სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატის სოზარ სუბარის თქმით, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიაში საზოგადოების ჩართულობა უფრო გაიზრდება, გაძლიერდება და ბევრად უფრო ეფექტური გახდება. უფლებადამცველები კი ამბობენ, რომ პატიმართა საქმეების 70% უნდა გადაიხედოს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ოცნების" ამნისტია / პოლიტპატიმრებს გაუშვებენ, "საეჭვო" საქმეებს გადახედავენ, პრობაცია 3 წლამდე მცირდება.
"ამ ეტაპზე, ძირითადად, ორი პრობლემა იკვეთება. ერთია პოლიტპატიმრების საკითხი და მეორე უკანონო პატიმრების და არაადეკვატური სასჯელების პრობლემა. რაც შეეხება კანონების გადახედვას, თვითონ სისტემაა შესაცვლელი და ბუნებრივია, ესეც უნდა მოხდეს. უპირველესი საკითხი კი ამ შემთხვევაში პოლიტპატიმრების გათავისუფლება უნდა იყოს, ვინც მიტინგებში და მანიფესტაციებში მონაწილეობის გამო დაიჭირეს. ამ ადამიანების შესახებ ევროპარლამენტმა ევროპის საბჭოში თავისი წევრი სახელმწიფოებისადმი მიმართვა გაავრცელა და პოლიტპატიმრების საქმეების გადახედვა ან სასამართლოს გზით მათი გათავისუფლება მოითხოვა. ასევე განსაზღვრა სტატუსი პოლიტპატიმარი. ასეთი სტატუსით დღეს ჩვენს სასჯელასრულების დაწესებულებებში დაახლოებით 200 ადამიანია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე.
"უკანონო პატიმრები არიან ისინი, რომელთაც გამოუტანეს განაჩენი, მაგრამ საქმეში არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა. ამიტომ ის საქმეები, სადაც მტკიცებულებები არ არის, ან არის მაგრამ მცირე დანაშაულია ჩადენილი, რაზეც არაადეკვატური სასჯელები აქვთ მისჯილი, აუცილებლედ უნდა გადაიხედოს და მათი გათავისუფლება მოხდეს, ან სასჯელების შემსუბუქების საკითხი უნდა დადგეს. გვაქვს საქმეები, სადაც მაგალითად, შეშის მოჭრაზე ადამიანს მისჯილი აქვს 7 წელი, ან მობილურის ბარათების მოპარვისთვის დიდი სასჯელი. ასეთი საქმეები კი ძალიან ბევრია, დაახლოებით საერთო საქმეების თითქმის 70%. ამ ადამიანებმა არც კი იციან რას ედავება მათ ხელისუფლება და რისთვის არიან ციხეში. ზუსტად არ შემიძლია იმ ციფრის დასახელება, რამდენი პატიმარი შეიძლება გაათავისუფლონ. ამის განსაზღვრა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც საქმეების გადახედვა დაიწყება. ფაქტი ის არის, რომ პატიმრების 70% უკანონოდაა დაპატიმრებული და არაადეკვატური სასჯელები აქვთ შეფარდებული. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ პატიმართა რაოდენობა მინიმუმ განახევრდება. ამასთანავე სასჯელები უნდა გაუუქმდეთ პრობაციონერებს, რომელთა რიცხვი დღესდღეობით ქვეყანაში ოფიციალურად 40-დან 50 ათასამდე მერყეობს", - დასძენს ნანა კაკაბაძე.
"ამნისტია ყველა კატეგორიის დანაშაულს ვერ შეეხება. ჩემი აზრით, ეს შეიძლება შეეხოს ნაკლებად მძიმე დანაშაულებს. შეიძლება მოხდეს სასჯელის განახევრებაც. საკითხი მუშავდება და უახლოეს მომავალში იქნება. შეიძლება ამნისტიის პროექტში შევიდეს არაადეკვატური სასჯელებიც. დღის წესრიგში დგას ის საკითხიც, რომ გაუქმდეს სასჯელთა შეკრების წესი. აქედან გამომდინარე მოხდეს იმ საქმეების გადახილვაც, სადაც სასჯელთა შეკრების წესია გამოყენებული. რაც შეეხება ციფრებს, რამდენ ათას პატიმარს შეიძლება ეს შეეხოს, ამის დასახელება არ შემიძლია. მაგრამ კრიტერიუმი შემდეგი იქნება: საქმე სადაც დარღვეული იქნება ევროპული კონვენცია და საერთაშორისო სტანდარტები, აუცილებლად გადაიხედება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ადვოკატი და "ქართული ოცნების" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე.
"ცალკე არის განსახილველი პოლიტპატიმრებისა და უკანონო პატიმრების საქმეები, რომლებიც ამნისტიას არ ექვემდებარებიან - უშუალოდ ვიცავდი ორი ადამიანის ინტერესებს, რომელთა საქმეებშიც აშკარა იყო პოლიტიკური სარჩული. ერთი იყო რევაზ ხულორდავას საქმე, რომელიც გახლავთ სენაკში საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის მოადგილე და მას განზრახ მკვლელობის მცდელობა აბსოლუტურად უსაფუძვლოდ დაბრალდა - ის იმყოფებოდა სუფრაზე და მისი წასვლის შემდეგ 2 საათში მოხდა ადამიანის დაჭრა. როდესაც იქაურმა პროკურატურამ გაიგო, რომ იქ მანამდე ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენელი იმყოფებოდა, რამდენიმე ადამიანი აიძულა ეთქვა, თითქოს ხულორდავამ ჩაიდინა ეს დანაშაული. ასეთივეა სერგო ჩაჩიბაიას საქმეც, რომელიც ზუგდიდის "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტივისტი გახლდათ. ორივე შემთხვევაში ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით არის წარდგენილი, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან დაპატიმრებულები", - ამბობს შალვა შავგულიძე.
"პრობაციის ანუ პირობითი მსჯავრის ვადა საქართველოში არაადეკვატურად მაღალია. საერთაშორისო სტანდარტი 1-2 წელს არ აღემატება. ხოლო ჩვენთან ეს მსჯავრი 5 წლით და უფრო მეტითაც გამოიყენება. მაგალითად, ერთი კვირის წინ ჩემს ნაცნობს 9 წლით მიუსაჯეს პირობითი მსჯავრი. საკანონმდებლო ცვლილებებია გასატარებელი და ახალი საპროცესო კოდექსით უნდა განისაზღვროს მაქსიმალური ვადა 2-იდან 3 წლამდე. არაადეკვატურად მაღალი პირობითი მსჯავრი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა, 5 და 8 წელი მორჩილებაში ჰყოლოდათ ეს ადამიანები და მათი ოჯახები, რათა არჩევნებზე ხმები ეგროვებინათ "ნაციონალური მოძრაობისთვის", მათ აქციებზე ტაში დაეკრათ გაღიმებულებს, ვითომ ბედნიერი ცხოვრებით უზრუნველყოფილები იყვნენ. ამასთანავე სხვა ათასი ცოდვის ჩადენას აიძულებდნენ. პრობაციონერებს ხშირად ცრუ მოწმეებად იყენებდნენ, თითქოს ისინი დანაშაულის ფაქტის შემსწრეები იყვნენ. ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას. ფაქტობრივად გადაწყვეტილება მიღებულია, რომ პრობაციის ვადა შემცირდება. დასაშვები ვადა მაქსიმუმ 3 წელი უნდა იყოს და ყველა პრობაციონერი, რომელსაც ეს ვადა მოხდილი აქვს ავტომატურად გათავისუფლდეს სასჯელისგან" - მიიჩნევს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.