პოლიტიკურ კულუარებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპოზიციაში გადასული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე წლის ბოლომდე გადადგება.
როგორც "პირWელისთვის" გახდა ცნობილი, არჩევნებში დამარცხებულ სააკაშვილს "ქართული ოცნების" უმრავლესობაში ყოფნის პირობებში პრეზიდენტობის სურვილი არ აქვს და ამის შესახებ "ნაციონალური ელიტა" უკვე ინფორმირებულია.
აღნიშნულ ინფორმაციას ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ანუ 2013 წლის ოქტომბრამდე იქნება ქვეყნის პრეზიდენტი.
თუმცა პოლიტოლოგები და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უმცირესობაში გადასული გუნდის ლიდერს კიდევ ერთი წლით ქვეყნის პრეზიდენტობა გაუჭირდება.
მედიაექსპერტი ია ანთაძე მიიჩნევს, რომ თუკი ორხელისუფლებიანობის პირობებში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნება, მაშინ პრეზიდენტმა და პრემიერმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან.
"კონსტიტუცია, რომელიც პრეზიდენტს უფლებამოსილებას მკვეთრად უზღუდავს, ძალაში მას შემდეგ შედის, რაც მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადას ამოწურავს, ანუ 2013 წელს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი არის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, მთავრობა და პარლამენტი კი "ქართული ოცნების", ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ორხელისუფლებიანობა. თუკი პრეზიდენტი და პრემიერი შეძლებენ ერთობლივად მუშაობას, მაშინ ეს ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება, მაგრამ თუ ვერ შეძლებენ, ეს გამოიწვევს პოლიტიკურ კრიზისს, რაც ძალიან ცუდი იქნება და ამ შემთხვევაში პრეზიდენტისა და პრემიერის მხრიდან ძალიან კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ვნახოთ, რა იქნება, წინასწარ რაიმეს განჭვრეტა შეუძლებელია", - განაცხადა ანთაძემ.
არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანლის კახი კახიშვილის შეფასებით კი, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს ნერვებმა უმტყუნოს და საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთდროულად დანიშნოს.
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სერიოზული ანალიტიკური უნარით გამოირჩევა, ამიტომ არ მგონია, რომ პოლიტიკური კრიზისის შექმნა შესაძლებელია. მე ვფიქრობ, რომ ახალი მთავრობის მომზადების პროცესში მმართველი გუნდი სერიოზულად იმაგრებს ზურგს, რაც გამოიხატება ნორმატიული აქტების დონეზე გადაწყვეტილებების სწრაფი ცვლილებით, ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მაქსიმალურად დამოუკიდებელი იყოს მთავრობისგან. გარდა ამისა, "ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან დიდი ფინანსური რესურსი აქვს, მათი წევრები ჯერ კიდევ ფლობენ დიდ წილებს სტრატეგიულ საწარმოებში. მე ვფიქრობ, რომ ახლა მთელი მათი საქმიანობა ახალი მთავრობის დისკრედიტაცია იქნება. არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილს ნერვებმა უმტყუნოს, ვერ გაუძლოს საპარლამენტო და სამთავრობო უმრავლესობას, ის ამავე დროს ძალიან ემოციური ადამიანია და აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ნერვებმა უმტყუნოს და 6 თვის შემდეგ შეტევა განახორციელოს. პირველი 6 თვის განმავლობაში მას ახალი პარლამენტის დათხოვნის უფლება არ აქვს, აი, აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ კი, გამორიცხული არ არის, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დაითხოვოს და საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთდროულად დანიშნოს. სააკაშვილის ხელისუფლებას მოქმედების ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს და მათ კანონის ფარგლებში დაბრუნებას დამოუკიდებელი სასამართლო სჭირდება. მე არ მგონია, ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისამდე მივიდეს", - აღნიშნა კახიშვილმა.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტის არჩილ გამზარდიას განცხადებით კი, იმ შემთხვევაში, თუ კი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი წინამორბედისაგან მაგალითს აიღებს და დროულ გადაწყვეტილებას მიიღებს წასვლასთან დაკავშირებით, საზოგადოების მხრიდან მეტი პოზიტივი წამოვა.
"პრეზიდენტის გადადგომა ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ის გუნდთან ერთად აქტიურად მუშაობს საზოგადოებაზე. პარლამენტის დათხოვნა ხელისუფლებისთვის წამგებიანი იქნება, რადგან ეს შესაძლოა, პარლამენტში დაძაბული კერების შექმნის მიზეზი გახდეს. თან ამ ნაბიჯით კიდევ უფრო მეტი ნეგატივი შემოვა ამ გუნდის მიმართ. არც ის არის გამორიცხული, პრეზიდენტმა 6 თვის ვადაში პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღოს. თუ "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებასთან ურთიერთობას წარმატებულად წარმართავს, ახალი მთავრობის ნეგატივს წარმოაჩენს, ამას მმართველი გუნდის მიერ დაშვებული შეცდომებიც დაემატება, რა თქმა უნდა, "ნაციონალურ მოძრაობას" ამით მიეცემა საშუალება ხელისუფლებაში მოსვლის ნიადაგი კიდევ უფრო გაიმყაროს", - განუცხადა "პირWელს" გამზარდიამ.
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით კი, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა ანეგდოტური სიტუაციიდან უნდა გამოიყვანოს და ან "ნაციონალური მოძრაობის", ან ქვეყნის ხელმძღვანელის სტატუსი უნდა დათმოს.
"თუ გვინდა, რომ ქვეყნის მართვაში ადექვატურობა შევინარჩუნოთ, მაშინ პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს არჩევანი ქვეყნის პირველ პირობასა და პარტიაში მის თანამდებობას შორის. ორ სავარძელზე ჯდომა ნიშნავს, რომ პარლამენტსა და მთავრობას ხელმძღვანელობს, თუმცა მათ ამავე დროს უპირისპირდება. თუ სააკაშვილმა გაათავისუფლა პარტიის ხელმძღვანელის საფუძველი, აქაც ჩვენი ქვეყნის მეგობრების ქილიკის საფუძველი ჩნდება, რადგან სააკაშვილი არის აღმასრულებელი ხელისუფალი და ებრძვის აღმასრულებელ ხელისუფლებას, სისტემას, რომლისგანაც მას უნდობლობის გარდა არაფერი აქვს შერჩენილი. არსებობს შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტი გადადგეს იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2013 წელს ახალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის ძალაში, ძალაში მაშინ შევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციიდან ზუსტად 5 წელი გავა, ანუ იანვარში და იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებს ცოტა დავაჩქარებთ. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს კონსტიტუციური ცვლილებების ძალაში შესვლის დაჩქარების უფლებამოსილება აქვს, თუმცა ეს დამოკიდებულია მრავალ პროცედურაზე. უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი გარემოება, პრეზიდენტის გადადგომა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს და იმპიჩმენტს მოითხოვს. ანუ პრეზიდენტის გადადგომის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა შესაძლოა, ამის აუცილებლობა არ იყოს საჭირო, თუ "ნაციონალური მოძრაობა" ახლა მაინც გამოიჩენს პოლიტიკურ ტოლერანტობას და კონკურენტს შეაფასებს კონკურენტად და არა მტრად, ამ შემთხვევაში პრეზიდენტს შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობასთან თანამშრომლობაც კი მოუნდეს", - განაცხადა ცისკარიშვილმა.