"ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა უფრო პროტოკოლური ხასიათისა იყო და განსაკუთრებულ შინაარსს არ ატარებდა. თუმცა მიმაჩნია, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი გზავნილი საზოგადოებისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, ამაში იგულისხმება მხოლოდ ის, რომ "ქართული ოცნება" ოპონენტებს არ მოექცევა ისე უხეშად და უსამართლოდ, როგორც იქცეოდა წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობა". სხვათა შორის, ბოლო წლის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიცია, მიუხედავად მათზე მასშტაბური უკანონო ზეწოლისა, ოპონენტებს კონკურენტებად აღიქვამდნენ და არა მტრებად. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებებს, მის მიმიკებს, ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ არ არის მზად ძალაუფლების დასათმობად. მე ამ შეხვედრამ დამანახვა, რომ ბიძინა ივანიშვილი მზად არის ხელისუფლებაში მოსასვლელად, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არ არის მზად წასასვლელად!" - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ბიძინა ივანიშვილი მზად არის ხელისუფლებაში მოსასვლელად, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არ არის მზად წასასვლელად" / "არ გამოვრიცხავ, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მოუწიოს სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობისთვის" შეხსენებამ იმისა, რომ ისინი აღარ მართავენ ქვეყანას".
"ის, რომ კახა კალაძეა წარდგენილი ვიცეპრემიერისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტებზე, ეს ნამდვილად მოულოდნელობაა, თუმცა, გამომდინარე ამ ადამიანის მიზანდასახულობისა და წარმატებისკენ სწრაფვიდან, ჩემთვის მისი კანდიდატურა სავსებით მისაღებია. ჩვენ თვალწინ გაიარა კახა კალაძის, როგორც პოლიტიკოსის, ზრდის პროცესმა. ის იყო დამაჯერებელი და მებრძოლი თავის საჯარო გამოსვლებში. ეს მაფიქრებინებს, რომ ის განუწყვეტლივ იმუშავებს თავის თავზე და გაცილებით უკეთესად გააკეთებს მისი წინამორბედის საქმეს. გარკვეულწილად მოულოდნელი იყო შინაგან საქმეთა მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენა. როგორც ჩანს, აქ გადამწყვეტი როლი ითამაშა იმან, რომ ის ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან სანდო ადამიანი და ამასთანავე, კარგი მენეჯერია. შსს - ეს ის სისტემაა, სადაც ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული გამოცდილებით აღჭურვილი კადრის მისვლას, ისევ გამოუცდელი, მაგრამ ნიჭიერი ადამიანის მისვლა სჯობს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ციისკარიშვილი.
"ვფიქრობ, ნამდვილად არ იყო მოულოდნელი სასჯელაღსრულების მინისტრად სოზარ სუბარის წარდგენა. ეს გზა მიხეილ სააკაშვილმა გაკვალა, როცა ამ პოსტზე სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში დანიშნა. თუ ომბუდსმენის საქმიანობის ხარისხზე ვისაუბრებთ, სუბარი გაცილებით მაღალი კვალიფიკაციის სახალხო დამცველი გახლდათ, შესაბამისად, ამ პოზიციაზე მისი დანიშვნა ნამდვილად სწორი არჩევანია. ჩემთვის ახალი ეპოქის სიმბოლოა ის, რომ უკვე გაუჩინარებული და როგორც ამბობენ, ქვეყნიდან გაქცეული ზურიკელა ადეიშვილის ნაცვლად იუსტიციის მინისტრად დაინიშნება თეა წულუკიანი. ვფიქრობ, რომ ქვეყნის მოსახლეობა სწორედ ასეთი ცვლილებების მოლოდინში იყო. სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატები დავით კირვალიძე და ამირან გამყრელიძე, შეიძლება ითქვას, რომ თავის დროზე "ნაციონალურმა" ხელისუფლებამ ჩარეცხილთა სიაში ჩაწერა, არადა, ერთიც და მეორეც თავისი საქმის პროფესიონალია", - განაგრძობს ექსპერტი.
"ვიმედოვნებ, რომ ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის სფეროში სერიოზულ რეფორმას გაატარებს, ამაში მას ხელი უნდა შეუწყოს პარლამენტმაც. ვფიქრობ, აუცილებელია ჯანდაცვას გაემიჯნოს სოციალური საკითხები, რადგან სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ჯანდაცვის პრობლემატიკა გადაიფარა საპენსიო და სოციალური დახმარების პროგრამებით და სამკურნალო დაწესებულებების კომერციული ზრდის მძევლად იქცა. საგარეო საქმეთა მინისტრადაც საკმაოდ გამოცდილი კადრი დაინიშნება. მაია ფანჯიკიძეს მნიშვნელოვანი დიპლომატიური გზა აქვს გავლილი. თუმცა მასზე უფრო სახელოვანი დიპლომატების გვარებიც სახელდებოდა სავარაუდო კანდიდატებად, თუნდაც თედო ჯაფარიძის", - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.
"არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ბატონი ბიძინა თედო ჯაფარიძეს ნაკლებად ენდობა. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის თხოვნით თქვა უარი ბატონმა თედომ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში დაკავებულ შესაშურ თანამდებობაზე და დაბრუნდა საქართველოში, სადაც სააკაშვილის ხელისუფლება მას დაუფარავად ებრძოდა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის თანამდებობა, რომელიც თედო ჯაფარიძეს შესთავაზეს - საგარეო საქმეთა საკითხთა კომიტეტის თავკაცობა პარლამენტში. ერთ წელიწადში, უკვე ახალი კონსტიტუციის პირობებში, ვფიქრობ, ეს მეტად მნიშვნელოვანი და საკვანძო თანამდებობა იქნება", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "როგორ ფიქრობთ, შემთხვევით მოხვდა ახალ მინისტრთა კაბინეტში სამი ადამიანი, რომლებიც აფხაზთა მხრიდან განსაკუთრებული ნდობით სარგებლობენ? ვგულისხმობ: ირაკლი ალასანიას, პაატა ზაქარეიშვილსა და გურამ ოდიშარიას", - პასუხობს:
"ამგვარად თუ ვიფიქრებთ, თვითონ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა ყოფილა შემთხვევითობა. რასაკვირველია, ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი. ამით, ფაქტობრივად, იწყება იმ დაპირებების განხორციელება, რაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით გაიცა. თქვენ სწორად შენიშნეთ, ამ სამი ადამიანის მინისტრთა კაბინეტში ყოფნა ნამდვილად შეიძლება შეფასდეს კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენის წინაპირობად, თუმცა ძნელია ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაც გარკვეულ ვადებში შესაძლებელი იქნება ამ პრობლემების დაძლევა. ფაქტია: ქართველებმაც, აფხაზებმაც და ოსებმაც, ვფიქრობ, უეჭველად იციან, რომ ირაკლი ალასანია იქნება მართლაც თავდაცვის და არა თავდასხმის მინისტრი, გურამ ოდიშარია იქნება კულტურის და არა უკულტურობის მინისტრი, ასევე, არა მგონია, ეჭვი ეპარებოდეთ პაატა ზაქარეიშვილის კეთილგანწყობაში".
"გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას", აქვს რევანშისა და ძალაუფლების დაბრუნების სრულიად კონკრეტული გეგმები. ამისთვის, არ არის გამორიცხული, მათ სცადონ იმ ბერკეტების შენარჩუნება, რომელიც ამ კონსტიტუციის პირობებში ახალი ხელისუფლებისთვის არ იქნება ადვილად გასაკონტროლებელი. ეს გახლავთ, უპირველესად, პრეზიდენტის ინსტიტუტი. ფაქტია, რომ სასამართლოზე ზეწოლა საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგაც გრძელდება. გარდა ამისა, მოწმენი გავხდით, როგორ ქურდბაცაცულად ხდება მთავრობისთვის სხვადასხვა ფუნქციის მოპარვა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის დაქვემდებარება, რაც უშუალოდ პრეზიდენტის პირად კონტროლს ნიშნავს. ამ ადამიანმა, ბოლოს და ბოლოს, უნდა დათმოს ერთ-ერთი თანამდებობა, რომ ქვეყანაში დამყარდეს წესრიგი, სხვა შემთხვევაში, ვიქნებით მუდმივი წინააღმდეგობრივი რეალობის მომსწრე, განსაკუთრებით რეგიონებში. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, არ გამოვრიცხავ, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მოუწიოს სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობისთვის" შეხსენება იმისა, რომ ისინი აღარ მართავენ ქვეყანას. რა ფორმით მოხდება ეს შეხსენება, ამას დრო გვიჩვენებს!" - დასძენს სოსო ცისკარიშვილი.