ოღრაში გაიძურწა

ოღრაში გაიძურწა

ოქტომბრის არჩევნებმა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, მისი სატელიტი პარტიების მზეც ჩაასვენა. ქრისტიან–ჟურნალისტებზე უკვე მოგახსენეთ (http://geworld.ge/View.php?ArtId=4269&lang=ge&Title=Ralatis+maestrom+patrons+ukbina), „ახალი მემარჯვენეების“ ექიმმა, მეწარმემ და ლიდერმა კი „სიტყვა შეინახა“ და პარტიის თავმჯდომარეობასთან ერთად პოლიტიკაც დატოვა. ჟურნალისტებს კი ბოდიში მოუხადა, რომ აღარასოდეს მისცემს ინტერვიუებს. ჟურნალისტები მართლაც დადარდიანებული არიან, მაგრამ უფრო იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი ირჩია და, დავით გამყრელიძესავით, ტელეფონებს აღარ პასუხობს.

გამყრელიძის მცდარი პოლიტიკური ნაბიჯების ნუსხა ვრცელია. მეტიც: იგი ყოველთვის ისეთ გადაწყვეტილებას იღებდა, რომლის საპირისპიროც უნდა მიეღო. მაგალითად მხოლოდ ყბადაღებული 2003 წლის 22 ნოემბრის პარლამენტის სხდომაზე დაგვიანებაც იკმარებს, რასაც შემდეგ მუდმივად აყვედრიდნენ რევოლუციონერები. გამყრელიძემ მაშინ შევარდნაძეც მოიმდურა და სააკაშვილიც. ამასაც ხომ მოხერხება უნდა!

მოგვიანებით, 2004 წლის მარტში, ბადრი პატარკაციშვილი რომ არ დახმარებოდა (ნინო ბურჯანაძესთან ერთად), იგი პარლამენტს გარეთ დარჩებოდა. ამას ხელი არ შეუშლია გამყრელიძისთვის,ორიოდე წელიწადში ბურჯანაძის მისაღებში შიმშილობა გაემართა და პლედის არქონაზეც ეწუწუნა. ქუჩის აქციების „პრინციპული მოწინააღმდეგე“ ექიმი, მეწარმე და ლიდერი 2007 წელს დაგვიანებით (ისევ!) მაინც შეუერთდა საპროტესტო აქციას და ამჯერადაც ვერაფერი მოიგო.

2008 წელს სხვა ოპოზიციონერებთან ერთად „ახლებმაც“ დაჭრეს მანდატები და მომდევნო ოთხი წელი პარლამენტს მიღმა გაატარეს. მამუკა კაციტაძეს, როგორც ჩანს, მობეზრდა პოლიტიკის სარდაფში ჯდომა და ყველაფერი იღონა, რათა „ნაციონალური“ პოლიტიკის სხვენზე გადაენაცვლებინა. 2011 წლის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ „მემარჯვენეებმა“ ოპოზიცია „გადააგდეს“ და კაციტაძეც ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარედ მოგვევლინა. პირველი თვეები იგი საკუთარი თავის უზრუნველყოფით იყო დაკავებული, ხოლო საპარლამენტო არჩევნების წინ „უანგაროდ გაუპრავა“ ნაცმოძრაობას 1 მილიონი ზედმეტი ხმა. იგი თვით „ნაციონალებისთვის“ შესაშური უტიფრობით გვიმტკიცებდა, რომ განახევრებულ საქართველოში 3 მილიონ 700 ათასი ამომრჩეველი გვყავს!

„მემარჯვენეები“ ამაოდ ელოდნენ 5–პროცენტიანი ბარიერის დასაძლევად ნაცმოძრაობის დახმარებას. წამატებული ხმები მათ თავისთვის დასჭირდათ და მაინც არ ეყოთ! ახლა გამყრელიძემ კაციტაძის მიერ „მიწერილ“ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და პოლიტიკიდან წავიდა. გვერდითაც არავინ აღმოჩნდა ისეთი, რომ წამოეძახებინა: „ახლა გინდ შეიტანე, გინდ გამოიტანე ეგ შენი გაგორებული ფალავანიო“! იგი ისევე წავიდა, როგორც მოვიდა: თავის დროზე „მოქალაქეთა კავშირის“ სიით პარლამენტში გასულმა გამყრელიძემ პრემიერ–მინისტრობა მოინდომა და რაკი ვერ მიიღო, „ახალი მემარჯვენეები“ დააფუძნა და ოპოზიციაში გადავიდა. მაშინაც და ახლაც იგი ხელისუფლებასთან გარიგებითა და ვაჭრობით ინარჩუნებდა ადგილს ქართულ პოლიტიკაში. ამჯერად არ გაუმართლა: თვით მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციაში გადაინაცვლა და გვერდით აღარ დაიყენა, ხოლო ხელისუფლებას „ქართული ოცნება“ დაეპატრონა. ასე რომ, საკუთარი პოლიტიკური შეცდომების, მერყეობისა და უპრინციპობის გამოისობით, ელქტორატის თვალში გაოღრაშებული ექიმის, მეწარმის და ლიდერის ადგილი აღარც ხელისუფლებაში დარჩა და აღარც ოპოზიციაში!

არადა, „ალდაგიც“ უკვე გაყიდული აქვს, ყოფილი პარტნიორებიც წითელ ხიდზე გარბიან... თოკი გადამალეთ, დათო შინ ბრუნდება...