საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს ვურეკავ და ვეკითხები: - პატივცემულო კოლეგავ, თუ შეიძლება მითხარით, მართალია თუ არა ინფორმაცია, რომ იუსტიციის მინისტრმა, ბატონმა ზურაბ ადეიშვილმა საქართველო დატოვა?
იქვე ვაზუსტებ, რომ ეს ინფორმაცია ეკუთვნის კოალიცია "ქართული ოცნების" იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს, რომელმაც ადეიშვილი ფაქტობრივად დეზერტირობაში დაადანაშაულა. "ვიცი, რომ მან დატოვა საქართველო, მაგრამ მას საქართველო რომ არც დაეტოვებინა, ფაქტია, რომ მიატოვა თავისი უწყება, მან მიატოვა მიმდინარე საქმეები, მან მიატოვა ეს უზარმაზარი სტრუქტურა, რომელიც უზარმაზარია და ბევრი ადამიანი მუშაობს", - განუცხადა ტელეკომპანია "მაესტროს" თეა წულუკიანმა.
- არ ვიცი, ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, - საოცრად ნაღვლიანი ხმით მპასუხობს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი. მინდა რაღაცით ვანუგეშო ასეთ მდგომარეობაში მყოფი კოლეგა.
- უკაცრავად, მაგრამ მაშინ იქნებ ის მითხრათ, საქართველოში თუ იმყოფება?
- ჩემთვის არც ეს არის ცნობილი, - მესმის სატელეფონო კავშირის მეორე ბოლოს სრულ საინფორმაციო ვაკუუმში მყოფი ადამიანის დაღლილი ხმა.
უკეთესი მდგომარეობა არც თავდაცვის სამინისტროშია, სადაც დღე-დღეზე შევა კოალიციური მთავრობის თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ალასანიას საგანგებო, "გაცნობითი ჯგუფი". სამხედრო უწყებაში იციან რომ დიმიტრი შაშკინი მივლინებით აშშ-ში იმყოფება, თუმცა არ იციან, თუ როდის დაბრუნდება უკან. როგორც ამბობენ, 2 ოქტომბრის შემდეგ უგზოუკვლოდ არიან გაუჩინარებულნი თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დათა ახალაია და მის ძმა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია, რომლის ხსენებაზე სახელმწიფო უწყებებში ისეთი რეაქცია აქვთ, თითქოს სულ ორიოდე კვირის წინ მე ვუწოდებდი მას "სახელმწიფოს სიძლიერის სიმბოლოს".
რა არის ეს? ნუთუ ყოფილი მინისტრების დეზერტირობასთან გვაქვს საქმე?! ნუთუ დასაჯერებელია, რომ იუსტიციის მინისტრმა გაქცევით უშველა თავს? არა, ბაჩო და დათა ახალაიებისგან, მათ მიმართ არსებული ბრალდებების გამო, კაცს გაქცევა არ უნდა გაგიკვირდეს. მაგრამ ნუთუ პოლიტიკური ბრძოლის ველს გაეცალა დიმიტრი შაშკინი, ავტორი დევიზისა "არც მშვიდობიან დროს და არც ომში, არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ"?.
ორხელისუფლებიანობის პირობებში ძნელია ერთმნიშვნელოვნად რაიმეს თქმა. შესაძლოა, ზემოხსენებული მინისტრები არც არსად წასულან და ეს მხოლოდ მოწინააღმდეგის კვალის ასარევად გაკეთებული ერთგვარი ტაქტიკური სვლაა. აგერ ზურაბ ჭიაბერაშვილიც არ ჩანდა, მაგრამ 8 ოქტომბერს გამოვიდა არენაზე და ალალად დაიცვა კახეთის ადგილობრივი ხელისუფლებისა და საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები კოალიცია "ქართული ოცნების" წევრთა მუქარებისგან.
ჯერ კიდევ დარგის მოქმედი მინისტრისაგან ასეთი გამოსვლა პოლიტიკურად მოულოდნელია, თუმცა ადამიანურად გასაგებია - თანამდებობის პირს მუხლები არ უკანკალებს და დგას იქ, სადაც მისი პრეზიდენტი და მისი გუნდია. რაც შეეხება თავად მიხეილ სააკაშვილს, ვიღაც-ვიღაცებს რომ ეგონათ, შოკშია და განადგურდაო, პრეზიდენტმა აგერ ახლახან თბილისის ქუჩებშიც ისეირნა, ფორსირებულად აარჩევინა "ნაციონალურ მოძრაობას" ბათუმისა და ქუთაისის მერები და სულ ბოლოს, საკუთარი დეკრეტით სპეც-კავშირებისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოებიც პირად კონტროლზე აიყვანა, რათა მომავალი მთავრობის მინისტრებმა ვერ გაიგონ, თუ ვის ელაპარაკება და რაში ხარჯავს სახელმწიფო თანხებს ქვეყნის პრეზიდენტი.
სააკაშვილის ბოლო გადაწყვეტილება კი საგანგებო ყურადღებას იმსახურებს. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე დაინიშნა. კალანდაძეს, რომლის მეთაურობით მოქმედმა მე-4 ბრიგადამ 2008 წლის აგვისტოს ომში საკმაოდ დიდი დანაკლისი განიცადა, არმიაში სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე ერთგულ ოფიცრად იცნობენ. შესაბამისად, მისი დანიშვნით სააკაშვილმა ძირშივე აღკვეთა სპეკულაციები პოლკოვნიკ ნიკა ჯანჯღავას, ან ოპოზიციის სხვა რომელიმე სასურველი კანდიდატის გენერალური შტაბის უფროსად დანიშვნაზე და აშკარად მიანიშნა "ქართული ოცნების" თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ალასანიას, რომ პრეზიდენტი არც არმიაზე კონტროლის სადავეების შესუსტებას დაუშვებს.