ბედუკაძე:

ბედუკაძე: "ნეტა არ გადამედგა ეს ნაბიჯი, ვნანობ"

ვლადიმერ ბედუკაძე - "ვისაც ბრალი ედება წამებაში, უნდა გასამართლდეს სამაგალითოდ! საკუთარ დედას გამოჭრიდნენ ყელს, ოღონდ სააკოვის ქება დაემსახურებინათ. ავადმყოფობაა ეს"

"ბრიუსელში მყოფი ვლადიმერ ბედუკაძე პატიმრების წამების ამსახველი კადრების გავრცელებას ნანობს და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ მან "რეზონანსს" განუცხადა. ამასთან, ბედუკაძე ამბობს, რომ გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც ბრიუსელში სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის უფროსის მოადგილე და ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელი, მეგის ქარდავა ჩავიდა, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება. ამავე ინფორმაციის თანახმად, მეგის ქარდავა ბრიუსელში ბედუკაძის მეგობართან, დაზვერვის ყოფილ ოფიცერ ვიქტორ ჭელიძესთან შესახვედრად ჩავიდა. ბედუკაძე ამბობს, რომ ვიქტორ ჭელიძეს უკვე წლებია იცნობს, ის მისი მეგობარია და ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მეგის ქარდავა ჭელიძეს უნდა შეხვდეს, მხოლოდ სიცრუეა და ემსახურება იმას, რომ იგი საკუთარ მეგობარს ჩამოაშორონ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ბედუკაძე: "ნეტა არ გადამედგა ეს ნაბიჯი, ვნანობ" / ვლადიმერ ბედუკაძის განცხადებით, "სიმართლე ჯერ კიდევ დასადგენია" .

"ბედუკაძის თქმით, მისი ოჯახის წევრები ამჟამად სტამბულში იმყოფებიან და როდესაც ისინი უკვე ბრიუსელში იქნებიან, საზოგადოება სიმართლეს მაშინ გაიგებს. "ჩემი ოჯახის უსაფრთხოება არის პირობა ყველაფრის გამხელისა", - განაცხადა მან. "ინტერპოლის" მიერ ძებნილი ბედუკაძე თავდაპირველად ირწმუნებოდა, რომ მეგის ქარდავა ბელგიაში შესვლას ვერ შეძლებდა იმიტომ, რომ აღნიშნული ინფორმაციის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა ბელგიის ხელისუფლება და მოითხოვა ქარდავას დაკავება. მოგვიანებით თავის ბელგიელ ადვოკატ ამრანისთან ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ თქვა, რომ "მეგის ქარდავა ბრიუსელში 4 ოქტომბერს ჩამოსულა". ამასთან, იგი გამორიცხავს ჭელიძესა და ქარდავას შორის რამე ურთიერთობას. მისივე თქმით, გასარკვევია, რატომ ჭიანურდებოდა მისი ოჯახის გამოყვანა საქართველოდან", - აღნიშნავს გამოცემა.

"ფაქტები მაქვს და ეს იცის ადვოკატმა. ამის შესახებ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადვოკატი განსაზღვრულ პროცესს დაასრულებს, ინფორმაციას გადაამოწმებს და ა.შ. არაა ყველაფერი ისე, როგორც ჩანს. ხმამაღალი განცხადებების დრო ჯერ არაა. ყველაფერი უნდა დალაგდეს ქვეყანაში. არ მინდა, კიდევ რამე ვნებათაღელვა გამოიწვიოს. ისიც ვიცი, რატომ გაურბიან ჩემთან შეხვედრას. მე ვთქვი, ჩემი ოჯახი მძევლადაა-მეთქი. მძევლად ყოფნა არ ნიშნავდა იარაღით თავზე დგომას. მძევლად ყოფნაა ჩემთვის, როცა ვერ ვამბობ სიმართლეს. მძევლად არიან ჩემი მეგობრები - ფარულავა და აკობია ციხეში, ვინც დღეს აქ უნდა ყოფილიყვნენ და ერთად უნდა გვემხილებინა რეჟიმი. ამიტომ ვამბობდი, მომისმინეთ-მეთქი. არავის მივცემ უფლებას ქართველი ერის ტრაგედიით იმანიპულირონ და ქულები დაიწერონ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვლადიმერ ბედუკაძე. 

"მეზიზღება საკუთარი თავი. ნეტა არ გადამედგა ეს ნაბიჯი. ვნანობ. ეკლათ და ეხოცათ. სიზმარში მგონია თავი. არანაირად არ ვარიდებ თავს პასუხისმგებლობას. მეც სისტემის ნაწილი ვიყავი, როგორც ყველა 4 500 თანამშრომელი. არაა აქ ყველა ჯალათი, მაგრამ ის 20%, ვისაც ბრალი ედება ბიჭების წამებაში, უნდა გასამართლდეს სამაგალითოდ. საკუთარ დედას გამოჭრიდნენ ყელს, ოღონდ სააკოვის ქება დაემსახურებინათ. ავადმყოფობაა ეს. ჯერ კიდევ აგონიაში ვარ. ჰო, სააკოვის! აბა რაა. ვინ შექმნა სისტემა? ვინ დანიშნა ახალაია? როცა თინა ქეიდენაუ 2009 წელს შეშფოთებული იყო ჯალათის თავდაცვის მინისტრად დანიშვნით, რა პასუხი გასცა სააკოვმა? არ ესმოდა თურმე შეშფოთების მიზეზი. ახლა ხომ იხილა ერმა "მიზეზი". როცა ბაჩოს ნიშნავდა პოლიციის მინისტრად, ნახეთ ის კადრები, იქაა სიმართლე, ნახეთ სააკოვის სიტყვები - "აბა, ნახეთ ქურდები, როგორ გვიან საკნებს ცოცხით. ამ კაცმა გააკეთა ის, რაც მე ვერ გავაკეთე", - ხოდა, ეს ცოცხი დამთხვევა იყო? როგორ გგონიათ? არ იცოდა, ხო?" - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "თქვენი უსაფრთხოების ზომები დაცულია?" - პასუხობს:

"მე მიცავს ბელგიის პოლიცია ისე, როგორც ყველა თავის მოქალაქეს. განსაკუთრებული არაფერი".