ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე სერიოზული ძალა დაუპირისპირდა. ამის შედეგი არჩევნებზეც ვნახეთ. პირველ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, ცესკოს უკანასკნელი მონაცემებით, "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. მოსახლეობის დიდ ნაწილს იმედი აქვს, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება. ახალი პარლამენტი მუშაობას, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოდან შეუდგება. მიმდინარე მოვლენების შეფასება ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილს ვთხოვეთ.
- ალეკო, როგორ შეაფასებთ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოში ჩატარებულ ყველაზე დემოკრატიულ არჩევნებად მოიხსენიეს?
- ყველაზე დემოკრატიულის რა გითხრათ, ხელისუფლება რასაც ახერხებდა, ცდილობდა, რომ ემამაძაღლა. წინასაარჩევნო პერიოდი, ნათია მოგელაძე, ადამიანების დაჭერა, ცემა არანაირად არ იყო დემოკრატიული. ხელისუფლებამ გააკეთა მაქსიმუმი, რომ ემამაძაღლათ. კარუსელის მცდელობები არ იყო არჩევნების დღეს? უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილის სახით ჭკუითა და ფულით მობილიზებულ ძალას დაუპირისპირდნენ. ყველა საარჩევნო უბანზე კამერა იდგა. მთავარია, რომ ყველა ფეხზე დადგა და არჩევნებზე მივიდა. არ მჯერა ცესკოს მონაცემების, რომ მხოლოდ ამომრჩევლის სამოცი პროცენტი მივიდა, იმიტომ, რომ საარჩევნო სია ისედაც გაბერილია. ხელისუფლებამ დაინახა, რომ არჩევნებზე ბევრი ხალხი მივიდა და მათი დიდი ნაწილი მხარს არ უჭერდა, იმიტომ მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა. ამ ოცნებას მოვესწარით, რომ მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეცვლილიყო ხელისუფლება.
- მიუხედავად იმისა, რომ "ქართულ ოცნებას" ყოველთვის ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა, ხომ არ ფიქრობთ, რომ მათი რიცხვი ციხეში გადაღებული წამების კადრების გამოქვეყნების შემდეგ გაიზარდა?
- ამან მერყევ ელექტორატზე იმოქმედა, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ივანიშვილმა ძალიან ენერგიული კამპანია ჩაატარა. ჩვენთან ყოველთვის ეზარებოდათ პოლიტიკოსებს რეგიონში ჩასვლა, ისხდნენ თბილისში, წამოწვებოდნენ ტელევიზიებში და რაღაცებს ლაპარაკობდნენ.
- თქვენს ეთერში ხშირად საუბრობდნენ სტუმრები პატიმრების არაადამიანურად მოპყრობის შესახებ, თუმცა რამდენად მოულოდნელი იყო ამ კადრების რეალურად არსებობა?
- შოკის მომგვრელი იყო, როდესაც ის ვიზუალურად ვნახე, რაც მანამდე ორასამდე ადამიანს ჰქონდა მოყოლილი. ფოტორეპორტიორი გია აბდალაძე ადრე მომიყვა როგორ დაემუქრნენ, საკნებიდან პატიმრები გამოიყვანეს, შარვლები ჩაუწიეს და ხელკეტებს პრეზერვატივები გაუკეთეს. უთხრეს, აღიარებას თუ არ დაწერდა, ამ ხალხს გააუპატიურებდნენ. ამან დაგვანახვა, ვისთან გვქონდა საქმე. ხელისუფლება, რომელიც კუდრაჭობდა, სინამდვილეში ამას ეყრდნობოდა. საზოგადოებაში რომ შიშია, ვისი ეშინიათ, სააკაშვილის? მისი როგორ უნდა გეშინოდეს, რომ დაუყვირო, ისე გაიქცევა, გორამდე არ გაჩერდება, ისეთი ლაჩარია. იმის ეშინოდა ყველას, რომ "კუდი" და "სოდი" დაგიჭერდნენ და ჯალათები იმავეს გაგიკეთებდნენ ციხეში. ივანიშვილის საყრდენი ის ხალხია, ვინც ხმა მას მისცა, სააკაშვილის კი ისინი იყვნენ, ვინც ციხეში ხალხს აწამებდნენ.
- ალეკო, მითხარით, რომ ორასამდე ადამიანს აქვს მოყოლილი ციხეში არსებული წამების შესახებ, ამბობენ, რომ ამ ფაქტებს ხათუნა კალმახელიძეც ესწრებოდა, ამის შესახებ თუ უთქვამთ?
- მსმენია, რომ ნასვამი კალმახელიძე თავის შეყვარებულთან ერთად პირადად დასწრებია, მაგრამ ეს მონაყოლია, შეგვიძლია დავიჯეროთ, ან არა. ამის მტკიცებაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ იდიოტები არავინ ვართ, რომ დავიჯეროთ, კალმახელიძემ არ იცოდა რა ხდებოდა. გია ცაგარეიშვილი პარლამენტში რომ გამოდიოდა და ამაზე ლაპარაკობდა, იჯდა ეს ჩუსტი ქალი და სიცილით კვდებოდა. კალმახელიძე დღეს ციხეში უნდა იჯდეს ბაჩო ახალაიასთან ერთად. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილმაც ყველა დეტალი იცოდა პატიმრების წამებაზე. აქვე ჩნდება კითხვა, ირაკლი ოქრუაშვილი როგორ ამღერდა ორ დღეში, მის წინააღმდეგაც დაახლოებით ასეთი მეთოდი იქნებოდა გამოყენებული. ბაჩო ახალაიაზე ვიცი, რომ პირადად აწამებდა პატიმრებს. კალმახელიძე მონაწილეობდა თუ არა ასეთ ღორობებში, არ ვიცი. ამბობენ, რომ მონაწილეობდა.
- ბაჩო ახალაიაზე თეა თუთბერიძე წერს, რომ ის მუდამ იცავდა ადამიანის უფლებებს.
- რამდენიმე პარადოქსი არსებობს ისტორიაში, ერთ-ერთია, რომ სტალინი სასულიერო სემინარიაში სწავლობდა და მერე გახდა ადამიანი, რომელმაც ნახევარი მსოფლიო გაწყვიტა. ასეთივე პარადოქსია, რომ ბაჩო ახალაია ორი წელი სახალხო დამცველის მოადგილე იყო, მაგრამ სტალინის მასშტაბს ვერ აღწევს, პატარა მასშტაბის სადისტია. სახალხო დამცველის მოადგილედ დანიშვნისას რეალურად დაავალეს, რომ სოზარ სუბარისთვის თვალ-ყური ედევნებინა.
- ციხის კადრების გავრცელების შემდეგ ხელისუფლებამ "ქართულ ოცნებას" აუდიოჩანაწერები და გოგა ხაინდრავას ვიდეო გამოუქვეყნა, სადაც ვნახეთ, რომ ის საფრანგეთში კანონიერ ქურდებს შეხვდა.
- ეგრე ერთხელ მოსკოვში ვიყავი და მეგობართან ერთად კინოში მივდიოდით. მანამდე მთხოვდა, რომ ვიღაცებს შეხვდებოდა და გავყოლოდი. უცნაურ კომპანიაში აღმოვჩნდი, ქურდი ვარო, არავის უთქვამს და არც ნაძარცვი ამოუღიათ ჯიბიდან, მაგრამ უცნაური ტიპები იყვნენ, შავ გაგებას აწვებოდნენ. იმ დროს რომ ვიღაცას ჩემთვის ვიდეო გადაეღო, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ქურდებთან ერთად დავჯექი და შეთქმულება მოვაწყვე. არაფრის მთქმელი კადრები იყო, გოგა ხაინდრავა სადღაც შედის და გამოდის.
- აუდიოჩანაწერებიდან გავიგეთ, რომ ქურდად კურთხევა თურმე სკაიპითაც არის შესაძლებელი.
- მაგაზე ძალიან ბევრი ვიცინე. რა სკაიპი, მოვიდნენ უკვე ქურდები?
- ხელისუფლების მხარდამჭერები სოციალურ ქსელში წერენ, რომ უკვე გამწვავდა კრიმინოგენური სიტუაცია და ე.წ. "შავები" ქუჩაში ხშირად ხვდებათ...
- მსგავსი არაფერი შემინიშნავს, გახარებული ხალხი დარბის "ოცნების" მაისურებით. ერთადერთი უსიამოვნო ფაქტი ის იყო, რომ ორი ნასვამი ადამიანი შევარდა "რუსთავი 2"-ში. ორს როგორღაც გააკავებდნენ და მასე მთელი ამ წლების განმავლობაში ხან ზაზა სვანაძე მოგვივარდება ხოლმე და ცემა-ტყეპაა ატეხილი. ცუდი ფაქტია, რომ ასეთი რაღაც ხდება, ყველამ დავგმეთ, ამას თამარა ჩერგოლეიშვილის და მათ გასაგონად ვამბობ. ამიტომ არის მისასალმებელი ივანიშვილის სიტყვები, დაწყნარდით, ვინც ხუთიანი შემოხაზეთო. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს რომ გაემარჯვა, გამოვიდოდა და იტყოდა, ცემეთ მოწინააღმდეგეებიო. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილისა და გუბაზ სანიკიძის ჩანაწერებს, ამის ავთენტურობა უნდა დადგინდეს. არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით წერდა დაცვის ბიჭი, რომელიც ახლა კვირაზე მეტი დაკარგული იყო.
- იმ დღეებში თქვენი და ნინო ჯანგირაშვილის საუბრის სახუმარო ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც დავით აქუბარდიას წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდით.
- ამოვიდა ყელში ამ კომპრომატების მოსმენა. მე, დათო აქუბარდია და ნინო ჯანგირაშვილი ვისხედით და დათომ თქვა, მოდით, ჩვენც რამე ვიმაიმუნოთო. ჩაწერისას მე და ნინომ ბევრი ვიცინეთ, ვამბობდით, რომ აქუბარდიას "პლიტას" გამოვურთავდით და კარს დავტოვებდით ღიას, რომ ორპირი ყოფილიყო. ბევრმა გამლანძღა, გველი გაუზრდიხარ უბეშიო. მერე მეორე სერიის ჩაწერა გვინდოდა, რომ აქუბარდიას კუწუწა (გადაცემის რეჟისორი) ძალით ასმევს ჩაის, მაგრამ დაგვეზარა. ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ დათოს ეთერში დაახველა და თქვა, მგონი, ორპირში გავცივდიო. გუშინაც მეუბნებოდა, ბიჭო, მგონი, ეს ორპირი ძალიან მაციებსო (იცინის).
- ალეკო, მგონი, დაუჯერებელია, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაშია. თქვენ და "მაესტროს" კი მთელი ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციურ არხებს გიწოდებდნენ.
- ვის ტელევიზიას აღარ გვეძახდნენ, ლევან გაჩეჩილაძის, გუბაზ სანიკიძის, ბიძინა ივანიშვილის და ახლა ნაციონალების რომ უნდა გავხდეთ, ამაზე მეცინება. ოპოზიცია იმიტომ იყო ხშირად ჩვენს ეთერში, რომ რეალურად ნაციონალები არ მოდიოდნენ. იმედს ვიტოვებ, რომ ამის შემდეგ ყველა მხარე პირველივე დაძახებულზე მოვა გადაცემაში.
- როგორ წარმოგიდგენიათ მიხეილ სააკაშვილი თქვენს ეთერში?
- არ ვიცი, ალბათ მოვა, მაგრამ ძალიან გამიჭირდება, მაგ კაცისადმი ისეთი ემოცია მაქვს, თუმცა დრო ისეთი რამ არის, არ ვიცი.
- ალეკო, პატიმრების წამების კადრების გავრცელების ღამეს, სხვა სტუმრებთან ერთად, ეთერში თეა თუთბერიძეც გყავდათ, რომელსაც რამდენიმეჯერ მოუწოდეთ, რომ დაეტოვებინა თქვენი გადაცემა.
- მაგას საინტერესო გაგრძელება ჰქონდა. მე ვცდილობდი თეა ეთერიდან გამეგდო, მაგრამ არ მიდიოდა. გადაცემა დამთავრდა და წავიდა, სტუდიაში მარტო დავრჩი. უცებ ოპერატორმა დაიყვირა, ალეკო, ცუდად არის საქმე, ამას გაგლეჯენ, გამოდიო. გარეთ რომ გავედი, დავინახე, ქალები შეკრებილიყვნენ, ცოტაც და თუთბერიძეს სცემდნენ. ერთი კაციც იყო, პატიმრის მშობელი თუთბერიძის საცემრად ავჭალიდან გამოსულიყო და აქუბარდიამ გაიყვანა ცალკე. გავვარდი და ამ ქალებს თუთბერიძე ხელიდან გამოვგლიჯე, ჩავიხუტე და სულ სირბილით მივიყვანე მანქანამდე. აივნებზე ხალხი იყო გამოსული, აგინებდნენ. ერთმა ქალმა დაუყვირა, დამელოდე, ვიცვამ, უნდა ჩამოვიდე და გცემოო. ჩვენი სტუდიის სტუმარს ვერავის ვაცემინებდი.
- ალეკო, არჩევნების თემა გავაგრძელოთ, პარლამენტს მიღმა დარჩა "ქრისტიან-დემოკრატიული პარტია".
- ამ არჩევნებმა პოლიტიკური სპექტრი დაწმინდა. ყველამ ვიცოდით, რომ "ქდმ" სატელიტური პარტია იყო, რომელიც სამთავრობო კაბინეტებში შეიქმნა და მათი მხარდაჭერით საზრდოობდა. ვიცი, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ნაციონალების მხარდამჭერებს ათნომრიან მაისურს ჩააცმევდნენ და ისე დაატარებდნენ. ეს იყო დეკორატიული ოპოზიცია და მიიღეს ის, რაც მიიღეს. აი, "ახალ მემარჯვენეებზე" კი მართლა გული მწყდება. ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავთ და შესანიშნავად შეავსებდნენ კოალიციას. დათო გამყრელიძე პოლიტიკიდან წავიდა და იმედი მაქვს, მერე ინდივიდუალურად მაინც ჩაერთვებიან დანარჩენი სუბიექტები პოლიტიკაში.
- ამბობენ, რომ "ქდმ"-დან ყველაზე კარგ სიტუაციაში ახლა ინგა გრიგოლიაა.
- ინგა ყველასთან შედარებით ალღოიანია. თან მოხსნა კანდიდატურა, თან არა. არც მწვადი დაწვა და არც შამფური. თან მონასტერში წავიდა (იღიმება).
- ალეკო, როგორ ფიქრობთ, რა ბედი ეწევა "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებულ ხელოვანთა გუნდს...
- პრობლემა არ არის, რომელიმე ხელოვანი პოლიტიკურ პარტიას მხარდაჭერას უცხადებდეს, მაგრამ მთავარია, ამის გამო ბიუჯეტიდან "ფეშქაში" არ მიიღოს. ხელისუფლებას ჰყავდა "კარმოშკაზე" დასმული სტეფანეები, კახუჩელები და უსინდისო, უსირცხვილო ადამიანები. სოფო ნიჟარაძე, ერთი უნიჭო გოგო, რომელსაც მილიონები ვახეთქეთ, თავისი უნიჭობისთვის. ოპერეტა არა იხვი, რომელი ოპერეტის მომღერალი ეგ არის. არ მინდა ახლა ყვითელ თემებზე გადავიდე, მაგრამ გასაგებია, რატომ ჰქონდა დაფინანსება. ან ის კაცი რომ არის, ყველა შოუ რომ მიჰყავს.
- დუტას გულისხმობთ?
- დიახ, ნიჭიერია, მაგრამ, როგორც ჩანს, ქვემძრომობაში უფრო დიდი ნიჭი აღმოაჩნდა, ვიდრე წამყვანობაში. რა დღეში იქნებიან ახლა, ხომ წარმოგიდგენიათ, "კარმოშკა" დაკარგეს. ეს უსირცხვილო ტიპები ასი ათასებს იღებდნენ. ნიკა მემანიშვილი გამოდიოდა და ერთსაათიანი კონცერტის დირიჟორობისთვის 20 000 ლარს იღებდა ბიუჯეტიდან.
- ნიკამ განაცხადა, რომ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება დააგვიანა.
- დააგვიანა კი არა, წავიდეს, დაირცხვინოს და დიდი ბოდიში მოიხადოს. ქვეყანაში, სადაც ხალხი შიმშილობს და ბოთლებს აგროვებს, ეგ იდგა და კონცერტებში ამხელა თანხას იღებდა. ახლა იმედი მაქვს, ახალ "კარმუშკაზე" შემჯდარ ხელოვანებს არ ვიხილავთ, მაგრამ ამის არდაშვება უკვე ჩვენი, საზოგადოების ვალია. ამ ცვლილების შედეგად ხალხმა თავისი ძალა იგრძნო და სულ არ ვფიქრობ, რომ ისინი მესიანიზმში არიან გადასული. პირველივე დღიდან უნდა გავფაციცდეთ. ამ დღეებში რომელი პოლიტიკოსიც შემხვდა "ქართული ოცნებიდან", ყველას ვუთხარი, რომ მათი კრიტიკის რეჟიმში გადავედი. ქვეყანა ახალ რეალობაშია და ამის ერთ, ძალიან კარგ მაგალითს მოგიყვანთ. მკითხველს ახსოვს, "ჰამქარი" გუდიაშვილის მოედნის არასწორ რეაბილიტაციას ვაპროტესტებდით და რამდენიმე თვის წინ პროკურატურაში შევიტანეთ სარჩელი, რომ კულტურულ ძეგლზე უკანონობა ხდებოდა. ორ ნომერში მთელი შენობა დაანგრიეს. პროკურატურაში გვითხრეს, რომ საჩივარს განხილვის ვადა ექვსი წელი ჰქონდა. ხუთი თვე ჩვენი მოძრაობა "ჰამქრიდან" თამარ ამაშუკელი უშედეგოდ რეკავდა და პასუხს ითხოვდა. არჩევნებიდან მესამე დღეს დარეკა და რომ გაიგეს, რა სარჩელზე იყო საუბარი, ისე დაფაცურდნენ, რომ მეორე დღეს განხილვაზე დაგვიბარეს (იღიმება).