მთავრობის ახალ შემადგენლობაზე, არჩევნებში "ნაცმოძრაობის" დამარცხების მიზეზებსა და იმაზე, რამდენად შეესაბამება რეალობას მტკიცება, რომ "ნაცმოძრაობა" რევანშისთვის ემზადება, "ინტერპრესნიუსი" ექსპერტს საერთაშორისო საკითხებში, იაპონიაში საქართველოს ყოფილ ელჩს, ვანო მაჭავარიანს ესაუბრა.
- ბატონო ვანო, არჩევნებში გამარჯვებული "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობისა და საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღავნელები დაასახელა. როგორ შეაფასებდით ამ შემადგენლობას?
- თავისთავად ის ფაქტი, რომ ივანიშვილმა მთავრობის შემადგენლობა თავისი კოალიციიდან პარიტეტულად შეარჩია, მეტყველებს კოალიციაში შემავალი პარტიების თანამშრომლობაზე. მინისტრობის ყველა კანდიდატი თავის საქმეში ჩახედული ხალხია. ქვეყანა ძალიან სერიოზული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას და დრო აჩვენებს, თუ რა მდგომარეობაში მიიღო ახალმა მთავრობამ ქვეყანა და, რის გაკეთებას შეძლებენ ისინი უმოკლეს დროში. ფაქტია, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობას სერიოზულ გამოწვევებთან გამკლავება მოუწევს და ახალი მთავრობის სიძლიერის ტესტი სწორედ ის იქნება, რამდენად შეძლებენ მინისტრობის კანდიდატები სახელმწიფო ბიუროკრატიის შემობრუნებას მათკენ და საჯარო მოხელეებში იმ განწყობის შექმნას, რომ ეს ხალხი ემსახურება სახელმწიფოს და არა - მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებულ ახალ პარტიას.
ახლა ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად ეფექტურად გამოიყენებენ მთავრობის ახალი წევრები სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ კვალიფიციურ ადამიანებს. არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობის ამ შემადგენლობიდან ბევრი დარჩეს, ბევრს გაუჭირდეს მუშაობა, მაგრამ ამას მხოლოდ და მხოლოდ დრო აჩვენებს. არის ძალიან ბევრი ნიუანსი, რომელიც მათი უწყებებში ჩართულობის შემდეგ გაირკვევა.
- მთავრობაში ბევრი ისეთი ადამიანიც აღმოჩნდა, ვინც "ქართულ ოცნებასთან" ღიად დაკავშირებული არ ყოფილა, მაგრამ პროფესიონალები არიან. ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილი კადრების შერჩევის ამ ტრადიციას მომავალშიც გააგრძელებს?
- რაც შეეხება კადრების შერჩევას. მე ე.წ. კოალიციისთვის "სახიფათო დროს"| მქონდა ბატონ ბიძინასთან შეხვედრები. ჩვენ ბოლო საუბრისას, მან შემომთავაზა კონკრეტული თანამდებობა და კონკრეტული საქმეები. ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის საწყის ეტაპზე, მე ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული მასთან კონსულტაციებში, რის გამოც ძალიან ბევრი პრობლემა შემექმნა. მასთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩემთვის ახლო სფეროებზე, საგარეო პოლიტიკაზე, საერთაშორისო ეკონომიკურ სფეროსა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე. ამ საუბრებმა დამარწმუნა, რომ ბატონი ბიძინა, გარდა პარტიული და პიროვნული შერჩევისა, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანების შესაძლებლობასა და პროფესიონალიზმს.
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც უარის თქმა მომიწია მის შემოთავაზებაზე, მიმაჩნდა, რომ იმ პერიოდში, გამომდინარე ჩემი სახელიდან და გვარიდან, ამ ფაქტს არასასურველი შეფასებები მოყვებოდა და მის წამოწყებულ საქმეს ხელს შეუშლიდა. ამ გარემოებას იგი გაგებით მოეკიდა და ხაზი გაუსვა მის გუნდში პროფესიონალების მოზიდვას პირველ რიგში და შემდომ სწორედ მათთან თანამშრობაზე.
შესაბამისად, კარგად მესმის, რომ მთავრობის დაკომპლექტებისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო კოალიციის წევრთა ინტერესები და ბატონმა ბიძინამ პრინციპულად შეარჩია ხალხი, რომლებიც პროფესიონალები არიან. მაგალითად, მართალია, დავით კირვალიძემ საწყის ეტაპზე "ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობაზე თავი შეიკავა, მაგრამ იგი მთავრობაში მიიწვიეს. მისი პროფესიონალიზმი არანაირ კითხავს არ ბადებს და დარწმუნებული ვარ, რომ მასზე დაკისრებულ სფეროში პროგრესს მიაღწევს. დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი სახელისუფლო სტრუქტურებში საქმიანობისთვის მომავალშიც დაასახელებს ადამიანებს, რომლებიც "ქართულ ოცნებასთან" ღიად არ იყვნენ დაკავშირებული, მაგრამ თავისი პროფესიონალიზმით გამორჩეულნი არიან.
- შეგიძლიათ თქვათ, რას გთავაზობდათ ბატონი ივანიშვილი?
- საუბარი იყო "ქართული ოცნების" საინციატივო ჯგუფის წევრობაზე, რომელიც საგარეო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე იმუშავებდა.
- მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენისას ივანიშვილმა ბრძანა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა "სახალხო მთავრობა იქნება" და "ეს მთავრობა რეალურად და არა სიტყვიერად დაამრცხებს მექრთამეობასა და კორუფციას". თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ივანიშვილი საზოგადოების წინაშე დადებულ ამ დანაპირებსაც შეასრულებს?
- საუბარია სისტემური კორუფციის დაძლევაზე, რომელიც გარკვეულწილად დამკვიდრებული იყო. ვგულისხმობ ორმაგ ხელფასებს, ორმაგ პრემიებს, გარკვეული ადამიანების პრივილიგერებულ ვითარებაში ჩაყენებას, იმ პროექტების ხელშეწყობას, რომელიც პრაქტიკულად გასაიდუმლებული იყო და საზოგადოებაშიც და ჩემშიც ბევრ კითხვას აჩენდა. უწყებების ახალმა ხელმძღვანელებმა მაქსიმალურად გამჭირვალე უნდა გახადონ ამა თუ იმ სამინისტროს საქმიანობა, გაერკვნენ ამ უწყებების როგორც სიძლიერეში, ისე სისუსტეებში და შეეცადონ არსებული სისტემების ტრანსფორმირება. ამას მარტო ვერც ივანიშვილი და მისი მთავრობის ახალი წევრები ვერ გააკეთებენ და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, მინისტრობის კანდიდატები ვის შეარჩევენ თავისი გუნდის წევრებად, ვის დაიყენებენ გვერდით და რამდენად შეძლებენ ისინი საქმის ეფექტურად გაძღოლას.
- საზოგადოებას შეუმჩნეველი არ დარჩენია არჩევნების შემდეგ თბილისში და ქვეყნის ბევრ რეგიონში ერთბაშად გაუარესებული კრიმინოგენული ვითარება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის დასუფთავების სამსახურის უფროსის დავალებით, ბათუმი ორი დღე არ დასუფთავებულა; რომ შაშკინმა არჩევნების შემდეგ პირველივე დღეებში 700 000 ლარის პრემიები დაარიგა, სასჯელაღსრულებისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა ახალი მანქანები იყიდეს. თქვენი აზრით, რაც ხდება, დამარცხებული პარტიის ფარული საბოტაჟია, თუ ადგილებზე ხელისუფლების მხარდამჭერთა თვითშემოქმედება?
- ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ სახელისუფლო გუნდში სრული შოკი იყო, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. სახელისუფლო გუნდის დიდი ნაწილი, რამდენიმე ადამიანის გამოკლებით, მიიჩნევდა, რომ "ნაცმოძრაობა" პარლამენტში უმრავლესობით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. მე ახლაც საინვესტიციო ფონდში ვსაქმიანობ და შემიძლია გითხრათ, რომ ეს სტრუქტურაც იმდენად გაუთვითცნობიერებელი იყო, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, არჩევნებამდე არც ისე დიდი ხნით ადრე ფონდის ხელმძღვანელმა ნიკა გილაურმა თათბირიც კი ჩაატარა, თუ რა უნდა მოიმოქმედონ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კონკრეტული გეგმების განსახორციელებლად. რაზეც მე ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება მქონდა, რის გამოც მთხოვეს კიდეც, გადამეხედა ფონდში ჩემი შემდგომი საქმიანობის საკითხი.
როგორც გითხარით, არჩევნებში დამარცხების შემდეგ ხელისუფლება სრულ შოკში იყო და გარკვეულწილად ახლაც ამ ვითარებაში რჩება. ახლა ვინ რას აკეთებს, რთული სათქმელია. შესაძლოა, ის ადამიანები, რომლებსაც ხელშეუხებლობის გარანტიები პრეზიდენტისგან ჰქონდა მიღებული, ახლა ძალიან ღელავენ, ვინაიდან არ იციან რა შეიძლება მოჰყვეს ყველაფერ ამას. ის, რაც თქვენ ბრძანეთ, ალბათ უფრო მეტად რეგიონებში "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერთა თვითშემოქმედებაა, ვიდრე ცენტრიდან ორგანიზებულად მართული საბოტაჟი.
- როგორ შეაფასებდით საპარლამენტო არჩევნების შედეგებს? თქვენი აზრით, რამ განაპირობა მმართველი პარტიის მარცხი?
- "ნაცმოძრაობის" მარცხი განაპირობა იმ მძიმე სოციალ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რომელიც საქართველოში არჩევნების წინ ჩამოყალიბდა. საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა ხელისუფლების მიერ არასწორი პრიორიტეტების განსაზღვრა, ე.წ. მოდერნიზაციის პროცესი, რომელიც არ იყო ორიენტირებული კონკრეტულ მოქალაქეზე. ყველაფერი ამის ბოლო წვეთი იყო ის, რაც საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიდა. მხედველობაში მაქვს ის, რაც პენიტენციალურ სისტემაში არსებულ ვითარებას უკავშირდებოდა. ამ უკანასკნელმა განსაზღვარა ის, რომ ამომრჩეველთა 20-30%, რომელსაც არ ჰქონდა გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემდა ხმას, არჩევანი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გააკეთა. სწორედ ამ რაოდენობის ადამიანების მხრიდან "ნაცმოძრაობისგან" გამიჯვნა და თავისი მომავლის "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებამ განსაზღვრა არჩევნების ბედი.
- პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთხელ ბრძანა -"ნაცმოძრაობა" არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს,". საკამათო არ არის, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო გარემოს სათავისოდ მორგებისთვის ყველაფერი გააკეთა, თბილისსა და რეგიონებშიც ადგილობრივი ხელისუფლება პრაქტიკულად მზად იყო დიდი გაყალბებისთვის, მაგრამ მოხდა რაღაც ისეთი, რამაც პრაქტიკულად გადაწყვიტა არჩევნების ბედი. თქვენი ვარაუდით, რა შეიძლება მომხდარიყო ისეთი, რომ ხელისუფლებამ არჩევნების დღეს ტოტალურ გაყალბებაზე უარი თქვა?
- არჩევნებში გადამწყვეტ როლს ყოველთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო ასრულებდა, რომელიც უშუალოდ იყო დაკავებული ამომრჩეველთა მობილიზაციით. ხელისუფლებამ დაინახა, რომ ციხის კადრების შემდეგ საზოგადოებაში შეიქნმა გარემო, რომელიც არანაირ ეჭვს არ ტოვებდა საიმისოდ, რომ შესაძლებელი იყო ადმინისტრაციული რესუსრსის გამოყენებით "ქართული ოცნების" დამარცხება. ხელისუფლება იმგვარ კონკრეტულ რეალობაში აღმოჩნდა, როცა მათ მიერ წინასწარ შემუშავებული მექანიზმების სრულად ამოქმედება შედეგის მომტანი ვერანაირად ვერ იქნებოდა. რესურსის მობილიზაციის შემთხვევაშიც კი "ნაცმოძრაობა" ხმათა მხოლოდ 5-8%-ს თუ შეიძენდა, ეს კი თითქმის 20%-იანი გარღვევა-ჩამორჩენის ვითარებაში რეალურ სურათს ვერ შეცვლიდა. შეიქმნა ვითარება, როცა ხელისუფლებამ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა. მათ გააცნობიერეს, რომ არჩევნებამდე საზოგადოების დიდი ნაწილი მათ მხარეზე აღარ იყო და ასეთ ვითარებაში ნებისმიერი სამოქალაქო დაპირისპირება მათთვის როგორც ფიზიკურად, ისე პოლიტიკურადაც წამგებიანი იქნებოდა. არჩევნებამდე მათთვის უმთავრესი იყო არა არჩევნებში გამარჯვება, არამედ თავისი ხმების დაცვა და პარლამენტში მყარ უმცირესობაში ყოფნა. მაგრამ, როგორც ჩანს, ამის შესახებ "ნაცმოძრაობის" ამგვარი ტაქტიკა, "ნაცმოძრაობაში" ცოტა ადამიანისთვის იყოს ცნობილი. მმართთველ პარტიაში ბევრი მიიჩნევდა, რომ მათ შეეძლოთ პარლამენტში უმრავლესობით შესვლა, რაც მოკლედ რომ ვთქვათ მცდარი შეხედულება აღმოჩნდა.
- თქვენი აზრით, რა როლი შეასრულა აშშ-მა და დასავლეთმა საქართველოში საარჩევნო პროცესის მშვიდობიანად დასრულებაში?
- ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა და აშშ-ის ახალმა ელჩმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ვითარება კონტროლიდან არ გამოსულიყო და ქართველ ამომრჩეველს ზუსტად ის შედეგი მიეღო, რაც მას არჩევნების სახით უნდა მიეღო.
- მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში მმართველი პარტია დამარცხდა, ბევრი მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგები სრულად არ ასახავს საზოგადოებაში წინასაარჩევნოდ არსებულ განწყობას. ხელისუფლებას არჩევნებამდე რომ არ დაეპატიმრებია სატელიტური თეფშები, მოსახლეობა უფრო კარგად რომ ყოფლიყო ინფორმირებული და ხელისუფლებას არჩევნებამდე ადმინისტრაციული რესურსი მძლავრად არ გამოეყენებინა, თქვენი აზრით, "ქართული ოცნება" მართლაც მიიღებდა თუ არა კონსტიტუციურ უმრავლესობას?
- განწყობით, გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს "ქართულ ოცნებას". ფაქტობრივად "ნაცმოძრაობამ" ამ ეტაპზე ამოწურა ყველა რესურსი, იყოს მმართველი ძალა. შესაძლოა, ციფრები 55%,- 40%-ზე სადავო თემა იყოს, მაგრამ როგორც კოალიციის ლიდერმა ბრძანა, ამ საკითხში პრობლემა აშკარად გამოიკვეთა, ისინი ამ საკითხებს სასამართლოში გაარკვევენ. კოალიციას კარგად ესმის, რომ სადაო საკითხების სასამართლოში გარჩევის გზა პრობლემათა გადაწყვეტის ცივილური საშუალებაა. ახლა მანიფესტაციებისა და სადღაც შევარდნების დრო არ არის, ვინაიდან ახლა ის დროა, როცა გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ და თავად ივანიშვილმა უნდა მართონ ქვეყანა და პრობლემების მოგვარებით დაკავდნენ.
- "ფეისბუქის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა ენამოსწრებულად იხუმრა - "ორივე მხარე რომ კმაყოფილია, არჩევნები იყო თუ სექსიო? საზოგადოებაში მმართველი გუნდისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, არჩევნებში დამარცხებული "ნაცმოძრაობა" მაინც კმაყოფილი უნდა იყოს. მათ პარლამენტში საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა ეყოლებათ. მართალია, ძნელი წარმოსადგენია "ნაცმოძრაობა" საპარლამენტო უმცირესობაში, მაგრამ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ "ნაცმოძრაობის" ლიდერთა ოპოზიციონერობა?
- არსებობს ასევე მეორე ანეკდოტი, როდესაც ეკითხებიან ამომრჩეველს, ვის მიეცი ხმა, იგი პასუხობს – "ვოცნებობ, რომ ყველაფერი ხუთიანზე იქნება." გაურკვევლობა საზოგადოებაში, თუ ვის მხარეს უნდა იყოს, ჩვენი პოლიტიკური კულტურის ნაწილია, მაგრამ, მე ცალსახად მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე, პოლიტიკური სისტემის განვითარების თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯია მმართველი გუნდის პარლამენტში უმცირესობაში აღმოჩენა. ეს მოსალოდნელიც იყო და ის, რომ ისინი შეძლებენ კვალიფიციურ ოპონირებას, ესეც ჯანმრთელი პროცესი იქნება, პირადად მე ეჭვი არ მეპარება.
"ნაცმოძრაობას" აღარ ექნება ფუფუნება, ქედმაღლურად და დემაგოგიურად ილაპარაკოს საკითხებზე, რომელიც მოუგვარებელია, მაგრამ საჭიროებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. შესაძლოა, საწყის ეტაპზე საკმაოდ დაძაბული და რთული ვითარება იქნება, მათ შორის ცალკეულ პიროვნებებს შორისაც კი, მაგრამ იმედია, ორივე მხარისთვის მთავრი იქნება ქვეყნის ინტერესები და იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის დაძლევა, რომელთა გადაუჭრელობის შემთხვევაში ქვეყანა შეიძლება ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდეს.
- თინა ხიდაშელმა განაცხადა – "ასე მარტივად არ იქნება საქმე, რომ ვიღაცა ოპოზიციაში წავიდა და აპირებს, ხელისუფლება აკრიტიკოს. საუბარია ადამიანებზე, რომლებსაც 9 წლის განმავლობაში ისეთი დილა არ გათენებულა, რომ მორიგი სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაედინათ". მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიმართ მართლაც არსებობს ბევრი კითხვა. საკამათო არ არის, მაგრამ თქვენი აზრით, მმართველი პარტიის ბევრი ლიდერი შეძლებს ამომწურავი პასუხი გასცეს იმ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებას დაუგროვდა და ისინი ხელისუფლებაში ყოფნისას ამ მწვავე კითხვებზე არ პასუხობდნენ? და კიდევ, თქვენი აზრით, მმართველ პარტიაში ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებსაც საკამათო საქმეების განხილვის შემდეგ ექნება აქტიურ პოლიტიკაში დარჩენის მორალური უფლება?
- რა თქმა უნდა, ეს პრობლემები არსებობს, ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იყო სხვადასხვა სფეროში ხელისუფლების თავხელაღებითი საქმიანობა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ამ თემაზე ქალბატონი თინა ხიდაშელი, მაგრამ ამ საკითხებშიც განმსაზღვრელი იქნება, რა პოზიციას დაიკავებს კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილმა კი თქვა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი მათ საქმეს დამოუკიდებელი სასამართლო განიხილავს. დარწმუნებული ვარ, კოალიციის ლიდერი რევანშის გზას არ დაადგება, მაგრამ თუ "ნაცმოძრაობიდან" ვინმეს აქვს ჩადენილი დანაშაული, მათ ძალიან გაუჭირდებათ პასუხიმგებლობისგან თავის არიდება.
- ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ "ნაცმოძრაობა" რევანშისთვის ემზადება. რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ "ნაცმოძრაობა" რევანშისთვის შემდგომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს არ დაელოდება?
- მე არ გამოვრიცხავ, რომ არსებული ბიუროკრატიის მხრიდან ძალიან დიდი წინააღმდეგობა იქნება სახელმწიფო უწყებებში. "ნაცმოძრაობა" შეეცდება, რაც შეიძლება ბევრი გააკეთონ საიმისოდ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში თავი კომფორტულად არ იგრძნოს. რა მექანიზმებით მოხდება ეს და რა ბერკეტები დარჩა მმართველ გუნს პრეზიდენტის პოსტიდან გამომდინარე, ეს ამ ეტაპზე საკმაოდ რთული გამოსაცნობია.