"პოლიტოლოგთა შეფასებით მინისტრთა კაბინეტის დასახელებისას ბიძინა ივანიშვილმა არჩევანი მისთვის სანდო და პროფესიონალ კანდიდატებზე გააკეთა, მაგრამ რამდენიმე მათგანზე კითხვის ნიშნები ჯერ კიდევ რჩება. ამასთანავე ვერ ამბობენ, რამდენად შეძლებენ ეს ადამიანები იმ კურსის გაგრძელებას, რასაც ქვეყანა აქამდე მიჰყვებოდა. მინისტრობის კანდიდატების გარდა "ქართული ოცნების" ლიდერმა კანდიდატები სხვა თანამდებობებზეც დაასახელა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ოცნების" მინისტრები.
"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი - რევაზ შავიშვილი იქნება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - ნოდარ ჯავახიშვილი, გენერალური პროკურორი - არჩილ კბილაშვილი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი - მაია მიმინოშვილი. ფინანსთა, ეკონომიკის, განათლების, გარემოს დაცვისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატურები ივანიშვილს დღეს არ დაუსახელებია, არაფერი უთქვამს დასაქმების სახელმწიფო მინისტრზეც. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ასევე დაასახელა პარლამენტის თავმჯდომარის და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები. პარლამენტის თავმჯდომარე - დავით უსუფაშვილი, ვიცე-სპიკერი - მანანა კობახიძე, მოადგილეები კი - ზვიად ძიძიგური, ზურაბ აბაშიძე და ზურაბ ტყემალაძე იქნებიან. რაც შეეხება საპარლამენტო კომიტეტებს, აქ თანამდებობები შემდეგნაირად გადანაწილდა: აგრარულ საკითხთა კომიტეტს გიგლა აგულაშვილი უხელმძღვანელებს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს - ეკატერინე ბესელია. განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტს - ივანე კიღურაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს - გია ცაგარეიშვილი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს - ნოდარ ხადური, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს - გუბაზ სანიკიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს - ვიქტორ დოლიძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს - ირაკლი სესიაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს - ვახტანგ ხმალაძე, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტს - ერეკლე ტრიპოლსკი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს - თედო ჯაფარიძე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს - ირინა იმერლიშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს - დავით ონოფრიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს - ლერი ხაბელოვი, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს - დიმიტრი ხუნდაძე", აღნიშნავს გამოცემა.
"მინისტრობის კანდიდატებმა გუშინვე გააკეთეს პირველი კომენტარები. სასჯელაღსრულების სამინისტროს ძირითადი მიზნად სოზარ სუბარმა პატიმრების რესოციალიზაცია დაასახელა და აღნიშნა, რომ "სისტემა აღარ იქნება აგებული ადამიანის ღირსების შელახვაზე, პიროვნების განადგურებაზე, გადაიხედება დრაკონული კანონები". შს მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარ ღირებულებად კრიმინალების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა: "პრინციპული ამოცანაა, რომ ქვეყანაში არ დავუშვათ არც ერთი კრიმინალის გაბატონება და თარეში". თქვა, რომ არ არის გამორიცხული სოდ-ი და კუდ-ი საერთოდ გაუქმდეს. ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროში თვისობრივ რეფორმებს გეგმავს და ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას აპირებს. იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს, ჯერჯერობით მხოლოდ "სამართლიანი სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბების პროექტის" ჩამოყალიბება დაევალა. დავით უსუფაშვილის თქმით, "კომიტეტების თავმჯდომარეებისა და სპიკერობის კანდიდატები საქმეებში გარკვევას დღესვე დაიწყებენ", - განაგრძობს გამოცემა.
"ახალი მინისტრთა კაბინეტი იმ ხალხით დაკომპლექტდა, ვინც პარტიას უკავშირდება. პირველ ეტაპზე მთავრობაში მოღვაწეობა ძალიან გაუჭირდებათ. სამინისტროებში არეული სიტუაცია დახვდებათ და საჭირო იქნება ინტენსიური მუშაობა იმისთვის, რომ მთლიანად გამართონ სისტემა. საჯარო სამსახური პოლიტიკისგან საკმაოდ განსხვავდება. ვფიქრობ, რომ საჯარო სექტორში პირველ პირებად ის ადამიანები უნდა იყოს დასაქმებული, ვისაც მართვის გამოცდილება აქვს. ჩვენ გვყავდა მთავრობა, რომელიც მართვას სწავლობდა. სასურველი იქნებოდა, ასეთ მძიმე ეტაპზე ისეთი ხალხი შერჩეულიყო, ვინც მართვას შეჩვეული იყო. რაც შეეხება კახა კალაძეს, არ ვიცი მინისტრად მუშაობას რამდენად შეძლებს, მაგრამ, ალბათ, ეყოლება მოადგილეები, რომლებიც სამინისტროს გამართულ მუშაობას უზრუნველყოფენ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი" კახა კახიშვილი.
"ასევე ვფიქრობ, რომ მთავარ პროკურორად არჩილ კბილაშვილის დანიშვნა გამართლებული არ არის. პროკურატურა სპეციფიკური ორგანოა. იმ ადამიანს კი, რომელიც წლების განმავლობაში ადვოკატად ჩამოყალიბდა, ვფიქრობ, პროკურატურის მართვა გაუჭირდება. შს მინისტრად ღარიბაშვილის დანიშვნა, გამართლებულია. ის ბიძინა ივანიშვილის ერთგული კადრია. ამიტომ ასეთი რთული სამინისტრო, როგორიც შსს-ა ისეთ ადამიანს ჩააბარა, რომელსაც დახუჭული თვალებით ენდობა. ეს დაახლოებით ისეთი სქემაა სააკაშვილ-მერაბიშვილს რომ ჰქონდათ. რაც შეეხება სასჯელაღსრულების მინისტრად სოზარ სუბარის დანიშვნას, აქ ყურადღება გასამახვილებელია იმაზე, რომ მას გამოცდილება აქვს. ახლა საპატიმრო დაწესებულებებში იმაზე უკეთესი მდგომარეობა იქნება, რაც აქამდე იყო. არ არსებობს ვარიანტი, რომ სუბარის დროს საპატიმროში რამე ძალადობას ადგილი ჰქონდეს. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული", - ამბობს კახა კახიშვილი.
"ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა პირველ რიგში იმაზე, რამდენად სანდო ადამიანები ჰყავს მინისტრთა კაბინეტში და ამის შემდეგ დააყენა პროფესიონალიზი, ძალთა ბალანსი დაიცვა, თუმცა, მის რამდენიმე სვლას ლოგიკურს ვერ ვუწოდებ. მაგალითად, რეგიონული განვითარების მინისტრად კახი კალაძის დანიშვნა; იგივე შემიძლია ვთქვა რეინტეგრაციის მინისტრად პაატა ზაქარეიშვილის დანიშვნაზეც. ვერავინ იტყვის, რომ ზაქარეიშვილი ამ საქმეში ჩახედული არ არის, მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, ცოტა უფრო რადიკალური პოზიცია ხომ არ უჭირავს, ვიდრე საზოგადოებას აქვს საკითხთან დაკავშირებით. შეკითხვა ისმის ასევე შევარდნაძის ყოფილ მინისტრებზეც - ამირან გამყრელიძეზე და დავით კირვალიძეზე. კარგი გადაწყვეტილებაა სოზარ სუბარის დანიშვა, რომელიც საქმეში გარკვეულია, თავდაცვის და შს მინისტრის თანამდებობაზე ალასანიას და ღარიბაშვილის წარდგენა", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.
"გაბედული ნაბიჯია პარლამენტის თავმჯდომარედ დავით უსუფაშვილის დანიშვნა. გამართლებულია ასევე იუსტიციის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნა, მას საკმაო გამოცდილება აქვს ამ სფეროში და როგორც ჩანს, მას გარკვეული ხედვები აქვს ამ დარგის განვითარებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იგივეს სხვა მინისტრებზე ვერ ვიტყოდი. არა ვარ დარწმუნებული, რომ ყველა მინისტრს თავისი ხედვა აქვს. რაც შეეხება თავად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მას როგორც პოლიტიკურ მოღვაწესაც არავინ იცნობდა და რამდენად გაართმევს თავს პრემიერ მინისტრის მოვალეობას, ამას დრო გვიჩვენებს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად არის ჩამოყალიბებული ივანიშვილი, თუ რა სჭირდება სახელმწიფოს პირველ ეტაპზე და აქვს თუ არა ყველაფერი ზუსტად გაწერილი. თუმცა, ახალ მინისტრათა კაბინეტს დრო უნდა მივცეთ - ზოგადად, ითვლება, რომ ახალი მთავრობისთვის 6 თვე ე.წ. "თაფლობის თვეა" და შეფასებები ამის შემდეგ კეთდება. ამ პერიოდში მთავრობა არ უნდა გააკრიტიკო", - დასძენს კორნელი კაკაჩია.