ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ახალი წევრების უმრავლესობა უკვე დაასახელა. "ჩემი გუნდის წევრებს ძირითადად საერთო აქვთ პატიოსნება", - ასე დაახასიათა მინისტრთა კაბინეტის მომავალი შემადგენლობა ბიძინა ივანიშვილმა.
"საერთო - პატიოსნება", ბიოგრაფიები, ბუნებრივია, განსხვავებული. ვნახოთ და გავიხსენოთ, "ვინ საიდან მოვიდა". . .
თავდაცვის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ირაკლი ალასანია. ირაკლი ალასანია - გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო 2006 წლის ივნისიდან 2008 წლის დეკემბრამდე. 2006 წლის 17 მარტამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში. იგი ასევე იყო პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში. 2005 წლის 15 თებერვალს ალასანია დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენლად აფხაზეთში.
იმავდროულად იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 2004 წლის 16 ივლისიდან იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ხოლო ამ პოზიციის დაკავებამდე იყო თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. 2002 წლის იანვრიდან ალასანია იყო სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე, მანამდე 2001 წლის ოქტომბრიდან იგი ხელმძღვანელობდა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტს. ირაკლი ალასანიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა დაიწყო 1998 წლიდან, სადაც 2001 წლის სექტემბრამდე იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს, მათ შორის მუშაობდა დსთ-სა და რუსეთის დეპარტამენტში და აშშ-ს, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში. ალასანიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1995 წელს საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის კვალიფიკაციით დაამთავრა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი - ირაკლი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი დაიბადა 1984 წლის 28 აპრილს სიღნაღში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი. შემდეგ სწავლა პარიზში, სორბონას უნივერსიტეტში გააგრძელა. საქართველოში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა და მუშაობა საქველმოქმედო ფონდ "ქართუში" ლოჯისტიკის დეპარტამენტის მენეჯერის ასისტენტად დაიწყო. 2005 წელს ბიძინა ივანიშვილის თანაშემწე და "ქართუს" პრეზიდენტი გახდა. დაარსების დღიდან პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საინიციატივო ჯგუფის წევრია.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო-სოზარ სუბარი. დაიბადა 1964 წლის 4 ნოემბერს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში. 1971-1981 წლებში სწავლობდა ჭუბერის საჯარო სკოლაში. 1982 წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი. 1991-1995 წლებში სწავლობდა სასულიერო აკადემიაში თეოლოგიის ფაკულტეტზე. 1996 წელს მონაწილეობდა ჟურნალისტთა საერთაშორისო სასწავლო პროგრამაში - "რადიო თავისუფლება - რადიო თავისუფალი ევროპა". 1987 წელს იგი მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ეთნოგრაფიის განყოფილებაში, 1998 წელს არქეოლოგიური კვლევის ცენტრში - არქეოლოგიის და ეთნოლოგიის მეცნიერებათა აკადემიაში. 1989 წელს მსახურობდა დავით გარეჯის მონასტერში დიაკვნად. 1989-1992 წლებში მუშაობდა სოფ. ბოსლების საჯარო სკოლის დირექტორად დმანისის რაიონში. 1989-1991 წელს მსახურობდა დიაკვნად დმანისში, სიონის ტაძარში, ხოლო 1991-1995 წლებში ივერიის წმინდა მარიამის სახელობის ტაძარში - თბილისში. 1993 წელს მონაწილეობდა აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. 1995-1996 წლებში მუშაობდა კორესპონდენტად გაზეთ "კავკასიონში". 1996-2000 წლებში კი ამავე გაზეთის რედაქტორი გახლდათ. 1998 წლიდან მუშაობდა ლონდონის ომისა და მშვიდობის ინსტიტუტის კორესპონდენტად, 1996-1998 წლებში კი რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტად პრაღაში. 1997 წლიდან არის თავისუფალ ჟურნალისტთა კლუბის თავმჯდომარე. 2000 წელს იყო ჟურნალ "არილის" რედაქტორთა ჯგუფის წევრი. 2001-2002 წლებში მუშაობდა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ჟურნალისტთა გადამზადების პროექტში. 2002-2003 წლებში იყო ჟურნალისტური საგამოძიებო სკოლის "60 წუთის" აღმასრულებელი ჯგუფის წევრი. 2002 წელს გახდა კავკასიელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი. 2003 წელს გახლდათ "თავისუფლების ინსტიტუტის" რეგიონული ქსელის კოორდინატორი. 2002 წელს გახლდათ ჟურნალ "თავისუფლების", 2003 წელს კი ჟურნალ "მედიატორის" რედაქტორთა ჯგუფის წევრი .2003 წელს "თავისუფლების ინსტიტუტის" სამართლის პროექტის დირექტორი. .2003 წელს გახდა ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" თანადამფუძნებელი. 2004 წელს არჩეულ იქნა საქართველოს სახალხო დამცველად 5 წლის ვადით. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე. მაია ფანჯიკიძე - წლების განმავლობაში დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა. 1983-1994 თბილისის მე-6 ქართული გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებელი, გერმანული ენის სწავლების მიმართულების ხელმძღვანელი; 1988-1994 თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრის დოცენტი; 1993-1994 გერმანული ენის მასწავლებელთა კავშირის დამაარსებელი და თავმჯდომარე; 1994-1997 გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი; 1997-2001 გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი; 08.2001-02.2002 საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის მრჩეველი; 02.2002-08.2002 გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი; 08.2002-02.2004 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; 02.2004-03.2004 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 03.2004-01.2007 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; 03.2007-03.2010 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდის სამეფოში; 09.2010 -12.2011 გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელი; "ევროპული სკოლის"და სკოლა "ლოგოსის" გერმანული ენის მასწავლებელი; 26.12.2012 - ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი.
იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი. დაამთავრა ლიონის (საფრანგეთი) ამპერის სახელობის ლიცეუმი; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი; საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიის აკადემია; საფრანგეთში სახელმწიფოს მართვის სკოლა. გამოცდილება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის თანამშრომელი, სარტის დეპარტამენტის (დასავლეთ საფრანგეთი) პრეფექტის კაბინეტის თანამშრომელი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანამშრომელი, სასამართლოს რეგლამენტის კომიტეტის წევრი.
კახა კალაძე - რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი და მეორე ვიცე-პრემიერი. დაიბადა 1978 წლის 27 თებერვალს საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი. 9 წლის მანძილზე იყო საფეხბურთო კლუბ "მილანის" წევრი. მილანში ჩარიცხვამდე იგი თბილისის "დინამოსა" (1993-1997) და კიევის "დინამოში" (1998-2001) თამაშობდა. 2001 წელს კალაძე გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, მილანმა მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა. თამაშობდა მარცხენა და ცენტრალურ მცველად. კალაძე რამდენჯერმე დაასახელეს წლის საუკეთესო ქართველ მოთამაშედ. კარიერა დაასრულა 2012 წელს.
კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი- მირიანე (გურამ) ოდიშარია. გურამ ოდიშარია დაიბადა 1951 წლის 24 სექტემბერს სოხუმში. სოხუმშივე დაამთავრა საშუალო სკოლა და აფხაზეთის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. ის 9 პოეტური და 10 პროზაული წიგნის, რამდენიმე პიესის, კინო და ტელე სცენარების ავტორია. მკითხველთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვიეს მისმა რომანებმა: "შავი ზღვის ოკეანემ", "სოხუმში დაბრუნებამ" და "პრეზიდენტის კატამ". ასევე პოპულარული იყო მისი პიესა "... ზღვა, რომელიც შორია", რომელიც დადგა ცნობილმა რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ. ის დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძის სახელობის, გამომცემლობა "ლომისის", საქართველოს თეატრალური საზოგადოების, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიებით. ასევე, ა. ჩეხოვის ოქროს მედლითა და ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის პრემიით "ოქროს ფრთა". მისი ნაწარმოებები თარგმნილია ათ ენაზე.
დაამთავრა სოხუმის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი მწერალი, პუბლიცისტი საქართველოს სახელმწიფო, მწერალთა კავშირის, თეატრალური საზოგადოების, ილია ჭავჭავაძის პრემიების ლაურეატი, ანტონ ჩეხოვის სახელობის ოქროს მედლის მფლობელი, მშვიდობის ელჩის წოდების ლაურეატი.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი- ლევან ყიფიანი. მუშაობდა: კავშირი "ჩვენი ფეხბურთი", ვეტერანი ფეხბურთელი ს.კ."დინამო" თბილისი, საქართველოს ჩემპიონი, თასის მფლობელი, სპორტული კლუბი "შევარდენი-1906"თბილისი; საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" სპორტის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი.
ჯანდაცვის მინისტრი - ამირან გამყრელიძე. მუშაობდა იმუნოლოგიის ინსტიტუტში; მედიცინის ექიმი მკურნალი 1990; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო საქმე მედიცინის 1979; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი სამკურნალო საქმე ექიმი მკურნალი-1974. სამსახურეობრივი გამოცდილება- საქართველოს უნივერსიტეტი-სრული პროფესორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი 2001-2004 წლებში; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი- ასისტენტ- პროფესორი -1978-2002; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო- მინისტრის პირველი მოადგილე 1997-2001; ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრი -დირექტორი 1995-1997; თსსუ, კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტი, ალერგიულ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი 1988-1996.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი. დაიბადა 1958 წლის 4 აგვისტოს. 1984 წელს დაამთავრა ყაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო 1993 წელს - თბილისის სასულიერო აკადემია.1992-1995 წლებში იყო ადამიანის უფლებათა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის რელიგიურ უფლებათა დაცვის განყოფილების უფროსი, ხოლო 1992-1997 წლებში- ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში სამხედრო ტყვეთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და კონფლიქტურ ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის კომისიის ხელმძღვანელი. 1995 წელს ასრულებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მრჩევლის მოვალეობას დევნილთა და ლტოლვილთა საკითხებზე. 1995-1997 წლებში იყო ღია საზოგადოების ინსტიტუტის (ნიუ-იორკი) იძულებითი მიგრაციის პროექტის კოორდინატორი , ხოლო 1995 - 2000 წლებში- საქართველოს პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტის აპარატის უფროსი. 1995 წლიდან დღემდე არის კალიფორნიის უნივერსიტეტის (ირვაინი) ქართულ-აფხაზური სამოქალაქო დიალოგის პროექტის ქართული მხარის კოორდინატორი, ასევე 1998 წლიდან დღემდე არის შერიგების რესურსების (ლონდონი) ქართულ-აფხაზური პროექტების კოორდინატორი ქართული მხრიდან. მათ შორის "შლაინინგის პროცესის" ქართული მხარის კოორდინატორი. 2000-2001 წლებში ასრულებდა საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას. 2000-2004 წლებში კი გახდა "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 2002 - 2006 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი, ხოლო 2009 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტს (ISNC).
სოფლის მეურნეობის მინისტრი-დავით კირვალიძე - ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი. 2004 წელს მას ბრალი ჰუმანიტარული ტვირთების არამიზნობრივ გადანაწილებაში დასდეს. ყოფილი მინისტრის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს, თუმცა სამართალდამცავებმა იქ ვერაფერი აღმოაჩინეს ისევე, როგორც დავით კირვალიძის მინისტრობის პერიოდის დოკუმენტაციებში,რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს კანცელარიაშია დაცული. არ შეესაბამება სინამდვილეს მოსაზრება, თითქოს მას 250 ათასი ლარის გადახდა დააკისრეს. დავით კირვალიძესთვის არანაირი თანხის გადახდა არც დაუკისრებიათ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ არსებობდა დანაშაულის კვალი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში.
დავით კირვალიძე დაიბადა 1967 წლის 28 ივნისს, 1984 წელს დაამთავრათბილისის 55-ე საშუალო სკოლა, იმავე წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომელიც წარჩინებითდაასრულა 1989 წელს სპეციალობით აგროქიმია-ნიადაგმცოდნეობა. 1989 წელს მუშაობა დაიწყო ამავე ინსტიტუტისაგროქიმია-ნიადაგმცოდნეობის კათედრაზე, 1993 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. არის აგრარულ მეცნიერებათა კანდიდატი,ასოცირებული პროფესორი. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს როგორც აგრარულ უნივერსიტეტში, აგრეთვეაშშ-საქართველოს ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტში. 1996-99 წლებში იყო წარმატებული ფერმერი. 1999 წლიდან 2000წლის ივნისამდე დავით კირვალიძე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო 2000წლის ივნისიდან 2004 წლის თებერვლამდე - საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.
2005-2006 წლიებში იგი ლექციებს კითხულობდა მერილენდის უნივერსიტეტში (US), ხოლო 2006 წლიდან დღემდე არის ამერიკულიორგანიზაცია CNFA-ს პრეზიდენტის მრჩეველი ვაშინგტონში. CNFA-მ რამდენიმე წარმატებული პროექტი განახორციელასაქართველოში. მათ შორის: ათასწლეულის გამოწვევის „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი“, აშშ-ისსაერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტები: “საქართველოს სოფლის მეურნეობის რისკებისშემცირების პროგრამა“, „მექანიზაციის პროექტი“ და „ფერმერი-ფერმერს პროგრამა“.
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მინისტრი- ალექსი პეტრიაშვილი - საქართველოს ყოფილი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთში, მუშაობდა საქართველოს საელჩოში აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში, საქართველოს საკონსულოში ავსტრიაში, ეუთო-ში, საქართველოს საგარეო სამინისტროსა და პრეზიდენტის კანცელარიაში.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი კოტე სურგულაძეც დიპლომატიურ სამსახურში მუშაობდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი დავით უსუფაშვილი 1968 წლის 5 მარტს დაიბადა; განათლება: დიუკის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტი (აშშ, 1999) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტი (1992);
სამუშაო გამოცდილება: საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე (2005- დღემდე) USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტების იურიდიული რეფორმების ხელმძღვანელი (2001-2005) ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის აღმასრულებელი მდივანი (2000-2001) ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" საბჭოს წევრი (1995-1997, 2000-2001) AMEX International-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი (1999-2000) სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (1993-1995) ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული გაყოფილების გამგე (1990-1992) სახელმწიფო საბჭოს იურიდიული განყოფილების მრჩეველი (1992-1994); პედაგოგიური საქმიანობა: თსუ ლექტორი (1992-1997); პროფესიული ქსელი: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე (1994-1997) იურისტთა მსოფლიო ასოციაციის წევრი.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - მანანა კობახიძე. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიკოსი, პოლიტოლოგი, ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ორგანიზაცია" საზოგადოებრივი დამცველის" აღმასრულებელი დირექტორი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" დირექტორი; ორგანიზაცია "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის" დამფუძნებელი, გამგეობის წევრი.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - ნოდარ ჯავახიშვილი. 2010 წლის 1 მარტიდან პ/გ "ეროვნული ფორუმის" წევრი იყო. 2011 წლის 30 მარტიდან პ/გ "ეროვნული ფორუმის" პოლიტიკური საბჭოს წევრი. 1994-2004წწ. _ საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, შემდგომში ამავე კომიტეტის თავმჯდომარე.1993-1998წწ. - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. 1992-1993წწ. - "ბინსოცბანკის" ისნის განყოფილების მმართველი. 1988-1991წწ. - სსრკ სახელმწიფო ბანკის საქართველოს რესპუბლიკური ბანკის თავმჯდომარის მოადგილე. 1987-1988წწ. - ამავე ბანკში საგეგმო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი. 1983-1985წწ. - ქ. რუსთავის ბანკის მმართველი.1981-1983წწ. - მძიმე მრეწველობის დაკრედიტების სამმართველოს უფროსი. 1977-1981წწ. - უფროსი ეკონომისტი. განათლება - 1972-1977წწ. - დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი; დაბადების თარიღი: 7 ოქტომბერი, 1954 წელი, ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე, ორი შვილი, ხუთი შვილიშვილი.
გენერალური პროკურორის პოსტზე წარდგენილია არჩილ კბილაშვილი. ის 1971 წელს ბაღდათში დაიბადა. 1993 წელს მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1995 წელს კი იმავე უნივერსიტეტში მიიღო სახელმწიფო სამართლის მაგისტრის ხარისხი. 1993 წლიდან საადვოკატო საქმიანობა დაიწყო. ბოლო პერიოდამდე არჩილ კბილაშვილი მოღვაწეობდა წამყვან ქართულ იურიდიულ ფირმაში "მგალობლიშვილი, ყიფიანი ძიძიგური". როგორც ფირმის პარტნიორი და წამყვანი იურისტი, არჩილ კბილაშვილი სხვადასხვა დროს მსხვილი უცხოური კომპანიებისა და წარმატებული ბიზნესმენების ინტერესებს იცავდა საქართველოში და საზღვარგარეთ. 2006 წელს არჩილ კბილაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი გახდა. 2009 წელს კი იგი არჩეულ იქნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრად. 2007 წელს კი არჩილ კბილაშვილი არჩეულ იქნა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პირად ადვოკატ-კონსულად. ბოლო დროს არჩილ კბილაშვილი იცავდა ასევე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხის განხილვისას. 2012 წლის 15 თებერვალს კი ბიძინა ივანიშვილმა ადვოკატი არჩილ კბილაშვილი პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საინიციატივო ჯგუფის წევრად დაასახელა. იგი ქართულთან ერთად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. მას ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი-მაია მიმინოშვილი. მაია მიმინოშვილი დაიბადა 1960 წლის 1 აგვისტოს. დაამთავრა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, რის შემდეგაც მიიღო თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი განათლება, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის განხრით. 1982-1985 წლებში დაამთვარა ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა. მინიჭებული აქვს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სტატუსი. მაია მიმინოშვილს გააჩნია 26 წლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა საგანამანათლებლო სისტემებში. 2008 წლიდან მაია მიმინოშვილი არის გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორი - რევაზ შავიშვილი. რეზო შავიშვილი დაიბადა 1955 წლის 30 მაისს. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. მუშაობდა აბიოფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად. 1992 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. ამავე წელს დაინიშნა კონტროლის პალატის ხელმძღვანელად და ამ პოსტზე 2000 წლის მაისამდე მუშაობდა.
კოალიცია "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის მომავალი შემადგენლობიდან უმრავლესობა უკვე დაასახელა, თუმცა ამ დროისთვის შვიდი პოსტი ვაკანტური რჩება.
ივანიშვილს არ დაუსახელებია ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი, ასევე - გარემოს დაცვის, ფინანსთა, განათლებისა და მეცნიერების, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატები.
ამასთან, მინისტრობის კანდიდატთა წარდგენისას ბიძინა ივანიშვილს არაფერი უთქვამს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის შესახებ. არსებობს ვარაუდი, რომ ეს თანამდებობა გაუქმდება.