”ქართული ოცნების” გაცნობითი ჯგუფები სახელმწიფო უწყებებში მუშაობას იწყებენ

”ქართული ოცნების” გაცნობითი ჯგუფები სახელმწიფო უწყებებში მუშაობას იწყებენ

8 ოქტომბრიდან სახელმწიფო უწყებებში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია ”ქართული ოცნების” გაცნობითი ჯგუფები დაიწყებენ მუშაობას, ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში ხელისუფლების გადაბარების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. მმართველი პარტიისა და კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაცნობითი ჯგუფის წევრებს არ ექნებათ არანაირი გადაწყვეტილების მიღების უფლება, მათი მუშაობა სახელმწიფო სტრუქტურებში მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს და მინისტრთა ახალი კაბინეტის დამტკიცებამდე დღეს არსებული ხელისუფლება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

საათზე მეტხანს დაყვეს დახურულ კარს მიღმა მმართველი პარტიისა და კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა სახელმწიფო კანცელარიის მესამე სართულზე, სადაც ხელისუფლების გადაბარების მომუშავე ჯგუფის შეხვედრის მეორე რაუნდი გაიმართა. 8 ოქტომბრის საღამოდან სამუშაო პროცესი იწყება, განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა. იმის შესახებ, თუ რას გულისხმობდა ის სამუშაო პროცესის დაწყებაში, თავად დავით უსუფაშვილი ამბობს:

”ყველა სამინისტროსა და აღმასრულებელ უწყებაში მივლენ ჩვენი წარმომადგენლები. ისინი არ ჩაერევიან არანაირი გადაწყვეტილების მიღებაში, ისინი შეისწავლიან მიმდინარე ვითარებას თითოეულ სამინისტროსა და უწყებაში, გაეცნობიან კადრებს, გაეცნობიან საბიუჯეტო საკითხებს და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ეს ხალხი იქნება ამ სამინისტროებში ჩვენს წარმომადგენლებად.”
 
გაცნობითი ჯგუფები ეწოდება იმ ჯგუფებს, რომლებსაც კოალიცია ”ქართული ოცნება” ყველა სახელმწიფო უწყებაში მიავლენს და რომელთა სია ხელისუფლების გადაბარების მომუშავე ჯგუფის წევრებს მმართველი პარტიიდან უკვე გადაეცათ. მთავრობის კანცელარიაში არ დასახელებულა ჯგუფის წევრების სახელები და გვარები, თუმცა კოალიციის წევრი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ რიგ შემთხვევაში ჯგუფის წევრები თავად მინისტრობის კანდიდატები, რიგ შემთხვევაში კი მათი წარმომადგენლები იქნებიან. თუ რა ფუნქცია დაეკისრებათ გაცნობით ჯგუფებს, ამას ჟურნალისტებს სოზარ სუბარი განუმარტავს:

”საუბარია მხოლოდ და მხოლოდ გაცნობაზე, რომ როდესაც მივა ახალი მთავრობა, ზუსტად ვიცოდეთ რასთან გვაქვს საქმე, რა პრობლემებს ვეჯახებით. აქ არ არის საუბარი დღეიდან ვინმეს ჩანაცვლებაზე, გადაწყვეტილებების მიღებაში ჩარევაზე, აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ გაცნობაზე.”

მომუშავე ჯგუფმა ბევრი თემა განიხილა, გვეუბნება შეხვედრიდან გამოსული სოზარ სუბარი, თუმცა უნდა ითქვას, რომ ჯგუფის თითქმის არც ერთ წევრს კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია, თუ არ ჩავთვლით ისევ სოზარ სუბარის განცხადებას იმის თაობაზე, რომ 8 ოქტომბრის შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა ადმინისტრაციული პატიმრების გათავისუფლების საკითხზეც იმსჯელეს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც 8 ოქტომბერს ჯგუფის წევრებმა განიხილეს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს პრეზდენტის მიხეილ სააკაშვილის დაგეგმილი შეხვედრა იყო. მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი შეხვედრა 9 ოქტომბერს იგეგმებოდა, თუმცა, როგორც დავით უსუფაშვილი განმარტავს, ამ ეტაპზე არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მიმდინარეობს მუშაობა და ის არ გამორიცხავს, რომ შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგეს.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, ისევე როგორც წინა, 5 ოქტომბრის, სამუშაო შეხვედრის შემდეგ, ამჯერადაც პოზიტიურად აფასებს ხელისუფლების გადაბარების პროცესს და აცხადებს, რომ კვლავაც გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა, რათა გადაბარების პროცესი სრულად მოექცეს კონსტიტუციის ფარგლებში:
 ”შედგება კომუნიკაცია დღეს მოქმედი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებსა და შესაბამის წარდგენილ კანდიდატებს შორის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რათა მომავალ მთავრობას ჰქონდეს წარმოდგენა იმ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს თითოეულ უწყებას შიგნით. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ახალი მთავრობა ინფორმირებული შეუდგეს მუშაობას.“

ის კიდევ ერთხელ აღნიშნავს ხაზგასმით, რომ დღეს არსებული ხელისუფლება მინისტრთა ახალი კაბინეტის დამტკიცებამდე ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას:

”არანაირი შერეული უფლებამოსილება, შერეული პასუხისმგებლობა ან შერეული ხელმძღვანელობა არ იარსებებს და არც შეიძლება, რომ არსებობდეს. ეს არის, უბრალოდ, ცივილიზებული ფორმა ერთი მთავრობის მიერ, რომელიც მალე დატოვებს თანამდებობას, მოახდინოს ახალი მთავრობის ინფორმირება და არა ვინმეს შესვლა რომელიმე უწყებაში, იქ დაჯდომა და კონკრეტული გადაწყვეტილებების კოორდინირება.”

სავარაუდოდ, კვირის ბოლოს შედგება ხელსუფლების გადაბარებაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა. რაც შეეხება მომუშავე ჯგუფის წევრებს, შეგახსენებთ, რომ ჯგუფი კოალიცია ”ქართული ოცნების” მხრიდან ირაკლი ალასანიას, ირაკლი ღარიბაშვილს, დავით უსუფაშვილსა და სოზარ სუბარს, ხოლოდ მმართველი პარტიის მხრიდან დავით ბაქრაძეს, გიგა ბოკერიას, პავლე კუბლაშვილსა და გიგი უგულავას აერთიანებს.