ივანიშვილს მძიმე მემკვიდრეობა ერგო

ივანიშვილს მძიმე მემკვიდრეობა ერგო

წარმატების მიღწევა უფრო ადვილია, ვიდრე მისი შენარჩუნება.
ივანიშვილს მართლაც რთული მისია აქვს შესასრულებელი. კერძოდ, მას არ ჩაუბარებია ტელეტყუპების მიერ დაპიარებული ისეთი ქვეყანა, რომელიც ეკონომიკური განვითარების დონით საფრანგეთსა და გერმანიას უსწრებს და მილიონობით ტურისტი აქ ჩამოსვლაზე ოცნებობს. "ქართული ოცნების" ლიდერმა უნდა მართოს სახელმწიფო, სადაც ყვაოდა ელიტარული კორუფცია, ბიზნესი დატერორებული და მეწველ ძროხად იყო გადაქცეული, ქართული სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენებით ბერიას დროინდელ სასამართლოს უსწრებდა, ეკონომიკური ზრდა ბუნდოვან მონაცემებზე იყო დაყრდნობილი და ასევე ბუნდოვანი ბიუჯეტი უმაგრებდა ზურგს. ჯანდაცვის სისტემისა და სოფლის მეურნეობის სავალალო მდგომარეობას კი ხელისუფლება პიარით ახშობდა.

ბიძინა ივანიშვილის პირველი ამოცანა ქვეყანაში ცხოვრებისა და საზოგადოებრივი წესრიგის ჩვეულ კალაპოტში დაბრუნება უნდა იყოს. თუმცა, საქართველოში ბოლო დღეებში რაღაც საეჭვო "კრიმინალური აფეთქება" მოხდა, არადა, პოლიცია არავის დაუთხოვია. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლა არ ნიშნავს, რომ მაგალითად, ღვედი არ გაიკეთო ავტომანქანაში ან გადასახადები არ გადაიხადო. შემდეგ კი სხვა საკითხებიც დადგება დღის წესრიგში. მაგალითად, ის, რომ ქვეყნის ეკონომიკის მთავარმა მამოძრავებელმა ძალამ, ბიზნესმა იგრძნოს, რომ კვარტალში ერთხელ არავინ დაარეკეტებს და მის დახარჯულ ინვესტიციას თუ შრომას არავინ მიითვისებს. სხვათა შორის, ივანიშვილმა ერთ-ერთი პირველი შეხვედრა ბიზნესმენებთან გამართა და განაცხადა, რომ მათი ხელშეუხებლობის გარანტი თავად არის. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრას ისინიც ესწრებოდნენ, ვინც "ნაციონალების" კარის ბიზნესმენებთან და მთავარ სპონსორებთან ასოცირდებოდნენ...

ივანიშვილის წარმატება-წარუმატებლობა იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად მკაცრი იქნება ხელისუფლების შიდა კონტროლი, მაგრამ შიდა კონტროლი მიყურადებასა და სამომავლო კომპრომატის მოპოვების იმედით თვალთვალში არ უნდა აგვერიოს, როგორც ეს ხშირად წინა ხელისუფლების დროს იყო.
სხვათა შორის, საზოგადოება ახალი ხელისუფლებისგან აუცილებლად მოითხოვს პასუხს, 2004-2012 წლებში რაში იხარჯებოდა საბიუჯეტო თანხები, უცხოური კრედიტები თუ გრანტები. მაგალითად, თბილისელებს აინტერესებთ, რა უჯდებოდა მერიას საახალწლო ილუმინაციები, ქუჩების კეთილმოწყობა, ვინ იგებდა ტენდერებს, ან სად მიდიოდა მილიონობით ლარი პრეზიდენტისა თუ მთავრობის ფონდებიდან.

იმედია, წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ პოლიციად ქცეული სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახალი ხელისუფლების პირობებში დაუბრუნდება თავის პირდაპირ მოვალეობებს. ივანიშვილს სამუშაო მართლაც ბევრი ექნება, სამაგიეროდ ინფორმაციის ნაკლებობაზე ნამდვილად ვერ დაიწუწუნებს. უბრალოდ, აუდიტის სამსახურის ახალმა ხელმძღვანელობამ უნდა გადახედოს ბოლო წლების პრესას, რომელიც მუდმივად წერდა საეჭვო ტენდერებზე - თავდაცვის სამინისტროდან დაწყებული და თბილისის მერიით დამთავრებული.
ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ალბათ, სასამართლო რეფორმა იქნება. სირთულე იმაშია, რომ დღევანდელ სასამართლო სისტემას გაფუჭებულ მანქანასავით თუ ბოლო ჭანჭიკამდე არ დაშლი და თავიდან არ ააწყობ, არაფერი გამოვა.

არ უნდა დაგვავიწყდეს საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც - დაიწყოს გახმაურებული და ბუნდოვანებით მოცული საქმეების გამოძიება და 2008 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების პერიპეტიების შესწავლა.
მოკლედ, ივანიშვილს მძიმე მემკვიდრეობა ერგო. მის მისიას ისიც ართულებს, რომ ჯერ სრულფასოვნად არ არის ხელისუფლებაში მოსული. მას ჰყავს "ჩასაფრებული" ოპოზიციონერი პრეზიდენტი, ასევე გაოპოზიციონერებული თბილისის მერი თუ სხვა "ნაციონალები", რომლებიც გავლენებს გარკვეულ დონეზე ინარჩუნებენ. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა უკვე ისწავლეს ტერმინი "პოლიტიკური დევნა" და თუ მაგალითად, კონკრეტული დანაშაულისთვის ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, მთელ მსოფლიოს მოსდებენ - ახალი ხელისუფლება ოპოზიციას დევნისო. თუმცა, თუ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში დაგროვილი პრობლემების გადაჭრისას პრინციპულობა არ გამოიჩინა და სხვადასხვა მოსაზრებით უკან დაიხია, ეს სერიოზულად შეარყევს იმ ნდობას, რომელიც 1-ელ ოქტომბერს მიიღო.