სააკაშვილის ხელისუფლების გავლენიანი პირების სტრიპ-კლუბებში ვიზიტები ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდიდან ფინანსდებოდა.
ამის შესახებ "პირWელმა" ინფორმირებული წყაროსგან შეიტყო. კომპეტენტური პირის მიერ მოწოდებული ფინანსური დოკუმენტების მიხედვით ცხადი ხდება, რომ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი სტრიპ-კლუბ "დივაში" რამდენიმე ადამიანის სტუმრობის ხარჯებს ანაზღაურებდა. აღნიშნული ფონდი კი თბილისის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
რამდენად ინფორმირებულია დედაქალაქის მერი და იცის თუ არა გიგი უგულავამ სად მიედინებოდა თბილისის ბიუჯეტის ხარჯები, ძნელი სათქმელია, თუმცა, როგორც კულუარებში ამბობენ, უგულავას უწყებაში კორუფცია დიდი ხანია, ყვავის და ყველაზე მეტი სისხლის სამართლის საქმეები სწორედ გიგი უგულავას უწყებაში დევს.
როგორც ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებიდან ირკვევა, 2010 წელს კლუბ "დივას" მიერ გამოწერილი 2 ინვოისისა და 1 ანგარიშფაქტურის მიხედვით, ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდიდან კლუბ "დივაში" 5 129 ლარი ჩაირიცხა, რომლითაც ფონდმა აანაზღაურა რამდენიმე ადამიანის მიერ კლუბის მხრიდან გაწეული მომსახურება. აღსანიშნავია ის, რომ ეს თანხა მხოლოდ 5 დღეში დაიხარჯა და თუ ანგარიშფაქტურის დანართში მითითებული ბილეთების რაოდენობით ვიმსჯელებთ, კლუბს ძირითადად 2, ერთხელ კი 4 ადამიანი სტუმრობდა.
ჩვენთვის უცნობია, უშუალოდ ვინ სტუმრობდა სტრიპ-კლუბს, თუმცა ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით ჩანს, რომ მათ საკმაოდ ხელგაშლილად უსარგებლიათ კლუბის მომსახურებებით. მაგალითად, მხოლოდ 5 მაისს, 2 ვიზიტორის მიერ შეკვეთილია 800 ლარის ღირებულებულების "ასტი მარტინი", 7 მაისს კი - 400 ლარის ღირებულების "ასტი მარტინი" და 300 ლარის ღირებულების სიგარა.
ასევე, ყველა დოკუმენტში ცალკეა მითითებულა მომსახურების ხარჯი, რაც "სტრიპტიზიორშას" პრივატულ მომსახურებას გულისხმობს.
რამდენადაც აღნიშნული ინვოისები და ანგარიშ-ფაქტურა უშუალოდ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განითარების ფონდის სახელზეა გამოწერილი, უნდა ვივარაუდოთ, რომ სტუმრები იმდენად გავლენიანი პირები იყვნენ, რომ თავს უფლება მისცეს, კლუბისთვის არა მარტო ფონდის რეკვიზიტები დაეტოვებინათ, არამედ იმაშიც დარწმუნებულები ყოფილიყვნენ, რომ მათი ღამის ვოიაჟები და ხარჯები ფონდიდან უპრობლემოდ ანაზღაურდებოდა.
ინფორმირებული წყარო აცხადებს, რომ ასეთი უამრავი დოკუმენტი დევს სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციაში, რომლითაც სამართალდამცველი უწყებები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ.