"თუ სახელისუფლებო კრიზისი დაიწყო, ისევ ჩვენი დასავლელი მეგობრების იმედად უნდა ვიყოთ".

"გადამწყვეტი ორი ძირითადი ფაქტორი იყო: პირველი - ქვეყანაში ცვლილებები მომწიფდა და მეორე - საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია - დაწყებული პრეზიდენტ ბარაკ ობამას ცნობილი განცხადებით და დამთავრებული იმ ძალიან აქტიური პოზიციით, რომელიც ჰქონდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მისიას. აღსანიშნავია ასევე საელჩოების, განსაკუთრებით კი აშშ-ის საელჩოს პოზიცია", - აცხადებს "სტრატეგიული კვლევების ცენტრის" დირექტორი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ისტორიული გამოცდა / "თუ სახელისუფლებო კრიზისი დაიწყო, ისევ ჩვენი დასავლელი მეგობრების იმედად უნდა ვიყოთ".

"დასავლეთს ახლა უფრო მკაფიო ინფორმაცია და ობიექტური შეფასებები აქვს. სხვათა შორის, საზოგადოებაში არ გახმაურებულა, რომ 2008 წლის არჩევნებს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მწვავე შეფასება მოჰყვა. ეს იყო ძალიან მწვავე დოკუმენტი და როგორც ჩანს, ვაშინგტონსა და ევროპული სახელმწიფოების დედაქალაქებში სათანადო დასკვნა გამოიტანეს... რა თქმა უნდა, შესაძლებელია ის ვერსია, რომ გადამწყვეტ საათებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოკეანის გაღმიდან დაურეკეს და ხელისუფლებამაც უკან დაიხია, თუმცა კონკრეტული ფაქტი ჩემთვის ცნობილი არ არის. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ამერიკის ადმინისტრაციას ჰქონდა ძალიან პრინციპული პოზიცია, რომელსაც ამერიკის ელჩი ახმაურებდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების მობილიზებულობაც. ბოლოს და ბოლოს, შედეგიც იმდენად მკაფიოდ იყო გამოხატული, რომ მისი უარყოფა, ალბათ, შეუძლებელი გახდა - ამას მოჰყვებოდა საერთაშორისო საზოგადოების არა მარტო მკაცრი დემარში, ეს იქნებოდა უმძიმესი დარტყმა არა მხოლოდ ქვეყნის იმიჯზე, არამედ ისტორიულ განვითარებაზე - ამგვარმა რეალობამ, როგორც ჩანს, ზოგიერთი "გაცხელებული თავი" ოდნავ გააგრილა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.

"არადა, მოვლენების ცუდი სცენარით განვითარებისთვის მზაობა რომ იყო, კარგად გამოჩნდა ხაშურისა და ზოგიერთი სხვა რაიონის მაგალითზე. ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ, მაგალითად, რაც მოხდა ხაშურში, ეს იყო ერთი უწესრიგო მოქალაქის ან აგრესიული ადგილობრივი ლიდერის გამოხდომა... რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ჟესტი იყო აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება რომ მიულოცა. ასევე, უმნიშვნელოვანესი იყო, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა აღიარა არჩევნებში დამარცხება. ამის კულტურა უნდა დამკვიდრდეს ქვეყანაში - მსგავსი ნაბიჯებისთვის საზოგადოების მზაობა არ შეიძლება ეფუძნებოდეს ისტორიულ გამოცდილებას. ეს სიახლეა, რომელიც უდავოდ მნიშვნელოვანია", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"საერთაშორისო დამკვირვებლების ყველა დასკვნაში მითითებული იყო, რომ ხარვეზებიც აღირიცხა - ეს პირველადი დასკვნები იყო, რომლებშიც მხოლოდ არჩევნების წინა პერიოდისა და კენჭისყრის შესახებ პირველადი შთაბეჭდილებები იყო აღნუსხული. ძირითადი დასკვნა მოგვიანებით გაკეთდება და ალბათ, უფრო მწვავე იქნება. ამ ანგარიშში ზუგდიდში, ხაშურსა და სხვა რაიონებში განვითარებული მოვლენებიც აისახება. მთავარ დასკვნას კი როგორც ჩვენი საზოგადოების, ისე ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალის რეაგირება სჭირდება", - განმარტავს ირაკლი მენაღარიშვილი.

"საქართველოში არასოდეს მომხდარა, რომ ხელისუფლების ორი სხვადასხვა შტო სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებით ყოფილიყოს დაკომპლექტებული. განსხვავებული პოლიტიკური ძალების თანაარსებობის პრაქტიკა ჩვენთან არ არსებობდა. დღევანდელი მდგომარეობა კი ჩვენთვის გაკვეთილია, რომელიც საზოგადოებამ უნდა ისწავლოს... ივანიშვილის განცხადება, რომ პირველად ვაშინგტონს ეწვევა, ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, ეს იმ მნიშვნელობის აღიარებაა, რასაც საქართველოს წამყვანი პოლიტიკური ძალის ლიდერი ანიჭებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობას. ეს მადლიერების გრძნობის გამოხატვაც არის იმისთვის, რაც ამერიკამ საქართველოსთვის გააკეთა. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დადასტურდა "ქართული ოცნების" საგარეო-პოლიტიკური განაცხადი", - ამბობს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი.

"მედვედევმა დიალოგისთვის მზადყოფნა რომ გამოთქვა, დადებითი მოვლენაა. ეს საშუალებას აძლევს პოლიტიკურ ძალებს, უფრო სერიოზულად იფიქრონ რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგიაზე, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოს დღემდე არ გააჩნია. ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, აქვს პერსპექტივა რუსეთის დარწმუნებას, რომ საქართველოს ნატოში გაწევრება მას საფრთხეს არ უქმნის - შეიძლება სტრატეგიის ზოგიერთი ელემენტი დავინახოთ. თუმცა ეს სრულიად არასაკმარისი ინფორმაციაა ამ სტრატეგიის შესაფასებლად. უფრო მეტიც, ჩვენ შესაძლოა, სტრატეგიის ძირითადი მომენტები კარგა ხანს ვერც გავიგოთ. ეს ისეთი საკითხია, როდესაც ყველაფერს წინასწარ არავინ ამბობს. საზოგადოდ კი მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აცხადებს მზაობას, იზრუნოს რუსეთთან დიალოგის დაწყებაზე", - აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი და შეკითხვას - "როგორ წარმოგიდგენიათ ქართულ-რუსული დიალოგი ახალი ხელისუფლების პირობებში? უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა თუ რამე საერთაშორისო ფორმატი უნდა შემუშავდეს?" - პასუხობს:

"მთავარია, ეს სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ამ ინტერესებს კი აქვს აბსოლუტურად ხელშეუხებელი იმპერატივები - ქვეყნის სუვერენიტეტი და ჩვენი ევროპული არჩევანი. რა თქმა უნდა. ოპოზიციაც კრიტიკული რომ იქნება, უცნაური არ არის. ამისთვის მზად უნდა იყოს საზოგადოებაც და ახალი ხელისუფლებაც. ამან პროცესის ბალანსი არ უნდა დაარღვიოს. ემოციის დრო და ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს, რუსეთთან მოლაპარაკება ძალიან რთული პროცესია, სადაც გაიმარჯვებს მხოლოდ ის, ვისაც უფრო მტკიცე ნერვები აქვს. ვისურვებდი, რომ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეს თვისება აღმოაჩნდეს".