ორხელისუფლებიანობა: სააკაშვილი რეგიონებს არ თმობს?!

ორხელისუფლებიანობა: სააკაშვილი რეგიონებს არ თმობს?!

"მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა დამარცხება აღიარა და თქვა, რომ მთავრობას მთლიანად "ქართული ოცნება" დააკომპლექტებს, ხელისუფლების დათმობას მაინც არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, რეგიონები ისევ მისი გავლენის ქვეშ რჩება. "რეზონანსის" ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, როდესაც პრეზიდენტი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნელებს შეხვდა, მათი საუბრის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი გავლენის რეგიონებში შენარჩუნება იყო. ამ შეხვედრაზე სააკაშვილს უთქვამს, რომ ის რეგიონებს არც ერთ შემთხვევაში არ დათმობს და ეს მას სამომავლო გეგმებისთვის ანუ ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის სჭირდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ორხელისუფლებიანობა: სააკაშვილი რეგიონებს არ თმობს / "ერთია დეკლარირება, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას გადასცემს "ქართულ ოცნებას" და მეორეა რეალობა, რისი მოწმენიც ყოველდღიურად ვხდებით" .

"დღეს მოქმედი კანონმდებლობით, გუბერნატორებს პრეზიდენტი ნიშნავს და ამ თვალსაზრისით არანაირი დარღვევა არ არის. მაგრამ, ამავე კანონმდებლობით, პრეზიდენტმა უნდა შეარჩიოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა და შემდეგ ამ პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტთან შეათანხმოს მინისტრთა კაბინეტი. სააკაშვილმა კი ამაზე უარი თქვა და განცხადა, რომ ის ამ პროცესში არ ჩაერევა. მაგრამ ამავე დროს რეგიონებზე უარს არ ამბობს და უფრო მეტიც, ყველანაირად ცდილობს, რომ "ქართული ოცნება" რეგიონებში არ შეუშვას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეგიონებში უკვე დაწყებულია გამგებლების შეცვლა "ნაციონალების" უფრო ერთგული კადრებით. ამასთან, უკვე გავრცელდა ინფორმაცია კახეთის გუბერნატორად სააკაშვილის ერთგული კადრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შესაძლო დანიშვნის შესახებ. მაშინ, როდესაც ჯერ მთავრობაც კი არ დაკომპლექტებულა და პრეზიდენტი გამგებლების დონეზე ცდილობს რეგიონებში ვითარების გაკონტროლებას, ადვილი მისახვედრია, რომ ხელისუფლების გადაბარება ისე არ ხდება, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა ხდებოდეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ერთია დეკლარირება, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას გადასცემს "ქართულ ოცნებას" და მეორეა რეალობა, რისი მოწმენიც ყოველდღიურად ვხდებით. აღმასრულებელი ხელისუფლება არ არის მინისტრები ან მინისტრთა კაბინეტი. აღმასრულებელი ხელისუფლება არის აგრეთვე სამხარეო ადმინისტრაციები და დანიშვნითი აღმასრულებელი მოხელეები გუბერნატორებისა და გამგებლების სახით. პრეზიდენტი თავისთვის იტოვებს რეგიონებს და ეს პირდაპირი ნიშანია, რომ ისინი ორხელისუფლებიანობისთვის ემზადებიან. ხელისუფლების გადაცემა არის მხოლოდ დეკლარირება, რომელიც მიმართულია ერთადერთ აქტორზე - დასავლეთზე", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დამოუკიდებელი ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.

"იმედის" განცხადება, რომ აღარ იქნება გასართობი გადაცემები და იქნება მხოლოდ საინფორმაციო გადაცემები და გაჩნდება პოლიტიკური თოქშოუები, რომელიც აქამდე არ იყო, პირდაპირი დადასტურებაა იმისა, რომ ეს ტელევიზიები სრულ საბრძოლო მზადყოფნაზე გადაიყვანეს. ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ის, რომ დასავლეთში მათი ლობისტები ახლა არნახულად აქტიურობენ. "ნაციონალების" ლობისტების ასეთი აქტიურობა, როგორიც ახლა, არჩევნების შემდეგ არის, არჩევნებამდეც კი არ ყოფილა. მასობრივად იწერება დასავლეთის წამყვან გაზეთებში, რომ ხელისუფლების გადაბარება არის მმართველი გუნდის უპრეცედენტოდ დემოკრატიული ნაბიჯი და ისიც დაიწერა, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა იმიტომ, რომ ამით სამომავლო პოლიტიკას ეყრება საფუძველი. "და მეორე, რომელიც ამ სტატიებს გასდევს, არის ის, რომ უამრავი კითხვა და გარკვეული უნდობლობა ივანიშვილის ფიგურის მიმართ და ისევ და ისევ რუსული თემის წინ წამოწევა", - განაგრძობს ექსპერტი.

"ცხადია, რომ "ნაციონალებმა" საკუთარ რესურსებს როგორც შიგნით, ასევე გარეთ, სერიოზული მობილიზაცია გაუკეთეს. მე მაქვს ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ ისინი ყველა შეკრებაზე ღიად განიხილავენ იმ თემას, რომ, მაქსიმუმ, სამი-ექვსი თვის ვადაში გეგმავენ ხელისუფლებაში დაბრუნებას. მე სულ მახსენდება სააკაშვილის მიერ წლების წინ ნათქვამი, მე რომ ახლა ოპოზიციაში ვიყო, ამ ხელისუფლებას სამ თვეში გადმოვაგდებდიო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს შემთხვევითი ფრაზა არ არის და როდესაც ჩვენ სააკაშვილის ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ, არც ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები და, თუკი იქ "რესპუბლიკელების" კანდიდატი გაიმარჯვებს, გარწმუნებთ, რომ "ნაციონალები" რიტორიკის დონეზეც კი აღარ შეინარჩუნებენ ასეთ მშვიდობისმყოფელ ხასიათს. მათი მიზანია, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი როგორმე ამერიკის არჩევნებამდე მიიყვანონ, რაც მათთვის ძალიან ბევრი რამის მიმანიშნებელი იქნება. სააკაშვილის ეს ქმედებები ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რომ ამ ყველაფერს სათანადო ყურაღდება მიექცეს", - მიიჩნევს ხათუნა ლაგაზიძე.

"ერთადერთი იმედი არის საკუთრივ ივანიშვილის ფაქტორი, რომელმაც აქამდე უამრავი ბარიერის გადალახვა შეძლო და დაუჯერებელ გარემოში მიაღწია წარმატებას და გაიმარჯვა "ნაციონალურ მოძრაობაზე". ალბათ, ამ შემთხვევაშიც ეყოფა მას პოლიტიკური გამჭრიახობა და ამ მიმართულებითაც ექნება გეგმა, თუ როგორ გაანეიტრალოს "ნაცმოძრაობიდან" წამოსული შეტევები. სააკაშვილის ხელისუფლებაში ბევრია დამნაშავე ადამიანი და გამორიცხული არ არის, რომ ბევრის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და ეს მათ გეგმების განხორციელებაში სერიოზულად შეუშლის ხელს. თუმცა, ამ ეტაპზე პრობლემა ნამდვილად რეალურია. მათ არჩევნებში წაგება საკუთარ დასასრულად არ ჩათვალეს და, თუკი მათ მიმართ რეალურად დაიწყება სისხლის სამართლის პროცესები და ბერკეტები ხელიდან რეალურად გამოეცლებათ, ამ შემთხვევაში ეს იქნება მათი ფიგურების აღსასრული" - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

"ჩანს, სააკაშვილი ცდილობს, ძალაუფლება რეგიონების ხარჯზე შეინარჩუნოს. თუკი რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ასეთ შემთხვევაში მას რეგიონები დასჭირდება - ამ არჩევნებმა ამის აუცილებლობა კარგად დაანახა. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა კი მას შეუძლია, ვიდრე პრეზიდენტია. თუმცა, ეს ვერც ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში მოხდება და ვერც მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის ბოლო ექვს თვეს. საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს, ვადა 1 ოქტომბრამდე აითვლება, რადგან არჩევნების კონკრეტული დღე არ არის მითითებული. პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა პირველ სხდომაზე უნდა მოხდეს, რაც 21 ოქტომბერზე გვიან ვერ გაიმართება. ამიტომაც პრეზიდენტს ვადამდელი არჩევნების დანიშვნისთვის, მინიმუმ, ერთკვირიანი "ლუფტი" რჩება. ვადამდელი არჩევნებისთვის კი პრეზიდენტი და პარლამენტი ან მთავრობაზე ვერ უნდა შეთანხმდეს, ან ბიუჯეტზე, რა დროსაც სამთავრობო კრიზისი შეიქმნება და პრეზიდენტს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საფუძველიც ექნება", - წერს სტატიის ავტორი