"ნაციონალები დღეს გატრუნულები არიან და რევანშისთვის ემზადებიან"

"ნაციონალური მოძრაობის" ხელში ბევრი მექანიზმია კრიზისის შესაქმნელად

"ივანიშვილის ძალას პასუხისმგებლობა იმ დღიდან ეკისრება, როდესაც მისი მინისტრთა კაბინეტი შეუდგება მუშაობას"

"ივანიშვილმა უნდა გამიჯნოს კეთილსინდისიერი ბიზნესმენები და ისინი, ვინც ხელისუფლებას ემსახურებოდა"

"წარმოგიდგენიათ, რამდენი სარჩელი შევა სასამართლოში მათგან, ვისაც ქონება წაართვეს?"

"ცესკოს დროის გაყვანა შედეგების გასაყალბებლად დასჭირდა"

"6 თვის თავზე სააკაშვილი მთავრობას გადააყენებს"

არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელის, კახა კახიშვილის განცხადებით, ამ არჩევნებზე ცესკო ობიექტური არბიტრის როლში არ იყო. რას შეიძლება ველოდოთ არჩევნების შემდეგ, როგორ გადანაწილდება ადგილები პარლამენტში და რა უნდა მოიმოქმედოს ახალმა ხელისუფლებამ პირველ რიგში, ინტერვიუდან შევიტყობთ.

- დიდი ხანია ვაკვირდები არჩევნებს, ბევრი რამ მინახავს, მაგრამ პირველად ვნახე, რომ საარჩევნო უბნებზე სპეცრაზმი არჩევნების შედეგებს აჯამებდა. ასეთი შემთხვევები გარდა ხაშურისა, გორშიც მოხდა. დუშეთში სპეცრაზმი იდგა საარჩევნო უბანთან და კომისიის წევრებს უთხრეს, სპეცრაზმი აქვეა და თუ ჭკვიანად არ იქნებით, უბანზეც შემოვაო. ცესკოს ევალებოდა, შემაჯამებელი ოქმები დროულად განეთავსებინა საიტზე, მაგრამ ეს პროცესი გაჭიანურდა. წინასწარი შედეგები 5 ოქტომბრამდე ვერ გამოცხადდა, მაშინ როდესაც თბილისის მერის არჩევნებისას 15 წუთში გამოაცხადეს, რომ უგულავამ გაიმარჯვა. ცესკოს დროის გაყვანა შედეგების გასაყალბებლად დასჭირდა. ცესკო იყო მიკერძოებული როგორც არჩევნების ორგანიზების, ისე შედეგების შეჯამებისას.

გამოჩნდა გადასწორებული ოქმები, რომლებშიც უბანზე მისული ამომრჩევლის რაოდენობას ბევრად სჭარბობს მიცემული ხმების რაოდენობა. ეს შედეგების გაბათილების საფუძველია. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ოპონენტის გამარჯვება აღიარა, შედეგების გამოქვეყნება დააყოვნა, რადგან საარჩევნო ადმინისტრაციას "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მიერ აღებული პროცენტების სხვაობის შემცირება დაავალეს. დაყოვნებამ შეცვალა როგორც მაჟორიტარულ, ისე პროპორციულ არჩევნებში აღებული შედეგები.
ეს გაყალბება მოხდა იმ მიზნით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მოგვევლინოს როგორც ძლიერი ოპოზიცია. ეს მისთვის იქნება იმის გარანტია, რომ შეინარჩუნოს ის ქონება, რაც 9 წლის განმავლობაში დააგროვეს.

- "ქართულ ოცნებას" რის შესაძლებლობებს აძლევს მიღებული საარჩევნო შედეგი?
- პარლამენტში 76 დეპუტატის გაყვანა უმრავლესობის ფორმირების საშუალებას იძლევა, თუმცა, ეს რაოდენობა არ ჰყოფნის საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლისთვისაც ხმების 2/3, ანუ 100 ხმაა საჭირო. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დასაყენებლად ხმების 1/3 კმარა, მაგრამ ეს ძალიან გართულებული პროცედურაა. პარლამენტართა 1/3-მა პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართოს. ამ მოთხოვნაში აუცილებლად უნდა იკვეთებოდეს პრეზიდენტის დანაშაულის ნიშნები. ეს დანაშაული უნდა დაადასტუროს საკონსტიტუციო სასამართლომ და შემდგომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს კენჭი უნდა უყაროს პარლამენტმა, რასაც ასევე ხმების 2/3 სჭირდება.

პრეზიდენტი ეუბნება "ქართულ ოცნებას", სრულად დააკომპლექტეთ მთავრობაო. პრეზიდენტს ახალი მთავრობის დათხოვნის უფლება 6 თვის განმავლობაში არა აქვს, მაგრამ თუ მანამდე არ მოხდა ძირეული ცვლილებები, არ გადადგა სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" გაძლიერდა, არ არის გამორიცხული, 6 თვის თავზე კრიზისი ხელოვნურად შექმნან და სააკაშვილმა მთავრობა გადააყენოს.

ამასობაში სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება. მერე საპრეზიდენტო და ახალ საპარლამენტო არჩევნებს ერთად დანიშნავს და შეეცდება, "ნაციონალური მოძრაობა" ისევ მოვიდეს ხელისუფლებაში. ამიტომ არიან დღეს გატრუნულები და იმედი აქვთ, რომ ისევ მოვლენ, მაქვს ინფორმაცია, რომ თავიანთ აქტიურ მხარდამჭერებს ამავეს ეუბნებიან.

- რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს "ქართულ ოცნებას", სანამ ყველა სტრუქტურასა და სასამართლოს ისევ "ნაციონალური მოძრაობა" აკონტროლებს?
- მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ მოქმედი პრეზიდენტი, მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე, მოქმედი უშიშროების საბჭოს მდივანი, მოქმედი მინისტრები, გამგებლები, გუბერნატორები და მერები ამბობდნენ, ოპოზიციაში ვართო. ვის ოპოზიციაში გადავიდა მოქმედი ხელისუფლება, როდესაც ჯერ არ არის ფორმირებული ახალი მინისტრთა კაბინეტი?

- ამ დღეებში გაიყიდა "რუსთავი 2"-ის 40%-იანი წილიც.
- ნახევარ მილიონად იყიდა კეზერაშვილმა, რაც ძალიან მცირეა ამ წილის რეალურ ღირებულებასთან შედარებით. ცხადია, სცადეს, რაც შეიძლება მეტ პირზე გადანაწილებულიყო წილი, ამასთან, კეზერაშვილი ისრაელის მოქალაქეა და მისთვის წილის ჩამორთმევა ძნელი იქნება მაშინაც კი, თუ სასამართლო დაადგენს წილის არაკეთილსინდისიერ გასხვისებას.

"ნაციონალური მოძრაობა" იქნება ძალიან ძლიერი ოპოზიცია, რომელსაც ექნება დიდი ფულიც და საინფორმაციო საშუალებებიც. ისინი პრობლემებს შეუქმნიან გამარჯვებულ ძალას. ივანიშვილის მოსაზრება, აჯობებდა სააკაშვილი გადამდგარიყოო, "ნაციონალებმა" მყისიერად აღიქვეს არადემოკრატიულ ქმედებად და ზეწოლად. წარმოიდგინეთ, რა შეფასებები გაკეთდება მაშინ, როდესაც იქნება მოწოდება, მოსამართლეებმა (რომლებიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი უნდა იყვნენ) ერთი პოლიტიკური სუბიექტის ნება არ შეასრულონ. მოსამართლეებს პრეზიდენტი ნიშნავს 10 წლის ვადით და ძალიან გაჭირდება მათი გათავისუფლება.
2004 წელს იბარებდნენ მოსამართლეებს და თითს უქნევდნენ, დღეს ასეთი ვითარება არ არის, თუმცა, აუცილებელია მოსამართლეების შეცვლა. მათი დატოვება თანამდებობებზე არ შექმნის განცდას, რომ სასამართლო ობიექტური და მიუკერძოებელია.

- კოტე კუბლაშვილმა უკვე განაცხადა, რომ მასზე ზეწოლაა.
- კოტე კუბლაშვილს ასეთი განცხადების გაკეთება არ გახსენებია მაშინ, როდესაც ფაქტობრივად ადეიშვილის თანაშემწედ გვევლინებოდა და მის ნებას ასრულებდა. კუბლაშვილი და მისი სასამართლო დღესაც არ არის ობიექტური. ამის დასტურია საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული სასამართლოს გადაწყვეტილებები. ამ გადაწყვეტილებებიდან ჩანს, რომ მოსამართლეები ისევ "ნაციონალური მოძრაობის" ნებას ასრულებენ. არავის არ უნდა შერჩეს, რომ მათი უსამართლო გადაწყვეტილების გამო ბევრი უსახლკაროდ დარჩა ან უკანონოდ ჩასვეს ციხეში. "ნაციონალური მოძრაობის" ხელში კიდევ ბევრი მექანიზმია კრიზისის შესაქმნელად. როცა დასჭირდებათ, მაშინ შექმნიან კრიზისს, თუ არ ჩამოყალიბდა დემოკრატიული, დეპოლიტიზებული სამართალდამცავი სისტემა და მიუკერძოებელი სასამართლო.

სერიოზული საკითხია ბიზნესმონოპოლიების დაშლა, რომელიც რამდენიმე ჯგუფის ხელშია. მოგების პროცენტი ძალიან გაზრდილი აქვთ (200%-მდე) და ამ მონოპოლიების დაუშლელად შეუძლებელი იქნება სოციალური პოლიტიკის გატარება, რათა მოსახლეობამ შვება იგრძნოს და "ქართულმა ოცნებამ" დანაპირების შესრულება შეძლოს.

- ითქვა, რომ შეინიშნება საბოტაჟის ნიშნებიც არსებული მთავრობის მხრიდან.
- "ქართული ოცნების" გამარჯვებისთანავე "ვიღაცებს" გაუჩნდათ რაღაცის გაფუჭების სურვილი. პერიფერიებში გაითიშა გარე განათება, ამტვრევდნენ მანქანებს და გამიჩნდა განცდა, რომ ეს კეთდება განგებ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ეთქვა, "ოცნება" უკან აბრუნებს ქვეყანასო. ყოფილი ხელისუფლება ამბობს, ჩვენ პენსიები გავეცით სექტემბერში და ოქტომბრიდან "ქართული ოცნებაა" პასუხისმგებელიო. "ქართული ოცნება" ვერ იქნება პასუხისმგებელი, რადგან ყველა სამინისტროს "ნაციონალური მოძრაობა" აკონტროლებს. კარგია, რომ ყველა სტრუქტურაში მიავლენენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს. ეს საშუალებას მისცემთ, ამ უწყებების კონტროლი შენარჩუნდეს, რომ ამ გარდამავალ პერიოდში მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება.
არჩევნების საბოლოო შედეგს 20 ოქტომბერს გამოაცხადებს ცესკო. ამის შემდგომ 20 დღეში ახალი პარლამენტის პირველი სხდომა უნდა დაინიშნოს (ანუ 10 ნოემბერს). მთავრობის ფორმირებასა და მინისტრების დამტკიცებას დაახლოებით 5 დღე დასჭირდება, ამიტომაც "ქართული ოცნება" დაახლოებით 15 ნოემბრამდე არც ერთ სამინისტროზე არ იქნება პასუხისმგებელი.

"ნაციონალურ მოძრაობას" დღემდე მიუწვდება ხელი "თელასზე". ამიტომაც შესაძლებელია შუქის გათიშვა, ნიღბიანების შევარდნა ვიღაცების სახლებში. უკვე გაიძარცვა რამდენიმე მაღაზია და ბანკი. თუ ასეთი ინციდენტების დროს პოლიცია სწრაფად არ იმოქმედებს, მოსახლეობაში გაჩნდება უკმაყოფილება ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არმოსული პოლიტიკური ძალისადმი. ამიტომაც მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ივანიშვილის ძალას პასუხისმგებლობა იმ დღიდან ეკისრება, როდესაც მისი მინისტრთა კაბინეტი შეუდგება მუშაობას.

ხელისუფლების ზოგიერთი წევრი მესამე და მეოთხე პირების მეშვეობით დიდ ქონებას ფლობს და ძნელი იქნება მისი დაბრუნება, მაგრამ უამისოდ შეუძლებელი იქნება რეფორმების გატარება. წარმოგიდგენიათ, რამდენი სარჩელი შევა სასამართლოში მათგან, ვისაც ქონება წაართვეს?

სააკაშვილის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ანგარიშების მონიტორინგი. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები უნდა მიავლინონ ყველა იმ გაყიდულ ობიექტზე, სადაც სახელმწიფოს აქვს წილი, რათა გააკონტროლონ წილების გასხვისების პროცესები და ამ ობიექტების მუშაობა.

- ბიძინა ივანიშვილის ბიზნესმენებთან შეხვედრისას ვნახეთ ის პირებიც, რომლებიც დაახლოებული იყვნენ ხელისუფლებასთან.
- ბიზნესმენებიდან, ვინც ამ შეკრებაზე გამოჩნდა, ზოგი 8 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად აკოტრებდა სხვა კომპანიებს და ამით ხელისუფლების ნებას ასრულებდა.
გვახსოვს შემთხვევა, რომ ქონება, რომელიც ჩადებული იყო ერთ-ერთ ბანკში, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულმა პირებმა გადაიფორმეს. ბიძინა ივანიშვილმა უნდა გამიჯნოს კეთილსინდისიერი ბიზნესმენები და ისინი, ვინც ხელისუფლებას ემსახურებოდა და წართმეულ ქონებას ინაწილებდა ხელისუფლებასთან ერთად.
ივანიშვილმა პირადად უნდა გააკონტროლოს ყველა სამინისტროს საქმიანობა.

სხვადასხვა პარტიის ინტერესი არ უნდა გადავიდეს მთავრობაში, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან დანიშნული მინისტრები იმუშავებენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ. იმედია, ამ ყველაფერს გააკონტროლებს ახალი პრემიერ-მინისტრი.

ივანიშვილმა მოსახლეობა გაათავისუფლა ტირანიისგან და ახლა იმდენად უნდა გააკონტროლოს პროცესები, რომ კლანი კლანით არ შეიცვალოს. ხალხი საარჩევნო ყუთებთან ივანიშვილის იმედით მივიდა და მისგან ახლა სამართლიანობას ელოდება.