ციხეში ნაწამები 18 წლის ლიკა ნატრიაშვილის თავზარდამცემი ისტორია

ციხეში ნაწამები 18 წლის ლიკა ნატრიაშვილის თავზარდამცემი ისტორია

ქრისტიანულ სათნოებებს შორის, პატიმრებზე ზრუნვას ისეთივე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, როგორც _ მშიერთა დაპურებას, ან სნეულთა მოვლას. მიუხედავად ამისა, ქართველ უფლებადამცველებს ხშირად უთქვამთ, რომ ქვეყანაში მსჯავრდებულთა მდგომარეობა აუტანელია, რაც პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოკადრებითაც დამტკიცდა. არჩევნებამდე არსებობდა მოლოდინი, რომ ტელევიზიით პატიმარი ქალების წამების კადრებიც გავრცელდებოდა. აწამებენ თუ არა მსჯავრდებულ ქალებს? _ ამის შესახებ “ქართული სიტყვა” ჟურნალისტ ნანა სულავას ესაუბრა, რომელმაც გისოსებს მიღმა 5 წელი გაატარა:

 _ ეკონომიური სიდუხჭირისა და მძიმე სოციალური ფონის გამო, საქართველოში მამაკაცებისა და ქალების უმეტესობა 180-ე, ანუ თაღლითობის მუხლითაა გასამართლებული. პირადად, მე ციხეში ნოტარიული წესით დადებული 1300-ლარიანი სესხისთვის მოვხვდი. ხელშეკრულების დადებიდან მხოლოდ ორი თვე იყო გასული. მართალია, სესხის გადახდა დამიგვიანდა, მაგრამ მის დაფარვას ნამდვილად ვაპირებდი, უბრალოდ, არ დამცალდა... აბსოლუტურად უცხო ადამიანმა მიჩივლა.

ქალბატონო ნანა, სესხი ბანკიდან გქონდათ აღებული?
_ არა, კერძო პირისგან, მაგრამ ნოტარიულად გავაფორმეთ. დამნაშავე რომ ვყოფილიყავი, ამ საქმეს არც სტრასბურგში გავასაჩივრებდი. განაჩენში წერია, რომ პროკურატურის ორგანოების დისკრედიტაციას ვახდენდი, მაგრამ ძალიანაც რომ მდომებოდა, ამას ვერ შევძლებდი.

იმის თქმა გინდათ, რომ პროკურატურამ მიზანმიმართულად დაგაპატიმრათ, ან ყველაფერი თქვენს ჟურნალისტურ საქმინობას უკავშირდებოდა?
_ ჟურნალისტი რომ არ ვყოფილიყავი, ჩემზე ასეთი ზეწოლა არ განხორციელდებოდა. ჩემს საქმეს პოლიტიკური დატვირთვა აქვს _ გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” პოლიციაზე და, საერთოდ, უკანონობაზე კრიტიკულ სტატიებს ვაქვეყნებდი. ალბათ, ვიღაცისთვის მიუღებელი ვიყავი და ჩემი დაპატიმრება აწყობდა.

ხელს კერძოდ ვის ადებთ?
_ პროკურატურას... 180-ე მუხლი 6-დან 9 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მე კი, უმაღლესი სასჯელი მომცეს. მერე, პრეზიდეტმა შემიწყალა და სასჯელი გამინახევრა, თუმცა პროკურატურის მსხვერპლი რომ არ გავმხდარიყავი, შესაწყალებელი არაფერი მჭირდა.

სპეცოპერაციით “აგიყვანეს”?
_ ჩემი მშობლიური გამომცემლობიდან მოვდიოდი... “საქართველოს ბანკში” უნდა მივსულიყავი _ პრობლემის მოგვარების შანსი მქონდა, მაგრამ... მთხოვდნენ, რომ მეთანამშრომლა და დანაშაული მეაღიარებინა, მაგრამ ეს არ გავაკეთე, დუმილის უფლებით ვსარგებლობდი. 9 წელი რომ მიმისაჯეს, ვიფიქრე, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა და აღარ მაინტერესებდა, ხვალ რა მოხდებოდა... წამება მხოლოდ ის კი არაა, რომ თავში აგურს ჩაგარტყამენ და ხელები გადაგიგრეხენ. ისიც წამება და ღირსების შელახვაა, როცა სხვა ფსიქიკის ადამიანებთან აღმოჩნდები _ ციხეში ათასნაირი ჯურის ადამიანია და ჩვენ, ვინც პირველად ვიხდიდით სასჯელს _ პედაგოგები, ექიმები, ადვოკატები თუ იურისტები, მათთან შეგვყარეს. ქალთა კოლონიის უფროს მედიკო ალანიას ვთხოვეთ, “მოშავო ელემენტები”, ანუ ფსევდო “განაბი ქალები” ჩამოგვაშორეო, მაგრამ ყური არ გვათხოვა. საერთოდ, “ზონა” ასეთი მენტალიტეტის ქალებს აბარიათ და ჩემნაირებმა მათ წინაშე თავდახრილებმა უნდა იარონ.

ჩემზე წეზოლა არ ყოფილა, მაგრამ მუდამ ვიღაცას ვიცავდი _ ვიღაც კვდებოდა, ვიღაცას ცემას უპირებდნენ. ამის გამო, მძიმე სტრესულ მდგომარეობაში ვიყავი. რაც იქ გადავიტანე, ყველაფერი დეტალურად აღვწერე და წიგნის გამოცემას ვაპირებ, რომელსაც “ქართული გულაგი ქალებისთვის” ერქმევა, თუმცა ჯერ ფინასური პრობლემებია
პატიმარ ლიკა ნატრიაშვილზე გიამბობთ, რომლის საქმეც ბოლო დროს რეზონანსული გახდა. ეს გოგონა სოფელში, მშრომელი ხალხის ოჯახში გაიზარდა. კოლონიაში რომ შემოვიდა, ჩემი ყურადღება ჯერ გარეგნობით მიიქცია _ დიდი ცისფერი თვალები ჰქონდა, სულ ჩაფიქრებული დადიოდა და ცხარე ცრემლით ტიროდა, რადგან ციხეში 18 წლის ასაკში მოხვდა. ლიკა, მართლაც, უკანონო პატიმარი იყო: პოლიციელი გაუპატიურებას უპირებდა _ შინ შეუვარდა, ლიკამ თავი დაიცვა და, სტრესულ მდგომარებაში მყოფმა, მუცელში დანა ჩაარჭო. ჭრილობა სასიკვდილო არ აღმოჩნდა, მოძალადე ორ დღეში გამოკეთდა, მაგრამ ლიკას დაემუქრა, ციხეში ამოგალპობო და ასეც მოიქცა. ქუთაისის იზოლატორში მამაკაცები და ქალები გვერდი-გვერდ ჰყავდათ განთავსებული და ლიკას ესმოდა, თუ როგორ აუპატიურებდნენ ახალგაზრდა ბიჭებს... ქუთაისიდან ლიკა თბილისში გადმოიყვანეს, “მატროსოვზე”... ისე ცუდად იყო, რომ სიცოცხლე აღარ უნდოდა. უმეტესად “კარცერში” იყო, სადაც ცივ ბეტონზე აგდებდნენ. გაცივდა... ფსიქოტროპულ წამლებსაც აძლევდნენ და მეტწილად გათიშული იყო. ისეთი ტკივილები დაეწყო, რომ კრუნჩხვებში ვარდებოდა... ამ საწყალ გოგოს “ქალური ორგანოები” ამოაჭრეს. მის ფსიქიკაზე ამანაც იმოქმედა. ერთ დღეს უთხრეს, წამოდი, ექიმთან უნდა წაგიყვანოთო. ერთი კვირა აღარ გამოჩნდა. რომ დაბრუნდა, გვითხრა, ფსიქიატრიულ კლინიკაში ვიყავიო... ძალიან ცუდად იყო... თვენახევარის შემდეგ უთხრეს, “თავისუფლებაზე გაგიშგვებთ”, ჩვენი მანქანით წაგიყანთ სახლშიო. ციხიდან მოწესრიგებული, ჩაცმული გაიყვანეს. გამიხარდა, ეშველა ამ საწყალს-მეთქი, მაგრამ თვენახევრის მერე გავიგეთ, რომ სახლის მაგივრად, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაუყვანიათ, სადაც ლიკამ თავი ჩამოუხრჩო. ასეთი ფაქტები, სამწუხაროდ, ბევრია.

ქალბატონო ნანა, ციხის ადმინისტრაცია ქალ პატიმრებს როგორ გეპყრობოდათ?_ ჩვენთან ცოცხებით წამება არ ყოფილა, მაგრამ ზოგადად, მძიმე მდგომარეობა იყო. “მატროსოვის ციხე” უფრო კარგი _ იქ მკაცრი რეჟიმის კოლონია არაა, ახალგარემონტებულ ციხეებზე კი, ამას ვერ ვიტყვი. 12 მილიონი იყო შეჭმული და ბუნტებიც ხელოვნურად ამიტომ ხდებოდა.

იმის თქმა გინდათ, რომ ქალთა კოლონიაში ბუნტი პროვოცირებული იყო?
_ რა თქმა უნდა... 12 მილიონი იყო გაფლანგული და მის “გაპრავებას” სხვადასხვა გზით ცდილობდნენ. კალმახელიძემ ციხეში მდგომარეობა დაამძიმა... ციხეში კაცების გაუპატიურების შემზარავი კადრები რომ ვნახე, ბუნტის ღამე გამახსენდა, როცა ჩვენს საკნებში სპეცრაზმი შემოიჭრა. 600 პატიმარი ქალიდან, 20 გარეთ იყო და ლოცულობდა _ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ხვდებოდნენ... 12 საათის განმავლობაში უკონტროლო მდგომარეობაში დაგვტოვეს _ ყველა გაიკრიფა. ციხის კარი კი ღია დატოვეს, რომ გაქცევის მცდელობა დაფიქსირებულიყო. ვეხვეწებოდი ყველას, არ გაადგათ ფეხი, თორემ დაგვიმატებენ სასჯელს-მეთქი. ორმა პატიმარმა შუშა ჩალეწა, მაგრამ ამის გამო სპეცრაზმის შემოყვანა საჭირო არ იყო. დანარჩენი კი, რაც ტელევიზიით აჩვენებს, მონტაჟი იყო. შემთხვევით გადავრჩი _ არ ვიცი, რა თვალით შემომხედეს სპეცრაზმის თანამშრომლებმა... ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მიწისქვეშა გასასვლელი წინასწარ იყო გათხრილი, რომელიც რამდენიმე კილომეტრზე გრძელდებოდა. ამის გათხრას ერთ დღეში ვერავინ მოხერხდებოდა. მოკლედ, სპექტაკლი გაითამაშეს _ თვითონ მოუკიდეს ლეიბებს ცეცხლი, დაწვეს და ყველა მამაძაღლობა ამ ცეცხლს გაატანეს. აბა, რა ექნათ?

 ქალბატონო ნანა, ციხეებში გახშირებულ სიკვდილიანობის ფაქტებზე რას იტყვით?
_ გაუგებარია, თუ როგორ მოკვდა პატიმარი ნანა მითაგვარია, რომელიც სასჯელს ეკონომიურ-ფინანსური მუხლით იხდიდა. ორი დღე ძალიან ცუდად იყო, მაგრამ პატრონს არ აგებინებდნენ. მერე, რა თქმა უნდა, გართულდა სიტუაცია და გარდაიცვალა, პატიმარი ირინა გედენიძეზე თქვეს, დენმა დაარტყაო. ერთმა პატიმარმა კი, სამედიცინო დახმარება მოითხოვა და ამის გამო ცემით ამოხადეს სული.
პატიმარი ქალები ავადმყოფობენ, შველა სჭირდებათ, მაგრამ თავს არავინ იწუხებს.

 ახალი მინისტრი, გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული პრობლემების მოგვარებას შეძლებს?
_ თუ სისტემა არ შეიცვალა, ტუღუში ცხადია ვერაფერს იზამს. როცა ომბუდსმენი იყო, მაშინ არავინ თვლიდა ანგარიშგასაწევ პიროვნებად და ახლა დაუჯერებენ? “მატროსოვზე” ყოფნის დროს, 13 დღე ვიშიმშილეთ _ უკანონო სასჯელებს ვაპროტესტებდით, გვინდოდა, რომ ჩვენი საქმეებისთვის გადაეხედათ. ჩვენი შიმშილობის ამბავი ბუშის ადმინისტრაციამაც კი გაიგო _ ამერიკის რადიო და ტელევიზია აცხადებდა, ქალები ციხეში რეჟიმის წინააღმდეგ შიმშილობენო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. პალიკო კუბლაშვილი ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გამოდიოდა და პარლამენტში ამბობდა, ჩვენ ულტიმატუმებს გვიყენებენ პატიმრები და ამის საფუძველზე არაფერს გავაკეთებთო. მერე, შიმშილობა შევწყვიტეთ, რადგან დანარჩენი პატიმრები დაგვიპისპირდენენ... კოლონიაში კაცთმოძულე შაშკინი პატრიარქთან ერთად შემოვიდა. მისი უწმინდესობა ცრემლად იღვრებოდა, შაშკინი კი, უტიფრად გვიყურებდა. თუ ადმინისტრაციიდან პატიმრების მიმართ ვინმე სისასტიკეს გამოამჟღავნებდა, მას აჯილდოვებდნენ, _ აი, ასეთი სისტემა შექმნეს და ახლა მხრებს იჩეჩენ, არ ვიცოდითო. მე, როგორც ერთი რიგითი ჟურნალისტი, მოვითხოვ კალმახელიძისა და შაშკინის დაპატიმრებას, ახალაიაც არ უნდა გამოგვრჩეს. თუ ისევ სააკაშვილის ხელისუფლება დარჩა, ვფიცავარ ადამიანობას, პოლიტიკურ თავშესაფარს მოვითხოვ, წავალ ამ ქვეყნიდან, რადგან აქ საკუთარ თავს ვერ დავიცავ!

ქალბატონო ნანა, ციხეში გატარებულმა ხუთმა წელმა თქვენი ცხოვრება, ალბათ, მთლიანად შეცვალა. სხვა თუ არაფერი, ნაციხარის იარლიყი გაქვთ...…
_ ეს ხუთი წელი ჩემი ცხოვრებიდან ამოგლეჯია და ახლა, როცა პატიმართა წამების კადრები ვნახე, ყველაფერი განმიახლდა. ცოცხების შემდეგ, რამ შეიძლება, ქართველი ადამიანი გონს მოიყვანოს? ასეთი რამ ტოტალიტარულ მუსულმანურ ქვეყნებშიც არ მომხდარა, მაგრამ არ შეიძლება, რომ ბოროტებას ბოროტებით ვუპასუხოთ. მართალია, ჩემი საქმით სტრასბურგის სასამართლო დაინტერესდა და მოგების შანსიც მაქვს, მაგრამ იმ ხუთ წელს ვინ დამიბრუნებს? მე ხომ მაშინ ცხოვრება დავამთავრე. კალმახელიძე ახალგაზრდა ქალია და როგორ უნდა იცხოვროს, როგორი დედა უნდა იყოს? მას “მწამებელი ქალი” შევარქვი, ფარულად დადიოდა ზონაში, ხვდებოდა ციხის ადმინისტრაციას და მასთან ერთად ბურტყუნებდა, თუ რამდენი პატიმარი იყო ცოცხალი და რამდენი _ მკვდარი, ჩვენთან კი, ერთხელაც არ შემოუხედავს. პაემნების ოთახში ვინ აკრძალა დედა-შვილობა? _ მიდის დედა შვილთან და უფლება არ აქვს, რომ შეეხოს. ტელეფონით უნდა ელაპარაკო. ეს არაა მიზანმიმართული გენოციდი? ამიტომ, კალმახელიძემ უნდა ნახოს ის საკანი, სადაც მე ვიყავი, იქ უნდა იცხოვროს და “ბალანდაც” უნდა ჭამოს. ჩვენთან ცოცხები არ გამოუყენებიათ, თორემ დანარჩენი არაფერი დაგვაკლეს.

ისე, კალმახელიძე თავს იწონდებდა, ცოლ-ქმარს ერთად ყოფნის საშუალება რომ ჰქონდეს, გრძელვადიანი პაემნები შემოვიღეთო...…
_ რა გრძელვადიან პაემნებზეა საუბარი? რომელი წესიერი ქალი შევა ქმართან დასაწოლად, როცა იცის, რომ კამერებით უღებენ? თან, ეს როგორი პაემნები გამოდის, როცა ჯერ ქალებს აუპატიურებდნენ და მერე, მიჰყავდათ ქმრებთან? პლუს, ეს პაემანი ფული ღირს _ 120 ლარია საჭირო ერთ ღამეში. სააკაშვილის ხელისუფლებამ პენიტენციალური სისტემა მთლად “გააფარჩაკა”, პატიმრებს არაადამიანურად გვექცეოდნენ და სხვისი დაჩაგვრის ხარჯზე სიამოვნებას იღებდნენ!