რამაზ საყვარელიძე:

რამაზ საყვარელიძე: "ახლა მიხეილ სააკაშვილი ისეა, როგორც სხვისი ცოლის ქმარი"

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ,,ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიანი მმართველობის ეპოპეა დასრულდა. უმრავლესობის მანდატი ხელში ,,ქართულმა ოცნებამ" აიღო. შესაბამისად კოალიცია ახალი მთავრობის დასაკომპლექტებლად ემზადება. რა შანსები აქვს უკვე ოპოზიციაში გადასულ ,,ნაციონალურ მოძრაობას" ,,ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა.

_ ბიძინა ივანიშვილი ახალი მთავრობის შემადგელობის დასასახელებლად ემზადება. აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენ ,,ქართული ოცნების" ლიდერთან კონსულტაციისთვისაც ბრძანდებოდით. როგორია თქვენი პროგნოზი ვინ შეიძლება ვიხილოთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში?
_ სავარაუდო კანდიდატები, რომელიც მთავრობის შემადგენლობაში სახელდებიან წარმოადგენენ შეკრულ გუნდს, როგორც პოლიტიკური ასევე იდეოლოგიური გაგებით. კონკრეტულად, ვინ შეიძლება ვიხილოთ მთავრობის ახალ შემადგენლობაში არ ვიცი, რადგან ივანიშვილთან შეხვედრისას საუბარი სხვადასხვა კანდიდატურებზე იყო და არა კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე. 

_ თქვენ ვის ისურვებდით მთავრობის ახალ შემადგენლობაში, რა რჩევას მისცემთ ,,ქართული ოცნების" ლიდერს?
_ ექსპერტების საქმე არ არის ვინმესთვის კაბინეტის შერჩევა. 

_ როგორ ფიქრობთ, მთავრობის შემადგენლობა, რომელსაც ივანიშვილი საზოგადოებას წარუდგენს მოხდენს საზოგადოების განწყობაზე გავლენას და შეცვლის, თუ არა დამოკიდებულებას ,,ქართული ოცნების" მიმართ?
_ შეცვლის და იქნება, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი შეფასებები, მთავრობის შემადგენლობის დასახელებასთან დაკავშირებით, რადგან ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს. 

_ როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვს ოქტომბრის ოპოზიციას?
_ "ნაციონალურ მოძრაობა"'' პარლამენტში საკმაოდ სერიოზული მანდატითაა წარმოდგენილი. შეიძლება ითქვას, საქართველოში ამხელა წარმომადგენლობა არცერთ ოპოზიციას არ ჰყოლია. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ძალოვანი მინისტრების გამოყენების, მაგრამ პრეზიდენტმა საკმაოდ საინტერესო ნაბიჯები გადაიდგა და ეს საშუალება არ გამოიყენა, რაც მისასალმებელია. ახლა ოპოზიციაში გადასულმა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა დაიწყოს ისეთი ბრძოლა, როგორც ოპოზიციას სჩვევია. 

_ როგორ ფიქრობთ, ოპოზიციაში გადასულ "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ბერკეტი პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად?
_ საფრთხე, რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნას პოლიტიკური კრიზისი არსებობს, მაგრამ სხვა ტიპის საფრთხეების შექმნის საშიშროებაც არსებობდა, რაც პოლიტიკურ კრიზისს უფრო გაძლიერდებდა. თუმცა სააკაშვილის გუნდმა ეს საფრთხეები არ შექმნა და კონსტრუქციული როლი შეასრულა. 

_ როგორ ფიქრობთ, რატომ დათმო მიხეილ სააკაშვილმა ძალოვანი სტრუქტურები?
_ ოქტომბრის ოპოზიციას ქვეყანაში შეუძლია კრიმინოგენული საშიშროების შექმნა, რაც თავისთავად პოლიტიკურ კრიზის განაპირობებს.მოქმედი აღმასრულებელი ხელისუფლება, თუ მსგავს ბერკეტებს გამოიყენებს აშკარა იქნება, რომ მისი მხრიდან ,,ქართული ოცნებისთვის" ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანად არ ხდება და ბრძოლა კვლავ ძალაუფლებისა და ხელისუფლების შესანარჩუნებლად ხდება. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ანალოგიური იმიჯის შექმნას თავს არიდებს და უყურებს დასავლეთს, თუ როგორ მოიქცევა. ,,ნაციონალური მოძრაობისთვის" კრიზისი შექმნა შესაძლოა, მომგებიანი არც იყოს, რადგან ლოკალური მოგება შეიძლება მიიღონ, მაგრამ გლობალურად დამღუპველი აღმოჩნდეს. 

_ ჯერ კიდევ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ექსპერტების ნაწილი საუბრობდა, რომ ევროპა და აშშ კვლავ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას უჭერდა მხარს. როგორ ფიქრობთ, რატომ შეიცვალა ასე რადიკალურად დასავლეთის პოზიცია სააკაშვილის გუნდის მიმართ?
_ არ ვთვლი, რომ ბოლო პერიოდში დასავლეთი მხარს მიხეილ სააკაშვილს უჭერდა. დასავლეთის მხარდაჭერის შესუსტება ბევრმა ფაქტორმა განსაზღვრა მათ შორის აშშ-ში მომხდარმა ცვლილებებმა. Aახლა ამერიკის ხელისუფლებაში რესპუბლიკელები აღარ არიან რომლისთვისაც ,,ვარდების რევოლუცია" და მიხეილ სააკაშვილი მათი პროექტი იყო, დასავლეთშიც შეიცვალნენ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის მიმართ პოზიტიურად განწყობილები იყვნენ. 

_ არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, პრეზიდენტად უმცირესობაში მყოფი პარტიის ლიდერი გვყავს. როგორ ფიქრობთ, ასეთ ვითარებაში უნდა გადადგეს თუ არ პრეზიდენტი და ,,ქართულმა ოცნებამ" უნდა დააყენოს მისი გადაყენების საკითხი?
_ გააჩნია როგორ მოიქცევა სააკაშვილი. თუ ის იქნება ისეთივე რბილი, დამყოლი და კონსტრუქციული, როგორიც ახლაა, მაშინ შეიძლება მისი გადაყენების საკითხი არ დადგეს. თუმცა თუ აღმოჩნდა, რომ მისი ფიგურა სახელმწიფოში დესტაბილიზაციის პროცესს იწვევს, მაშინ აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დააყენოს. 

_ შესაძლებელია, კონსტრუქციულად პრეზიდენტისა და ,,ქართული ოცნების" მუშაობა და ოპოზიციის ლიდერად მიხეილ სააკაშვილის ყოფნა?
_ ოპოზიციის ლიდერი შეიძლება იყოს, მაგრამ ოდიოზურია უმცირესობაში მყოფი მიხელ სააკაშვილი პრეზიდენტი იყოს. ახლა სააკაშვილი იმ მთავრობის მეთაური უნდა იყოს, რომელიც მისი დაკომპლექტებული არ არის, ანუ სხვისი ცოლის ქმარია. ამიტომ ეს რეალობა, რაც მალე შეიცვლება უკეთესია. 

_ როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის ოპოზიციას აქვს შანსი იბრძოლოს ხელისუფლებაში მოსასვლელად?

_ ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს შანსი იბრძოლოს ხელისუფლებაში მოსასვლელად, ოღონდ თავის დროზე. სამომავლოდ სააკაშვილის გუნდში თუ არ მოხდა ისეთი ცვლილებები, რომელიც ადამიანებს აღარ გაუჩენს ციხის კადრების ასოციაციას, აგრესიას და არ დათმობს ძალადობის სტილს, წინააღმდეგ შემთხვევაში ,,ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ვერ მოვა.