"ოცნების" მოდელირებული მინისტრთა კაბინეტი - "ნაცმოძრაობა" კოალიციურ მთავრობას გამორიცხავს

"ქუთაისში პარლამენტის პირველი სხდომა 20 ოქტომბრამდე უნდა გაიმართოს და ამის შემდეგ დაიწყება არსებული მთავრობის შეცვლის პროცესი, თუმცა მანამდე "ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობაზე სხვადასხვა ვერსია განიხილება. "რეზონანსის" წყაროს ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარე ქალი იქნება, დიდი ალბათობით - მანანა კობახიძე, თუმცა დავით უსუფაშვილზეც მიმდინარეობს საუბარი. თუკი უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე არ იქნება, მას ან მის მეუღლეს, თინა ხიდაშელს იუსტიციის მინისტრადაც მოისაზრებენ, თუმცა ყველაზე ინტენსიურად ამ პოსტზე ზაქარია ქუცნაშვილს ვარაუდობენ; საგარეო უწყება - თედო ჯაფარიძეს ჩაბარდება, ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური იქნება, განათლების მინისტრად თუ არა, სულ მცირე, მის მოადგილედ შესაძლოა, მაია მიმინოშვილი ვიხილოთ, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად - კახი კალაძე. გაურკვეველია, ვინ იქნება შს მინისტრი, საუბარია, რომ ირაკლი ალასანიას კანდიდატურა განიხილება, მაგრამ თუკი ამ უწყების ხელმძღვანელად ალასანია დაინიშნა, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ის საპრეზიდენტო კანდიდატად აღარ დასახელდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ოცნების" მოდელირებული მინისტრთა კაბინეტი / "ნაცმოძრაობა" კოალიციურ მთავრობას გამორიცხავს.

"თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული პირების უმრავლესობა მაჟორიტარია და ეს შეიძლება მათი დანიშვნის შემაფერხებელი იყოს, რადგან ამ შემთხვევაში ოლქებში განმეორებითი არჩევნების გამართვა იქნება აუცილებელი. საუბარია იმაზე, რომ ახალი პრემიერ-მინისტრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის მინისტრის პორტფელი იქნება, თუმცა ვინ - ეს ვარაუდის დონეზეც არ არის ცნობილი. ექსპერტების ნაწილი იმასაც აცხადებს, რომ ამ ადგილზე კოალიციის წევრებს შორის ავტორიტეტულს ვერავის ხედავენ. მართალია, გუშინ დილით კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დააანონსა, რომ კოალიციის წევრები იკრიბებიან და მომავალი მთავრობის დაკომპლექტებაზე იმსჯელებენო, მაგრამ "ქართულ ოცნებაში" ჯერჯერობით მომავალი მინისტრების კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე არ საუბრობენ. კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კი საკუთარ ბიზნესცენტრში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობის კანდიდატების შესახებ მის ჯგუფში არავინ იცის და "მაია ფანჯიკიძეს ამგვარი განცხადების გაკეთებით ზედმეტი მოუვიდა..." - აღნიშნავს გამოცემა.

"არავინ არ იცის ჩემ გარდა მთავრობის კანდიდატების შესახებ. ჩემი ჯგუფის არც ერთმა წევრმა არ იცის, ვის რას ვუპირებ. პირველი პროექტი მე მაქვს, რომელსაც წარვუდგენ ჩემს გუნდს. დავიწყებთ განხილვას და შეიძლება ძალიან შეიცვალოს", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ გავრცელებული ვერსიებიც ჯერჯერობით მცდარია. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, მოხვდება თუ არა მთავრობის შემადგენლობაში "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რაზეც ივანიშვილმა განაცხადა, რომ "დღესდღეობით ბურჯანაძესთან დაკავშირებით არავითარი გეგმა არ აქვს". ერთადერთი, რაც დაანონსდა და ისიც უკვე ყოფილი უმრავლესობის მხრიდან, ისაა, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გამორიცხულია. "არანაირ კოალიციურ მთავრობაზე საუბარი არ არის და არც იქნება. ეს გამორიცხულია ჩვენი მხრიდან. გუშინ რატომღაც ივანიშვილი საუბრობდა, რომ ამას არ დატოვებს, იმას არ დატოვებს. ჯერ უნდა ეკითხა, ვინ აპირებს დარჩეს მასთან ერთად", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ, რომლის თქმით, მათგან "არც ერთი მასთან მინისტრის დონეზე თანამშრომლობას არ აპირებს", - განაგრძობს გამოცემა.
"რესპუბლიკელი" დავით უსაფაშვილი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით არ არის შეთანხმებული, ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე არ არის ცნობილი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა, რადგან მისი თქმით, ამ საკითხების შესათანხმებლად კოალიციას დრო ჯერ კიდევ აქვს. "პარლამენტი 20 ოქტომბრამდე უნდა შეიკრიბოს და უკვე მისი შეკრების შემდეგ ხდება არსებული მთავრობის შეცვლის პროცესი და უახლოეს დღეებში არ იქნება არანაირი განცხადება მომავალ მთავრობასთან დაკავშირებით", - განაცხადა უსუფაშვილმა. მისი თქმით, იმაზე მიდის მუშაობა, რომ კოალიციის წევრებისგან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოქმედ მთავრობასა და საქართველოს პრეზიდენტთან დიალოგის პროცესს წარუძღვება. "კოალიცია მზადაა, მთავრობასთან და დღევანდელ პრეზიდენტთან ყველა საჭირო თემაზე ისაუბრონ", - დასძინა უსუფაშვილმა. საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობაში ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი შედიან. საჭიროების შემთხვევაში კი თავად ბიძინა ივანიშვილიც არ გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას", - დასძენს გამოცემა.

"სავარაუდო კანდიდატებზე სააგენტო "ივერონიც" წერს, რომლის ცნობით, "ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტში ძირითადი თანამდებობები, სავარაუდოდ, უკვე გადანაწილებულია. ივანიშვილი განათლებისა და მეცნიერების სფეროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ თავმჯდომარეს მაია მიმინოშვილს სთავაზობს, თუმცა, ვრცელდება ცნობები, თითქოს მას ძველ სამსახურში, ანუ გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაბრუნება სურს. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ფიქრობს, დაელოდოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს, თუ ივანიშვილს შს მინისტრის პოსტზე დღესვე დათანხმდეს. სავარაუდოდ, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი ჩაიბარებს. გარდა ამისა, არსებობს ვარუდი, რომ ჯანდაცვის მინისტრად კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვნელი, პროფესიით ექიმი დავით საგანელიძე დაინიშნება. თუ კოალიციასთან შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ეროვნული ფორუმის ლიდერი კახა შარტავა იქნება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად კი ან შოთა ხაბარელს მოისაზრებენ ან კახი კალაძეს. ცნობილია ისიც, რომ გაუქმდება ახლად შექმნილი დასაქმების სამინისტრო", - წერს სტატიის ავტორი.

"რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგები საკუთარ პროგნოზსაც გვთავაზობენ. პარლამენტის თავმჯდომარედ, სხვადასხვა ვერსიით, ვახტანგ ხმალაძე, დავით უსუფაშვილი, მანანა კობახიძე და ირაკლი ალასანია განიხილებიან. თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ იმასაც, რომ ვინაიდან თავად ივანიშვილის პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მანანა კობახიძეა, დიდი ალბათობით ივანიშვილის მიერ შედგენილ სიაში პარლამენტის თავმჯდომარედ კობახიძე იქნება. ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია ამბობს, რომ ძალიან რთულია პროგნოზირება, მაგრამ ის ეკონომიკურ ბლოკში დავით ონოფრიშვილისა და ნოდარ ხადურის კანდიდატურებს მიესალმებოდა", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

"ორივე ნამუშევარია ფინანსთა სამინისტროში, ერთი მინისტრი და მეორე - მინისტრის მოადგილე იყო, ხადური პლუს ეკონომიკის ექსმინისტრიცაა. თუ იმ პრინციპით მივუდგებით, ვის სად უფრო დიდი გამოცდილება აქვს, ონოფრიშვილი ფინანსთა მინისტრად და ხადური - ეკონომიკის მინისტრად უნდა დაინიშნოს. სოფლის მეურნეობა სხვა სპეციფიკაა და არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს, თანაც ეს ერთ-ერთი საკვანძო სამინისტრო იქნება ახალ კაბინეტში და დიდი ალბათობით ივანიშვილი ყველაზე სანდო პირს დანიშნავს. არსებობს ვერსია, სოფლის მეურნეობის მინისტრის პორტფელი დავით კირვალიძეს შესთავაზონ. ის მინისტრად ნამუშევარია და თან "რესპუბლიკელი" ვახტანგ ხმალაძის სიძეა. თუკი კირვალიძეს შესთავაზებენ, ეს მისასალმებელია. ის ძალიან გამოცდილია ამ სფეროში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ნარმანია.

"ცვლილებების დროს ყოველთვის არის საფრთხე, რომ ძველმა კაბინეტმა პოლიტიკური საბოტაჟის მაგვარი გადაწყვიტოს. ამიტომაც განსაზღვრულ მიმართულებებზე, მაგალითად, ენერგეტიკაში დარჩეს ძველი პირები და თუ მათ ხელში სიტუაცია გართულდება, გართულება მკაფიოდ დაბრალდება ძველი ხელისუფლების წარმომადგენელს. მერაბიშვილის კაბინეტმა შეიძლება ძველი ურთიერთობები გამოიყენოს და ხელოვნურად შექმნან კრიზისი. ამიტომ ამით "ქართული ოცნება" თავს დაიზღვევს. რამდენადად ვიცი, მსგავსი ხერხები შევარდნაძის მმართველობის დროს გამოიყენა მმართველმა პარტიამ. ენერგეტიკაში კრიზისი არ იყო ისეთი ღრმა, როგორც ამას მომავალი რევოლუციონერები გვაჩვენებდნენ. ხშირად საქართველოში იმ დროს არსებული კრიზისული სიტუაცია ხელოვნურად იყო შექმნილი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

"ანალოგიური პრობლემები შეიძლება გაჩნდეს სასჯელაღსრულების სისტემაში, სამართალდაცვით სისტემებში. აქ ისევ სააკაშვილის კადრი უნდა დაინიშნოს, რადგან ამ სისტემებში პასუხისმგებლობის აღება მგონი, შეიცავს ხელოვნურად კრიზისის შექმნის საფრთხეს. ამიტომაც უკეთესი იქნება, სააკაშვილის კადრს თავად გაუწიონ კონტროლი და აიძულონ ის, კარგად იმუშაოს. ლენინმაც კი, რომელმაც გადატრიალებით მოიპოვა ძალაუფლება, დატოვა მეფის თეთრგვარდიელები მინისტრებად და თავისი კომისრები დაუყენა კონტროლად, რომ უეცარი ცვლილებით ქვეყანაში კრიზისი არ მომხდარიყო. ასე ბეჯითად რომ სთავაზობენ სავარძლებს ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები "ქართულ ოცნებას", აქედან გამიჩნდა ეჭვი, ეს ხომ არ არის ის გეგმა, რომ ამ სავარძლებს ქვევიდან ბომბი დაუდონ", - დასძენს რამაზ საყვარელიძე.

"საყვარელიძე სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ალბათ ეკონომიკურ სექტორში პრობლემების გადაჭრისთვის იქნება გამოყენებული, პარლამენტის თავმჯდომარედ დავით უსუფაშვილს მოისაზრებს, ალასანიას შესახებ კი ამბობს, რომ მისი გამოყენება ძალოვან სტრუქტურებში ან დიპლომატიურ ასპარეზზე შეიძლება. დიპლომატიის აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე საგარეო უწყებაში ყველაზე კომპეტენტურ კადრად თედო ჯაფარიძეს მოიაზრებს, იუსტიციის მინისტრად კი უკონკურენტოდ მინდია უგრეხელიძეს მიიჩნევს", - სტატიის ავტორი.

"დიპლომატიაში თედო ჯაფარიძეზე უკეთესი კანდიდატურა "ქართულ ოცნებში" არ არსებობს. მას კონტაქტები როგორც აშშ-სთან, ისე რუსეთთანაც აქვს. ჯაფარიძე რომ არ არსებულიყო, ის ამ საქმისთვის უნდა შეექმნათ. თუმცა ის შეიძლება საპარლამენტო კომიტეტში შევიდეს. ამ თანამდებობაზე, როგორც ვიცი, სალომე ზურაბიშვილსა და ნინო ბურჯანაძესაც მოიაზრებენ. ბურჯანაძეს მეც დავუჭერდი მხარს. კარგი ფინანსთა მინისტრი იქნება ნოდარ ხადური. ონოფრიშვლის დროს კი არც სამინისტრო ბრწყინავდა და არც რკინიგზა. როდესაც ივანიშვილს გაცხადებული აქვს სოფლის მეურნეობაში 1 მილიარდის ჩადება, მის გუნდში ამ მიმართულებით სპეციალისტს ვერ ვხედავ. გარემოს დაცვის სამინისტროსთვის გია გაჩეჩილაძე უალტერნატივოა. თეა წულუკიანის სუბიექტური გულშემატკივარი ვარ, ის მშვენივრად იმუშავებდა იუსტიციის სამინისტროში, ან ნებისმიერ მაღალ თანამდებობაზე საკუთარი განხრით", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

"განათლების მინისტრად ლევან ბერძენიშვილი შეიძლებოდა, მაგრამ ის ლომაიას რეფორმას უჭერდა მხარს და ეს მისი მინუსია. თან არ მგონია, ლევანმა მოხელეობა მოინდომოს. შს სამინისტროში იმდენი ჭუჭყია, რომ ალასანიას ვერ გავიმეტებდი. იქ ძალიან ადვილია, პრეტენზიები წაუყენონ, რადგან ერთ წელიწადში ამ უწყებაში ცუდის მოსპობა, მარტო ახალაიას კადრების მოსპობაც კი შეუძლებელი იქნება. ალასანია "ქართულ ოცნებაში" არის ერთადერთი ახალი გენერაციიის პოლიტიკური ლიდერი და ის საპრეზიდენტო კანდიდანტი უნდა იყოს, ამიტომ ის შს უწყებისთვის არ უნდა გაიმეტონ. ალასანია ალბათ პარლამენტის თავმჯდომარედ ან რომელიმე კომიტეტის თავმჯდომარედ უნდა დანიშნონ. იუსტიციის მინისტრობისთვის ზედგამოჭრილია მინდია უგრეხელიძე. პარლამენტი იმდენად კონკურენტული იქნება, რომ იქ თინა ხიდაშელის მსგავსი პოლემისტის ყოფნა აუცილებელი გახდება და მისი მოცდენა კაბინეტისთვის დასანანია. საკადრო პოლიტიკა ქართულ პოლიტიკაში აქილევსის ქუსლია და ის განაცხადი, როცა ივანიშვილი ამბობს, რომ საკუთარი სია უკვე აქვს, სწორი სელექცია არ არის. არ ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილისთვის კადრების შერჩევის დროს ერთადერთი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი იქნება და არა ის, ვინ უფრო ახლობელია მისთვის", - დასძენს სოსო ცინცაძე.