"ბოკერიამ ციხის კადრების გავრცელების შემდეგ განაცხადა, რომ ეს იყო ხელისუფლების უხეში შეცდომა და არა დანაშაული - ასეთი განცხადების შემდეგ, საზოგადოებისთვის ბოკერიას არც ერთი განცხადება უკვე საინტერესო აღარ უნდა იყოს", - აცხადებს ექსპერტთა კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სოსო ცისკარიშვილი: "ბოკერიას განცხადებებმა აზრი დაკარგა".
"ყველა მოქალაქე თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში, წავიდეს სამსახურიდან, გადადგეს. ეს დემოკრატიულ სივრცეში ხდება და არა მგონია, სააკაშვილმა ასეთი გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად შეძლოს - ის კარგა ხანია საკუთარი გარემოცვის მძევალია. ამიტომ მას არჩევანი აქვს საკმაოდ მწირი: იგი ან უნდა გადადგეს ან სრულიად ცალსახად ჩამოშორდეს პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას. ოპოზიციაში მყოფი პარტიის არც ერთი ლიდერი არც ერთ ქვეყანაში არ გახლავთ ქვეყნის პრეზიდენტი. ამას უნდა გაცნობიერება, რომ არაადეკვატური იქნება ქვეყანაში ვითარება და არაერთი საფრთხის შემცველიც, როდესაც კაცი ამბობს, რომ პრეზიდენტია და ასევე ამბობს, ოპოზიციაში ვარ საკუთარ თავთანო!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
"რა თქმა უნდა, როცა უმცირესობაში რჩებიან, ოპოზიციაში უნდა გადავიდნენ. სხვაგან გადასვლის საშუალება მათ არ აქვთ. ნურავის დააყვედრიან საკუთარ თავს. არავინ აპირებს სისხლის სამართლის დანაშაულების გამოუძიებლობას, მაგრამ ერთ დღეში უსინდისო მოსამართლეების მრავალრიცხოვან რაზმს სინდისით ვერ მოამარაგებ. შეიძლება დაიწყოს ძიება, მაგრამ მისი შედეგით დასრულება მოითხოვს დროს. სააკაშვილს შეუძლია რომელიმე ქვეყანაში გაემგზავროს და იქ იღვაწოს", - მიიჩნევს ექსპერტი.
"არ გამოვრიცხავ, რომ არსებული მინისტრების მოადგილეები, ცხადია, გააჩნია სამინისტროებს, იმავე საგარეო საქმეთა სამინისტროს, ვინც ღირსეულად ასრულებდნენ თავის მოვალეობებს, დარჩნენ. ახალი რევოლუციური ტალღის მომძლავრება საკადრო გადაწყვეტილებებისას არ იქნება სასარგებლო მთლიანად ქვეყნისთვის. თანმიმდევრული და დროში გაწელილი ქმედებები იქნება და რამე მყისიერი რეაგირება შეიძლება მოხდეს იმ სისტემების მიმართ, სადაც გახლავან პოლიტიზებული შეიარაღებული ადამიანები" - დასძენს სოსო ცისკარიშვილი და შეკითხვას - "თქვენი აზრით, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ადამიანის უფლებათა დამცველები, მათი როლი ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობისა როგორი უნდა იყოს?" - პასუხობს:
"დამოუკიდებელი ანალიტიკოსები, არასამთავრობო სექტორი, არიან არა ნაწილი რომელიმე პოლიტიკური ძალის, არამედ ერთგულნი სახელმწიფო ინტერესებისა და დემოკრატიისა. დარწმუნებული ვარ, უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც განიხილებოდა ოპოზიციის მხარდამჭერად ანუ სამართლიანობის დამცველნი იყვნენ, შეიცვლის საქმიანობის სამიზნეს და დაინტერესდება დემოკრატიის იმ ხარისხით, რომელსაც გამოავლენს ახალი ხელისუფლება... ჯერჯერობით საშიშროებას არ ვგრძნობ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მაგიური ძალა აქვს სავარძელს, მწარე გამოცდილება გვაქვს, რა დაემართათ არასამთავრობო სექტორის იმ ადამიანებს, ვინც გახდა ნაცმოძრაობის აქტივისტი, დეპუტატი, თანამდებობის პირი სხვა სტრუქტურებში. ყურადღება უნდა დავუთმოთ არასამთავრობო სექტორში მყოფ პიროვნებათა ცნობიერების შენარჩუნებას, რასაც ჰქვია სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების და თავისუფლების ერთგულება. წარმოუდგენელია ჩემთვის, რომ ადამიანის უფლებათა დამცველები, რომელნიც ასეთი კრიტიკულები არიან ნაცმოძრაობის ველურობის წინააღმდეგ, რამემ გააჩუმოს იმ შემთხვევაში თუ ღმერთმა არ ქნას, რამე მსგავსს იპოვიან ახალი ხელისუფლების ქმედებებში".