"კოალიცია "ქართული ოცნება" გამარჯვებას ზეიმობს. ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მან ზუსტად გათვალა ყველაფერი და უკომპრომისო მუშაობის შედეგად ჩაუსახა ქართველ ხალხს იმედი. თუმცა დღეს უკვე აღარავის ახსენდება ის ადამიანი, რომელმაც ხერხემალში გადატეხა სააკაშვილის რეჟიმი და ივანიშვილის კოალიციასაც გაუკვალა გზა გამარჯვებისკენ - ეს გახლავთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ვლადიმერ ბედუკაძე. რომ არა ამ ადამიანის მიერ გამოტანილი ვიდეოჩანაწერები გლდანის საპყრობილიდან, "ქართული ოცნება" ვერ მიაღწევდა ასეთი ანგარიშით მოგებას, აქ ორი აზრი არ არსებობს", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით ლადო ბედუკაძე ივანიშვილს დახმარებას სთხოვს / "თუ გადავრჩი და არ მომკლეს, ყველაფერს ვიტყვი!"
"მაგრამ რას აკეთებს ამ დროს ივანიშვილის გარემოცვა ან თავად ივანიშვილი ამ ადამიანის გადასარჩენად, რომელიც ფაქტობრივად ღვთის ანაბარადაა მიტოვებული ბრიუსელში? მეტიც, ვლადიმერ ბედუკაძის ოჯახი ამჯამად სტამბულში იმყოფება ასევე საფრთხის ქვეშ. როგორც ბედუკაძე აცხადებს "ალიასთან" საუბარში, ის ყველამ მიატოვა და იმდენსაც ვერ ახერხებს, ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირდეს ნდობით აღჭურვილი პირის საშუალებით", - აღნიშნავს გამოცემა.
"როგორც ვიცი, ჩემი ოჯახი თბილისიდან გააცილეს არასამთავრობოების წარმომადგენლებმა, გელა ნიკოლეიშვილმა და უჩა ნანუაშვილმა, კიდევ ვინ იყვნენ, არ ვიცი. აეროპორტიდან მარტონი გამოფრინდნენ სტამბულში. უკვე 10 დღეა, მათთან იმყოფება "ობიექტივის" ორი ჟურნალისტი, ორივეს ნინო ჰქვია, გვარები არ მახსოვს. რაკი ესენი პატრონობენ, ესე იგი "ობიექტივია" ჩართული მაგ საქმეში, ხომ? მათ ჩამოყვანას რა უდგას წინ არ ვიცი, ვითომ ვიზას ამზადებენ და ამასობაში დრო იწელება, რაც ჩემზე ფსიქოლოგიურად მოქმედებს. მე მგონი, სპეციალურად წელავენ დროს, სხვა მიზეზს ვერ ვხედავ. როგორც კი ჩემი ცოლ-შვილი ბრიუსელში ჩამოვა, მე ავტომატურად ვიღებ პოლიტიკურ თავშესაფარს. რაც შეეხება ინტერპოლით ძებნას, კომისარიატში დავდივარ ყოველდღე, ეს არის ჩვეულებრივი პოლიცია თუ ჩემი დაკავება უნდათ, იქიდან ვინ გამომიშვებს? ამას აკეთებენ ჩემს შესაშინებლად. მაგათ ბელგიამ საერთო სთხოვა, საქმე გადმოგვეცითო - არც არაფერი გამოუგზავნიათ და არც არაფერი მოუთხოვიათ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვლადიმერ ბედუკაძე.
"ჩემთან კონტაქტზე ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი აქამდეც უნდა გამოსულიყო... ვიღაცები ჩამოვიდნენ ბრიუსელში, იძახიან, ივანიშვილის წარმომადგენლები ვართო, მაგრამ მე ნამდვილად ვიცი, რომ ისინი არ არიან. მაგათ მოისმინეს ჩვენი საუბარი და გამოაგზავნეს როგორც ივანიშვილის ხალხი - ამათ უნდათ როგორმე უნგრეთში ჩამიყვანონ, იქ დამაკავონ, მერე გადმომაფრინონ თბილისში და მიიღონ აღიარებთი ჩვენება. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ყველაფერი რომ ვილაპაკო, კიდევ უფრო დამძიმდება მაგათი საქმე. - ისეთი ფაქტებია, ვერც ერთი ვეღარ გამოძვრება!" - დასძენს ლადო ბედუკაძე
"თუ გადავრჩი და არ მომკლეს, ყველაფერს ვიტყვი, აქ ყოფნის პერიოდში ბევრი რამე გავიგე. ახლა ზოგიერთი ბრიუსელში მივრცელებს ჭორებს, თითქოს მე სააკაშვილის ზონდერი ვარ. თუ ვინმეს ჩემი დახმარება უნდა და მერე გადაგდება, არ გამოუვა, სანამ ცოცხალი ვარ. ახლა ჩემთვის მთავარია ოჯახი, რომელიც მძევლად ჰყავთ სტამბულში და ამით აშანტაჟებენ. ვერ ვლაპარაკობ, სანამ ცოლსა და ბავშვებს არ გამოვიხსნი. არანაირად არ აწყობთ ჩემი დამოუკიდებლობ და სიმართლე, ყველა მოღალატე აღმოჩნდა... დამიჯერე, აქაც მარტო დავრჩი და რომ არა ორი მეგობარი, ახლა ან მკვდარი ვიქნებოდი, ან კიდევ თბილისში ირაკლი ოქრუაშვილივით აღიარებით ჩვენებას მივცემდი. აღარავის აღარ ვენდობი ბიძინა ივანიშვილის გარდა... შენც გენდობი რაღაცნაირად, ვიცი, რომ დამეხმარები", - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვას - "რაც შემიძლია, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში დაგეხმარები. გირჩევ არ გაჩუმდე, დუმილი შენს წინააღმდეგ მუშაობს...", - პასუხობს.
"ვიცი და ამიტომ მჭირდება შენი დახმარება"