30 სექტემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ენით აუწერელი ტრაგედია დატრიალდა - 10 თვის ჩვილი, ბარბარე რაფალიანცი მშობლებმა წყლით სავსე ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს. ოჯახის წევრების გადმოცემით, ბავშვს პირველ სართულზე ეძინა, მშობლები კი ნათესავებთან ერთად მეორე სართულზე იმყოფებოდნენ. იმ საბედისწერო ღამით პატარა ბარბარეს დედა დასთან იყო სტუმრად. "მე მტრები არ მყოლია, ჩემი შვილი გიორგი ღვინიაშვილის ბიძაშვილების მუქარის შემდეგ მოკლეს", - განაცხადა დაღუპული ჩვილის დედამ თათია მექერიშვილმა.
მანვე იმ ადამიანების გვარებიც დაასახელა, რომლებიც, ტრაგედიის დღეს იმუქრებოდნენ. ესენი არიან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები, ძმები ილია და გიორგი მექერიშვილები, აგრეთვე, ზურა მექერიშვილი.
"სანამ ეს უბედურება დამატყდებოდა, ილია, გიორგი და ზურა მაღაზიასთან შემხვდნენ, გავიგონე, როგორ იმუქრებოდნენ: ვიღაცას ბომბი უკვე შევუგდეთ და ახლა გზის ქვევით ვინც ცხოვრობს, ნახავენ, ამაღამ რა დღე დაადგებათო. სწორედ იმ საღამოს მომიკლეს შვილი. მე სხვა მტერი არ მყოლია და არ ვიცი, სხვა რა ვიფიქრო. მე მათი გვარები პოლიციელებთანაც დავასახელე, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი მათგანი არ დაუკითხავთ", - განაცხადა დაღუპული ჩვილის დედამ.
შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ზღულაძემ ბარბარე რაფალიანცის საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და საზოგადოებას "შედეგის სწრაფად დადებას" შეჰპირდა.
მანანა ბერიკაშვილი, გურჯაანის რაიონის "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი.
- ქალბატონო მანანა, პარლამენტარი გოკა გაბაშვილი განარისხა თქვენმა პირველმა კომენტარმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იყო ჩაწერილი, და ის "ქართული ოცნების" პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობად ჩაგითვალათ...
- ბატონი გაბაშვილი სხვა რამეზე რომ განრისხდეს, უკეთესი იქნება. მე რა კომენტარიც აღელვებულმა გავაკეთე, ეს იყო ის, რასაც ამბობდნენ პატარა ბარბარეს დედა, დეიდა და მეზობლები. ეს ყველაფერი ჩაწერილია, მათგან მიღებული ინფორმაციაა, ასე რომ, ნუ განრისხდებიან. სამარცხვინო ის არის, რასაც გაბაშვილი ამბობს. მობრძანებულიყო გოკა გაბაშვილი იქ, დაენახა ქვევრში ჩამხრჩვალი ბავშვი და ვნახავდი, რა კომენტარს გააკეთებდა. რატომ არ მობრძანდა იქ არავინ? მომხდარიდან ერთი საათის განმავლობაში შოკირებული ვიყავი, მარტო მე კი არა, ყველა შოკში იყო.
მეორეც, იცით, ამ ტრაგედიას წინ რაც უძღოდა - პატიმრების თემას რომ ამ ბავშვის ტრაგედიაც დაერთო, ეს იყო გამაოგნებელი.
- ახლა რა მდგომარეობაა გარდაცვლილი ჩვილის ოჯახში და სოფელში?
- ბავშვის მამა მთელი ღამე ჰყავდათ დაკითხვაზე პოლიციაში, დილით გამოუშვეს. იმავე ღამით, თბილისიდან ჩამოვიდნენ ადვოკატები, მაგრამ ბავშვის მამამ ადვოკატის მომსახურებაზე უარი თქვა. ამასთანავე, შევიტყვეთ, რომ გურჯაანის ერთ-ერთ სოფელში სცემდნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს. ჩვენი ადვოკატები იქ გაცვივდნენ, რა დროსაც მათაც უმოწყალოდ გაუსწორდნენ. სულ წიხლებით არიან ნაცემი. ერთ მათგანს ტუჩი და თავი ჰქონდა გახეთქილი, ქალბატონმა ტვინის შერყევა მიიღო. ისინი რეანომობილით წაიყვანეს თბილისში. მოკლედ, ეს იყო კოშმარების ღამე.
- ითქვა, რომ ჩვილის დედას ეჭვი აქვს ვინმე გიორგი მექერიშვილზე...
- როგორც ბავშვის დედა და დეიდა ამბობენ, სწორედ ეს ადამიანი ცდილობდა მათზე ზემოქმედებას. ეს ყველაფერი "მე-9 არხის" ჟურნალისტებმა ჩაიწერეს. გამწარებული დედა კიოდა, ამათ მომიკლეს შვილიო.
ტრაგედიის ღამეს თბილისიდან ჩამოვიდნენ ქეთი დოლიძე, ნინელი ჭანკვეტაძე, ირაკლი ალასანია, სხვებიც... ამ ტრაგედიამ ყველა შეგვძრა. შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ ეს საქმე და დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს.
გიორგი ცაგარეიშვილი, პარლამენტარი, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი:
- ეს არის ყოველგვარ ზღვარს გადასული სისასტიკე. არ მინდა დავიჯერო, რომ ხელისუფლება ისეა ჭკუიდან გადასული, ასეთ რამეს სჩადის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი ამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა კრიმინალად, მაინც ვერ ვიჯერებ, რომ ქართველმა კაცმა ასეთი რამ ჩაიდინა. ხელაღებით ვერავის დავადანაშაულებ, მაგრამ როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ეს და სხვა მსგავსი შემზარავი დანაშაულის ფაქტები აუცილებლად იქნება გამოძიებული და ყველა ადამიანი, ვინც უნდა იყოს ის, მიეცემა პასუხისგებაში, ამის პირობას გაძლევთ. რამ განარისხა გოკა გაბაშვილი? რატომ მაშინ არ განრისხდა, როცა სანდრო გირგვლიანს კლავდნენ, როცა მამაკაცებს ცოცხით და ჯოხით აუპატიურებდნენ, ან მაშინ, როცა მიტინგებს არბევდნენ.ამიტომ, კომენტარი იმ ადამიანების გამონათქვამებზე, რომლებიც სექსუალურ მანიაკებს ამართლებენ, მათთან მეგობრობენ და მათ ემსახურებიან, ჩემთვის შეურაცხმყოფელი იქნება. აბა, სხვა რა უნდა თქვას გაბაშვილმა? საერთოდ, ადამიანი თავისი გათახსირებულობის ხარისხის მიხედვით მსჯელობს. ამ ხელისუფლებას იმდენი სისასტიკე აქვს ჩადენილი, ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ მინდა დავიტოვო მცირე იმედი, რომ ეს საშინელი დანაშაული არ არის ჩადენილი ხელისუფლების დაკვეთით და მათი გულშემატკივრების მიერ. თუ სიგარეტით და ცოცხებით პატიმრების გაუპატიურების შემდეგ სააკაშვილი ჩვილი ბავშვების ხოცვა-ჟლეტაზე გადავიდა, აქ აღარ არის ლაპარაკი მარტო პოლიტიკურ გადაცდომაზე, ეს არის უკვე დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ესენი არა მარტო კარგავენ მატერიალურ დოვლათს და მდგომარეობას საზოგადოებაში, ბევრი მათგანი - ღვინიაშვილები, გაბაშვილები, სააკაშვილები და სხვა სუბიექტები, სავარაუდოდ, ხანგრძლივი დროით ჩაჯდებიან საპატიმროებში, რომლებსაც ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის აშენებდნენ ამ ხნის განმავლობაში.
ეკატერინე ხერხეულიძე, უმრავლესობის წევრი:
- პირველ რიგში, მივუსამძიმრებ პატარა ბარბარეს ოჯახს. რა თქმა უნდა, ეს განუზომლად დიდი ტრაგედიაა, მაგრამ ამაზრზენი და აუტანელია ამ ფაქტის უკან განვითარებული მოვლენები, პოლიტიკური შეფასებები. როდესაც ბავშვის გარდაცვალების ფაქტი რომელიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა შეიძლება გამოიყენოს საწინააღმდეგო გუნდის მიმართ, ბუნებრივია, ეს არის საქართველოში ყველაზე დიდი ტრაგედია. ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას გასცემს პასუხს და ეს არჩევნების შედეგებზე აისახება.
- მაგრამ პირველად ხომ ოჯახის წევრებმა დაადეს ხელი ნაციონალების მომხრეებს, ბავშვის დეიდამ თქვა, რომ შვილის გატაცებით დაემუქრნენ.
- ასეთი რამ არ უთქვამს ოჯახის არც ერთ წევრს. მე ვადევნე თვალი მთლიან სიუჟეტს, ყველანი ვიყავით დაზაფრულები, მაგრამ შეგვრჩა იმდენი გონება, რომ ყველაფერი დაგვემახსოვრებინა. თქვეს, რომ მათ კოორდინატორს ემუქრებოდნენ, თუმცა ესეც დასადგენია, ემუქრებოდნენ თუ არა. მას ბავშვი საერთოდ არ უხსენებია. არ უთქვამს, რომ ბავშვის ირგვლივ იყო მუქარა. ბუნებრივია, ეს იყო გამოსავლის ძიება იმ უპასუხისმგებლო რეპორტაჟის გამო, როცა უმძიმესი კადრები, საშინელებათა ფილმშიც რომ შეგძრავს, აჩვენეს ქართველ საზოგადოებას, რომელსაც მეორე დღეს არჩევნები ჰქონდა.
- ბარბარეს დედამ დაასახელა ადამიანი, ვისზეც ეჭვი აქვს - გიორგი ღვინიაშვილის ნათესავი გიორგი მექერიშვილი.
- თქვენ ეს დაკითხვის ოქმებში ამოიკითხეთ? აღარ გვინდა, რა, ნიუსები. ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი ტრაგედიის შემდეგ დედა და დეიდა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ. ამიტომ კომენტარისგან თავს შევიკავებ.
სალომე მახარაძე, შსს-ს პრესსამსახურის უფროსი.
- ქალბატონო სალომე, თუ დაიკითხა ოჯახის წევრების მიერ ეჭვმიტანილი გიორგი მექერიშვილი, რომელიც, როგორც ითქვა, ძალოვანი უწყების თანამშრომელი ყოფილა?
- უკაცრავად, ასეთ მოსაზრებებს და კითხვებს პასუხს ვერ გავცემ. მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერს მაშინ გეტყვით, როცა კი ხელთ გვექნება ინფორმაცია. "ვიღაცამ რაღაც თქვა" - ასეთ ვერსიებს პასუხს ვერ გავცემ. ეს საქმე ქალბატონმა ეკა ზღულაძემ პირად კონტროლზე აიყვანა და გამოძიება ცდილობს, მაქსიმალურად სწრაფად დადოს შედეგი.
P.S. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული გოგონას მამამ განაცხადა, რომ პოლიციამ 2 ეჭვმიტანილი დააკავა. დაკავებულების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.