საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე "ინტერპრესნიუსი" მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტისა და მოსკოვის კარნეგის ცენტის წამყვან მენცნიერ-თანამშრომელს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს რამოდენიმე მოწვევის დეპუტატს, სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის ექს-თავმჯდომარესა და უსაფრთხოების კომიტეტების თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, ალექსეი არბატოვს ესაუბრა.
- ბატონო ალექსეი, როგორ შეაფასებდით საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიის არჩევნებში დამარცხებას?
- დადებითად. კარგია, როცა პარლამენტში უმრავლესობა არა მმართველ პარტიას, არამედ ოპოზიციას ჰყავს. ეს რეალურად აისახება ძალაუფლების გადანაწილებაზე, რის შედეგადაც სასამართლო, საარბიტრაჟო სასამართლო, პრესა თავისუფალი იქნება. პრესას შეეძლება, მიმართოს აღმასრულებელ ან საკანონმდებლო ორგანოს თუ იგი ჩინოვნიკებმა, მოსამართლეებმა ანაც ბანდიტებმა შეაწუხეს. ეს კარგია ადგილობრივი თვითმართველობების გასაძლერებლად. მიმაჩნია, რომ საქართველოში მშვიდობიანად ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები პოზიტიურად აისახება ქართული პოლიტიკური სისტემის განვითარებასა და სრულყოფაზე.
- სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში პირველად გახდა შესაძლებელი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. . .
- ხელისუფლება ჯერ არ შეცვლილა. შეიცვალა საპარლამენტო უმრავლესობა. საინტერესოა, რა იქნება 2013 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურება. კარგია, რომ თუნდაც არჩევნების გზით, კონსტიტუციის ჩარჩოებში შესაძლებელი გახდა საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის უმრავლესობით მოსვლა, რომ ხელისუფლებამ არ გამოიყენა ანაც იმდენად არ გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი, რომ ამას გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, ადგილი არ ჰქონია შედეგების ფალსიფიკაციას. ეს ყველაფერი კი მიუთითებს, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა სრულყოფილების, მოწიფულობისა და ცივილიზებული ფორმატისაკენ.
- ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და დარღვევების საკითხები ცალკე საუბრის თემაა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა განცხადება მმართველი პარტიის ოპოზიციაში გადასვლის შესახებ, რაც მისი მხრიდან, პრაქტიკულად კაპიტულაციის ტოლფასი იყო. . . .
- ისეთი ადამიანები, როგორიც სააკაშვილია, უბრალოდ კაპიტულაცის არ აცხადებენ. ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია. არ არის გამორიცხული, რომ თუ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, შემდეგ არჩევნებზე შედეგები სხვაგვარი იყოს. ასე რომ, ძნელია, წინასწარ იმაზე მსჯელობა, თუ რა იქნება მომავალში. მაგრამ, ის რაც მოხდა, უდაოდ კარგი მოვლენაა ქართული დემოკრატისთვის.
- რას იტყოდით საქართველოს ახალ ლიდერზე, ბიძინა ივანიშვილზე? იგი დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა რუსეთში და თავისი კაპიტალიც, რომელიც 6,4 მილიარდს შეადგენს, რუსეთში დააგროვა?
- მე პირადად არ ვიცნობ ივანიშვილს, მაგრამ კარგად ვიცნობ ბევრ ქართველ პოლიტიკოსსა და მეცნიერს, რომლებიც მის გუნდში არიან. მაგალითად, თედო ჯაფარიძეს. იმედი მაქვს, რომ თედო ჯაფარიძის ნიჭი და შესაძლებლობები საქართველოში ღირსეულად დაფასდება. როგორც უკვე გითხარით, ივანიშვილთან დაახლოებულ ბევრ ადამიანს ვიცნობ და მხოლოდ ამის გათვალისწინებით შემიძლია ვიმსჯელო საქართველოში არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერზე.
- თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს კრემლის რეაქცია ივანიშვილის გამარჯვებაზე? თავად ივანიშვილმა უკვე განაცხადა, რომ არც კრემლიდან და არც თეთრი სახლიდან ტელეფონით ჯერ არავინ დაკავშირებია, თუმცა, შეხვედრები ჰქონდა ამერიკელ კონგრესმენებთან . . .
- ჩემი აზრით, კრემლის რეაქცია დადებითი იქნება. კრემლი პრეზიდენტ სააკაშვილისადმი განსაკუთრებულ სიმპატიებს არასდროს არ გამოხატავდა და ვფიქრობ, რომ არჩევნებში მისი აშკარა დამარცხება არ შეიძლება, კრემლს არ ახარებდეს.
- სააკაშვილი ივანიშვილს კრემლის პროექტობაში სდებდა ბრალს. თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ივანიშვილი შესაძლოა, მართლაც კრემლის პროექტი იყოს?
- მე არა მაქვს ამის მტკიცების არანაირი საფუძველი. მეტიც, ეს რომ ასე იყოს, ამის დამადასტურებელი ფაქტებს სააკაშვილის ხელისუფლება დიდი ხნის წინ გამოაქვეყნებდა, რაც "ქართული ოცნების" ლიდერის რეპუტაციას საკმაოდ დიდ ზიანს მიაყენებდა. რადგან ამის დამადასტურებელი ფაქტები არ გამოქვეყნებულა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამგვარი ფაქტებიც არ არსებობდა.
- ივანიშვილმა განაცხადა - "რუსეთთან დაკავშირებით ვიქნებით კორექტულები, მაგრამ პრინციპულები". ივანიშვილის ფორმულა საკმაოდ საინტერესოდ კი გამოიყურება, მაგრამ დაძაბული ქართულ-რუსული ურთიერთობების გამოსასწორებლად ეს საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს?
- სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, რომელშიც ადამიანები დაიღუპნენ, ურთიერთობების აღდგენა ძნელია და დიდ დროს მოითხოვს. ამიტონ, პირადად მე, ამ თვალსაზრისით სწრაფ ცვლილებებს არ ველოდები. მაგრამ არის სფეროები, რომლებშიც პროცესის დაწყება და ურთიერთობების ფონის გაუმჯობესება შესაძლებელია. ეს კარგ საფუძველს შექმნიდა შემდგომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაწყვეტად. მაგრამ, მანამდე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მოსაგვარებელია სხვა საკითხები, მაგალითად რაც შეიძლება მალე აღდგეს კომუნიკაცია და მოქალაქეებს შეეძლოთ ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფლად მიმოსვლა. ჩვენ ხომ ყოელთვის მჭიდროდ ვიყავით ერთმანეთთან დაკავშირებული.
ამის გარდა, აღსადგენია ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობები. ურთიერთობები სამეცნიერო და საზოგადოებრივ წრეებს შორის და, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ურთიერთობები. სხვათა შორის, რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ყოველთვის ყვაოდა და ეს ის სფეროა, რომელშიც საჭირო იქნება ბევრი გაშვებული შესაძლებლობის აღდგენაზე ზრუნვა.
- წინასაარჩევნო პერიოდში ივანიშვილმა საგარეო პოლიტიკის საკითხებზე არაერთი განცხადება გააკეთა. მისი მტკიცებით, საქართველოს პრიორიტეტად კვლავ დარჩება ნატო-ში გაწევრიანება, მაგრამ იმავდროულად რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგება საგარეო პოოლიტიკის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. მისივე განმარტებით, ნატო-სკენ სწრაფვა და რუსეთთან ურთიერთობების აღდგება "ძნელი, მაგრამ მაინც შესაძლებელი იქნება". თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია ამ ორი, ერთმანეთისგან პრინციპულად განსხვავებული ვექტორის ერთდროულად რეალიზება?
- დღეისთვის რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთოერთობები არც ისე კარგია. ამ თვალსაზრისით, მათ მეტი რამ ჰყოფთ, ვიდრე - აერთიანებთ. მათ ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის მიერ რუსეთის ხმელეთისა და საჰაეროს სივრცის გამოყენება ავღანეთიდან ტრანზიტის განსახორციელებლად. ნატო-სთვის ეს ტრანზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ თვალსაზრისთ რუსეთი ავღანეთის ოპოერაციაში ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამიტომ ვამბობ, რომ ნატო-სადმი რუსეთის დამოკიდებულება არაერთგვაროვანია.
რა თქმა უნდა, რუსეთი არ მიესალმება საქართველოს სურვილს, გაწევრიანდეს ნატო-ში. ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ნატო-ში გაწევრიანების იდეას. ამ საკითხზე ჩემი აზრი ასეთია - მოდით, ამ საკითხების გადაჭრა არ ვიჩქაროთ და გარკვეული დროით გადავდოთ, ვიდრე თავად რუსეთში არ შეიცვლება ნატო-სადმი დამოკიდებულება. როდესაც რუსეთში დამოკიდებულება შეიცვლება, რუსეთი უფრო გაგებით მოეკიდება საქართველოს ალიანსში გაწევრიანების სურვილს. ახლა მთავარია, ცხენის წინა ურიკა არ დავდგათ. ჩვენ ძალიან ბევრ სფეროში უნდა შევძლოთ ვითარების გამოსწორება და ურთიერთობების აღდგენა, ხოლო რაც შეეხება ნატო-ს, ამაზე შეიძლება შემდგომ ვიფიქროთ. თუ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ბევრს სფეროში გაუმჯობესდა, შესაძლოა, საქართველომ ნატო აღარ ჩათვალოს თავისი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის ერთადერთ გარანტად.
- რამდენი არ ეცადნენ ჟურნალისტები, ივანიშვილს პუტინი გაეკრიტიკებინა ანაც ისევე უდიერად მოეხსენიება, როგორც ეს სააკაშვილს სჩვევია, მაგრამ ივანიშვილმა ამგვარ მცდელობებს ასე უპასუხა - "პუტინი რუსი ხალხის არჩევანია. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ რუსი ხალხის არჩევანს. მე მასთან არჩევნების შემდეგ შეხვედრა მომიწევს და სულაც არ არის აუცილებელი, იგი ვლანძღო". რას შეიძლება ნიშნავდეს პუტინისადმი ივანიშვილის ამგვარი დამოკიდებულება?
- ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანს აქვს თავისი პრინციპები და მათ თუნდაც პოლიტიკური დივიდენდებისა და გარკვეული კონიუქტურის გამო არ ღალატობს. ვიცი, რომ ქართულ საზოგადოებაში რუსეთის ხელმძღავნელების მიმართ საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება არსებობს. ივანიშვილს შეეძლო, ეს განწყობები გამოეყენებინა და სააკაშვილისთვის გარკვეული ხმებიც წაერთმია, მაგრამ ეს არ გააკეთა. ეს კი მხოლოდ ივანიშვილის სასარგებლოდ ლაპარაკობს.
- ბატონო ალექსეი, მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხები საქართველოსთვის ძალიან მგრძნობიერი თემებია. თქვენი აზრით, ივანიშვილის გაპრემიერმინისტრობის შემთხვევაში რამდენად სავარაუდოა, რომ შესაძლებელი გახდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოსაგვარებლად ახალი მიდგომების მოძებნა?
- არა მგონია, რომ ეს ივანიშვილის გაპრემიერ-მინისტრობის პირველივე პერიოდში იქნება შესაძლებელი. მაგრამ, იმედი მაქვს, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან ერთად შესაძლებელი იქნება დაძაბულობის მოხსნა, იმ ინსტრუმენტების გამოყენება, რომელიც ურთიერთობებს გააღრმავებს, გაიზრდება ნდობა და არაპროგნოზირებადობა სრულიად გამოირიცხება.
ჩვენ დღეს ვერ შევძლებთ ამ პრობლემების გადაჭრას, მაგრამ შეგვიძლია გავაკეთოდ ისე, რომ რასაც გავაკეთებთ, გამოდგეს კონფლიქტების მოგვარების ტრიგერად. ახლა მთავარია, ამაზე ვიყოთ ორიენტირებული.
მოდით, ნუ ვიჩქარებთ. ისტორიული გამოცდილება გვკარნახობს, რომ პრობლემები, რომელიც ახლა აბსოლუტურად გადაუწყვეტლად გვეჩვენება, დროთა განმავლობაში შეიძლება გადაიჭრას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტა ურთიერთმისაღებ საფუძველზე შესაძლებელი გახდეს.
- სხვათა შორის, ივანიშვილმა წინასაარჩევნო პერიოდში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოსაგვარებლად თავისი გეგმაზე უკვე ნაწილობრივ ისაუბრა. თქვენ როგორ შეაფასებდით ივანიშვილის ხედვებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოსაგვარებლად?
- გითხრათ სიმართლე, ამის შესახებ მასალებს მე ჯერ არ გავცნობირვარ. დროთა განმავლობაში გავეცნობი, შევისწავლი და შევეცდები, გავერკვე თუ რაზეა მათში საუბარი.