"თუ პარტიაში დარჩება, მაშინ ინგა გრიგოლია არის იგივე სააკაშვილი..."

ბოლო დროს ციხეში გადაღებულმა სასტიკმა კადრებმა საზოგადოება შოკში ჩააგდო. ვიდეო პირველად "მაესტროს" ეთერში შალვა რამიშვილმა გაავრცელა. მამუკა ღლონტი "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელია, მისი აზრით, რაც ციხეში ხდებოდა, ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა. ბოლო დროს მისი კრიტიკის ობიექტი გახდა "ქრისტიან-დემოკრატიული პარტია". ჩვენი რესპონდენტი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ყველაზე მეტ სტატუსს მათზე აქვეყნებს. საუბარი ორი კვირის წინ გასაჯაროებული პატიმრების წამების ამსახველი კადრებით დავიწყეთ.

- ჩემს ადრინდელ ინტერვიუებს თვალი რომ გადაავლოთ, სულ ვამბობდი, რომ ამ ადამიანებთან ლაპარაკი არ შეიძლებოდა. ეს არის ბოროტება... ახლა რომ გამოვიდნენ და ამბობენ, არ ვიცოდითო, რამდენი ფაქტი დაიდო, ადვოკატების, მათი თავმჯდომარის, მამაოების მხრიდან, რამდენი ვიდეოჩანაწერი არსებობდა, სადაც ამ თემაზე საუბრობდნენ და რამდენი მოხსენება გაკეთდა სახალხო დამცველის მხრიდან. ამის შემდეგ რომ აცხადებ, არ ვიცოდიო, ესე იგი, არ გინდოდა, რომ გაგეგო. მეტი რა უნდოდათ - ცაზე ხილვები? ეს ყველაფერი სააკაშვილის უშუალო ბრძანებით არის გაკეთებული.

- ხელისუფლებამ იცოდა ამ ვიდეოების არსებობის შესახებ?
- რა თქმა უნდა, იცოდნენ და თავისთვისაც იღებდნენ. ამით კაიფობდნენ კიდეც.

- როგორ შეიძლება, ამ ვიდეოებზე ჯანმრთელი ფსიქიკის მქონე ადამიანმა იკაიფოს?
- ვინ არის ჯანსაღი ფსიქიკის, ამიხსენით. მთელი ცხოვრება თეთრზე ამბობენ, რომ შავია. დავით დარჩიაშვილი აიღეთ, სულ დაველოდოთ გამოძიებასო - ამბობს, ამაზე ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ დავცინოდი.

- თავიდან ხალხი ბაჩო ახალიასა და ხათუნა კალმახელიძის გადადგომას ითხოვდა, შემდეგ დაისვა საკითხი მათი პასუხისგებაში მიცემის შესახებ, როგორ ფიქრობთ, მხოლოდ მათი გადადგომა საკმარისია?
- რა თქმა უნდა, არა. საბედნიეროდ, საზოგადოება გამოდის შიშიდან. თავიდანვე მოთხოვნა უნდა ყოფილიყო, რომ ისინი პასუხისგებაში მიეცათ.

- არსებობს აზრი, რომ ოპოზიცია სპეციალურად ინახავდა წამების კადრებს, წინასაარჩევნოდ რომ გაევრცელებინათ. ეს კადრები ადრე რომ გავრცელებულიყო, ბევრი პატიმარი გადაურჩებოდა წამებას.
- ერთი მხრივ, ხელისუფლებამ შეძლო მესამე დღეს თავის წამოყოფა. ექვსი თვით ადრე რომ გავრცელებულიყო, დღეს აღარავის ემახსოვრებოდა. ჩვენი საზოგადოება შემგუებელია, თუმცა ჩემთვის ეს მიუღებელია და რა წამსაც ჩამივარდებოდა ვიდეოები ხელში, მაშინვე გავახმოვანებდი.

- ხომ არ იცოდით მანამდე, რომ ასეთი ვიდეოები არსებობდა?
- არა, პირადად ჩემთვისაც კი დიდი მოულოდნელობა იყო. გადაცემა რომ დაიწყო, არ ვიცოდი, შალვა ასეთი კადრების გავრცელებას თუ აპირებდა.

- გაკეთდა რამდენიმე განცხადება, რომ ასეთი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდება.
- ჯერ ერთი, იმას ვიტყვი, რომ სხვა ქვეყნებში ასეთი რაღაც არ ხდება. ყველა იმ ქვეყნის დედა ვატირე, სადაც ასეთი რაღაცები ხდება. მეორეც, თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, სხვა ქვეყნებში ტერაქტებიც ხდება, პრეზიდენტებსაც კლავენ. ხომ არ შეიძლება, ეს საზომი იყოს. ეს არის მათი "გაპრავება" იმ გონებაჩლუნგი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც მათ იქით ვერ იყურებიან. აქ საუბარია იმაზე, უნდა იყოს თუ არა სააკაშვილი ხელისუფლებაში. მე ვის ვემხრობი, ივანიშვილს, კუკავას, ქდმ-ს თუ მდმ-ს, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, მთავარია, რომ ამათი ადგილი აღარ არის ხელისუფლებაში. გამოდის თეა თუთბერიძე და ამბობს, მირჩევნია, პატიმარი გაჟიმონ, ვიდრე საქართველოო. გაჟიმული პატიმარი გაჟიმული საქართველოა, გონებაჩლუნგ თუთბერიძეს ვეუბნები.

- როგორ ფიქრობთ, ნაციონალებს მხარდამჭერები ხომ არ შეუმცირდათ ამ კადრების გავრცელების შემდეგ?
- ნაცებს იდეური მომხრეები ჰყავთ და ვირთხები, რომლებიც მათით სარგებლობდნენ და ახლა უნდათ, ოცნებით ისარგებლონ. მე არც აქეთ მხარეს გადმოსული ადამიანების მჯერა და არც მათი გამოცვლილი მაისურების.

- მართალია, ბაჩო ახალაია გადადგა, მაგრამ მამას, როლანდ ახალაიას, მაჟორიტარობის კანდიდატურა არ მოუხსნია.
- არჩევნები აქვთ გასაყალბებელი და მათთვის ყველა მაჟორიტარი მნიშვნელოვანია. თუნდაც ბაჩო ახალაიას არ სცოდნოდა რა ხდებოდა იმ უწყებაში, ის იმიტომ გადადგა, რომ პასუხისმგებლობა აიღო, მისი მშობელიც ასევე პასუხისმგებელია და ღირსების ნასახი რომ ჰქონდეს, უნდა გადამდგარიყო, მაგრამ რა ღირსებაზეა ლაპარაკი, ეს არის სადისტების ოჯახი.

- ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს ერთ დიდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ამსგავსებენ.
- საქართველო ჰგავდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოს და ახლა რეალობას დაუბრუნდა. მათ შორის ჩემი მეგობრებიც, რომლებიც ათასგვარი სისულელეებით მიტენიდნენ ტვინს. "შუაშისტებზე" ვსაუბრობ, რომლებიც ნორმალური, წესიერი ადამიანები არიან, მაგრამ რაღაც უაზრო პრინციპებს არჩევდნენ მთავარ პრინციპს, რასაც ადამიანის თავისუფლება ჰქვია. სწორედ ახლა მოხვდა ცხვირში იმ ცოცხის სახით მთელ საქართველოს, რაც უნდა მოხვედროდა, იმიტომ, რომ საქართველო ამას იმსახურებდა. არასოდეს დამიმალავს, მეც იმ საქართველოს ნაწილი ვარ. ბოლო ათწლეულები 90%-ით აირჩიო პრეზიდენტები, წიგნი არ წაიკითხო, არ განვითარდე, არაფერი აკეთო და ეს ყველაფერი სხვა გარემოებებს აბრალო, ამას მიიღებ. ახლა ჭკვიანდება საქართველო, ისეთი სახეები აქვს ხალხს, როგორიც უნდა ჰქონდეთ. იმ ადამიანების სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ, რომლებიც საშინელ პროტესტს გამოთქვამდნენ და გამოთქვამენ და სტუმრად მიდიოდნენ "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" გადაცემებში ან მიჰყავდათ გადაცემები და დღესაც მიჰყავთ. მომკალით და, არ მესმის. შეიძლება, მათ გამართლება აქვთ და მე ვტყუი, მაგრამ არ მესმის გამოჩენილი პიროვნების, რომელსაც საზოგადოებრივი აზრის შექმნა შეუძლია, დღეს გამოდის, გულზე მჯიღს იცემს და მუშაობდა "რუსთავი 2"-ში ან სტუმრად მიდიოდა იქ რომელიმე გადაცემაში.

- მათი პროტესტი სატელევიზიოც უნდა ყოფილიყო?
- როგორ შეიძლება, მაროდიორებთან ითანამშრომლო. მიხვიდე მათთან, და­ჯდე, გული გადაუხსნა და რაღაც სისულელეები ილაპარაკო მათ გადაცემებში. რა უკვირთ ახლა "ვერის უბნის მელოდიების" ამ ადამიანებს. თუნდაც "იმედში" ნანუკა ჟორჟოლიანის ან მაია ასათიანის გადაცემაში რომ ისხდნენ, მაგ დროსაც აწამებდნენ პატიმრებს. მე არ ვლაპარაკობ ჟურნალისტებზე, ეს არის პიარკომპანია, რომელიც ბოროტ ძალას აპიარებს, ეს მათი ცოდვაა. მე ვლაპარაკობ იმ ადამიანებზე, რომლებიც მაშინაც პატიოსნები და წესიერები იყვნენ, მაგრამ ამდენს ვერ ხვდებოდნენ.

- შოუბიზნესიდან დღემდე ბევრი უჭერს მხარს ხელისუფლებას.
- მე მათზე არ ვლაპარაკობ. ამ კატეგორიაზე უკვე გითხარით, მე ამათ ისინი მირჩევნია, ვინც ისევ მათ რიგებში რჩებიან, ჩაჰყვნენ პოლიტიკურ სამარეში, ვიდრე ეს გადმომძვრალი ვირთხები.

- თქვენ მოწინააღმდეგე გუნდშიც გყავდათ მეგობრები, ასევე შოუბიზნესშიც.
- დიახ, მე ნაცებიც მყავს მეგობრები.

- ამ პერიოდში თუ გქონიათ მათთან მიმოწერა?
- ერთთან მქონდა, რომელსაც ავუხსენი, რომ მასთან საუბარი არ მსურდა.

- წეღან ახსენეთ თეა თუთბერიძე, მან ბაჩო ახალიას მისამართით დაწერა, რომ ამაყობს ამ ადამიანით.
- თეა თუთბერიძეზე ვერაფერს გეტყვით, მე არ ვარ სამედიცინო დარგის სპეციალისტი. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისევე, როგორც პრეზიდენტს, მასაც სამედიცინო დახმარება სჭირდება.

- თეა თუთბერიძე და მიშა თავხელიძე ხშირად სტუმრობდნენ "მაესტროს" და ხშირად ადანაშაულებდნენ თქვენს ტელევიზიას, რატომ მოგყავდათ ისეთი სახეები, რომელიც ხალხს აღიზიანებდა.
- ამ კითხვით პროდიუსერებს უნდა მიმართოთ, ჩვენ სარედაქციო დამოუკიდებლობაში არ ვერევით. როდესაც სოციალურ ქსელში მწერდნენ, კითხვას ვუბრუნებდი, მითხარით, რომელია ნორმალური ნაცი, რომელიც ნერვებზე არ გშლით და მოვიყვანთ. პასუხი არ აქვთ. პირადად ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის, თეა თუთბერიძე, მიშა თავხელიძე, გია ნოდია, ნუგზარ წიკლაური, სააკაშვილი ყველა ერთი და იგივეა, თანაბრად გშლიან ნერვებზე, გატყუებენ და დემაგოგობენ.

- მაინტერესებს თქვენი აზრი იმ გამოხმაურებაზე, რაც ამ ფაქტებს სხვადასხვა პარტიიდან მოჰყვა. სკანდალი მოჰყვა "ქრისტიან-დემოკრატების" სარეკლამო რგოლს, რომლებმაც საარჩევნო კლიპში წამების კადრები გამოიყენეს.
- ვინაიდან ბოლო დღეებში გინება დაშვებულია, მაპატიეთ და ასე გეტყვით, თუ ჩავთვლით, რომ ნაცები განავალია, ქდმ არის განავლის განავალი, იმდენად ცუდია "ქდმ". მე მათ ნაცები მირჩევნია.

- "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ანდაზებსაც კი იგონებთ "ქრისტიან-დემოკრატებზე".
- (იღიმება) გამარეკინეს... ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ვწერდი მათზე სტატუსებს. სარეკლამო კლიპებში ეს პატარა კაცუნები, გამოდიან, ყვირიან და ღრიალებენ. პატარა კაცები, პაწაწუნები, რომელთაც ყველაფერი დიდი უნდათ, თანამდებობა, პოსტები, ისიც ალბათ, რაც მამაკაცური ღირსებაა.

- ინგა გრიგოლიას "მაესტროზე" მუშაობა შესთავაზეთ, მაგრამ ბოლომდე ვერ გავიგეთ, მოხსნა თუ არა მან კანდიდატურა.
- კარგი ტესტი აქვს ახლა გრიგოლიას. ჩვენ მას სამსახური შევთავაზეთ, თუ ის "ქდმ"-დან წამოვა. თუ ის პარტიას დატოვებს, მაშინ ინგა გრიგოლია შეცდომაში იყო შეყვანილი, თუ პარტიაში დარჩება, მაშინ ინგა გრიგოლია არის იგივე სააკაშვილი, ახალაია და ციხის მწამებელი.

- როგორ ფიქრობთ, ინგა ნამდვილად შეცდომაშია შეყვანილი?
- მე მინდა, რომ ის იყოს შეცდომაში შეყვანილი. როცა შეცდომას აღიარებ, ის აუცილებლად უნდა გეპატიოს. ინგა ძალიან მიყვარს, პატივს ვცემ, წლების განმავლობაში ვიცნობდი. მინდა აღმოჩნდეს, რომ ის, უბრალოდ, მოტყუვდა.

- როგორია თქვენი მოლოდინი, ინტერვიუ ორშაბათს, პირველ ოქტომბერს გამოვა.
- ცუდი მოლოდინი მაქვს და ამ დროს ძირითადად არ ვცდები. სააკაშვილი არის პიროვნება, რომელსაც არ გააჩნია ეროვნება, სიყვარული, სიკეთე, გონება. მას აქვს მხოლოდ კუჭი და ის არის ბოროტი ადამიანი, ყველაფერს გააკეთებს, რომ გადარჩეს. შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ მე დაინტერესებული ადამიანი ვარ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ სტუდენტი დაიჭირეს, რატომ ძაბავ სიტუაციას? მე არ გამოვრიცხავ მის ერთ-ერთ გეგმას, სროლას, არეულობას, რომ მერე განდევნონ, წავიდეს და დარჩეს, როგორც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება იყო - ლეგიტიმურად, ვითომ... ან ომი დაიწყოს, ან რამე. ვერავინ მეუბნება, რატომ იქცევა ეს კაცი ასე. ეგ ვეღარ იპრეზიდენტებს - გამორიცხულია, სულ ასი პროცენტი რომ აიღოს, ელემენტარულად ამის ფული არ ექნება. ნდობა აღარ აქვს, პატივს აღარ სცემენ. იმისთვის აკეთებს ამ ყველაფერს, რომ გამოიწვიოს დაძაბულობა ან ომი დაიწყოს და მერე "დატყდეს" და დევნილობაში იყოს.

- გმირად იქცეს?
- ეგ გმირად ვერასოდეს იქცევა. ეგ თუ გმირად იქცევა, ამ ქვეყნის, დედამიწის დედა ვატირე.

- ამბობენ, რომ არჩევნების მერე აქციები თუ დაიწყება, შეიძლება, "მაესტრო" და "მეცხრე არხი" დაარბიონ. გჯერათ, რომ ხელისუფლება კიდევ ერთხელ გაბედავს ტელევიზიაში შესვლას?
- ერთხელ კი არა, ასჯერ გაბედავს. ჩვენ ჩვენს მოვალეობას შევასრულებთ, შემოვლენ და მოვიდნენ. "მაესტროში" და "მეცხრე არხზე" თუ შემოვიდა სპეცრაზმი, ეგ იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ყველა ოჯახში შევლენ, უბრალოდ, დრო დასჭირდებათ.