ზუგდიდში მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, როლანდ ახალაიას გამარჯვებას მაცხოვრის კარის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჯგუშია გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ მას რცხვენია 1 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების შედეგების, რომელიც ზუგდიდში დაფიქსირდა. მოძღვარმა წერილი "ლაივპრესს" გადასცა, სადაც ის მიმართავს როლანდ ახალაიას და ქალაქის მოსახლეობას, რომელთაც მხარი სწორედ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მიერ წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დაუჭირეს.
"ჩემო ძვირფასო ზუგდიდელებო, შემაწუხა სათქმელმა და თავი შემახსენა ცნობილმა აფორიზმმა: "ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების", სინდისმა ასე მიკარნახა, - თქმა სჯობს. ამით მეც გავთავისუფლდები დაგუბებული ნაღველისაგან და ალბათ ბევრი თქვენგანიც გამოუტყდება საკუთარ თავს იმ არჩევანის სიცრუესა და უკეთურებაში, რაც ჩვენმა ქალაქმა და, ალბათ, მთლიანად კუთხემ გააკეთა. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ ალბათ შიშით ან სხვა მიზეზით გადავდგით ნაბიჯი და გავაკეთეთ სამარცხვინო არჩევანი. არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის, არჩევანი ღირსებასა და უღირსებას შორის, არჩევანი სიმართლესა და სიცრუეს შორის.
იმ ცნობილი საშინელი კადრების შემდეგ გავრცელდა ჭორი, თითქოს როლანდ ახალაიამ კანდიდატურა მოხსნა. ნეტავ მართლაც ასე ყოფილიყო. ეს ბატონიც გადარჩებოდა ღირსების შელახვას და ზუგდიდელებსაც აგვაცილებდა ამ საშინელ სიცრუესა და ფარისევლობას. სამეგრელოში ხომ თითქმის ყოველ მეოთხე-მეხუთე ოჯახს ჰყავს ახლობელი პატიმარი. ეს კი უმეტესწილად ამ პიროვნების სინდისზეა. ბევრი მისი პირადი პატიმარია!!! ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ეს სახელმწიფოს მოვალეობაა. მსუბუქად რომ ვთქვა, ყველაფერი პატიოსნად რომ არ იყო, ყველამ კარგად ვუწყით.
იმ ხალხში, ვინც ბატონი როლანდის წინასაარჩევნო შეხვედრებს ესწრებოდა და აღფრთოვანებული ტაშს უკრავდა მის გამოსვლებს, ბევრი ნაცნობი სახე ვნახე, როგორც ასაკოვანი ხალხი, ასევე დღეს მოღვაწე პედაგოგები. პატივცემულო მასწავლებლებო, ალბათ სკოლაში რომ ბავშვი რამეს დააშავებს, იცელქებს ან გაკვეთილს არ ისწავლის, თქვენ დატუქსავთ და შენიშვნასაც მისცემთ, მაგრამ ასეთი კადრების შემდეგ თუ გავითვალისწინებთ თქვენს მცდარ არჩევანს, თქვენი აღსაზრდელი რომ შემოგიბრუნდეთ და გითხრათ: რა უფლება გაქვთ ჩვენ ზნეობასა და პატიოსნებაზე გველაპარაკოთო, რა პასუხს გასცემთ მათ? თქვენ ხომ თქვენი სინდისის წინააღმდეგ წახვედით და ამ ყველაფერს გამართლება მოუძებნეთ. დაგვაშინესო, იტყვით ალბათ, მაგრამ, მერწმუნეთ მათაც ექნებათ პასუხი, და ეს პასუხი არ იქნება თქვენთვის სასიამოვნო.
ამ წერილს არჩევნების შემდეგ ვწერ, იმიტომ რომ არავინ თქვას, სასულიერო პირები პროპაგანდას ეწევიანო. ჩემი მიზანი სულ სხვაა, მე მრცხვენია და მინდა თქვენც შეგრცხვეთ და დღეის ამას იქეთ მაინც ყური დაუგდოთ საკუთარი სინდისის ხმას და იქნებ რამენაირად სინანული შეძლოთ. ჭეშმარიტი სინანული კი ყველაფერს განსწმენდს.
ბატონო როლანდ, თქვენც იმავეს გისურვებთ, სინანული მოგმადლოთ ღმერთმა.
ქრისტესმიერი სიყვარულით უღირსი დეკანოზი გიორგი ჯგუშია".