ოქტომბრის ბოლოს ახალ მმართველ ძალას "ქართულ ოცნებას" მთავრობის დაკომპლექტება მოუწევს. პარლამენტში მძაფრი დებატები გველოდება - ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" სახით ალბათ, კრიტიკის ქარ-ცეცხლს დაატეხს თავს სამთავრობო ცვლილებების პროექტს. თუმცა მთავრობას უმრავლესობა ამტკიცებს.
მომავალი პრემიერ-მინისტრი ცნობილია - ის ბიძინა ივანიშვილი იქნება. მთავრობის წევრების სხვა კანდიდატურების შესახებ კი ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. თუმცა ფაქტია - კოალიციის ლიდერს აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტება თანაგუნდელებიდან მოუწევს და არსებული ვერსიით, კონკრეტული სამინისტროს ხელმძღვანელობაზე შესაძლოა, ერთი კი არა, რამდენიმე კანდიდატურაც განიხილებოდეს.
მაგალითად, ერთ-ერთი ვერსიით, შს მინისტრის თანამდებობა შეიძლება დაიკავონ როგორც ირაკლი ალასანიამ, ისე ლევან იზორიამ, სოზარ სუბარმა თუ შალვა შავგულიძემ. ალასანია პროფესიონალია, რადგან წლების მანძილზე უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო. იგივე შეიძლება ითქვას ლევან იზორიაზეც - "ქართული ოცნება" სწორედ მის სახელს უკავშირებს საქართველოში პოლიციის რეფორმის დაწყებას. არაპროფესიონალ კადრს ალბათ, ვერც ადვოკატ შალვა შავგულიძეს ვუწოდებთ.
თუმცა შავგულიძე შესაძლოა, იუსტიციის მინისტრადაც ვიხილოთ, ისევე როგორც თინა ხიდაშელი, დავით უსუფაშვილი ან თეა წულუკიანი. ისე, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ უსუფაშვილს იუსტიციის მინისტრობას მიხეილ სააკაშვილიც სთავაზობდა, თუმცა უარი მიიღო. ასევე, არ არის გამორიცხული, ივანიშვილს ხიდაშელი ან უსუფაშვილი უფრო საპარლამენტო ფლანგზე დასჭირდეს.
საინტერესოა, ვის წარადგენს თავდაცვის მინისტრის კანდიდატად "ქართული ოცნება". არჩევანი შესაძლოა, სოზარ სუბარს, ზვიად ძიძიგურსა ან კობა დავითაშვილს (თუმცა ეს ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა) შორის გაკეთდეს. იგივე "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ძიძიგური და დავითაშვილი ოპოზიციაში იმიტომ გადაბარგდნენ, რომ სააკაშვილმა მათი სურვილი თავდაცვის მინისტრობის შესახებ არ გაითვალისწინა.
სავარაუდოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის ყველაზე რეალური კანდიდატი ექსპერტი ნოდარ ხადური იქნება, ფინანსთა მინისტრობას კი დავით ონოფრიშვილს უწინასწარმეტყველებენ, რომელიც ამ პოსტზე 1998-2000 წლებში უკვე მუშაობდა.
დასავლეთში აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას, თუ ვის დანიშნავს ახალი მმართველი ძალა საგარეო საქმეთა მინისტრად. ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ დაუფიქსირებია სიმპათიები სალომე ზურაბიშვილის მიმართ და არ არის გამორიცხული, "ქართული ოცნების" ლიდერმა მას საგარეო უწყებაში დაბრუნება შესთავაზოს. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ივანიშვილს გუნდში ჰყავს კიდევ ერთი პროფესიონალი დიპლომატი - თედო ჯაფარიძე, რომელსაც ვაშინგტონში საკმაოდ დიდი კავშირი აქვს. არც ის იქნება მოულოდნელი, მოქმედი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რომ ეუთოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ვიქტორ დოლიძემ შეცვალოს.
პოლიტიკაში მოსვლისთანავე ივანიშვილმა "ქართუ ბანკი" ნოდარ ჯავახიშვილს ჩააბარა. იქნება თუ არა ჯავახიშვილის მომავალი თანამდებობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა ალბათ, ამასაც ოქტომბრის ბოლოს ვიხილავთ. ყოველ შემთხვევაში, ეს მისთვის ახალი ხილი არ იქნება - ეროვნულ ბანკს ჯავახიშვილი 1993-1998 წლებში ხელმძღვანელობდა.
ივანიშვილის მთავრობაში განათლების მინისტრის პოსტის დაკავების შანსი ასევე რამდენიმე კანდიდატს აქვს, მათ შორის, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ დირექტორს მაია მიმინოშვილს. სავარძლის გათავისუფლება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილსაც მოუწევს - სავარაუდოდ, შოთა ხაბარელისთვის. ნიკა რურუა კი კულტურის მინისტრის პოსტზე შესაძლოა, დავით მაღრაძემ შეცვალოს.
ახალ მინისტრთა კაბინეტში ალბათ, ერთ-ერთ საკვანძო პოსტზე ვიხილავთ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია და "ქართული ოცნების" ლიდერი მას ენდობა.
რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოხსენებული მხოლოდ ვერსიებია, თუმცა არც თუ საფუძველს მოკლებული. თუმცა ივანიშვილის მიერ მთავრობის წევრების კანდიდატურების შერჩევაზე გავლენა შესაძლოა, იმან მოახდინოს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერმა პირველ ეტაპზე თავისი მაჟორიტარების აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასროლაზე თავი შეიკავოს, რათა გამოთავისუფლებულ ოლქებში შუალედურმა არჩევნებმა პარლამენტში ძალთა ბალანსზე გავლენა არ მოახდინოს.