ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო - უთქვამთ ჩვენს წინაპრებს. ამ გამონათქვამის სისწორე კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც ქართულ ციხეებში არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა საკუთარი თვალით ვიხილეთ. მართალია, ყველამ იცოდა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ყველაფერი რიგზე არ იყო, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ანალოგიური რამ შეიძლება ითქვას ამ სისტემის სულისჩამდგმელთა ქონებაზე, მათ შემოსავალზე. ამის შესახებ ქართულ პრესაში ადრეც თქმულა და დაწერილა, მაგრამ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ჩვენი მკითხველისთვის.
"სათუთ-ხათუნი"
"სათუთი მინისტრი" - ამ ეპითეტით მოიხსენიებს "მაესტროს" პოპულარული გადაცემა "ყოველდღიური ა(მ)ბების" წამყვანი ვასიკო ოდიშვილი ხათუნა კალმახელიძეს, რომელიც გვარწმუნებდა - ქართულ ციხეებში ლამის ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს საკადრისი პირობები შევქმენითო... 2010 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით კალმახელიძე თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე, 15 კვმ ფართობის ავტოფარეხს ფლობდა. 2011 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად კი ხათუნა კალმახელიძის ქონებას 100 კვმ ფართობის ბინაც შეემატა, რომელიც კრწანისის პირველ ჩიხში მდებარეობს. ყოფილი მინისტრის უძრავ-მოძრავ ქონებას "ჰიუნდაის" მარკის ავტომანქანა და "როლექსის" საათიც ამშვენებს. რაც შეეხება მის მიერ გაწეული "შრომისა და ღვაწლის" ანაზღაურებას - 2011 წელს ხათუნა კალმახელიძის წლიური შემოსავალი 97 355 ლარი ყოფილა: წლიური ხელფასი 42 480, ხოლო პრემია - 54 875 ლარი (ეს მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ საინფორმაციო სააგენტო "პირველისა" და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ვებგვერდებზე).
2012 წელი "სათუთი" მინისტრისათვის უიღბლო აღმოჩნდა, რადგან პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ იძულებული შეიქნა, დაეტოვებინა თანამდებობა, რომელსაც ასეთი "სიყვარულით", "გულმოდგინედ" ემსახურებოდა.
ჩვენი დროის "გმირები"?!
ამ მახინჯი სისტემის ერთ-ერთი შემოქმედი ბაჩო ახალაია, შეიძლება ვიღაცისთვის მართლაც გმირია. გავიხსენოთ, პრეზიდენტმა ის თავდაცვის მინისტრად იმიტომ გადაიყვანა, რომ თურმე პენიტენციურ სისტემაში "გაქაჩა". საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მინისტრების ქონებრივი დეკლარაციებიდან გაირკვა, რომ 2009 წელს ბაჩო ახალაიამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე "სულ რაღაც" 70 ათას 865 ლარი გამოიმუშავა. 2011 წლის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ თავდაცვის მინისტრმა თბილისში, დოლიძის N46-ში 118 კვმ ფართობის ბინა შეიძინა 80 000 ლარად. წინამძღვრიშვილის N17-ში მდებარე ბინა და სარდაფი კი 120 000 ლარად გაასხვისეს.
ალბათ, მკითხველს დააინტერესებს, როგორი იყო "ჩვენი დროის გმირის" ანაზღაურება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ მუშაობისას. ბაჩო ახალაიამ ამ თანამდებობაზე მუშაობისას მიიღო, 2006 წელს 32 000 ლარი იყო, ხოლო 2007 წელს - 26 000 ლარი.
არანაკლებ შემოსავლიანი ყოფილა პენიტენციური სისტემა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ დიმიტრი შაშკინისათვის: 2009 წელს ამ პოსტზე მუშაობისას შაშკინს 70 886 ლარი გამოუმუშავებია, აქედან წლიური ხელფასი 42 480 ლარს, ხოლო პრემია 28 406 ლარს შეადგენდა.
კიდევ ერთი "გმირი", გვარად - ჭაკუა
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, დავით ჭაკუას შემოსავალი 2008 წელს 38 000 ლარი ყოფილა, აქედან წლიური ხელფასი 24 600 ლარი, ხოლო პრემია - 13 400 ლარი. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ყოფნისას, 2010 წელს, ჭაკუას წლიური შემოსავალი 70 250 ლარი იყო: აქედან წლიური ხელფასი 30 240, ხოლო პრემია - 40 010 ლარს შეადგენდა. 2011 წელს ჭაკუას წლიური შემოსავალი კიდევ უფრო გაიზარდა და 93 090 ლარი გახდა, საიდანაც წლიური ხელფასი 30 240 ლარი იყო, ხოლო პრემია - 62 850 ლარი.
როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია, თუმცა ჩვენს საზოგადოებაში გაჩნდა კიდევ ერთი მტკივნეული კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს - რისთვის ვუხდიდით ამ ხალხს პრემიებს - პატიმრების ცემა-ტყეპისა და წამებისთვის?!