"ეს პროცესი, ის, რაც ხდება, ლოგიკურია. `ვარდებით~ მოსული და პოლიტიკურ პარტიად წოდებული კრიმინალური დაჯგუფება ცივილიზებული მსოფლიოს თვალწინ ყოვლად სამარცხვინოდ, "ცოცხებითა" და ქვების სროლით ასრულებს ცხრაწლიან მოღვაწეობას. "ლიბერალური დემოკრატიის" ნიღაბი ჩამოფხრეწილია და იქიდან სისხლით მთვრალი კანიბალის სახე გვიყურებს. ბოლშევიზმსა და კანიბალიზმს ისტორიამ განაჩენი გამოუტანა. ნაცებს ისტორიული პერსპექტივა არ აქვთ. მაგრამ ისიც ცხადია, რომ მათთან ერთად არც ქვეყანას ექნება პერსპექტივა, თუ ქართველმა ხალხმა მთელ ამ კოშმარს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი არ დაუსვა", - აცხადებს მწერალი კოტე ჯანდიერი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ეს არის არჩევანი მონობასა და თავისუფლებას შორის" / "დემოკრატიის ნიღაბი ჩამოფხრეწილია და იქიდან სისხლით მთვრალი კანიბალის სახე გვიყურებს".
"წინასაარჩევნო პროცესებიც სწორედ ისე განვითარდა, როგორც მოსალოდნელი იყო: სახელმწიფო რესურსის უკონტროლო, თავხედური გამოყენების, საღი აზრის ფარგლებიდან გასული უკანონო ფინანსური ჯარიმების, ტოტალური დაპატიმრებების, საყოველთაო მოსმენების, ძალადობის, მუქარის, შანტაჟის, მოსყიდვის ფონზე. ფსევდოლიბერალურ ტოტალიტარიზმს სხვაგვარად არც ქვეყნის მართვა შეუძლია და არც არჩევნებში გამარჯვება. საბედნიეროდ, ჩვენს ხალხს რეალური, ძლიერი ალტერნატივა გამოუჩნდა ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" სახით. მაგრამ, პირადად ჩემთვის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო სტუდენტობის, საერთოდ ახალგაზრდობის გამოსვლა ავანსცენაზე. ეს მიუკერძოებელი, არაანგაჟირებული, გულწრფელი საპროტესტო ტალღა იმ მორალური ძალის მქონე აღმოჩნდა, რომელმაც სასიკეთოდ და შეუქცევადად გადატეხა სიტუაცია. იმ დრამატულ დღეებში ჩვენ ხელახლა გავიცანით ჩვენი შვილები, ვიგრძენით სისუფთავისა და სამართლიანობის მაცოცხლებელი სურნელი და ჯანსაღი ენერგია, რაც ასე აკლდა ჩვენს მრავალწლიან ბრძოლას უსამართლობის წინააღმდეგ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კოტე ჯანდიერი.
"ერთ ღამეს, როდესაც მე და ჩემი მეგობარი ქუცო მაჭარაშვილი, რამდენიმე ჩვენი თაობის კაცთან და სასულიერო პირებთან ერთად აღშფოთებულ ახალგაზრდებსა და პოლიციის კორდონს შორის აღმოვჩნდით, პირველად ამ ცხრა წლის განმავლობაში ბევრი პოლიციელის სახეზე გაოცება, დაბნეულობა და თანაგრძნობაც კი ამოვიკითხე. მიხარია, რომ ერს სინდისი და თვითგადარჩენის ინსტინქტი ბოლომდე ვერ დაუკარგეს ხელისუფლებაში მოსულმა მანქურთებმა და "ახალი ჯიშის" გამოყვანით დაკავებულმა ფრანკენშტეინებმა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მას მერე, რაც მსოფლიომ იხილა მათი ნამდვილი სახე, სრული სისულელეა საუბარი პროგრესული ხელისუფლებისა და რეტროგრადი ოპოზიციის მენტალურ შეუთავსებლობაზე. სააკაშვილსა და მის კრიმინალურ დაჯგუფებას შეუთავსებლობა ოპოზიციასთან კი არა, ისტორიასთან, კალენდართან, ცივილიზაციასთან და ადამიანურობასთან აქვთ. მათი ღირებულებათა სისტემა უკონტროლო ძალაუფლებაზე, ტოტალურ კონტროლზე, შიშზე, სისხლიან ფულსა და ცოცხებზეა დაფუძნებული. მათ საქართველო ცივილიზებული სამყაროს მიღმა აღმოაჩინეს. ამისი შენიღბვა ლიბერალური რიტორიკით უკვე შეუძლებელია", - განმარტავს მწერალი.
"ჩემი აზრით, ნორმალურ ვითარებაში შემოქმედი ადამიანის ადგილი საწერი მაგიდა, სამხატვრო სტუდია, სცენა ან გადაღების მოედანია და არა პარლამენტის დარბაზი. მაგრამ, ეს არ არის არჩევნები ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. ეს არც უკეთეს და უარეს პარტიულ პროგრამას შორის გასაკეთებელი არჩევანია. ეს არის ეგზისტენციალური არჩევანი მონობასა და თავისუფლებას შორის. ჩვენ ან მუდმივ შიშსა და ძრწოლაში უნდა დავრჩეთ, ან ჩამოვირეცხოთ ეს დიდი ეროვნული სირცხვილი და საკუთარ ქვეყანას, საკუთარ შვილებსა და საკუთარ თავსაც ნორმალური ცხოვრებისა და განვითარების პერსპექტივა დავუბრუნოთ. ამ პოლიტიკურ კანიბალიზმთან ბრძოლაში ვალდებულია, ჩაებას თითოეული მოქალაქე, განურჩევლად ასაკისა, ეროვნებისა და პროფესიისა", - მიიჩნევს კოტე ჯანდიერი.
"არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვება ლოგიკურია. მსოფლიოში ჯერ ვერავინ და მათ შორის ვერც ამ რეჟიმმა მოახერხა ადამიანისგან ზომბის შექმნა. ნაცმოძრაობის ეს უტოპია არ შედგა და სამარცხვინო კრახით დასრულდა. ეს არის მთელი ქართველი ერის გამარჯვება და ნათელ გზაზე გასვლა, - ნაბიჯი ჭეშმარიტი ცივილიზაციისაკენ, დემოკრატიისაკენ, კეთილდღეობისაკენ, ნორმალური ადამიანური ურთიერთობისაკენ. საქართველოს მოსახლეობამ, ქართველებმა და არაქართველებმა სამოქალაქო გმირობა ჩაიდინეს, არ შეეშინდათ და ეს ვამპირების კრებული _ სასტიკი რეჟიმი დაამარცხეს", - დასძენს კოტე ჯანდიერი.