"თუ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა შედგება, შეიძლება გადაიხედოს რაღაც-რაღაცები და პრეზიდენტსაც მაშინ მივხედავთ"

"დიახ, მე პირადად ველოდი ასეთ შედეგს, თუმცა უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო. მიმაჩნდა, რომ 60/40-ზე შეფარდებით გავიმარჯვებდით, საბოლოოდ, ალბათ, ამ მონაცემისგან ხუთიოდე პროცენტით განსხვავებულ შედეგებს მივიღებთ. ასევე ვვარაუდობდი, რომ ბარიერს ვერ გადალახავდა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა". მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, გადაელახა, მაგრამ ახლა ამაზე ხალხთან კამათს არ ვაპირებ", - აცხადებს "რესპუბლიკური პარტიისა" და კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი გაზეთ "ყველას სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "თუ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა შედგება, შეიძლება გადაიხედოს რაღაც-რაღაცები და პრეზიდენტსაც მაშინ მივხედავთ".

"პრეზიდენტი სააკაშვილი რომ შეეცდებოდა ვითარებიდან მშრალად გამოსვლას, ამას ველოდები მას შემდეგ, რაც მან ბაჩო ახალაია გადააყენა, ანუ როცა მან გამოამჟღავნა გარკვეული პოლიტიკური მოქნილობა. გეთანხმებით, რომ არჩევნების საღამოსვე დამარცხების აღიარებას მისგან ბევრი არ ელოდა, მათ შორის მეც, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ სამოქალაქო ომი და დაპირისპირება არ იქნებოდა. ამას ვეუბნებოდი ყველას, ვინც ამის თაობაზე მეკითხებოდა, თუმცა პასუხად თითქმის ყველა ამბობდა, ეგ ისე არ იზამს, კუდი არ მოიქნიოსო. კუდის მოქნევის ელემენტები აშკარად ჩანდა, თუმცა არ ჩანდა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. სამოქალაქო დაპირისპირებას სჭირდება ორი მხარე, რაც ქვეყანაში არ ყოფილა. სააკაშვილს, შექმნილ ვითარებაში გარკვევაში, რა თქმა უნდა, ძალიან დაეხმარნენ ქვეყნის გარედან, რისთვისაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მადლობა უნდა ვუთხრათ. დიდი ალბათობით, მართლაც ასე იყო, რომ აშშ-ში ბოლო ვიზიტისას, მან საკმაოდ მკაცრი გაფრთხილება მიიღო არჩევნების თაობაზე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.

"ჯერ ძნელი სათქმელია, როგორი იქნება პრეზიდენტთან თანამშრომლობა, ამას ვითარება გვაჩვენებს. სააკაშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მათ შორის პოლიტიკური თანამშრომლობისკენ საკმაოდ მოქნილი ნაბიჯების გადადგმა. თუმცა მიმაჩნია, რომ საბოლოოდ ეს მაინც ვერ იქნება ფეხაწყობილი ურთიერთობა და, ალბათ, გარკვეულ ეტაპზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ - ვგულისხმობ იმას, რომ თუ პარლამენტში შედგება კონსტიტუციური უმრავლესობა, შეიძლება გადაიხედოს რაღაც-რაღაცები და პრეზიდენტსაც მაშინ მივხედავთ. მაგალითად, დაზუსტდეს, როდის ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები და დაინიშნოს, მაგალითად, 2013 წლის 5 იანვარს. ახლა არ გვყავს ამგვარი უმრავლესობა, მაგრამ შესაძლოა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატთა ნაწილი მალე ჩვენს პოზიციაზე გადმოვიდეს ასეთი რამ აქამდეც მომხდარა და ალბათ მომავალშიც მოხდება. რა თქმა უნდა, შევიკრიბებით ქუთაისში, მაგრამ როდესაც გვეყოლება კონსტიტუციური უმრავლესობა, მაშინ შეიძლება გადაიხედოს ეს საკითხიც. მიმაჩნია, რომ თბილისი უნდა იყოს სრულფასოვანი დედაქალაქი და სწორედ აქ უნდა იყოს პარლამენტი", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ძალიან სამარცხვინო ფაქტი მოხდა ხაშურში, სპეცრაზმი შევიდა საარჩევნო უბნებზე, რაც კანონით დაუშვებელია, გამოიყენეს ცრემლმდენი აირი და რეზინის ტყვიები, მოგეხსენებათ, ხაშურის მაჟორიტარობის ჩვენი კანდიდატი ვალერი გელაშვილი ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების გარიჟრაჟზე, პრეზიდენტის ბრძანებით, ისე სცემეს, სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ეს თავდასხმა დღემდე გამოუძიებელია, თუმცა ყველამ იცის, ვინ ჩაიდინა. ეს იყო პრეზიდენტის პირადი შურისძიება და რაც ხაშურში ხდებოდა, ესეც სააკაშვილის პირადი შურისძიებაა. ამ ფაქტმა ასევე აჩვენა ცენტრალური საარჩევნო კომისიის უხერხემლობა. კომისიის თავმჯდომარე, იმის მაგივრად, რომ პრინციპულობა გამოეჩინა, გამოვიდა და განაცხადა, არ ვიცი, ხაშურში რა ხდებაო", - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი და შეკითხვას - "სოციალურ ქსელში გია ნოდიამ ასეთი რამ განაცხადა: `ამჯერად, ფულმა დემოკრატია დაამარცხა. მისი გადარჩენისთვის აუცილებელია, არ მოხდეს "ნაციონალური მოძრაობის" დემორალიზაცია და დაშლა. ივანიშვილის ავტორიტარიზმის საფრთხე სერიოზულია და ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, მას ხელი შეუშალოს, "ნაციონალური მოძრაობაა" - პასუხობს:

"მესმის, რომ ნოდიას ფულის მიმართ აქვს ზუსტად ისეთი დამოკიდებულება, როგორიც უნდა ჰქონდეს ტიპს, რომელმაც თავის დროზე სააკაშვილს გაუყალბა ექზიტპოლი, მერე ცოტა ხანს მისი მინისტრიც იყო და ა.შ. მასზე ვერ ვიტყვი, რომ გაუნათლებელი კაცია, ის არის ერთ-ერთი ძლიერი ინტელექტუალი ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მიხეილ სააკაშვილთან მეგობრობამ გია ნოდიას სინდის-ნამუსი გაუწყვიტა. მისი მოსაზრება საინტერესოა, მაგრამ არა მნიშვნელოვანი. ვიმეორებ, მაგას თუ მიხეილ სააკაშვილი თავისი ცოცხებით დემოკრატი ჰგონია, ნიშნავს, რომ ვერ არის მთლად კარგად ზნეობასა და მორალთან".

"სააკაშვილისა და ივანიშვილის რა გარიგებაზეა ლაპარაკი? და ამ გარიგების შემდეგ შეიყვანა სპეცრაზმი ხაშურის საარჩევნო უბნებში?! არჩევნების დასრულების შემდეგ ორივე თავის ადგილზე იმყოფებოდა - პრეზიდენტი სააკაშვილი თავის ბანდიტებთან ერთად იყო, გივი თარგამაძესა და მისნაირებს ვგულისხმობ, ბიძინა ივანიშვილი კი იყო ხალხთან. არანაირი შეხვედრა არ გამართულა, არავითარი გარიგება არ გვჭირდება, ეს ხელისუფლება ამის გარეშეც მოვიშორეთ. სხვათა შორის, არჩევნების დღეს სააკაშვილის განცხადება იყო უფრო მისიანების შეგუების მცდელობა დამარცხებასთან, თანაც ცოტა შეაგულიანა იმით, რომ უთხრა, მაჟორიტარულ ოლქებს ვიგებთო", განმარტავს ლევან ბერძენიშვილი

"არც ერთი პროფესიონალი არ დაკარგავს სამსახურს პოლიტიკური თვალსაზრისის გამო. რაც შეეხება პოლიტიკურ ელიტას, კანონის მიხედვით, პარლამენტი რომ შეიკრიბება, მთავრობა უნდა გადადგეს, შესაბამისად, დაკომპლექტდება მინისტრთა ახალი კაბინეტი. ახალი მთავრობა პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს პარლამენტს. თუ ახალ მთავრობაში ისევ იქნებიან ეს მინისტრები, ბუნებრივია, არ დავამტკიცებთ, თუმცა ეს ასე არ მოხდება, ამიტომ ეს ხალხი ნამდვილად დაკარგავს სამსახურს. ახლა შაშკინმა რომ დაკარგოს მინისტრის სავარძელი, ამაში არაფერი იქნება ცუდი. ეს არის უვიცი ადამიანი, რომელმაც ქვეყანაზე არაფერი იცის. არადა, სამი სამინისტროს მინისტრი იყო, განსაკუთრებით სასაცილო კი მაგის განათლების მინისტრობა იყო. თუმცა მინისტრების მოადგილეებს, დეპარტამენტის უფროსებს, რიგით თანამშრომლებს ნუ შეეშინდებათ მათ გარდა, ვისაც რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, მათ საქმეზე დამოუკიდებელი სასამართლო იმსჯელებს. მინისტრთა კაბინეტზე ჯერ არ გვიმსჯელია - ჩვენი მთელი ძალისხმევა მიმართული იყო არჩევნების მოგებისკენ. ახლა დავსხდებით, მოვილაპარაკებთ, შევთანხმდებით. ეს უახლოესი მომავლის საქმეა", - დასძენს ლევან ბერძენიშვილი.