ახალი სახელისუფლებო რეალობა - ვინ და როგორ დააკომპლექტებს მთავრობას

ახალი სახელისუფლებო რეალობა - ვინ და როგორ დააკომპლექტებს მთავრობას

"პრეზიდენტმა არჩევნებში დამარცხება აღიარა და თავისი გუნდით ოპოზიციაში მიდის. ამასთან, ის გამარჯვებულ ძალას მთავრობის დაკომპლექტებას სთავაზობს და ამბობს, რომ ყველანაირად შეუწყობს ხელს ქვეყანაში რეფორმების გაგრძელებას, მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტების შეხედულებებს არ იზიარებს. ივანიშვილი კი ამბობს, რომ დღეს სააკაშვილისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნაა - ეს განცხადება "ქართული ოცნების" ლიდერმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა დამარცხება აღიარა და თქვა, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობის დასაკომპლექტებლად გამარჯვებულ ძალასთან ითანამშრომლებს.", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პრემიერ ივანიშვილის მთავრობა პრეზიდენტ სააკაშვილის პირობებში / ახალი სახელისუფლებო რეალობა - ვინ და როგორ დააკომპლექტებს მთავრობას.

"პრეზიდენტის განცხადების შემდეგ ჯერჯერობით ისევ მმართველ უმრავლესობას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. ისინი პარტიის ცენტრალურ ოფისში სააკაშვილთან ერთად თათბირობდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მთავრობის სრული შემადგენლობა პრემიერის ჩათვლით, უშიშროების საბჭოს მდივანი, მაჟორიტარობის კანდიდატები. ოფისში მივიდნენ, აგრეთვე, ყოფილი მინისტრები ბაჩო ახალაია და ხათუნა კალმახელიძე. შეხვედრის შემდეგ არც ერთ მათგანს კომენტარი არ გაუკეთებია. პრეზიდენტმა უკვე თქვა, რომ ის ოპოზიციაში მიდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველი უმრავლესობა სტატუსს კარგავს და ისინი ქვეყნის მართვაში გადაწყვეტილების მიმღებნი ვეღარ იქნებიან. ამიტომაც მთავრობის დაკომპლექტება მთლიანად ივანიშვილს მოუწევს. მთავრობის დაკომპლექტებამდე კი მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა პარლამენტის შეკრების და უფლებამოსილების ცნობის საკითხი. პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის ბოლო ვადა 21 ოქტომბერია. თუმცა, კონკრეტული თარიღი დამოკიდებულია ცესკოს მიერ საბოლოო მონაცემების გამოქვეყნებაზე, რაც არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით უახლოეს დღეებში მოხდება", - აღნიშნავს გამოცემა.

"ახალი პარლამენტი ქუთაისის პარლამენტის შენობაში უნდა შეიკრიბოს და შეკრებისთანავე უნდა გადაწყდეს პარლამენტის თავმჯდომარის დანიშვნის საკითხიც. პარლამენტის თავმჯდომარეს ირჩევენ პარლამენტის წევრები ხმათა უმრავლესობით საკუთარი შემადგენლობიდან. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ამ თანამდებობაზე ვის კანდიდატურას გადაწყვეტენ. ორი თვის წინ, როდესაც "ქართული ოცნების" სიას სათავეში კახი კალაძე ჩაუყენეს, ივანიშვილმა თქვა, რომ ეს ავტომატურად არ ნიშნავდა კალაძის პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატად მოაზრებას და იგივე გაიმეორა გუშინაც. არაოფიციალურად კი არსებობს მოლოდინი, რომ ამ თანმდებობაზე ან ირაკლი ალასანია და ან დავით უსუფაშვილი დასახელდება. თუმცა, ამაზე "ქართული ოცნებიდან" ჯერჯერობით არავინ საუბრობს", - განაგრძობს გამოცემა.

"ახალ მთავრობაში ერთად-ერთი თანამდებობა, რომელიც უკვე ერთი წელია, ზუსტად არის ცნობილი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაა და მას ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს. მას შემდეგ, რაც ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა, რამდენჯერმა ღიად ითქვა, რომ ის "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნებოდა. გუშინდელ პრესკონფერენციაზე მან ამ თემაზეც ისაუბრა და საქართველოს ხელისუფლებას მისთვის ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება სთხოვა. "მივმართავ დღევანდელ ხელისუფლებას, ათი თვე გადის, რაც ეს საქმე გაიჭედა და ჩვენ ვერ ვახერხებთ მის სტრასბურგამდე მიტანას. მე მგონი, ხელისუფლებას ეყოფა ნება იმისა, რომ სასამართლოს მისცეს საშუალება, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს და აღმიდგინოს საქართველოს მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ ჩამომართვეს", - თქვა ივანიშვილმა. მისივე განმარტებით, მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობის აღდგენა, თუ შესაბამისი ნება იარსებებს, ერთ კვირაში იქნება შესაძლებელი...", - დასძენს გამოცემა.

"აქამდე პრეზიდენტი ყველაფერს ერთპიროვნულად წყვეტდა და მმართველი უმრავლესობაც უპრობლემოდ ეთანხმებოდა. ამ შემთხვევაში კი, როგორც თავად სააკაშვილიც აღიარებს, მას უმრავლესობა აღარ ეყოლება და, შესაბამისად, პრემიერმინისტრისა და მთავრობის შემადგენლობის შეთანხმება გამარჯვებულ ძალასთან - კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" მოუწევს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რომელიმე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი მინისტრის პოსტი "ნაცმოძრაობამ" შეინარჩუნოს. ცხადია, მნიშვნელოვანი მინისტრების შენარჩუნებას ორივე მხარე მოინდომებს. ამიტომაც ამ შემთხვევაში საინტერესო ის არის, თუ ამისთვის მხარეებს რა ბერკეტები გააჩნიათ. პრეზიდენტის ბერკეტად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მას პარლამენტის დათხოვა შეუძლია. მაგრამ ამ შემთხვევაში სააკაშვილი ამ შესაძლებლობას ვერ გამოიყენებს, რადგან ახლად არჩეულ პარლამენტს პირველი ექვსი თვის განმავლობაში ვერ დაითხოვს და ვერ დაითხოვს ასევე თავისი პრეზიდენტობის ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში - ეს ექვსთვიანი ვადები სააკაშვილს პარლამენტის დათხოვნის შანსს არ აძლევს." - წერს სტატიის ავტორი სტატიის ავტორი.

"თუმცა, პრეზიდენტს შეუძლია, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა დანიშნოს პარლამენტის თანხმობის გარეშეც. კანონმდებლობით, პრეზიდენტი საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციის შემდეგ შეარჩევს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას, ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დააკომპლექტებს მთავრობის შემადგენლობას და წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. თუ პრეზიდენტის პრემიერობის კანდიდატურას პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა, მას აქვს უფლება, მეორეჯერ და მესამეჯერ წარუდგინოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა და მთავრობის შემადგენლობა. ამის შემდეგ პრეზიდენტს შეუძლია, თავად დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის შემადგენლობა. ასეთ შემთხვევაში კი პარლამენტი არ დაამტკიცებს ბიუჯეტს და პრეზიდენტს რჩება დეკრეტის გამოცემის შესაძლებლობა, რომლითაც ბიუჯეტი პარლამენტის თანხმობის გარეშე შევა ძალაში. თუმცა, ცხადია, რომ ეს არის უკვე სამთავრობო კრიზისი და რეალურად ასეთი სცენარის განვითარება გამორიცხულია, რადგან პრეზიდენტმა თქვა, რომ ყოფილი უმრავლესობით ოპოზიციაში მიდის", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

"უმრავლესობის ოპოზიციაში გადასვლა კი იმას ნიშნავს, რომ ისინი მთავრობის დაკომპლექტებაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ, რადგან ასეთ შემთხვევაში ისინი უკვე უმრავლესობის სტატუსს მიიღებენ და სააკაშვილის გუნდის წევრები აღარ იქნებიან და მაინც მთლიანად აიღებენ მთავრობის პასუხისმგებლობას. ამიტომაც ცალსახაა, რომ მინისტრთა კაბინეტის მთლიანი დაკომპლექტება ივანიშვილს მოუწევს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, მისი გუნდიდან ვინ რომელ სამინისტროს ჩაიბარებს. ივანიშვილმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ "მთავრობის ფორმირების გეგმა ჯერ არ გაგვაჩნია. ახალ კაბინეტს ვერ დაგისახელებთ. ეს შიგნით გუნდში უნდა გადავწყვიტოთ", - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მისი გუნდის წევრებიდან ჯერჯერობით "არავინ იცის, ვის რას ვუპირებთ". "მთავარია, რომ ჩვენ უნდა დავაბალანსოთ მთავრობა და ყველას შესატყვისი პოზიცია ჰქონდეს", - აღნიშნა მან. ამასთან, მან ისიც თქვა, რომ "ვერც ერთი მოქმედი მინისტრი მათი გუნდის წევრი ვერ გახდება და მათ შორის ვერც ვანო მერაბიშვილი". თუმცა, მან ამის შესაძლებლობა არ გამორიცხა მინისტრის მოადგილეების შემთხვევაში", - დასძენს სტატიის ავტორი.

"ასეთ შემთხვევაში კი გამოდის, რომ მთავრობა იქნება ერთი გუნდიდან და პრეზიდენტი მეორე გუნდიდან და მათ მუშაობა ასეთ პირობებში ერთი წლის განმავლობაში მოუწევთ. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძალოვანი გუნდი პრეზიდენტს ემორჩილება და არა პრემიერს. ასეთმა მდგომარეობამ კი, შესაძლოა, პრობლემები შექმნას. პარლამენტს კი რეალურად პრეზიდენტის გადაყენება არ შეუძლია. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭიროა ან საკონსტიტუციო (თუ პრეზიდენტს კონსტიტუცია აქვს დარღვეული) ან უზენაესი სასამართლოს (თუ სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი) თანხმობა მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების საკითხის კენჭისყრაზე დაყენებისთვის. გადაწყვეტილებას კი საკონსტიტუციო უმრავლესობა იღებს. მაგრამ, თუ საკონსტიტუციო სასამართლოდან უარყოფითი დასკვნა იქნა მიღებული, ანუ პრეზიდენტის ქმედებებში არ იქნა აღმოჩენილი კონსტიტუციის დარღვევის ნიშნები, მაშინ იმპიჩმენტის პროცედურა უნდა შეწყდეს. ამიტომაც ივანიშვილი სააკაშვილის მხრიდან შემდგომ ლოგიკურ ნაბიჯს, მის გადადგომასა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნაში ხედავს", - განმარტავს გამოცემა.

"რადგან მან შეძლო დღეს გაეკეთებინა განცხადება და არჩევნებში დამარცხება აღიარა, მისი ლოგიკური გაგრძელება და კიდევ ერთი სვლა იქნება, თუ ის დაწერს განცხადებას, გადადგება და დანიშნავს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. მგონია, რომ ის გადადგომას თავად მოახერხებს", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ "ამით ის სახეს შეინარჩუნებს. სიმართლე გითხრათ, მე მის მომავალზე დიდად არ ვზრუნავ, მაგრამ თუ სააკაშვილი მოახერხებს და თავად გადადგება, ამით კარგ მომავალს გაიკეთებს. ეს იქნება მისი მხრიდან ყველაზე სწორი ნაბიჯი"... პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში კი უკვე კონსტიტუციაში გახდება ცვლილება შესატანი, რადგან სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ახალი ნორმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის უფლებების გაძლიერებას ითვალისწინებს, საერთოდ ვეღარ ამოქმედდეს, რადგან კონსტიტუციაში წერია, რომ ეს ნორმები ძალაში შედის "2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ". სააკაშვილის გადადგომის შემთხვევაში კი საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს ვეღარ ჩატარდება", - დაასკვნის სტატიის ავტორი.