გაიტანეს!

გაიტანეს!

როცა შეთქმულთაგან ერთ-ერთმა იულიუს კეისარს მეტელოს ციმბელის ძმის შეწყალება დაჟინებით მოსთხოვა, კეისარმა შესძახა:

«იქით! ოლიმპს უბედავ შეძვრას»!

ამ სცენის უსუსურ გამეორებას ჰგავდა მიხეილ სააკაშვილის კომიკური თავდაჯერებული განცხადება თავისი მომხრეების

ერთ-ერთ მიტინგზე:

«ეგღა მაკლია, ამათ დავუტოვო ჩვენი აშენებული ქვეყანა»!

აკლდა. დაატოვებინეს! დაატოვებინა ხალხმა, რომელიც ფარშევანგის კუდივით გაფხორილმა მმართველმა 9 წელიწადს ჯოჯოხეთის ცხრა რკალში წინ და უკან ატარა.

არ უნდოდა წასვლა. არც ეგონა, რომ ადგილიდან დაძრავდა ვინმე და თავისი, იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, პირით არჩევნების წინ მიმართა ძალოვანი სტრუქტურების კარგად დაფინანსებულ ზონდერებს, მანქურთებს, ჩინოსნებსა და უჩინოთ:

_ ჩვენი გამარჯვებისთვის აკვანში ბავშვის მოკვლა რომ დაგჭირდეთ, მოკალით!

არც აპირებდა წასვლას, მაგრამ, გაიტანეს!

დასანანია, ძალიან სამწუხაროა, რომ ერთგულად შესრულდა ბელადის მითითება: გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში კოალიცია «ქართული ოცნების» კოორდინატორის ოჯახიდან 9 თვის ბავშვი გაიტაცეს... დამხრჩვალი ბავშვი მიტოვებულ ქვევრში იპოვეს.

«ჩვენ არა მარტო უნდა გავიმარჯვოთ, არამედ ძალიან მაგრად უნდა გავიმარჯვოთ», _ ყელყლაობდა სააკაშვილი სტუდენტების წინაშე, ანუ სხვაგვარად, _ ტლინკაობდა.

გაიტანეთ ასე «მაგრად გამარჯვებული» გრენლანდია, რომლის სახელია მიხეილ სააკაშვილი, გაიტანეთ, სანამ მთელი საქართველო ოსვენციმში გამოცდილი გაზით არ დაუწამლია: 2 ოქტომბერს, არჩევნების ღამეს, ხაშურში, მესამე საარჩევნო უბანზე, სპეცრაზმის მიერ ხალხის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით სახალხო გმირებმა და სამშობლოს დამცველებმა შეკრეს 2007 წლის 7 ნოემბერს დაწყებული და 2011 წელს გაგრძელებული ციკლი ადამიანების დაწამლვის.

ასე «მაგრად» უნდოდა გაემარჯვა.

გაცოფდა «გრენლანდია» _ და გამოასვენეს პალატა #6 თვითმფრინავიდან, რომელიც ღრუბელ-ღრუბელ დამალვაში იყო დაოსტატებული.

«დღევანდელი დღე უდიდესი ზეიმის დღეა! ესპანეთში არის მეფე... ეს მეფე მე ვარ», _ გოგოლის «შეშლილის ჩანაწერების» გმირის მონოლოგის ციტირებას იწყებს იმიუოჭპნძღ ყრვეინმკ მიხეილ სააკაშვილი.

«ესპანეთის მეფის» კვალს მიჰყვნენ და გაქრნენ ქართული პოლიტიკიდან «კუდზე შემართული ხვლიკები», ანუ პოლიტიკური ქამელეონები, ნაციონალ-ბოლშევიკების თანამგზავრი პარტიები, ცრუოპოზიცია სხვადასხვა ფერისა და ერთი მრწამსის _ გაყიდული «კონსტრუქციული» პოლიტფენა კლონირებული ისკარიოტელის, იუდასი.

გაიკრიფა შუაშისტების ჯეჯილი, მიშას ნიადაგში ფესვებგადგმული პარაზიტების.

ამერიკამ თავისი «შობელძაღლი» საქართველოდან გაათრია!

ამოვისუნთქეთ ჩვენც და ამერიკამაც. ჩვენ _ თუნდაც იმიტომ, რომ... თუმცა სანამ ამ მიზეზს ვიტყოდე, რობერტ სტურუა უნდა მოვიშველიო – მისი «სომეხია!» გავიხსენო... სომხებს არაფერს ვერჩი, არც რობიკო ერჩოდა, უბრალოდ, ხაზი გაუსვა ფაქტს. ცნობისათვის, ამ ფაქტის უარყოფა არც ერთხელ არ უცდია არც გათრეულს და არც მის ხროვას! ისე ძალიან საინტერესო ფორმაა ოკუპაციის თანამედროვე ფორმა: სულ არაფერში გჭირდება ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი ომები, ტერიტორიის საჯარისო ნაწილებით დაკავება, ადგილობრივ მოსახლეობაში ამბოხის ჟინის ჩასაკლავად ყველა დაბა-ქალაქში გარნიზონის ჩაყენება, ტყესა და ღრეში პარტიზანების დევნა – საკმარისია, ქვეყნის პირველი პირი იყოს შენი სისხლისა და ხორცის, შენი სასიცოცხლო ინტერესების გამტარებელი და ის ქვეყანა ოკუპირებული გაქვს.

ცხრა წელიწადს გრძელდებოდა საქართველოს ოკუპაცია; ცხრა წელიწადს გრძელდებოდა საქართველოში ტირანია და, როგორც იქნა, დასრულდა, როგორც იქნა, გაათრიეს...

ახლა მთავარია, ერთი დიქტატურიდან ახალ შარში არ ამოვყოთ თავი და ძალიან, ძალიან ფრთხილად ვიყოთ.

მადლობა ნორლანდს, რომ გაგვატანინა გრენლანდია, მაგრამ ნორლანდიც ადამიანია, თანაც ამერიკელი და თანაც დიპლომატი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, თავისი ქვეყნის, აშშ-ის, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და, მისი ეს დახმარება უანგარო ფილანტროპიად რომ ჩავთვალოთ, ძალიან მიამიტები უნდა ვიყოთ.

არ ეგების, არ ივარგებს, კიდევ ერთხელ რომ ვუის შევეყაროთ და, როგორც მამათი მოგვანატრა სააკაშვილმა, ისე მოგვანატროს ახალმა ცოცხმა ძაღლივით გათრეული «გრენლანდია»...

რადგან ცოცხი ვახსენე და თანაც ახალი, აქვე ვიტყვი, რომ საზოგადოების უპირველესი მოლოდინი დღეს არის არა სასწრაფო და უპირობო თანამშრომლობა «ოცნებასა» და «ნაცებს» შორის, როგორც უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, არამედ იმ პირების (უკლებლივ ყველას!) მკაცრი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რომლებიც ციხეებში ცოცხით სოდომიასა და ტანჯვა-წამებას ატრიალებდა.

ვისაც სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის და (არ მიწყინონ სხვა ჭირისუფლებმა) უამრავი ჩვენი თანამემამულის სისხლში აქვს ხელი გასვრილი, ყველამ პასუხი უნდა აგოს. ეს არის საზოგადოების უპირველესი მოთხოვნა და შეკვეთა ქართული ოცნებისადმი. საზოგადოების უპირობო მოთხოვნაა, დაინგრეს, ამოიშანთოს ტოტალიტარიზმის ყველა ნიშანი და დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომლებმაც ტოტალიტარული სისტემისთვის, მისი სახელით, მისი ბრძანებით დანაშაული ჩაიდინეს.

წერილის სათაურში კი დავწერე გაიტანეს-მეთქი, მაგრამ სააკაშვილი გატანილი მანამდე არ იქნება, სანამ «ქართული ოცნება» და ბატონი ბიძინა არ გასცემენ მკაფიო და ერთმნიშვნელოვან პასუხს კითხვაზე:

აღიარებს თუ არა «ქართული ოცნება» სააკაშვილის მმართველობას, როგორც ტოტალიტარულ რეჟიმს და მზად არის თუ არა, მოექცეს ამ რეჟიმის ნარჩენებს ისე, როგორც მათ ცივილიზებულ სამყაროში ექცევიან?

კითხვა ძალიან მარტივია და, ინტერპრეტაციისთვის ადგილი რომ აღარ დარჩეს, უფრო გასაგებად გავიმეორებ: გაასამართლებს თუ არა ახალი პოლიტიკური ძალა მიხეილ სააკაშვილს და მის რეჟიმს?

ამ კითხვას მოკლე პასუხი აქვს: ჰო ან არა! 

სწორედ ამ პასუხზე ბევრადაა დამოკიდებული, ვისგან იქნება ახალი ხელისუფლება ლეგიტიმირებული, ხელდასმული – ქართველი ხალხისგან თუ აშშ-ისა და ბატონ ნორლანდისგან, რომელიც ასე დრულად დაგვეხმარა ძაღლთაპირი ტირანის გატანაში.

ლეგიტიმაციის წარმომავლობა ამ შემთხვევაში უკიდურესად მნიშვნელოვანიაო... თუნდაც იმიტომ, რომ თავის დროზე შევარდნაძეც და შემდეგ სააკაშვილიც აშშ-ს მიერ იყვნენ ლეგიტიმირებულნი, მაგრამ, როგორც კი მათ თავიანთი რესურსი, ასე ვთქვათ, გამოიმუშავეს, ამერიკელებმა ერთიც და მეორეც გაიტანეს. ეს იმიტომ მოხდა ასე, რომ ერთიც და მეორეც ხელდასმული იყო არა ქართველი ხალხის მიერ, არამედ იმისგან, ვინც, საბოლოო ჯამში, გაიტანა კიდეც...

არავითარი ნიშნის მოგება, არავითარი ჩასაფრებული პოზიცია, მსურს და დარწუნებული ვარ, «ქართული ოცნების» მრავალფეროვანი შემადგენლობა თუ არა, ბატონი ბიძინა მაინც, აუცილებლად გაითვალისწინებს, რომ მისი ლეგიტიმაცია, მისი ხელდასმა არავითარ შემთხვევაში არ გასცდეს ქართველ ხალხს, რადგანაც ყველა გარეშე ხელდამსმელი ისეთივე გაწაფულია ხელდასმულის «ჩამოწერაში», როგორც ჟონგლიორი _ ბურთულების ბზრიალში...

ქართველ ხალხს კი დღეს უპირობოდ სურს, განსასჯელის სკამზე იხილოს რეჟიმის ყველა შემოქმედი _ დაწყებული მიხეილ სააკაშვილით, დამთავრებული გურგენ დონაძით, რომელმაც ლამის პირდაპირ ეთერში გააყალბა სისხლის სამართლის საქმის ნივთმტკიცება. ქართველ ხალხს უპირობოდ სურს განსასჯელის სკამზე იხილოს არჩევნების პერმანენტული გამყალბებლები.

და ამ, უკაცრავად და, «ყოფით მანკიერებებს» რომ თავი დავანებოთ, ადრე თუ გვიან ჩვენს ქვეყანაში უნდა დადგეს დრო, როდესაც ქვეყნის პირველი პირი, უმაღლესი მთავარსარდალი, პასუხს აგებს წაგებული ომისთვის, დაკარგული ტერიტორიებისთვის და ათიათასობით უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანისა და ბრიყვული ავანტიურისათვის შეწირული ასეულობით ადამიანის სიცოცხლისთვის.