ვილფრედ მარტენსი:

ვილფრედ მარტენსი:"ბიძინა ივანიშვილის მოწოდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მიუღებელია და არის პირდაპირი შეტევა დემოკრატიის წინააღმდეგ

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა. მარტენსის განცხადება ევროპის სახალხო პარტიის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
მარტენსის განცხადებით, საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა გაზარდა ქვეყნის დემოკრატიული მონაცემები, მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები სუფთა კამპანიას არ აწარმოებენ.
"მე დიდ ყურადღებას ვაქცევ არჩევნების შედეგებს და ვიწონებ რეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქციელს, რომელმაც პატივი სცა ხალხის არჩევანს და ხელი შეუწყო ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას.
მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, დემოკრატიული დებატები გაიმართება არა ქუჩებში, რამედ პარლამენტში, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იქნება ოპოზიციური პარტია.

ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" (რომელიც არის ევროპის სახალხო პარტიის წევრი პარტია) მთავრობამ გააძლიერა დემოკრატია და კანონის უზენაესობა საქართველოში. არ არის გასაკვირი, ეუთო-ს განცხადება, რომ '"ქართველმა ხალხმა თავისუფლად გამოხატა თავისი ნება და არ დაფიქსირებულა სერიოზული დარღვევები არჩევნების დღეს"", - აცხადებს მარტენსი.

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წყალობით, საქართველო გახდა ჭეშმარიტად დემოკრატიული და ევროპული ქვეყანა.
"რა თქმა უნდა, ევროპის სახალხო პარტია მონიტორინგს გაუწევს ახალ მთავრობას, რომელიც ჩამოყალიბდება ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ. დავაკვირდებით, შეძლებს თუ არა ახალი მთავრობა შეინარჩუნოს ქვეყნის დემოკრატიული მიღწევები და საქართველოს სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
მაგრამ საკვირველია, მიუხედავად იმისა, რომ ხმებს ჯერ კიდევ ითვლიან, ბატონმა ივანიშვილმა მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომისკენ. ეს მოწოდება არის სრულიად მიუღებელი და პირდაპირი შეტევააა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ.

აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ ყველა ის ევროპელი პოლიტიკოსი, რომლებმაც დღეს უკვე მიულოცეს ივანიშვილს გამარჯვება, საჯაროდ დაგმობენ მის მოწოდებას პრეზიდენტისადმი და მოითხოვენ ამ სიტყვების დაუყოვნებლივ უკან წაღებას. მე მჭიდროდ ვითანამშრომლებ ჩვენი ევროპის სახალხო პარტიის საპარლამენტო ჯგუფებთან ევროპის პარლამენტში, ევროსაბჭოსა და ეუთო-ში, რათა დაცული იქნას ქვეყნის დემოკრატიული მიღწევები; მე ასევე მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა სხვა შესაბამის ინსტიტუტებს, გააკეთონ იგივე და განსაკუთრებით კი ევროკომისიას, რომელიც საქართველოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ასოცირების შეთანხმების შესახებ", - აცხადებს მარტენსი.