მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარი პარტიის - ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” - მარცხი აღიარა, კიდევ უფრო აქტუალური გახდა შეკითხვა - რა სცენარით განვითარდება მოვლენები ახალი პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის ფორმირების პროცესში. და ეს მაშინ, როცა დღეს მოქმედი კონსტიტუცია ძალაში კიდევ 1 წელიწადს, ანუ ახალი პრეზიდენტის არჩევამდე, იქნება. რა საფრთხეებია მოსალოდნელი და როგორ დაიკავებს ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტს?
”წინასწარი შედეგების დაჯამების შემდეგ აშკარაა, რომ ამ არჩევნებში უპირატესობა მოიპოვა „ქართული ოცნების“ კოალიციამ”... ”ნაციონალური მოძრაობა გადადის ოპოზიციაში”, - ამცნო პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს 2 ოქტომბერს, დაახლოებით 14 საათზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში და იქვე მოსალოდნელი სცენარიც განმარტა:
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ”ქართულ ოცნებას” მხარდაჭერას უცხადებს, ის მაინც თვლის საჭიროდ შეახსენოს საზოგადოებას, რომ ეს ყველაფერი დემოკრატიის პატივისცემის გამო კეთდება, რადგანაც სააკაშვილისთვის, როგორც თავად ამბობს, ”ფუნდამენტურად მიუღებელი” იყო და არის ივანიშვილის კოალიციის შეხედულებები, რომ პოზიციებს შორის არის ”ძალიან ღრმა განსხვავებები” და რომ ამ პოლიტიკურ ძალას ”უკიდურესად მცდარი” შეხედულებები აქვს.
პრეზიდენტისა და მისი გუნდის მწვავე კრიტიკას არჩევნების შემდეგაც განაგრძობს ბიძინა ივანიშვილი და ასე იყო 2 ოქტომბერს მოწვეულ პრესკონფერენციაზეც. ”ვერც ერთი მინისტრი ვერ გახდება ჩვენი გუნდის წევრი და, მათ შორის, ვერც ვანო მერაბიშვილი”, - განმარტა კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა, რომელიც პოსტის დატოვებას პრეზიდენტსაც ურჩევს:
”...გადადგეს და დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები. საკონსტიტუციო პრობლემა არსებობს ახლა - კანონმდებლობაში არის რაღაც ორხელისუფლებიანობის მსგავსი... და დღეს რომ კანონიერი თანამშრომლობა მოხდეს პრეზიდენტსა და ახალ პარლამენტს შორის, ძალიან რთულია სიტუაცია... კანონი არის გადახლართული ერთმანეთში და ძალიან რთულია, ძალიან ბევრი შეცდომებია. როგორც კი გადადგება და ახალი პრეზიდენტი ახალი კონსტიტუციით აირჩევა, ყველაფერი ჩადგება ნორმაში.”
მიუხედავად იმისა, რომ კითხვის ნიშნები კვლავაც რჩება, ივანიშვილი ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა მომავალი წლის შემოდგომაზე ეწურება, გამოიყენებს მოქმედი კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას და დაითხოვს პარლამენტს.
მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტმა შესაძლოა იმ შემთხვევაში დაითხოვოს, თუკი, მაგალითად, პარლამენტი რამდენჯერმე იტყვის უარს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მინისტრებსა და პრემიერ-მინისტრზე და ნდობას არ გამოუცხადებს მათ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა პრეზიდენტს არ ექნება პირველი 6 თვის განმავლობაში. თუმცა ამავე ვადაში მას აქვს უფლება, რომ მთავრობის შემადგენლობა პარლამენტის თანხმობის გარეშეც კი დანიშნოს.
შექმნილი ვითარების ფონზე, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე მოვლენათა განვითარების 2 სავარაუდო სცენარს გამოყოფს:
”ერთი სცენარია, როდესაც პრეზიდენტი აღიარებს ოპოზიციის გამარჯვებას და მიდის მასთან არა კონფრონტაციაზე, არამედ თანამშრომლობაზე. რაც, პირველ რიგში, გამოიხატება იმით, რომ პარლამენტს ის წარუდგენს მთავრობის ისეთ შემადგენლობას, როგორიც სურს საპარლამენტო უმრავლესობას. ამ შემთხვევაში მკვეთრად მცირდება პოლიტიკური კრიზისის ალბათობა. ხოლო მეორე სცენარის მიხედვით, თუკი პრეზიდენტი არ გაითვალისწინებს საპარლამენტო უმრავლესობის აზრს, მაშინ პოლიტიკური კრიზისი გარდუვალია.”
პრეზიდენტ სააკაშვილის 2 ოქტომბრის განცხადება - საპარლამენტო უმრავლესობასთან თანამშრომლობის შესახებ - ვახტანგ ხმალაძისთვის იმის მანიშნებელია, რომ პრეზიდენტი აპირებს თავი აარიდოს პოლიტიკურ კრიზისს და მთავრობის წევრების საკუთარი შეხედულებებით შერჩევას. თუმცა, როგორც საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა, იურისტმა დავით ჯანდიერმა უთხრა რადიო თავისუფლებას, პრეზიდენტ სააკშვილის 2 ოქტომბრის განცხადება ”რეალობისთვის თვალის გასწორებითა” და ”საკუთარი იმიჯის რეაბილიტაციის” სურვილით იყო განპირობებული და არა იმით, რომ მას ქვეყნის მართვის ამბიცია შეუსუსტდა. ამასთან, ჯანდიერი თვლის, რომ პრეზიდენტი მთლად თავისუფალი ვერ იქნება და ის გადაწყვეტილებების მიღებისას იძულებული იქნება გაითვალისწინოს საკუთარი გუნდის წარმომადგენელთა სხვადასხვა სახის ინტერესები.
საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობების გარკვევის ეფექტიან გზად სახელდება პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების, ანუ მისი იმპიჩმენტის, პროცედურა. თუმცა ეს არცთუ იოლი გზაა, რადგანაც პრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალდება ჯერ საკონსტიტუციო თუ უზენაესმა სასამართლომ უნდა დაადასტუროს, ხოლო შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე უნდა დადგეს პარლამენტში და მომხრე უნდა იყოს დეპუტატების სულ მცირე 2/3 (100 დეპუტატი). არ არის აუცილებელი, რომ ყველა დეპუტატი პოლიტიკური ძალის ან კოალიციის წარმომადგენელი იყოს.
თუკი ზოგადად განვსჯით, როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს ჩვენთან საუბრისას, მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს ”მეტი შესაძლებლობა, რომ მოუგოს საპარლამენტო უმრავლესობას”, თუკი მას არ უპირისპირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ დეპუტატების 2/3. ”ეს იმიტომ, რომ პრეზიდენტს აქვს სრული შესაძლებლობა აკონტროლოს მთავრობის საქმიანობა, პარლამენტს კი დღესდღეობით ეს შესაძლებლობა არა აქვს, თუკი პრეზიდენტი თავად არ ჩაიჩოჩებს და არ იტყვის უარს კონსტიტუციით მონიჭებულ განუზომელ უფლებებზე”, - უთხრა ხმალაძემ რადიო თავისუფლებას.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერ-მინისტრებას, ვახტანგ ხმალაძე აბსოლუტურად შესაძლებლად მიიჩნევს, რომ კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებმა სულ მალე პრემიერ-მინისტრად იხილონ. ამისათვის მას საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება ესაჭიროება, რაც, ვახტანგ ხმალაძის თქმით, თავისუფალი სასამართლოს საშუალებით შესაძლებელი იქნება უკვე რამდენიმე კვირაში, ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ.