ვიდრე კოალიცია "ქართული ოცნება" გამარჯვებას ზეიმობს, სოციალურ ქსელ "ფეისბუქიდან" მაღალჩინოსნების ცოლების პერსონალური გვერდები ერთმანეთის მიყოლებით უჩინარდება. თუმცა ზოგიერთი სიმტკიცეს იჩენს და ინტერნეტ-მომხმარებლებთან კამათს არ უშინდება.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერის მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე არჩევნების პირველად შედეგებსა და მიხეილ სააკაშვილის ახალ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც პრეზიდენტმა არჩევნებში დამარცხება აღიარა.
"they will be so much sexier in the opposition! (ისინი ოპოზიციაში გაცილებით სექსუალურები იქნებიან" მიყვარს საინტერესო დროში ცხოვრება":), - წერს ჩერგოლეიშვილი.
რამდენიმე საათით ადრე ბოკერიას მეუღლე ქვეყნის მომავალზე ჩაფიქრებული მომხმარებლებს საკუთარ აზრს უზიარებდა იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება გაკეთდეს ხელისუფლების მიღწევების შესანარჩუნებლად.
"ჩემს ტკბილ ძილზე მივხვდი, რომ არის ჩემში რაღაც "ბოროტი" მოკლედ, აქ ვიღაც გიჟები მორბიან და ნიშანს მიგებენ, ფიქრობენ, რომ პერსონალურად ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი პრორუსული ძალების ხელისუფლებაში მოსვლის არ დაშვება. მათ საყურადღებოდ ვამბობ: პერსონალურად მიხარია, მინდა შედარების შესაძლებლობა მოგეცეთ, რადგან მოკლე მეხსიერება აღმოგაჩნდათ. მითუმეტეს, რომ ჩემს კეთილდღეობას არაფერი ემუქრება - ქვეყანა რომც დაინგრეს, მე მუდმივი კონტრაქტი მაქვს ევროპის საბჭოსთან და სიკვდილამდე უზრუნველყოფილი ძალიან მაღალანაზღაურებადი სამსახური (ჯერ კიდევ 2000 წლიდან), ასე რომ ჩემი პირადი კეთილდღეობა დაივიწყეთ - ქვეყნის მომავალზე ვფიქრობ. ვფიქრობ იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ რაც აშენდა, არ დაინგრეს! რასაც მოვიფიქრებ - გაგიზიარებთ. ფოსტალები (ვახახახა-ს მიღმა რომ ვერაფერს წერენ) ნუ შემოცვივდებით, გბლოკავთ... ჩემი პირადი კეთილდღეობა ქართველი ერის არჩევანს არ დაუზარალებია. მე ამიტომ არ ვეწინააღმდეგებოდი ქართული ოცნების გამარჯვებას. ქვეყანა - კი. არსად მივდივარ, აქ ვრჩები და ვცდილობ ზარალის მინიმიზაციაში მივიღო მონაწილეობა", - წერდა ჩერგოლეიშვილი.
გუშინ ჩერგოლეიშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი:
"ჩვენ ვიგებთ ყველა რეგიონს, გარდა სამცხე-ჯავახეთისა. მე ვამბობდი, რომ პარლამენტში 50 მაჟორიტარს გავიყვანდი, თუმცა მგონი მეც კი შემეშალა – შეიძლება 60 მაჟორიტარის შეყვანაც მოვახერხოთ. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ვვარაუდობთ, რომ 100, შეიძლება 120 ადგილიც გვაქვს", - აღნიშნა ივანიშვილმა. - აეეეეე :)...”
შემოსვლა კი დამიგვიანდა - შეხვედრაზე ვიყავი, მაგრამ ამ ხალხს რატომ დაარბენინებს ეს მეგალომანიაკი ასე გიჟივით აქეთ იქით, არ იცის, რომ პროპორციული სიით მხოლოდ 77 კაცი შედის პარლამენტში? ეს ხალხი როგორ უნდა დააწყნაროს რომ გაიგებს, მთავრობას მმართველი პარტია აკომპლექტებს? :)", - დაწერა ბოკერიას ცოლმა.
"ფეისბუქის" მომხმარებლები ”შეშფოთებულნი” არიან ქსელიდან მომღერალ ნინა წკრიალაშვილის გაუჩინარების ამბით, რომელიც კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, თვითმკვლელობით იმუქრებოდა. მაგრამ ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დეპარტამენტის თავმჯდომარე მხოლოდ ვირტუალური სუიციდით შემოიფარგლა და "ფეისბუქში" ოფიციალური გვერდი გააუქმა.
"სახელმწიფო სამსახურში რომც არ ვიყო, მაინც "ნაციონალებს" დავუჭერდი მხარს, ბრმა უნდა იყო, ვერ დაინახო, რა გაკეთდა და კეთდება, ქვეყანა აშენდა ბოლო წლების განმავლობაში და ზოგი სახლის აშენებას ვერ ამთავრებს ამ დროში. როგორც მოქალაქე, მომღერალი და ამომრჩეველი ღიად გამოვხატავ ჩემს სიმპათიას. თუკი ეს ძალა არ გაიმარჯვებს, ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ მინდა. არც ის მინდა, რომ აქ ჩემმა შვილმა იცხოვროს. არ მინდა, სიბნელეში ვიყო, თუმცა აქ უშუქობას არ ვგულისხმობ. ამას ვერ გადავიტან და თავს მოვიკლავ!", - აცხადებდა ცოტა ხნის წინ მომღერალი.
"ფეისბუქიდან" გაქრა ასევე გიგი უგულავას ცოლის, ლელა კილაძის პერსონალური გვერდი, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის გვერდი, რომელიც შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მეუღლეა.
"ფეისბუქში" დუმს მომღერალი მაია დარსმელიძეც, რომელიც რამდენიმე დღის წინ წერდა: "მე "მიშისტი" ვარ და დაე, გეზიზღებოდეთ ამის გამო".
თუმცა გუშინ მომღერალმა თავის ერთ-ერთ მეგობარს, რომელიც პრეზიდენტს აკრიტიკებდა ასე უპასუხა: "შენი ბავშვობის მეგობარი ვარ, და ესეთი ნაძირალა გგონივარ, რომ ვინმეს ბრმად ვიცავდე ჩემი "ანგარების" გამო? შორიდან ადვილია პატრიოტობა, ჩამოდი და შენი თვალით ნახე რა საზიზღრობა ხდება, და მერე გავაგრძელოთ კამათი, იქამდე აზრს ვერ ვხედავ".
თუმცა "ფეისბუქში" ცნობილ სახეებს შორის ჯერ კიდევ რჩებიან ხელისუფლების გულანთებული მხარდამჭერები, რომლებიც ჯიუტად დგანან თავიანთ პოზიციაზე. "თავისუფლების ინსტიტუტის" წევრი, თეა თუთბერიძე როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ამაყობს ბაჩო ახალიას მიღწევებით, რადგან "ფეისბუქზე" პერსონალური ფოტოს სახით სწორედ ახალაიას ფოტო აქვს განთავსებული.
P.S. მასალა უკვე გამოქვეყნებული გვქონდა, როცა "ფეისბუქზე" ეკა კვესიტაძე გამოჩნდა. "რამდენიმე კვირაა შინაგანი საყრდენი დავკარგე და მივხვდი, რომ დღეს ისევ ვიპოვე", - დაწერა კვესიტაძემ. რაც შეეხება ნინა წკრიალაშვილს, მან "ფეისბუქზე" გაუქმებული პროფილი აღადგინა.