ოპოზიციის გამარჯვება და ხელისუფლების ნახევრად აღიარებული მარცხი

ოპოზიციის გამარჯვება და ხელისუფლების ნახევრად აღიარებული მარცხი

"ექსიტპოლების პირველადი შედეგების გამოცხადებას "ქართული ოცნება" ოფისის წინ სახელდახელოდ დამონტაჟებული ეკრანის წინ ელოდა. ბოლო წუთებში ბერავდნენ ლურჯ და კოალიციის ემბლემიან ბუშტებს, ოფისიდან გამოჰქონდათ დროშები და მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებას ცენტრალურ ოფისში მყოფი ყველა ადამიანი ელოდა, პირველმა შედეგებმა მაინც დიდი ოვაცია გამოიწვია. ძალიან ემოციური იყო "ოცნების" ლიდერის გამოსვლაც. მან ყველას მიულოცა გამარჯვება და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ერთი წლის განმავლობაში მის გუნდთან ერთად იღვწოდა გამარჯვებისთვის. ივანიშვილის თქმით, "დღეიდან იწყება ქართველი ხალხის ოცნებების ასრულება, რაც ძალიან დიდ შრომას მოითხოვს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ოპოზიციის გამარჯვება და ხელისუფლების ნახევრად აღიარებული მარცხი / ბიძინა ივანიშვილი: "ჩვენ გავხდებით ნატოს წევრი".

"ჩვენ მოვდივართ, რათა ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ, აღვადგინოთ სამართლიანობა, პროკურატურა ჩავაყენოთ ხალხის სამსახურში, მედია გავათავისუფლოთ ტყვეობისგან. ჩვენ დავძლევთ უსამართლობას, ღირსებას დავუბრუნებთ თითოეულ ოჯახს", - აღნიშნა ივანიშვილმა. მისივე თქმით, აუცილებელია პატივი სცენ ოპონენტებს და დღეიდან აღარ მოხდება განსხვავებული აზრის დევნა - "ეს ეტაპი ამით და დღეს დასრულდება". მან საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" განუხრელად განაგრძობს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. "ჩვენ გავხდებით ნატოს წევრი და გავხდებით ღირსეულად, ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ქართველი ხალხი ჭეშმარიტად იმსახურებს ევროპულ დემოკრატიას. აი, ასეთ ქვეყანას ვპირდებით ჩვენს მოსახლეობას. შევქმნით პრეცედენტს და საქართველოში მოვა ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება, ისეთი, როგორითაც შეიძლება ევროპელებიც გავაოცოთ" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. რომლის გამოსვლა საკმაოდ ხანგრძლივი და ემოციური იყო", - აღნიშნავს გამოცემა.

"გუშინ თბილისის ქუჩებში გამარჯვების ყიჟინას რიგითი ადამიანების არანაირი პროტესტი არ გამოუწვევია. მანქანების სიგნალებს სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსებიც კი სიგნალებით ხვდებოდნენ. ავტობუსებიდან ხალხი ჩამოვიდა და თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას შეუერთდა. "ქართული ოცნება" გამარჯვებას პუშკინის სკვერში ზეიმობდა. თავისუფლების მოედანზე შეკრებილი რამდენიმე ასეული ადამიანი სკანდირებდა სიტყვებს "საქართველო" და "მოვიგეთ". მათ ნელ-ნელა ემატებოდნენ მხარდამჭერები და ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავდნენ. ამ დროს კი "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო მედიაცენტრში, რომელიც გუშინ სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" იყო გახსნილი, განცხადება გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა და საკუთარი თავი და მომხრეები დაამშვიდა - ეს მხოლოდ პროპორციული არჩევნები წავაგეთ, მაგრამ მაჟორიტარულ არჩევნებში ჩვენ ვიგებთ და საბოლოოდ გამარჯვებულები ჩვენ ვიქნებით და პარლამენტში ისევ უმრავლესობით შევალთო. ასეთივე შინაარსის იყო მოგვიანებით "უმრავლესობის" მხრიდან გაკეთებული ყველა განცხადება, რაც გასაკვირი არც არის, რადგან პროპორციული ნაწილის დათმობის შესახებ განცხადება თავად პრეზიდენტმა გააკეთა", - განაგრძობს გამოცემა.

"ექსიტპოლების შედეგების გამოცხადებამდე კი "ქართული ოცნებაცა" და "ნაციონალებიც" მთელ დღეს ცდილობდნენ სიმშვიდის შენარჩუნებასა და ერთმანეთის დარღვევებში დადანაშაულებას. ორივე ოფისში კეთდებოდა განცხადებები, რომ საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლას მოწინააღმდეგე ცდილობდა... არჩევნების დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე საგანგებო განცხადება გააკეთა "ნაციონალების" პრესმდივანმა ჩიორა თაქთაქიშვილმა. მისი თქმით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ლუკა კურტანიძე მერვე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შვიდი ავტომობილის თანხლებით მივიდა და "ნაციონალების" ორი მხარდამჭერი სასტიკად სცემა და ნაცემი აქტივისტები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. "აღმაშფოთებელია, რომ ამგვარი ფაქტები უშუალოდ "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან ფიქსირდება," - განაცხადა თაქთაქიშვილმა, რომლის თქმით, არსებობს ფიზიკური შეურაცხყოფის სხვა ფაქტებიც. "ფოთში, მე-7 საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის უფროს გრიგოლ ღვანიას "ქართული ოცნების" ოცდაათამდე აქტივისტმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა," - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა. მოგვიანებით კი თაქთაქიშვილის ამ განცხადებას ლუკა კურტანიძე გამოეხმაურა და ეს ყველაფერი უარყო", - დასძენს გამოცემა.

"საინტერესო კი ის არის, რომ მმართველი პარტიის ოფისში საგანგებო განცხადება გააკეთა უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენელმაც. არადა, წესით, ეს კომისია იმისთვის იყო შექმნილი, რომ ყველა პარტიისთვის თანაბარი პირობების შექმნა უზრუნველეყო და ადმინისტრაციული რესურსის ხელისუფლების სასარგებლოდ გამოყენების პრევენცია მოეხდინა. თამარ კინწურაშვილმა კი "ნაციონალური მოძრაობის" მედიაცენტრში განაცხადა, რომ "ზოგიერთ საარჩევნო უბანზე რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატი კანონის დარღვევით შესვლას შეეცადა". მისი ინფორმაციით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კალაძე შეეცადა საარჩევნო უბანში შესვლას, ხოლო კიდევ ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი თეა წულუკიანი იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე. თუმცა, როგორც კინწურაშვილმა აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქმედება კანდიდატებს კანონმდებლობით შეზღუდული აქვთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან შესაბამისი რეაგირების შემდეგ აღმოიფხვრა. ამასთან, მისი თქმით უბანზე შევიდა ბეჟან გუნავაც, რომელსაც ამის უფლება არ ჰქონდა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მის შემთხვევაშიც იგივე რეაგირება მოახდინა", - წერს სტატიის ავტორი და დასძენს:

"მოგვიანებით "ქართულმა ოცნებამ" კი უკვე იმის შესახებ განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უბანზე შეიარაღებული რაზმები შევიდნენ და არჩევნების ჩაშლის საშიშროება იქმნებოდა. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ექსიტპოლების გამოქვეყნებამ გადაფარა. თუმცა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას მაინც აღნიშნა, რომ "ექსიტპოლების შედეგები არაჩვეულებრივია და ჩვენ ბედნიერი ვართ, თუმცა გადამწყვეტი მომდევნო საათებია". მისივე თქმით, ვიდრე საარჩევნო კომისიები ხმების დათვლას არ დაასრულებენ და ცესკოდან ინფორმაცია არ გამოვა, მათ მოდუნების უფლება არ აქვთ. ეს არის არაჩვეულებრივი შედეგი, მაგრამ ამ შედეგს დაცვა სჭირდება. მხოლოდ იმის შემდეგ გაფორმდება ჩვენი გამარჯვება, რაც საარჩევნო კომისიებიდან ხმებს გამოვიტანთ. ახლა მოდუნება არ შეიძლება, მით უფრო, გვაქვს ინფორმაცია, რომ საბურთალოს უბნებში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ახალი ბეიჯებით შევიდნენ, თითქოს დამკვირვებლები იყვნენ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ, რომლის თქმით, გონიერებაა საჭირო, რომ არჩევნებში გამარჯვება ოფიციალურად გაფორმდეს".