"დაუდგან ახლა სააკაშვილს ძეგლი ცალ ხელში ვარდით და მეორეში ცოცხით"
"სტადიონზე ყრილობა კი არა, ცოცხების პარტიის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა"
"მჯერა, ძალიან მალე თბილისის ქუჩებში შეყვარებულების სეირნობა, კეთილი სალამი და ღიმილი დაბრუნდება"
"რაც ამათზე დათო ტურაშვილმა თქვა, ეგ იყო მთელი საქართველოს სათქმელი..."
"ხომ არის უცნაურობა, რომ იტალიაში სასწავლო სახელმძღვანელოსა და საგამოცდო პროგრამაში შეაქვთ ჩემი პოემა "ჯაკომო პონტი" და საკუთარ ქალაქში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სპეცრაზმს მიყენებენ, რომ უნივერსიტეტში ახალგაზრდებს არ შევხვდე", - მეუბნება პოეტი დავით მაღრაძე, რომელიც დღევანდელობასა და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე მესაუბრა:
- იმ საყოველთაო საგანგაშო ვიდეოფირის ნახვის მერე სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. უსაზღვროა ხელისუფლების გარყვნილება, რომელსაც ახლა მათ თვალშიც ჩამოეხადა ნიღაბი, ვინც მათ სახეს ვერ ხედავდა. სწორედ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის", იმ დღიდან უკვე ცოცხების პარტიის სახე, და ეს არის მათი იდეოლოგია. რა ხდება საქართველოში და ვინ არის ხელისუფლება, ეს იცის მთელმა დღევანდელმა სამყარომ.
- ამიტომ ხომ არ იყო სიხალვათე დარბაზში გაეროში სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას?
- ციხეებში რაც მოხდა, ის იყო სააკაშვილის ნამდვილი გამოსვლა. ცოცხების პარტიის იდეოლოგების ნამდვილი გამოსვლა იმ წამების კადრებშია. დაუდგან ახლა სააკაშვილს ძეგლი ცალ ხელში ვარდით და მეორეში ცოცხით.
სააკაშვილის, ამ სისხლიანი არლეკინის, ნამდვილი სახე ყველამ დაინახა. რაც ამათზე დათო ტურაშვილმა თქვა, ეგ იყო მთელი საქართველოს სათქმელი...
- ამაზრზენი იყო იმის შეტყობა, რომ თურმე აწამებდნენ ფსიქიკურად დაავადებულებსაც.
- რომც არ ყოფილიყვნენ, ამ წამებისას დაავადდებოდნენ ფსიქიკურად. ამ ჯალათების ქმედება მკვლელობაზე უარესია. საქართველოს ციხე ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკზე უარესია. იქ გაზით ხუთავდნენ და უცებ ხოცავდნენ ადამიანებს. ეს კი რა არის? როდესაც ადამიანს ასე მოექცევი, რამდენად გამწარებულ სიცოცხლესა და გაძაღლებულ წუთისოფელს უტოვებ?! ცოცხების პარტიამ საქართველოში ააშენა ციხე და ეს ციხე მისი ყველაზე ღრმა ჯურღმულიდან გატყდა, ყველამ დაინახა ეს სამოთხედ დაპიარებული ჯოჯოხეთი.
- "ნაციონალების" ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე ამ ამბის გამჟღავნების მერე მხარდამჭერებს მოუწოდებდა, თავები მაღლა ასწიეთო.
- მაგის მთქმელები გადაასხდებიან ცოცხებს და საქართველოს ისტორიიდან გაფრინდებიან, მაგრამ ერის მეხსიერებაში დარჩებიან როგორც კოშმარი და ჯოჯოხეთი. ყველას ერთად უნდა გადაუღო ფოტო და დაუტოვო შთამომავლობას, რომ ასეთი გამომეტყველების ხალხი არასოდეს აირჩიონ ხელისუფლებაში. იმ კადრების გამომჟღავნების მერე აღარავინ დარჩა მათი მომხრე - არც სპორტსმენი და არც ხელოვანი. ცოცხის ამარაა დარჩენილი სააკაშვილი.
- ხელისუფლის გვერდით მაინც დარჩნენ ხუთნომრიან მაისურებში გამოწყობილები, რომლებიც ვნახეთ "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე.
- ვიცი, რომ ყველანი ძალით წაიყვანეს. სტადიონზე ყრილობა კი არა, ცოცხების პარტიის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, სადაც ამ ცოცხიან კაცს ტაშს უკრავდნენ. ბავშვებიც დაჰყავთ ასეთ შეკრებებზე. სააკაშვილს აღარ დარჩა ადგილი, სადაც ვინმე მხარს დაუჭერს და ახლა საბავშვო ბაღებში შევარდა კანფეტებით.
- გასულ კვირას "ქართული ოცნების" წევრთა საუბრის ფარული აუდიოჩანაწერები გავრცელდა. ამ ჩანაწერებმა საზოგადოების ნაწილი შეაცბუნა, - ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში ერთსულოვნება არ ყოფილაო.
- რა დროს აუდიოჩანაწერებზე ლაპარაკია, როდესაც ცოცხი უჭირავს ხელისუფალს. სამშობლო დაგვამხეს თავზე და ვინ ვისზე რას იტყვის, ის გვაინტერესებს? დანაშაული კაცობრიობის წინაშე იმას ნიშნავს, რომ შენთვის ადამიანს ფასი არა აქვს. ცივილიზაციის დაუწერელი კანონია, რომ ადამიანს კამერით არ უნდა შეჰყვე სააბაზანოსა და საპირფარეშოში, ცოლ-ქმარს "ჟუჩოკი" არ უნდა დაუყენო. ეს გადაგვარებულები კი ყველაფერს კადრულობენ, რადგან უსამშობლოები არიან. ეს გამოაშკარავდა რაბათის ციხის გახსნისას, როდესაც ცოცხების პარტიის ბელადი სიტყვით გამოსვლისას შეელაზღანდარა, თავისი ჭკუით "გაუშინაურდა" ქართული სულიერების ნიშანსვეტს - "ვეფხისტყაოსანს". მაშინ მოხდა საკრალური რამ - არ მიიკარა "ვეფხისტყაოსანმა", ცოცხების პარტიის ბელადისთვის "ვეფხისტყაოსნის" სამყარო უცხოური იეროგლიფივით აღმოჩნდა. ვერსაიდან ვერ მიუდგა. საიდანაც სცადა მიახლოება, ყველგან ქვა მოხვდა თავში. ივანიშვილს მოქალაქეობა "რაფაელოს ყუთმა" - სააკაშვილის იუსტიციის სახლმა წაართვა, სააკაშვილს კი იმ დღეს დიდმა რუსთაველმა ჩამოართვა პრეზიდენტობაც, მოქალაქეობაც და "ნაციონალობაც". ხალხი არჩევნებზე მიდის, სააკაშვილი კი ქვებს ისვრის და ქვეყანას ქვის ხანაში აბრუნებს, მაგრამ მთელი ამბავი ის არის, რომ არ მივყვებით უკან.
- მაშინ, როდესაც გივი თარგამაძის ქურდებთან საუბრის ჩანაწერები არსებობს, ქურდულ სამყაროსთან კავშირის მომიზეზებით გოგა ხაინდრავა ჰყავდათ დაკითხვაზე.
- ქურდები არღვევენ კანონს და იხდიან სასჯელს. ცოცხების ხალხი კი კანონის სახელით ქურდობს. ქურდი ამბობს, რომ ქურდული იდეების მატარებელია და არა თომას ჯეფერსონის ღირებულებების. ესენი კი ქურდობენ და თან კაბინეტებში თომას ჯეფერსონის სურათი უკიდიათ. გოგა ხაინდრავა მწერალთა სახლში მეცხრე სართულზე ცხოვრობდა, მეოთხეზე მე ვცხოვრობდი, Pპოეტ ზურაბ ლორთქიფანიძის ოჯახი - მეორეზე. გოგა დასაძრახი მაშინ იქნებოდა, რეზო ლორთქიფანიძე რომ არ მოენახულებინა. მე რომ ვყოფილიყავი საფრანგეთში, რეზოს მეც ვნახავდი. რეზოს ჯანმრთელობაზე დღეს საფრანგეთი ზრუნავს. შეიძლება სახელმწიფო უფრო გულისხმიერი იყოს, ვიდრე ცოცხალი ადამიანი?! თუმცა მერაბიშვილმა ხომ თქვა, უნდა გავანადგუროთ ის კლასი, ვისაც ადამიანური ღირებულებები აქვსო.
- მერაბიშვილმა თქვა, უნდა გავანადგუროთ კლასი, ვისაც ქვეყანა უკან მიჰყავსო.
- (იცინის) ვანო მიდის წინ და ჩვენ ვექაჩებით ქვეყანას უკან?! კლასების განადგურებაზე ის ლაპარაკობს, ვისაც თვითონ არანაირი კლასი და ხარისხი არა აქვს. ეგენი ვერავის ვეღარ გაანადგურებენ, ისიც ეყოფათ ღვთის წინაშე უზარმაზარ ცოდვად, რაც დაადეს თითოეულ ჩვენგანს, რომ ჩვენ თვალწინ მოხდა ეს თავზარდამცემი უბედურება, რომელიც ადამიანის სულსა და ფიქრში საშინელ განგაშს იწვევს. ამიტომაც ტოვებს ამდენი ხალხი ცოცხების პარტიას, რომელიც აუბედურებდა და სულიერად ახეიბრებდა ადამიანებს. გულწრფელობის ნატამალი რომ ჰქონდეთ, ლოზუნგად "მეტი სარგებელი ხალხს" კი არა, "მეტი უბედურება ხალხს" უნდა ეწეროთ. ციხეში ეს ამბავი რომ ხდებოდა, გამოგვეპარაო. ოკუპანტი "გამოეპარათ", ქვეყანაში, რომელსაც აკონტროლებენ, ეს ამბავი "გამოეპარათ" და მეტი რა ევალებათ? ჩემ მაგივრად ლექსს ვერ დაწერენ და რობიკოს ნაცვლად სპექტაკლს ვერ დადგამენ. ადამიანებს თავიანთი უფლებები თავზე დაამხე, მიწა-წყალი ოკუპანტებს ჩააბარე, ხალხი დახოცე, აწამე და რისი მაქნისი ხარ?! მაგათ ადრე ვუთხარი, ვინ რა სახელით შევა ისტორიაში, მაგას ჩემნაირი ხალხი (ხელოვანები) განსაზღვრავს-მეთქი. რაც უნდა, ის დაირქვას ახლა სააკაშვილმა, ის სისხლიანი არლეკინია.
ბერიასაც ეგონა, რომ ჩარეცხა ვახტანგ კოტეტიშვილი, მაგრამ ვინ გამოვიდა ჩარეცხილი?! სხვისი "ვოლგები" უკვირთ და თვითონ გრუზავიკისტოლა ჯიპებით დარბიან ეს ქონდრისკაცები. რომ ამბობენ, წარსულში არ უნდა დავბრუნდეთო, ალბათ, თავიანთ წარსულს გულისხმობენ, როდესაც არარაობა იყვნენ. არ უნდათ იმ დროში დაბრუნება, როდესაც თანამდებობა, ქონება და მანქანა არ ჰქონდათ, მაგრამ სწორედ იმ დროში მოუწევთ დაბრუნება. Mსააკაშვილს უკანასკნელი ისტერიული კრუნჩხვები აქვს და ქვებს ისვრის. ეგონა, ისტორიული პიროვნება იყო და ისტერიული აღმოჩნდა. მთელი ცოცხების პარტია ისტერიაშია, ზოგი ხავის, ზოგი ყელის ძარღვების დასკდომამდე კივის, ზოგი ბუქნაობს, მაგრამ მაგათი ამბავი ჩავლილია. მე 1-ელ ოქტომბერს არჩევნებზე გასამარჯვებლად მივდივარ, რომ ეს ბოროტება ისტორიულ კოშმარში გავისტუმრო. ჩემს ქვეყანას ნერვის ძაფებით ვგრძნობ და მაქვს განცდა, რომ ქართველი ხალხი იზეიმებს გამარჯვებას. რუსთაველზე აღარ იქნება მხუთავი გაზი, სადაც ჟვერები ერთ ბიჭს წაიგდებენ და ცემით კლავენ.M მჯერა, ძალიან მალე თბილისის ქუჩებში შეყვარებულების სეირნობა, კეთილი სალამი და ღიმილი დაბრუნდება.