პირWელმა" წყნეთში, ელიტარულ უბანში მდებარე ბაჩო და დათა ახალაიების ფეშენებელური სასახლის ფოტოები მოიპოვა. როგორც ირკვევა, ახალაიები აღნიშნულ სასახლეს 3 წლის განმავლობაში აშენებდნენ.
როგორც სააგენტოს მოძრაობა "არას" ხელმძღვანელმა ლევან ჩიტაძემ განუცხადა, ფეშენებელური სასახლე წყნეთში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და ადგილობრივების მტკიცებით, იგი სწორედ ახალაიების საკუთრებაა.
"წყნეთელები ამტკიცებენ, რომ ეს სასახლე ახალაიების საკუთრებაა. ასევე, მათი მტკიცებით, ამ სასახლეში ხშირად იმყოფება შს მინისტრობიდან რამდენიმე დღის სკანდალურად გადამდგარი ბაჩო ახალაია. სხვათაშორის, მაშინ, როდესაც სასახლის ფირზე აღბეჭდვას ვცდილობდით, სასახლიდან ესკორტი გამოვიდა, თუმცა მისი დაფიქსირება გადამღები ჯგუფის წევრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა. შესაბამისად, მე ვერ დავაკონკრეტებ რომელი ახალაია იმყოფებოდა იმ დროს წყნეთში", - განუცხადა "პირWელს" ლევან ჩიტაძემ.
მისივე თქმით, ახალაიების სასახლე სხვა მაღალჩინოსნების ფეშენებელური სასახლეეების მსგავსად რამდენიმესართულიანია და მას დათა და ბაჩო ახალაიების სახელების ოქროს ინიციალებიც ამშვენებს.
"სასახლეზე დამაგრებულია ოქროს აბრა, რომელიც გარკვეულ ინფორმაციას შეიცავს. კერძოდ, როგორც ირკვევა, მისი მშენებლობა 2007-2010 წლებში მიმდინარეობდა და იქვეა გამოსახული დათა და ბაჩო ახალაიების სახელების ინიციალები. სასახლის სრულყოფილად დაფიქსირება, რა თქმა უნდა, ვერ მოვახერხეთ, ვინაიდან მას უზარმაზარი გალავანი აქვს შემოვლებული", - განაცხადა ლევან ჩიტაძემ.