რა მოხდება საქართველოში საღამოს 8 საათზე

რა მოხდება საქართველოში საღამოს 8 საათზე

დღეს 20:00 საათიდან ვიხილავთ როგორც ნაციონალური მაუწყებლების მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლებს, ისე იმ ორგანიზაციებისაც, რომლებიც ხელისუფლებასთან არ არიან ასოცირებულნი და უფრო ოპოზიციურ ფლანგზე იმყოფებიან.

თუ ეს მონაცემები ერთმანეთს დაემთხვა, შეგვიძლია შვებით ამოვისუნთქოთ და ვთქვათ, რომ დემოკრატიული არჩევნები შედგა. თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა და ალბათ, ორიოდ საათში ასეთ სურათს მივიღებთ - საზოგადოებრივი მაუწყებელი, "რუსთავი 2" და "იმედი" გაავრცელებენ ეგზიტპოლს, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს. არასახელისუფლებო დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები კი დიამეტრულად განსხვავებული იქნება და იქ "ქართულ ოცნებას" "ნაციონალებზე" საგრძნობი უპირატესობა ექნება.

გასათვალისწინებელია, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლები აქამდე ემთხვეოდა ხოლმე ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს. ასე რომ, რასაც დღეს გადმოსცემენ ტელეტყუპები, ზურაბ ხარატიშვილიც, ალბათ, ეცდება იმ შედეგს მოაწეროს ხელი.

ასე რომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ რა მოხდება საღამოს 8 საათზე. მმართველი პარტია ნაციონალური მაუწყებლების მიერ ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ ზეიმს დაიწყებს. არ არის გამორიცხული, დედაქალაქის ქუჩებში "ნაციონალების" ავტოკოლონებმაც დაიწყონ რბოლა.

პარალელურად კი, იგივე "9-ე" არხის ან "მაესტროს" მიერ ეგზიტპოლების გავრცელების შემდეგ ზეიმს იწყებს "ქართული ოცნება". თან, როგორც სარწმუნო წყარო გვატყობინებს, "ოცნებაში" ძალზე მაღალი შედეგის მოლოდინი აქვთ. კოალიციამ "თადარიგი" უკვე დაიჭირა და მისი მომხრეები ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებას ქუჩაში დაელოდებიან. კოალიცია პირველ რიგში ამ ნაბიჯით იმას ცდილობს, რომ ცესკო სანამ ნაციონალური მაუწყებლების ეგზიტპოლების შედეგებს "გადაწერს", კარგად დაფიქრდეს.

შემდეგ კი ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ საპარლამენტო არჩევნების როგორ წინასწარ შედეგს გამოაცხადებს ცესკო. ალბათ, ამის "წინასწარმეტყველებაც" შეიძლება - ხარატიშვილისა და ტელეტყუპების ეგზიტპოლები ერთმანეთს დაემთხვევა, "ქართული ოცნება" კი თავისუფლების მოედანზე წავა. აი შემდგომი პროგნოზი კი დღეს, უკვე ამერიკელებმა გააკეთეს.

"თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქციის მონაწილეთა რაოდენობა შესაძლოა, ასობით ათას ადამიანს შეადგენდეს. საელჩო მოელის, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი დემონსტრაციები თბილისსა და მთელ საქართველოში გაგრძელდება. არ არსებობს არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ დემონსტრაციათაგან რომელიმე ანტიამერიკული ან აშშ-ის საელჩოს საწინააღმდეგო იქნება. ის დემონსტრაციებიც კი, რომელიც მოსალოდნელია, რომ მშვიდობიანი იყოს, შესაძლოა, გახდეს ძალადობრივი და არაპროგნოზირებადი. თქვენ უნდა მოერიდოთ ამ ყველაფერს, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია. იყავით ფხიზლად, ყურადღება მიაქციეთ გარემოს და იმას, რას გადმოსცემს ადგილობრივი მედია", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს რეკომენდაციაში თავისი მოქალაქებისადმი.

ასე რომ, რვა საათზე ვნახავთ - საქართველოში შედგება დემოკრატიული არჩევნები თუ ყველაფერს ისევ ქუჩა გადაწყვეტს.