გურჯაანში გარდაცვლილი ბავშვის დედა იმ პირებს ასახელებს, რომლებიც ემუქრებოდნენ

გურჯაანში გარდაცვლილი ბავშვის დედა იმ პირებს ასახელებს, რომლებიც ემუქრებოდნენ

"მე მტრები არ მყოლია და ჩემი შვილი გიორგი ღვინიაშვილის ბიძაშვილების მუქარის შემდეგ მოკლეს", - ამის შესახებ გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ტრაგიკულად გარდაცვლილი 9 თვის ბავშვის დედამ თათია მექერიშვილმა დღეს განაცხადა.

ნათია მექერიშვილმა იმ ადამიანების გვარებიც დაასახელა, რომლებიც, მისივე თქმით, ტრაგედიის დღეს იმუქრებოდნენ. ესენი არიან ძმები ილია და გიორგი მექერიშვილები, ასევე, ზურა მექერიშვილი, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არიან.

"სანამ ჩემი შვილი მომიკვდებოდა, ილია, გიორგი და ზურა მაღაზიასთან შემთხვევით ვნახე. გავიგე, როგორ იმუქრებოდნენ, ამბობდნენ, ვიღაცას ბომბი უკვე შევუგდეთ და ახლა გზის ქვევიდან ვინც ცხოვრობს, ნახავენ ამაღამ რა დღე დაადგებათო. სწორედ იმ საღამოს მომიკლეს შვილი. მე სხვა მტერი არ მყოლია და არც ვიცი, სხვა რა ვიფიქრო. მე მათი გვარები პოლიციასთანაც დავასახელე, თუმცა ამ დრომდე არც ერთი მათგანი არ დაუკითხავთ. ისინი ამ წუთებში საარჩევნო ყუთებთან იმყოფებიან და იქ "აბირჟავებენ", - განაცხადა თათია მექერიშვილმა.

გარდაცვლილი ბავშვის დეიდა დალი მექერიშვილი, რომელიც ქართული ოცნების" ერთ-ერთი კოორდინატორია, აცხადებს, რომ გურჯაანში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილის ბიძაშვილის შვილი, გიორგი მექერიშვილი მას "ქართული ოცნების" დატოვებას მოუწოდებდა, ემუქრებოდა და კოალიციიდან წამოსვლის სანაცვლოდ, თანხასაც სთავაზობდა.

"მე ბავშვის გარდაცვალებაში უშუალოდ მექერიშვილს ვერ დავადანაშაულებ, რადგან ეს გამოძიების საქმეა, თუმცა სწორედ ის იმუქრებოდა, თანხას მთავაზობდა და "ნაციონალების" სასარგებლოდ 10 ხმას მთხოვდა", - აღნიშნა დალი მექერიშვილმა.

ამასთან, დღეს დილით ჟურნალისტებთან გარდაცვლილი ბავშვის მამამ, პავლე რაფალიანცმაც ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ "მის ოჯახს არ ჰქონია რაიმე კავშირი პოლიტიკასთან, აქედან გამომდინარე, მას მომხდარზე რაიმე პოლიტიკური შეფასების გაკეთება უჭირს".

9 თვის ბარბარე რაფალიანცი წუხელ ქვევრში ჩაგდებული იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვს პირველ სართულზე ეძინა, მშობლები, ნათესავებთან ერთად, მეორე სართულზე იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვი დაძინებიდან დაახლოებით ერთ საათში ოთახში ვეღარ ნახეს და ქვევრში იპოვეს. ბავშვის ოჯახი სტუმრად თათია მექერიშვილის დასთან იყო.