"ინფორმაციას გვაწვდიდა სააკაშვილის გარემოცვიდან ძალიან მაღალი თანამდებობის პირი"
გაეროს შტაბბინის მთავარ შესასვლელთან დაუშვებელია არა მხოლოდ დემონსტრაციის მოწყობა, სამ კაცზე მეტის გაჩერებაც კი. მიუხედავად ამისა, ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა შეძლეს, საქართველოს პრეზიდენტს დახვედროდნენ საპროტესტო შეძახილებითა და უზარმაზარი პლაკატით და გენერალური ასამბლეის სხდომაზე შესვლის წინ მისთვის ხასიათი გაეფუჭებინათ. "კვირის პალიტრა" აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს გიორგი სიგუას ესაუბრა.
- დემონსტრაციები ტარდება გაეროს შტაბბინიდან 5-6 კვარტალის მოშორებით, საიდანაც მთავარი შენობა არც კი ჩანს. ჩვენ აქციას ვატარებდით 47-ე ქუჩაზე. როდესაც შეგვატყობინეს, რომ მიშა მოდიოდა, გამოვეყავით დიდ ჯგუფს 4-5 ადამიანი, წავიღეთ დიდი პლაკატი, წარწერით SAAKASHVILI TORTURER (მწამებელი) და მივედით მთავარ შესასვლელთან. თითო-თითოდ მივდიოდით ქუჩაში. ვიცოდით, რომ გვქონდა მაქსიმუმ წუთ-ნახევარი. ანუ გავშლიდით პლაკატს და შეგვამჩნევდნენ თუ არა, მაშინვე გამოგვყრიდნენ. ამიტომ ზუსტად უნდა დაგვემთხვია ჩვენი პროტესტი სააკაშვილის ჭიშკართან გამოჩენას.
- საიდან იცოდით, ზუსტად რა დროს იქნებოდა სააკაშვილი ჭიშკართან?
- მისი პირადი გარემოცვისგან შევიტყვეთ(!). დიახ, ინფორმაციას გვაწვდიდა სააკაშვილის გარემოცვიდან ძალიან მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც დაგვირეკა, მიშა მოდის და 5 წუთში ჭიშკართან იქნებაო. ისიც კი გაგვაგებინა, რომელ სასტუმროში უნდა ეცხოვრა პრეზიდენტს. იქაც გვქონდა სიურპრიზები მომზადებული, თუმცა სამი დღით ჩამოსულმა სააკაშვილმა ერთი ღამეც არ გაათია ნიუ-იორკში და გაეროდან, პრაქტიკულად, პირდაპირ აეროპორტში გაიქცა.
როგორც შევიტყვეთ, პრეზიდენტის გამოსვლას 1800-კაციან დარბაზში ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი. სატელევიზიო კადრებში სიერა ლეონესა და ლიბიის წარმომადგენლები შევნიშნეთ. ალბათ თავიანთ ზოოპარკებში ასეთი იშვიათი ჯიშის ცხოველი არ ჰყავთ და აკვირდებოდნენ. სააკაშვილის გამოსვლის წინ თითქმის ყველა დელეგატმა დარბაზი დატოვა. შესაძლოა იმიტომაც, რომ გარეთ დილიდან ვურიგებდით შენობაში შემსვლელ დიპლომატებს ფლაერს, მოწოდებით, არ ჩამოართვა ხელი ჯალათს. მითი, რომ მიშას უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს, დაინგრა, მაკკეინსაც კი არ შეხვედრია. არადა, ეგ რიტუალი აქვს, აქ რომ ჩამოდის. ტიპი კიმ ირ სენად გადაიქცა, სპექტაკლებში ცხოვრობს. "რუსთავი 2"-ის კადრებში ძალით მიყვანილ ხალხს აკვრევინებენ სააკაშვილისთვის ტაშს და "კურიერი" გაეროში, მიშას გამოსვლის ფონზე, სავსე დარბაზს აჩვენებს. დაახლოებით ისე ხდება ყველაფერი, როგორც ჩრდილოეთ კორეაში გააკეთეს 2010 წელს, კორეა-ბრაზილიის თამაში რეალურად 1:2 დამთავრდა და კორეის ტელევიზიით მარტო კორეის გოლი აჩვენეს და გამოაცხადეს, მოვიგეთო.
ნუთუ "ნაციონალებს" ჰგონიათ, რომ მთელი მსოფლიო ბრმა და ყრუა, ვერ ხედავს და არ ესმის, რა ხდება საქართველოში?! სამარცხვინოა, რაც საფრანგეთთან დაკავშირებით გააკეთეს, ფაქტობრივად, დიპლომატიური სკანდალი გამოიწვიეს, კომიკურ სიტუაციაში ჩაცვივდნენ. საფრანგეთის ნაციონალური ჟანდარმერია სახელმწიფო სტრუქტურაა, სამხედრო დანაყოფია, რომელიც პასუხისმგებელია საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე, ოღონდ სააკაშვილის პიარზე არ მუშაობს. თუ ჟანდარმერიამ იცოდა ორგანიზებული დანაშაულის" შესახებ, როგორ ფიქრობთ, იმაზე იფიქრებდა, სასწრაფოდ მიშიკოს მივაწოდოთ წინასაარჩევნოდ საპიარო ვიდეოები, თუ სჯობს ეს ხალხი დავიჭიროთო?!
- როგორია აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების წინასაარჩევნო განწყობა?
- სანთლით საძებნი გახდა მიშას მხარდამჭერი. ხალხს სჯერა, რომ "ქართული ოცნება" აუცილებლად გაიმარჯვებს! მას ჰყავს ძალიან ჭკვიანი ლიდერი, რომელიც ბევრ წინასწარ გათვლილ სვლას აკეთებს, მიშა ცუგცვანგში (სვლა ჭადრაკში, რომელსაც პარტიის წაგება მოჰყვება) ჩააგდო ივანიშვილმა. ახლა მიშასთვის ყველა სვლა წამგებიანია. "ქართული ოცნების" უცილობო გამარჯვების მეორე მიზეზი არის ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერა. რასაც ივანიშვილი სავსებით სამართლიანად იმსახურებს, არა მარტო თავისი უპრეცედენტო სიკეთით და ქველმოქმედებით, არამედ თავისი პატრიოტობით, გამჭრიახობით და საქმის ცოდნით. პოლიტიკაში ყოფნის ერთი წლის განმავლობაში მან დაამტკიცა, რომ შეუძლია წარმატებამდე მიიყვანოს ნებისმიერი საქმე, რასაც შეეჭიდება, არის გაწონასწორებული და გონიერი ლიდერი. ვიცით, რომ სააკაშვილი გაყალბებისთვის ემზადება და ამიტომაც შეყარა 28 სექტემბერს ხალხი სტადიონზე. ცდილობს ანახოს უცხოელებს, აი, თუ არ მიჭერს ხალხი მხარსო. შესაძლოა, მათ შორის მართლაც არიან ნაციონალების მხარდამჭერები, მაგრამ ესეც ბუნებრივია. ყველას თავის არჩევანი აქვს. ალბათ, ვიღაც ირჩევს ჩრდილოეთ კორეიზაციას, ხელისუფლების ძალადობას, დიქტატს, უკანონობას.
საბედნიეროდ, ასეთი ხალხი ძალიან ცოტაა. სამართლიანი არჩევნების პირობებში, ზეწოლისა და ძალადობის გარეშე ნაციონალური მოძრაობა ბარიერსაც ვერ გადალახავს.