"ყველასი და ყველაფრის მოსმენა ჩვენი ხელისუფლების გართობის საგანია. ხელისუფლებას მანიაკური მისწრაფება აქვს, დაარღვიოს "ადამიანის პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის შესახებ" კანონი. ეს მას სადისტურ სიამოვნებას ანიჭებს, სადიზმი კი გადმოიღვრება ხოლმე ისეთი უკიდეგანო სიმწვავით, რაც პატიმრების წამების ამსახველ ვიდეოჩანაწერში ვიხილეთ. ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლებამ მიაღწია, რომ მმართველ პარტიას "მიესაჯა" ახალი სახელი "ნაციონალ-სადისტური მოძრაობა", - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თავისუფლების მოედანზე გამართულმა აქციამ მთავარ კითხვას წინასწარ გასცა პასუხი / "არ მეგონა, თუ ზურაბ ხარატიშვილი ასე მოულოდნელად გათარხნიშვილდებოდა".
"რაც მთავარია, ხელისუფლებას მოსახლეობის წინაშე საკუთარი თავის გაკეთილშობილების არანაირი სურვილი არა აქვს, არ არის გულწრფელი და მუდმივად იტყუება. ისე მარტივად ტყუიან ჩვენი ხელისუფლების პირველი პირები, თითქოს სხვა პლანეტაზე სახლობენ. სწორედ ვენერასა და მარსის მოსახლეობა შეიძლება ეცადო, დაარწმუნო, რომ ბიძინა ივანიშვილი წარსულში აპირებს ქვეყნის დაბრუნებას, რომ ოპოზიციის დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს ე. წ. კანონიერი ქურდების დაბრუნება სურთ. მოკლედ, ტყუილი, ტყუილი და კიდევ ტყუილი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
"მას შემდეგ, რაც ფილმი "დემოკრატიის შუქურა" გამოჩნდა, სააკაშვილის ლექსიკონში დამკვიდრდა ახალი ტერმინი "ხაინდრავა" - მაშინ ახსენებს ხოლმე, როდესაც ქვეყნისთვის უბედურების მომასწავებელ ამბებზე ლაპარაკობს... ის ტექსტიც ნამდვილად ჟანდარმერიის არის თუ არა, მაშინ გაირკვევა, რაც ფრანგები ტექსტს ქართულიდან ფრანგულად თარგმნიან. მათ ჩვენს პროკურატურას ფრანგული ტექსტი მისცეს და ამათ რა გადმოაქართულეს, საკითხავია. როგორი თარჯიმნებით სარგებლობს ჩვენი ხელისუფლება, კარგად გვახსოვს ჟვანიას დაღუპვის შემდგომ, როდესაც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დოკუმენტი აბსოლუტურად საწინააღმდეგო შინაარსით თარგმნეს, რათა დაედასტურებინათ ის ვერსია, რომელსაც თვითონ ჯიუტად იმეორებდნენ. როდესაც გყოფნის თავხედობა, რომ უკუღმა გამოაქვეყნო ამერიკელების დოკუმენტები, სხვა რამის გაყალბება, ჩვენი უტიფარი და უსირცხვილო ხელისუფლებისთვის, ძნელი ნამდვილად არ არის", - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.
"ხელისუფლების პრინციპია, რაც არ მოსწონს საკუთარ წარსულში, ის აღარ უნდა არსებობდეს. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლების წევრებს ერთმანეთშიც მოუვიდეთ კონფლიქტი. სხვათა შორის, ამის ნიშნები უკვე არის. როდესაც ახალაიების კლანი ისე მომძლავრდა, რომ ფაქტობრივად როლანდ ახალაია უმაღლესი მთავარსარდალი გახდა, რადგან ერთი შვილი პოლიციას აკონტროლებდა, მეორე კი ჯარს, ეს არ დარჩენიათ შეუმჩნეველი ამ კლანთან დაპირისპირებულ სხვა ჯგუფებს. შედეგად, მივიღეთ ცნობილი ვიდეომასალა და ბაჩო ახალაიას ჩამოცილება სახელისუფლებო სტრუქტურებისგან. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ბაჩო ახალაია ისევ მოგვევლინოს არჩევნების შემდეგ. თანამებრძოლებს ე. წ. ქურდული მენტალიტეტის მატარებლები არ გაწირავენ, ბაჩოს შეუძლია მშვიდად იყოს. მას აუცილებლად მიხედავს თავისი გუნდი, რომელსაც ასიამოვნებდა ხოლმე თავისი სადიზმით", - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი და შეკითხვას - "სულხან მოლაშვილმა განაცხადა, რომ მის წამებაში მონაწილეობდნენ გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი და გოგა გრიგალაშვილი. რასთან გვაქვს საქმე - სახელისუფლებო განუკითხაობის მორიგი დეტალი გახდა ცნობილი თუ მოლაშვილმა ზემოხსენებული განცხადებით შური იძია მმართველი გუნდის პირველ პირებზე?" - პასუხობს:
"დაველოდები ბოკერიას კომენტარს. თუნდაც მოლაშვილის განცხადება ცილისმწამებლური იყოს, ბოკერიას ცოტა მეტი არგუმენტი დასჭირდება, რომ ეს არ დავიჯეროთ. თუ ბატონი გიგა საჭიროდ ჩათვლის განცხადების გაკეთებას, ვთხოვ, ნუ აჰყვება თავის პოლიტიკურ ბოსებს და ტყუილებით ნუ გამოავსებს საკუთარ კომენტარს. რაც შეეხება მოლაშვილს, სტრასბურგის სასამართლო თავის სიტყვას იტყვის და არ გამიკვირდება, თუ ხელისუფლება ევროსასამართლოს კვლავ იგნორირებას გაუკეთებს. ასე, ალბათ, მანამდე იქნება, სანამ ქალბატონ ბურჯალიანს საფრანგეთში პერსონა ნონ გრატად არ გამოაცხადებენ".
"უპასუხისმგებლო და მატყუარა ხელისუფლება ყველაფერს იკადრებს. მაგრამ იმედია, მთლად ელიტურ სართულზე თუ არა, იმის ქვემოთ მაინც გადარჩენის ინსტინქტი ძლიერია. ბოლოს და ბოლოს, ოჯახები ჰყავთ და იმედია, არ ჩაიდენენ ისეთ უმსგავსობას, რაც გამოუსწორებელ შედეგს მოიტანს. ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ამ ქვეყანაში უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს უფლებებისა და თავმოყვარეობის შელახვის ხარჯზე. დიდი მნიშვნელობა ექნება არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნას. ისინი კაპიტულანტური განწყობების დასამკვიდრებლად მოტივირებული არ არიან. დასკვნის გამოქვეყნებისას თბილისში მაინც არ იქნებიან - აქ ჩაატარებენ ზოგად ბრიფინგს, რომლის დროსაც არც მწვადს დაწვავენ და არც შამფურს, სამშობლოში კი დასკვნას დოკუმენტურ სახეს მისცემენ", - დასძენს ექსპერტი.
"გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტის გამოსვლის აგრესიულობის ხარისხი და ტემპი უფრო სამიტინგო იყო. ჩემთვის კი უფრო ბევრისმთქმელი იყო ის, რომ სააკაშვილის მართვადმა არც ერთმა ტელეარხმა პრეზიდენტის გამოსვლა პირდაპირ ეთერში არ გადასცა, ეს გააკეთა მხოლოდ "მაესტრომ". ასეთი რამ ადრე არ მომხდარა. როგორც ჩანს, არსებობს ამ ქვეყანაში უხილავი ცენზორი, რომელიც ერიდება სააკაშვილის პირდაპირ ეთერში გამოჩენას და მხოლოდ გაკეთილშობილებულ ფირს და გადამოწმებულ ფრაზებს ავრცელებს", - დაასკვნის სოსო ცისკარიშვილი.