"მასთ ქერის" დასასრული: ვინ გათიშავს და ვინ არა "მე-9 არხს", "მაესტროს" და "კავკასიას"

"დღეს, 1 ოქტომბერს, "კაუკაზუს-ტივი" "მაესტროსა" და "მეცხრე არხს" არ გათიშავს. რა იქნება ხვალ, 2 ოქტომბერს - ამაზე "კაუკაზუსში" ჯერ ვერ საუბრობენ. "სილქნეტის" პოზიცია კი უცნობია. თუმცა, "მაესტროს" გენდირექტორი ბაჩო კიკაბიძე ამბობს, რომ მათ აღნიშნული საკაბელო კომპანიისგან დადებითი პასუხი აქვთ. როგორც "მეცხრე არხის" გენდირექტორი კახა ბექაური აცხადებს, თავად საკაბელოებს გათიშვა არ უნდათ, მაგრამ მათზე ხელისუფლება ახორციელებს ზეწოლას. "გლობალ ტივი" კი დღეს "რუსთავი 2"-ს, "იმედსა" და "საქართველოს" თიშავს, თუმცა, არა საკუთარი სურვილით", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "მასთ ქერის" დასასრული: ვინ გათიშავს და ვინ არა "მე-9 არხს", "მაესტროს" და "კავკასიას".

"გლობალ ტივიმ" ამ არხებს ცოტა ხნის წინ საგანგებო წერილებით მიმართა და "მასთ ქერის" პრიცნიპის სავალდებულო მოქმედების ვადის ამოწურვის - 30 სექტემბრის შემდეგ მათი რეტრანსლირების უფლების გაგრძელება სთხოვა. "რუსთავი 2"-ისგან მიიღო ოფიციალური საპასუხო წერილი, რომელშიც აღნიშნული ტელეკომპანია უკრძალავს ვადის ამოწურვის შემდეგ აღნიშნული არხის მაუწყებლობას "გლობალ ტივის" სამაუწყებლო პაკეტში. "გლობალ ტივის" საპასუხო წერილი არ მიუღია"იმედისგან" და "საქართველოსგან", რაც პაკეტში დარჩენასთან დაკავშირებით უარის ტოლფასია. "რუსთავი 2"-ს თავისუფლად შეეძლო, არ გაეთიშა, მაგრამ მაინც ასე გადაწყვიტეს. მათ პასუხი მაინც გაგვცეს. დანარჩენმა არხებმა კი პასუხიც არ გვაღირსეს. თუ არ აპირებენ "გლობალ ტივიდან" გათიშვას, მაშინ თანხმობა უნდა შეეტყობინებინათ. იმის გამო, რომ პასუხი ვერ მივიღეთ, იძულებულები ვართ, დავიცვათ კანონი და გავთიშოთ აღნიშნული არხები", - აცხადებს "გლობალ ტივის" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ბაზლიძე. შესაბამისად, გუშინ შუაღამეს "გლობალ ტივიმ" თავისი ბადიდან "რუსთავი 2", "იმედი" და "საქართველო" ამოიღო", - აღნიშნავს გამოცემა.

"აქედან გამომდინარე, ზურაბ ბაზლიძე მოსალოდნელად ვარაუდობს, რომ "სილქნეტმა" და "კაუკაზუსმა", ასევე "სუპერ-ტივიმ", შესაძლებელია, "მაესტრო", "მე-9 არხი" და "კავკასია" გათიშონ - "ლოგიკურად, "სილქნეტიდან" და "კაუკაზუსიდან" ამ არხების გათიშვა მოსალოდნელია. მე როგორც ვიცი, "სუპერ-ტივი" უკვე თავის მომხმარებლებს დიდი ხანია ატყობინებს, რომ "მე-9 არხი" გაითიშება. "მაესტროს", "მეცხრე არხისა" და "კავკასიის" გათიშვის შესახებ "სილქნეტმა" და "კაუკაზუსმა" ოფიციალური განცხადება არ გაავრცელეს. ანუ პირდაპირ ამაზე უარი არ უთქვამთ. როგორც გავიგე, აბონენტები ურეკავენ და ეკითხებიან, გაითიშება თუ არა. ისინი კი პასუხობენ, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ბაზლიძე.

"მეცხრე არხის", "მაესტროსა" და "კავკასიის" გენდირექტორები "რეზონანსთან" საუბრისას ამბობენ, რომ "სილქნეტზე", "სუპერ-ტივისა" და "კაუკაზუსზე" გათიშვის შესახებ ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი არ აქვთ. ბაჩო კიკაბიძე, ტელეკომპანია "მაესტროს" გენდირექტორი: "სუპერ-ტივიზე" ვართ და ვიყავით წლების განმავლობაში. რაც შეეხება "კაუკაზუსსა" და "სილქნეტს", "სილქნეტმა" გამოთქვა სურვილი, რომ დაგვტოვებს. "კაუკაზუსს" არაფერი უთქვამს. ამიტომაც დაგვტოვებენ თუ არა, არ ვიცი". კახა ბექაური, ტელეკომპანია "მეცხრე არხის" გენდირექტორი: "ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია. ჩვენ მათ დაახლოებით 2-3 დღის წინ (მანამდე კი 2 კვირის წინათაც) ოფიციალურად წერილი მივწერეთ, რომ ჩვენი სურვილია, "მასთ ქერის" ვადის გასვლის მიუხედავად, იგივე პირობებით, რა პირობებითაც დღეს ავრცელებენ "მე-9 არხს", ასევე გააგრძელონ. მათგან პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს". ბექაურის ცნობით, ამჟამად "მე-9 არხი "სუპერ-ტივიზე" ჩართულია. გათიშავს თუ არა "სილქნეტი" და "კაუკაზუსი", ინფორმაცია ამის თობაზე ტელეკომპანიას არ მისვლია", - დასძენს გამოცემა.

"ინფორმაცია მაქვს, რომ ბევრ საკაბელოზე ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს ზეწოლა, რომ "მე-9 არხი" გათიშონ. ისიც ვიცი, რომ საკაბელოებს გათიშვა არ უნდათ, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ხელისუფლების მხრიდან წნეხია. თუ გაითიშება, ბუნებრივია, ვაპირებთ შესაბამისი ზომების მიღებას: ჩავატარებთ პრესკონფერენციას და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც საქმის კურსში ჩავაყენებთ" - ამბობს კახა ბექაური. "მაესტროსთან" და "მეცხრე არხთან" შედარებით მეტ-ნაკლებად არაწამგებიან პოზიციაშია ტელეკომპანია "კავკასია".

"ჩვენი გათიშვა არ შეიძლება. არც ერთი საკაბელო ჩვენ არ გაგვთიშავს, რადგან მათთან კონტრაქტი გვაქვს დადებული. ჩვენ ვართ საერთიანო მაუწყებლობა. ქუთაისი და ბათუმი თუ გაგვთიშავს, თორემ თბილისში ვერ გაგვთიშავენ. შევხედავთ მოვლენებს. ყოველ შემთხვევაში ქუთაისში მაქსიმუმ 4 000 აბონენტია, ბათუმში - 6 000. ეს პრობლემა ძირითადად აქვს "მე-9 არხსა" და "მაესტროს". რა თქმა უნდა, ცუდი იქნება, თუ გაგვთიშავენ, მაგრამ არ მგონია, დღეს გათიშვა გაბედონ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ტელეკომპანია "კავკასიის" გენდირექტორი დავით აქუბარდია.

"რეზონანსმა" საკაბელოების წარმომადგენლებთანაც სცადა დაკავშირება. "სილქნეტისგან" კომენტარის ჩაწერა ვერ მოხერხდა. "კაუკაზუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ რუსუდან კაპანაძის თქმით, დღეს, 1 ოქტომბერს, "კაუკაზუს-ტივის" პაკეტებში არანაირი ცვლილება არ იქნება. შესაბამისად, "მაესტროს", "მე-9 არხისა" და "კავკასიის" გათიშვა არ იგეგმება. რა იქნება ხვალ, 2-ში - ამაზე "კაუკაზუსში" ჯერ ვერ საუბრობენ", - წერს სტატიის ავტორი.