რატომ უნდა წავიდეთ არჩევნებზე

რატომ უნდა წავიდეთ არჩევნებზე

თითოეულ მოქალაქეს, თავისი მოქალაქეობის ფარგლებში, გარკვეული ვალდებულებები აქვს და ერთი მთავარი ვალდებულება სწორედ ის არის, რომ წავიდეს არჩევნებზე. სხვათაშორის, საქართველოში როცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მომენტი იყო, ყოველთვის მიდიოდნენ არჩევნებზე და აძლევდნენ ხმას. მახსენდება 2008 წლის 5 იანვრის არჩევნები, როდესაც ადამიანები დიდ რიგში იდგნენ, თოვლსა და ყინვაში და მაინც იხდიდნენ თავის მოქალაქეობრივ ვალს. არც ცუდი ამინდის ან სხვა ფაქტორების გამო არ უთქვამთ უარი ხმის მიცემაზე. პირველი ოქტომბრის არჩევნები კი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებია, რადგან ჩვენ გვაქვს შანსი, ერთხელ მაინც, საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული, ხელისუფლება ავირჩიოთ კონსტიტუციურ ვადებში, ლეგიტიმურად, არჩევნების გზით.

მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი, საქართველოში დღეს ყველამ იცის, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და უნდა დავანგრიოთ ძველი ალგორითმი, როცა ხელისუფლება იცვლებოდა სამოქალაქო ომის ან მშვიდობიანი რევოლუციის გზით. ახლა სწორედ ის მომენტია, როცა უნდა ავირჩიოთ ხელისუფლება არჩევნების გზით, საკონსტიტუციო ვადებში. მე მგონი, ამას აცნობიერებს ბევრი ადამიანი დღეს საქართველოში.

რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ არჩევნებით არაფერი შეიცვლება?

ბოლო ცხრა წლის განმავლობაში საქართველოში წამყვანი იყო ძალისმიერი პოლიტიკა. ამ პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი გახდა აგრესიული, მეორე ნაწილი კი - დათრგუნული. ის ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ "არ წავალ, რა აზრი აქვს", "ჩემი ხმით არაფერი შეიცვლება", არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ხელისუფლება მრავალი წლის განმავლობაში ეყრდნობოდა. ის მოვლენები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა ჩვენს ქვეყანაში, სწორედ იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ასეთი აპათიური ადამიანების წილი ძალიან ცოტა დარჩა. ადამიანები, რომლებიც იყვნენ დართგუნული და არ მიაჩნდათ საკუთარი ხმა არაფრად, მე მგონი მიხვდნენ, რომ სისტემა უნდა დაინგრეს. მიხვდნენ, რომ უნდა შეიცვალოს აუცილებლად ხელისუფლება არჩევნების გზით. ეს აპათია დათრგუნა იმ შოკმა, რომელიც თითოეულმა ადამიანმა მიიღო, ვინც ნახა ციხეებში პატიმრების წამების კადრები. ამ კადრებს ჰქონდა გამაცოცხლებელი ეფექტი. ამიტომ, თეორიულადაც და პრაქტიკულადაც, ეს აპათია მინიმუმამდე არის დაყვანილი.

როგორია იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, ვინც ისევ ამბობს, რომ "ჩემი ერთი ხმა არავის დააკლდება"?

მე ვერ გავამტყუნებ ამ ადამიანებს, რადგან სისტემა, რომელიც სრულიად დეჰუმანიზებული იყო, ადამიანს აღიარებდა ბოლო ღირებულებად.

ბოლო ცხრა წლის განმავლობაშიც და მანამდეც, ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ შენი ხმა არაფერი არ არის, შენ თვითონ არაფერი არ ხარ, შენ ხარ ჭანჭიკი და ყველაფერი შენ გარეშე გადაწყდება. ამაზე მუშაობდა ძალიან დიდი სახელისუფლებო აპარატი, რომ ადამიანებს ეფიქრათ - "მე არაფერი არ ვარ", მაგრამ, რა თქმა უნდა, ასე არ არის.

ყველა ნორმალური სახელმწიფო ეუბნება ადამიანს, რომ არის სამართლებრივი სახელმწიფო და ადამიანის უფლებები თუ დაირღვა, წავა და სამართალს იპოვის სასამართლოში. მაგრამ ისეთი ქვეყანა, როგორიც ჩვენ გვაქვს და ისეთი სისტემა, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ააგო, მიმართულია იქეთკენ, რომ ადამიანებმა იფიქრონ, რომ არაფერს არ წარმოადგენენ. ამიტომ ცვლიდნენ ისინი საკუთარ ხმას ტომარა ფქვილზე და შაქარზე. და რა თქმა უნდა გაცვლიდნენ, რადგან ადამიანები ვერ აცნობიერებდნენ, რომ ასეთი თითო ხმით შედგება მათი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, რადგან ნაციონალური მოძრაობა სინამდვილეში არ იყო პასუხისმგებელი ამომრჩევლების წინაშე და სრულიად სხვა მექანიზმებით იფორმებდა თავის ყოფნას ძალაუფლების სათავეში. "შენ არავინ ხარ" - ამ ფიქრებს ის უნერგავდა წლების განმავლობაში ადამიანებს. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს აპათიაც სრულდება, რადგან ყველაფერს აქვს დასასრული, მათ შორის შიშს და აპათიასაც. შოკმა, რომლითაც გავერთიანდით, გვაჩვენა, რომ ეს არ იყო ძალადობა მხოლოდ ციხეში, სკოლაში, სპორტში, ისტორიულ ძეგლებზე, არამედ ყველგან. ამიტომ, ის ვინც დღეს ისევ იტყვის, რომ "ჩემი ხმა არაფერს და არავის დააკლდება", იქნება ალბათ ის, ვისაც ის შოკი არ გაუვლია, რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაიარა.

გაყალბება მუშაობს იქ, სადაც ადამიანებს სძინავთ. იქ, სადაც ადამიანები არიან გამოღვიძებულ მდგომარეობაში და მოტივირებულნი, რომ აუცილებლად დაუსვან წერტილი იმას, რაც წლების განმავლობაში არ მოსწონდათ. გაყალბების მექანიზმები, რაც არ უნდა დახვეწილი იყოს, მაინც ვერ იქნება მეტი, ვიდრე ადამიანი. ეს შეცდომა არ უნდა დავუშვათ. ადამიანი არის გაცილებით შემძლე, ვიდრე გაყალბების ნებისმიერი მექანიზმი. თუ ჩვენ მანქანებს დავუპირისპირებთ ადამიანებს, ყოველთვის ადამიანი იქნება მოგებული.

არჩევნებზე არ მისვლით, ვინ უფრო ზარალდება, სახელმწიფო თუ კონკრეტული მოქალაქე? და რა იქნება არჩევნებში არ მონაწილეობის შედეგი?

ტექნიკურად თუ ვიმსჯელებთ, პირველი შედეგი ის იქნება, რომ ყველა დაკარგულ ხმას ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებს. მეორე ის, რომ თვითონ მოქალაქეს არ ექნება იმის განცდა, რომ უშუალოდ მონაწილეობს თავისი ქვეყნის განვითარების პროცესში. ამიტომ, დაკარგული ხმა, ყველაზე მეტად სავალალოა თვითონ იმ ადამიანისთვის, რომელიც ამ ხმას კარგავს და არ მიდის არჩევნებზე. ის თავისი ნებით დგება კუთხეში, მაშინ როცა პროცესები მიმდინარეობს ცენტრში. მაშინ როცა, ერთი ადამიანის მონაწილეობას მთელ პროცესზე შეუძლია მოახდინოს გავლენა. ამიტომ, ვინც არჩევნების დღეს კუთხეში დაიტოვებს თავის თავს, ამ ადამიანზე საზოგადოებამ უნდა იზრუნოს, მის გამოფხიზლებაზე, ჰუმანიზმის და რწმენის შეტანაზე ასეთ ადამიანებში.

პროცესები, რის გამოც აღშფოთდა საზოგადოება, მანიშნებელია თუ არა იმის, რომ საზოგადოება არ მონაწილეობდა ქვეყნის მართვაში?

რა თქმა უნდა. პირველ რიგში, თითოეულმა მოქალაქემ პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს საკუთარი სინდისის, მისი ქვეყნის და ოჯახის წინაშე და იმის წინაშე, რომ პირადად მისი ბედი წყდება. ის, რომ ჩვენ გვქონდა ძალადობრივი სისტემა და წლების განმავლობაში ვცხოვრობდით ამ ძალადობრივ სისტემაში, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაზეა. ამიტომ ბევრი უნდა ვიფიქროთ ამაზე, ბევრი დისკუსია უნდა მოვაწყოთ და ვისჯელოთ, რატომ დაგვემართა ეს, რატომ ვერ შევძელით ხელისუფლებისთვის თავისი ადგილი მიგვეჩინა თავიდანვე. ამიტომ, ახალ ხელისუფლებას პირველივე დღიდანვე მოვთხოვთ სამართლიანობის დაცვას და ყველა იმ დემოკრატიული ინსტიტუტის წნეხისგან გათავისუფლებას, რომელიც არის და უნდა იყოს ქვეყანაში. ეს კი ნამდვილად არის ყველას პასუხისმგებლობის საკითხი და განსაკუთრებით საზოგადოების აქტიური ნაწილის. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად, რომ არასოდეს ისეთივე შეცდომები აღარ დავუშვათ, როგორიც ბოლო წლების მანძილზე დავუშვით.