რატომ იწვევენ ოპოზიციური არხები თუთბერიძე-თავხელიძეს ეთერში?!

რატომ იწვევენ ოპოზიციური არხები თუთბერიძე-თავხელიძეს ეთერში?!

"მაესტროს" ეთერში გადაცემა "გამოკითხვაში", გარდა იმისა, რომ იმ დღის კონკრეტულ თემას ეხმაურებოდნენ ხოლმე, ხშირად მომისმენია, როგორ გამოთქვამდა უკმაყოფილებას დამრეკავთა დაახლოებით 60 % იმის გამო, რომ ოპოზიციური არხები სამსახურს უწევენ ნაციონალების აპოლოგეტებს და ისინი გამუდმებით მოჰყავთ გადაცემებში. ასეთთა შორის ძირითადად ახსენებდნენ მიშა თავხელიძეს, რომელიც რისი ჟურნალისტია, დღესაც ვერ გამიგია ბოლომდე. ადამიანი, რომელსაც ასეთი გამოკვეთილი სიმპათია აქვს ხელისუფლების მიმართ, როგორ შეიძლება, ეთერში დასვა და საკუთარი გადაცემა უბოძო "პიკზე"?!.. როგორ შეიძლება, ჟურნალისტი ასე იყოს მიბმული ხელისუფლებაზე და აღფრთოვანებული გახლდეთ მისი ყველა უგვანი ქმედებით? მიშა თავხელიძე ის კაცია, რომელიც ელისაშვილის გადაცემაში გალეწილი მთვრალი მივიდა, თავს ძლივს აკავებდა ერთ ადგილას. რუსულად დაიწყო ლაპარაკი და შეკითხვებზე პასუხების (თუ ამას პასუხებს დავარქმევთ) გაცემა. მის ოპონენტს, გოგა მარგველაშვილს, ალბათ დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რომ "ჟურნალისტისთვის", რომელიც არც ტელევიზიას სცემს პატივს, რომლის ეთერშიც მიიწვიეს და არც მაყურებელს, ძალიან უხეშად არ ეთქვა რაიმე და გადაცემა თავად დატოვა. თავხელიძემ მოგვიანებით "ფეისბუქზე" განმარტა, რომ ძალიან მთვრალი იყო. რუსულად ჭიკჭიკი რომ დაიწყო, ნეტავ გიგა ნასარიძეს რატომ არ მოუვიდა თავში აზრად, მისთვისაც ეწოდებინა რუსეთის აგენტი და შესაბამისი ვიდეორგოლი მოემზადებინა მასზე? ადამიანი, რომელიც რუსულ ენაზე აზროვნებს და როგორც კი დათვრება, ქართულად წინადადებას ვერ მართავს, ამ ხელისუფლების "მერკებით" გაქანებული რუსოფილი უნდა იყოს.

რადგან ნასარიძე ვახსენეთ, ისიც ამ სიაში უნდა მოვაქციოთ. ალბათ რეკორდი მოხსნა თეა სიჭინავას "არგუმენტებში" სტუმრობით. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მას არ აქვს ისეთი მჭევრმეტყველებისა და არგუმენტების წარმოდგენის უნარი, რომ ვიფიქროთ, სწორედ ამიტომ იწვევენ გადაცემებში. უფრო მეტად საფიქრალია, რომ რადგან მას სითავხედის კოეფიციენტი აქვს ყველაზე მაღალი, სწორედ ამის გამო სურთ ოპოზიციურ არხებს მისი გამოყვანა - ხალხმა დაინახოს, როგორი მხარდამჭერები ჰყავს ხელისუფლებას, რომლებიც ყველა უზნეო ქმედებას "აპრავებენო", მაგრამ მაყურებელმა რა დავაშავეთ ნასარიძის ყოვლად გულგრილ სახეს რომ არ გვაყურებინონ დღეგამოშვებით?

თეა თუთბერიძე - ადამიანი, რომელმაც თავხედობის ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და ციხეებში არსებული სიტუაციის თავისებურად შემობრუნებაც უნდოდა ალეკო ელისაშვილის გადაცემაში, თუმცა კი არ გამოუვიდა. თუთბერიძე გახლავთ ადამიანი, რომელსაც არასდროს არანაირი არგუმენტი არ აქვს, პირდაპირ ვიტყვი, რომ ბოდავს ქალი, მაგრამ ოპოზიციური არხები პერმანენტულად აძლევენ ამ ბოდვების ეთერში ფრქვევის საშუალებას. ეს არის კარგად გაწვრთნილი დემაგოგი, რომელსაც სხვა ფუნქცია არ აქვს, თუ არა ყვირილი და ოპონენტზე უფრო ხმამაღლა წიოკი სტუდიაში, რათა გადაფაროს მისი არგუმენტები და საკუთარი არგუმენტები არ მოუხდეს დასადები. ეს არის ადამიანი, რომელსაც არანაირი განათლება არ უმაგრებს ზურგს გარდა იმისა, რომ განათებულია საკუთარი ცხოვრების კეთილმოწყობის დიადი მიზნით - ის ხომ ერთი სოფლელი გოგოა, თბილისში რომ ჩავიდა და თავისით "მიაღწია" ყველაფერს. საინტერესოა, მასთან სოფელში კითხულობენ, რა გზით მოუხდა მას ამ "ყველაფრის" მიღწევა? თუთბერიძე გახლავთ ადამიანი, რომლის აზრი არავის აინტერესებს, მაგრამ ჰოი, საოცრებავ, ჟურნალისტები მაინც გამუდმებით ეკითხებიან აზრს. ალეკო ელისაშვილის 18 სექტემბრის გადაცემაში თეაკომ ისე გამოიყვანა წყობიდან ტელეწამყვანი, რომ ელისაშვილმა მას სტუდიის დატოვება მოსთხოვა. თეამ კი გადაწყვიტა, ბოლომდე დარჩენილიყო, ერთადერთი იყო, ვინც ხელისუფლების ინტერესებს იცავდა და სწორედ იმიტომ უსვამენ თავზე ხელს დღევანდელი ნაცები, ასეთი მდგრადი გოგო რომ ჰყავთ თავიანთ რიგებში.

ამ ბოლო დროს ამ ხალხს კიდევ ერთი სახე შეუერთდა, თამარა ჩერგოლეიშვილი, გიგა ბოკერიას მეუღლე და პოლიტიკურად აშკარად დაინტერესებული პირი, რომელიც სანამ ბოკერიას ცოლი გახდებოდა, არც ჟურნალისტი იყო, არც თავისი ჟურნალი ჰქონია და არც პოლიტიკურ მოსაზრებებს ეკითხებოდა ვინმე. ახლა კი იმავე ოპოზიციური არხების ეთერში გადაიდებს ხოლმე ფეხს ფეხზე (ტანი კი არ აქვს ურიგო), გემოვნებით შერჩეულ, ძვირად ღირებულ კაბაში გამოწყობილი დე-მოკრატიაზე ღაღადებს და დე-მაგოგიით გვაბრუებს.

მე კი სულ სხვა რამ მაღელვებს - რით ვერ გაგვაძღეს ამ საოცარი "სასტავის" ყურებით და რით ვერ გაიგეს, რომ არ გვაინტერესებს ამ ძალით ექსპერტების, ჟურნალისტების, იურისტების მოსაზრებები? აღარ გვინდა, გთხოვთ, გაიტანეთ ეს ხალხი ოპოზიციური ტელევიზიებიდან. ხელისუფლების არხები არ იწვევენ და ესენი რატომ გადაირივნენ ასე, ვერ გამიგია?!..