მარიამ გრიგოლია:

მარიამ გრიგოლია: "ლევან ვეფხვაძეს მინდა ვკითხო, რას ნიშნავს მისი განცხადება, რომ ინგა გრიგოლიას კანდიდატურა არ მოუხსნია"

ინგა გრიგოლია თბილისში არ არის და ის არჩევნებში მონაწილეობას არც ერთ შემთხვევაში არ მიიღებს, - ამის შესახებ მისი შვილი, მარიამ გრიგოლია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს.

"ლევან ვეფხვაძეს მინდა ვკითხო, რას ნიშნავს მისი განცხადება, რომ ინგა გრიგოლიას კანდიდატურა არ მოუხსნია, როდესაც დედაჩემმა ამის შესახებ ღიად განაცხადა, რომ კენჭს აღარ იყრის. ინგა თბილისში არ არის და თავის სათქმელს იტყვის. მე, როგორც მისი შვილი, ვამბობ, რომ ეს დეზინფორმაციაა, რადგან ინგამ არჩევნებში მონაწილეობაზე 25-ში თქვა უარი. სასაცილო იყო ეს განცხადება და გაუგებარი", - წერს მარიამ გრიგოლია.

ლევან ვეფხვაძის განცხადებას ინგა გრიგოლიას და, ქეთი გრიგოლიაც "მაესტროს" ეთერში გამოეხმაურა.
მისი თქმით, ვერ გაუგია რაში დასჭირდა ვეფხვაძეს ამგვარი განცხადების გაკეთება, როდესაც ინგა გრიგოლიამ არჩევნებში კენჭისყრაზე უარი ღიად განაცხადა.
"ჩემთვის გაუგებარია რას ემსახურებოდა ეს განცხადება. ინგამ 25-ში გააკეთა თავისი არჩევანი და ეს უკავშირდებოდა მედიასთან მიმართებაში ცესკოს გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ქეთი გრიგოლიამ.
ლევან ვეფხვაძემ "მაესტროს" ეთერში გუშინ განაცხადა, რომ ინგა გრიგოლია, კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადების გაკეთების მიუხედავად "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერად და სახედ რჩება.