"ყველა სიახლის" 33-ე ნომერში (15-21 აგვისტო, 2012 წ.) გამოქვეყნებულ ინტერვიუში ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა, რომ მის ლიკვიდაციას სპეცსამსახურები გეგმავდნენ. ერთი თვის შემდეგ ქალბატონმა ელისომ წამოგვიდგინა მტკიცებულებები აუდიოჩანაწერის სახით. ეს მტკიცებულებები მას გიორგი კუბლაშვილმა გადასცა, რომელმაც ტყიბულის კუდ-ის ხელმძღვანელის საუბრები ფარულად ჩაწერა.
გთავაზობთ ინტერვიუს ტყიბულის "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ყოფილ ლიდერ გიორგი კუბლაშვილთან:
- ტყიბულის კუდ-ის უფროსი კობა შარვაძე სოფელ საძირეში ჩემს მეზობლად ცხოვრობს. მიმდინარე წლის ივნისში მან შემომთავაზა თანამშრომლობა, რის სანაცვლოდაც მპირდებოდა სამსახურში მოწყობას პოლიციაში ან მერიაში. ეს მოხდებოდა არჩევნების შემდეგ. მე მისთვის "ქართული ოცნებისა" და ელისო ჩაფიძის შესახებ მასალები უნდა მიმეწოდებინა. ჩავვარდი დეპრესიაში, უარის თქმის შემთხვევაში შეიძლება საფრთხე დამუქრებოდა ჩემი ოჯახის წევრებს. ამიტომ, გადავწყვიტე, მეთანამშრომლა შარვაძესთან და ჩემივე უსაფრთხოების მიზნით, მისი ნალაპარაკევიც ჩამეწერა. კუდ-ის უფროსმა მითხრა, რომ როცა ელისოსთან ერთად ვიქნებოდი, ჩამეცვა მაისური, რომელსაც ჩამონტაჟებული ექნებოდა ვიდეოთვალი. აინტერესებდა, ჩაფიძე ვინმეს თანხას, თუნდაც ტელეფონის ჩასართავად თუ მისცემდა. აგრეთვე, აინტერესებდა ელისო ჩაფიძის გადაადგილების მარშრუტი.
ეს ყველაფერი მე უნდა ჩამეწერა ფარულად და მიმეტანა კობა შარვაძესთან. ამასთანავე, მე ფარულად ვიწერდი შარვაძის ლაპარაკს და იმას, რასაც მავალებდა. მე მაქვს ყველა ამ ჩანაწერის აუდიომასალა, ვიწერდი ტელეფონით, რომელიც ჯიბეში ჩართული მედო.
ამის შემდეგ ქალბატონ ელისო ჩაფიძეს მივმართე განცხადებით და "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ლიდერის თანამდებობა დავტოვე. მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გადავლახე შიში, ჩემს ხელთ არსებული ყველა მასალა გადავეცი ჟურნალისტებს, მათ შორის თქვენც, და 25 სექტემბერს ტყიბულის კუდ-ის უფროს კობა შარვაძის წინააღმდეგ საჩივარი შევიტანე იმერეთის მხარის პროკურატურაში. ვითხოვ მის დაპატიმრებას. მართალია, შარვაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ საქმის კურსში იყვნენ ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქათამაძე და ტყიბულის გამგებელი ლევან დოხნაძე, აგრეთვე, ტყიბულის პოლიციის უფროსი აკაკი ცირეკიძე. ამას თვითონ კობა შარვაძე მეუბნებოდა.
- ნაციონალური მოძრაობის" ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პავლე კუბლაშვილის მხრიდან ხომ არ ყოფილა რამე ზემოქმედება?
- არა, ასეთი რამ ნამდვილად არ ყოფილა.
გვესაუბრება კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელისო ჩაფიძე:
- ქალბატონო ელისო, მოპოვებული მასალებიდან ირკვევა, რომ ტყიბულის კონსტიტუციური უსაფრთხოების წარმომადგენელი თქვენ წინააღმდეგ კომპრომატების შეგროვებას გიორგი კუბლაშვილს ავალებდა...
- დიახ, გიორგი კუბლაშვილმა პატიოსნად აღიარა, რომ ტყიბულის კუდ-ის ხელმძღვანელმა კობა შარვაძემ მას სამსახურისა და უსაფრთხოების სანაცვლოდ ჩემი თვალთვალი დაავალა. კუდ-ის უფროსის და ვინმე ვახოს საუბრიდან ირკვევა, რომ მათ აინტერესებდათ ჩემი გადაადგილების მარშრუტი და ისიც, რომელ მხარეს ვიჯექი მანქანაში. როცა ეს ამბავი შევიტყვე, გადავწყვიტე, უსაფრთხოების მიზნით, პრესის საშუალებით გამევრცელებინა ინფორმაცია და მივეცი კიდეც ექსკლუზიური ინტერვიუ გაზეთ "ყველა სიახლეს". შეუძლებელია, დაბეჯითებით ვამტკიცო, რომ აუცილებლად იგეგმებოდა ჩემი ლიკვიდაცია, მაგრამ როცა უშიშროება ინტერესდება შენი გადაადგილების მარშრუტით, აგრეთვე, იმით, რომელ მხარეს ჯდები ავტომობილში და როგორია იმ სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა, რომლითაც ყოველდღე გადაადგილდები, ასეთ რამეს უყურადღებოდ ვერ დატოვებ. გადავწყვიტე, დამეცვა ჩემი სიცოცხლე და ინფორმაცია მედიის საშუალებით გავავრცელე. იმხანად მეტის გაკეთება არც შემეძლო. გარდა ამისა, მოპოვებულ მასალებში კუდ-ის უფროსი შარვაძე ჩემი ხარჯთაღრიცხვის შესახებ ინფორმაციითაც ინტერესდება, 10 ლარიც რომ მიმეცა ვინმესთვის ტელეფონის დეპოზიტზე ჩასარიცხად, იმის აუდიო და ვიდეოჩანაწერიც კი უნდა წარედგინა გიორგი კუბლაშვილს. მოპოვებული ჩანაწერების ექსპერტიზის შემდეგ დადასტურებულია, რომ ეს ხელისუფლება ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წინააღმდეგ მზაკვრულ გეგმას ამზადებდა: ან უნდა მოეხდინათ ჩემი დისკრედიტაცია და ამით არჩევნებიდან ჩამოშორება, ან ჩემი სიცოცხლის ხელყოფა. მაგრამ არც ერთი გამოუვიდათ და არც მეორე. დავასწარი და ამის შესახებ ინფორმაცია გავავრცელე, რამაც მათი მზაკვრული გეგმები ჩაშალა.
- ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ გიორგი კუბლაშვილმა უპრობლემოდ შეძლო კუდ-ის უფროსის, კობა შარვაძის ჩაწერა ფარულად, მით უმეტეს, ეს ჩანაწერი საკმაოდ ვრცელია.
- გიორგი ვაჟკაცურად მოიქცა, ფაქტობრივად, გადამარჩინა. ხომ შეეძლო ეს არ გაეკეთებინა? მას ორი შვილი ჰყავს და პირობა მივეცი, გულწრფელი აღიარების სანაცვლოდ ჩემ გვერდით იქნებოდა და ერთად ვიბრძოლებდით გამარჯვებისთვის.
- საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის აზრით, თქვენ ეს პიარისთვის მოიგონეთ...
- საზოგადოების იმ ნაწილს, ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს, ალბათ, ერჩია ელისო ჩაფიძის სიკვდილის შესახებ შეეტყოთ. ბოდიშს ვუხდი ასეთ ადამიანებს, თუ ვერ გავახარე ჩემი სიკვდილით და ინფორმაციის მიღებისთანავე განგაში ავტეხე. აბა, უნდა დავლოდებოდი, კუბლაშვილების კლანი და კუდ-ის უფროსი ბოლოს როდის მომიღებდა? ვისაც ეჭვი ეპარება, მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ მიხვდებიან, რომ განგაშის საფუძველი ნამდვილად არსებობდა.
- ამ ჩანაწერებში არის ასეთი ფრაზები: კუდის უფროსი ვინმე მიშას ეუბნება: "მე შემიძლია ეს ბიჭები ჩაგისვა იქ, კომისიაში, სადაც შენ მეტყვი"; "დღეს პალიკო ძაან კარგ ხასიათზეა"; "ერთი კაცი რომ მყავდეს, შიგნით ოფისში დასაყრდენი". კუდ-ის უფროსი თქვენს კომისიებში ხალხი ჩანერგვას აპირებდა?!
- დიახ, ჩანაწერიდან ამის მცდელობა იკვეთება... და მე, ელისო ჩაფიძე, ვიქნები ძალიან ცუდი ადამიანი, პალიკო კუბლაშვილს, რომელმაც ტყიბული ნასახლარად აქცია და გაანიავა ყველაფერი, რისი განიავებაც შეიძლებოდა, ერთი ხმაც რომ გავატანო და გავამარჯვებინო. ის და "ნაციონალური მოძრაობა" კრახით დაასრულებენ არჩევნებს. მიხეილ სააკაშვილი, თავის დანაშაულებრივ გუნდთან ერთად, საპარლამენტო არჩევნებს წააგებს და გამარჯვებას "ქართული ოცნება" მოიპოვებს!